From Wikipedia, the free encyclopedia
ლაპტევების ზღვა (რუს. мо́ре Ла́птевых; ციმბირის ზღვა, ნორდენშელდის ზღვა) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. მდებარეობს ციმბირისა და ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილებსა და ჩრდილოეთის მიწისა და ახალი ციმბირის კუნძულებს შორის. დასავლეთით ესაზღვრება კარის ზღვა, აღმოსავლეთით – აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა.
ლაპტევების ზღვის ფართობია დაახლოებით 700 ათ. კმ², საშუალო სიღრმე 578 მ, მაქსიმალური სიღრმე 3,385 მ, წყლის მოცულობა შეადგენს 403 ათ.კმ³.
ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. ბევრია კუნძული (საერთო ფართობი - 3784 კმ²). დიდი ყურეებია: ხატანგის, ოლენიოკის, ბუორხაისა და სხვ.
აღმოსავლეთ ციმბირის ზღვასთან საზღვარი ჯერ სვიატოი ნოსის კონცხიდან კოტელნის კუნძულამდე გადის, შემდეგ კი ჩრდილოეთისკენ გრძელდება 193 მერიდიანის გასწვრივ, დაახლოებით ჩრდილო განედის 79°-მდე. ამ წერტილიდან დასავლეთით კუნძულ კომსომოლეცისაკენ გავლებულია ლაპტევების ზღვის პირობითი საზღვარი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესთან. კონტინენტთან საზღვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთით ვრცელდება სვიატოი ნოსის კონცხიდან ვილკიცკის სრუტემდე. ლაპტევების ზღვის დიდი ნაწილი კონტინენტურ მეჩეჩზეა. ჩრდილო ნაწილში ოკეანის მხრიდან ზღვაში იჭრება ღრმა და ფართო სადკოს ღარი.
მთავარი ნავსადგურია : ტიქსი.
ზღვის ფსკერის რელიეფში შეიმჩნევა წაგრძელებული ჩაღრმავებები - მდინარე ლენის, იანის, ანაბარის და ხატანგის ხეობების გაგრძელება. ეს წყალქვეშა ხეობები ადასტურებს ხმელეთის დაძირვას ზღვის დონის ქვევით. მაგრამ, ამავე დროს ხმელეთზე მისი აზევების დამადასტურებელი ფაქტებიც მოიპოვება: ზღვიური ნალექები, შთენილი მლაშე ტბები, ზღვიური ტერასები და სხვ. როგორც ჩანს, ზღვა თანთადათ უკან იხევს.
ზღვის სამხრეთ ნაწილში სიღრმე 50 მეტრს არ აღემატება, აღმოსავლეთ ნაწილში კი - 25 მეტრს. პატარა სიღრმის რაიონებში ზღვის ფსკერი დაფარულია ლამითა და ქვიშით. ნაპირებთან დიდი სიჩქარით გროვდება დიდი მდინარეების ნალექები (20-25 სმ წელიწადში).
მდინარე ლენას, ხატანგას, ანაბარს, ოლენიოკს, ომოლონს და იანას წლის განმავლობაში ზღვაში 630 კმ³ წყალი ჩააქვთ. მარტო მდინარე ლენის წლიური ჩამონადენი 482 კმ³ შეადგენს. და ბუნებრივია, რომ ამ ზღვის მარილიანობა შედარებით მცირეა, განსაკუთრებით დაბალია იგი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, მდინარის შესართავებთან.
ზამთარში ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მარილიანობა 20-25‰, ზაფხულში მარილიანობა კლებულობს სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში 5-10‰, ჩრდილოეთში აღწევს - 30-32‰. მდინარე ლენის დელტასთან მარილიანობა 0-5‰-ია. ბუორ-ხაიის უბეში — 5‰. რამდენადმე დიდია მარილიანობა ზღვის დასავლეთ და განსაკუთრებით ჩრდილო ნაწილებში, სადაც იგი სიღრმის ზრდასთან ერთად მატულობს და საშუალო ოკეანურ მარილიანობას აღწევს 34-35‰.
ზამთარში ყინულის საფრის ქვეშ ტემპერატურა -1°-1.8° უტოლდება, ე.ი. შესატყვისი მარილიანობის მქონე წყლის გაყინვის ტემპერატურას.
კლიმატი აქ საკმაოდ მკაცრია, წელიწადის 9 თვის განმავლობაში ტემპერატურა 0 °C-ზე დაბალია.
ლაპტევების ზღვის ჰავისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ცივი ზამთარი და ძალიან ხანმოკლე, გრილი ზაფხული. აქ თავს იჩენს აზიის მაქსიმუმის გავლენა, არქტიკის ცენტრალური რაიონების სიახლოვე და ატლანტის ოკეანიდან დაშორება. ციკლონები აქამდე უფრო იშვიათად აღწევს, ვიდრე დასავლეთით მდებარე ზღვებამდე, ამინდიც უფრო მდგრადია.
ნალექები ცოტა მოდის - 100 მმ წელიწადში. ტემპერატურა ზამთარში - 50-მდე ეცემა, ცივი თვეების საშუალო ტემპერატურა - 25°. მთელი ზაფხულის განმავლობაში ტემპერატურა შეიძლება 0° ქვემოთ ეცემოდეს. ყველაზე თბილი თვის (ივლისი) საშუალო ტემპერატურა +3°, +5°. სანაპიროზე მაქსიმალური ტემპერატურა +25° აღწევს.
ციკლონური მოქმედება ზაფხულში ძლიერდება. ამ დროს მოდის ნალექების წლიური რაოდენობის 85%. ხშირია წვიმა თოვლთან ერთად. ნისლი ჩვეულებრივი მოვლენაა. ზამთარში დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სუსტი ქარები ჭარბობს, ზაფხულში აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის.
ზაფხულში ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი წყალმარჩხი ნაწილი უფრო მეტად თბება, ვიდრე დასავლეთი. აგვისტოში აქ წყლის ზედაპირის ტემპერატურა + 10°-მდე აღწევს მაშინ, როდესაც დასავლეთით, გაშლილ ზღვაში + 6° არ აღემატება.
ფსკერთან წყლის ტემპერატურა ყველგან უარყოფითია.
ზღვის ჩრდილო ნაწილში, ზედაპირიდან რამდენადმე მოშორებით, იგრძნობა თბილი ატლანტის წყლების არსებობა, რომელიც ჩრდილოეთიდან გარს უვლის შპიცბერგენის არქიპელაგს, ფრანც-იოსების მიწას და ჩრდილოეთის მიწას. ყინული, რომელიც ზღვას წლის დიდ ნაწილში ფარავს, წარმოადგენს ნაპირის ყინულს, რომლის კიდე ჩვეულებრივ ახალციმბირის კუნძულების ჩრდილოეთით გადის. ამ კიდის მიღმა არსებული მოდრეიფე ყინულები ქარების გავლენით ხან უახლოვდება ნაპირის ყინულს, ხან ჩრდილოეთით გადაინაცვლებს და აჩენს დიდ ყინულღრუს (ციმბირის ყინულღრუ).
თითქმის მთელი წლის განმავლობაში ზღვა გაყინულია, ყინულები მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში დნება.
ზაფხულში ყინულისგან ყველაზე ადრე თავისუფლდება ზღვის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები, რომლებიც თბილი მდინარეული წყლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ყინული ყველაზე უფრო ხანგრძლივადაა ზღვის დასავლეთ ნაწილში, სადაც მდინარის წყლები ცოტაა, დინება კი მოდის ჩრდილოეთიდან და თან ყინულის დამატებითი რაოდენობა მოაქვს. ყინული ვილკიცკის სრუტესთან გროვდება და ტაიმირის ყინულის მასებს ქმნის.
ძლიერი ქარების დროს ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის უბეებში წარმოიქმნება წყლის უკან დახევისა და მოდენის მოვლენები. ეს უკანასკნელი წყლის დონეს მაღლა სწევს 3 მეტრამდე და ნაპირების დატბორვას იწვევს, უკან დახევისას კი ფსკერის დიდი ფართობი შიშვლდება. მოქცევები ზღვის დასავლეთ ნაწილში 3 მ სიმაღლეს აღწევს, აღმოსავლეთში -40-60 სმ.
ლაპტევების ზღვა ორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობით ღარიბია. წყლის დაბალი ტემპერატურა და მდინარეული წყლებით ძლიერი გამტკნარება ხელს უშლის ოკეანური ფაუნის გავრცელებას, რომელიც ზღვაში სადკოს ღარით შემოდის. აქ გვხვდება თევზის დაახლ. 43 სახეობა, მათგან ყველაზე ხშირად ჭაფალა, გოჭალა, ომული, თავდიდა და ციმბირის ზუთხი.
ქვირითს ყრის დროს აღმოსავლეთიდან მდინარეებში შემოდის კეტა და ღურკანა.
ზღვაში ცხოვრობენ ზღვის ძუძუმწოვრებიც : მორჟი, ზღვის კურდღელი, სელაპი, თეთრი დელფინი. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ მორჟებს.
ლაპტევების ზღვა ძირითადად დიატომური წყალმცენარეულობითაა წარმოდგენილი. მდინარის დელტებში ფრინველთა გუნდებია, ციცაბო სანაპიროზე - ფრინველთა ბაზრები.
ტაიმირის ნახევარკუნძულის პირველად შემოვლა დაიწყეს XVII საუკუნეში.
1629 წელს ციმბირელი კაზაკები გადიოდნენ მდინარე ლენას შესართავამდე. 1633 წელს პერფირიევის შემადგენლობა გაემგზავრა მდინარე ლენის ქვემო დინებისაკენ, რის შემდეგ შემადგენლობის სხვა ნაწილმა (რომელსაც მიწათმომლახველი ივანე რებროვი ხელმძღვანელობდა) მიაღწიეს მდინარე ოლენიოკის შესართავს. საკუთრივ პერფირიევმა მდინარე იანა გაიარა. ამავე წლებში დაფიქსირებულ იქნა რამდენიმე ახალი მდინარე.
1710 წელს იაკობ პერმიაკოვმა გასცურა მდინარე ლენიდან მდინარე კოლიმამდე. მომდევნო ხანებში დაინახა რამდენიმე კუნძული. კაზაკმა მერკური ვაგინმა იმოგზაურა ლიახოვის კუნძულებზე.
1735 წელს არქტიკის ცნობილმა მკვლევარმა ვასილი პრონჩიშევმა გაიარა მდინარე ლენა მდინარე ანაბარის შესართავამდე და ტაიმირის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი სანაპირო. 1736 წელს ვასილი პრონჩიშევი ტრაგიკულად დაიღუპა. პრონჩიშევის საქმე «იაკუტსკზე» ხარიტონ ლაპტევმა გააგრძელა. იმდროინდელი ”ციმბირის ზღვის” სანაპიროები (ახლანდელი ლაპტევების ზღვა) პირველად რუკაზე დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევებმა დაიტანეს. ამიტომ შემდგომ წლებში აქაურ წყლებს ლაპტევების ზღვა ეწოდა.
ლაპტევების ზღვაზე ნავიგაცია შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც ცნობილმა ადმირალმა პეტრე ანჟუმ (1821-1823), აღწერა კონტინენტის სანაპიროები კუნძულებითურთ. პეტრე ანჟუმ პირველმა გამოიკვლია ლაპტებების ზღვა, თავისი ძლიერი შტორმებითა და ყინულების მასებით, რომელიც ფართოდ არის დამახასიათებელი დღემდე ლაპტევების ზღვისათვის. ასევე ანჟუმ გამოიკვლია ზღვის სიღრმეები.
პირველად ლაპტევების ზღვა მთლიან სიგრძეზე გასცურა დიდმა არქტიკის მკვლევარმა, გეოგრაფმა და გეოლოგმა ნილს ადოლფ ერიკ ნორდენშელდმა, რომელმაც გაიარა პუნქტი ჩელიუსკინის კონცხსა (დასავლეთით) და სვიატოი ნოსის კონცხს შორის (აღმოსავლეთით). 1876 წელს გამოიკვლია მდინარე ენისეის შესართავი.
1893 წელს ლაპტევების ზღვა თითქმის მთლიანად ნორვეგიულმა გემმა ”ფრამმა” გაიარა. XX საუკუნეში ლაპტევების ზღვა რამდეჯერმე გადაკვეთეს რუსმა ზღვაოსნებმა ყინულმჭრელ ”ტაიმირსა” და ”ვაიგაჩზე”.
ზღვას სახელი ეწოდა რუსი მკვლევრების – დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევების პატივსაცემად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.