ჰიდროელექტროსადგური საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) — პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, აგებულია მდინარე მტკვარზე ქ. თბილისის მიმდებარედ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,[1] მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად.
ჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზაჰესკომი (თავმჯდომარე შალვა ელიავა, მოადგილეები ვ. სუხიშვილი და ნ. იორამიშვილი). ესკიზური პროექტი (ავტორი ინჟ. ო. მელიქ-ფაშაევი) დეტალურად დაამუშავა სპეციალურმა კომისიამ მ. ანდრეევი, დამანტოვიში, ლ. დიასამიძე, ვ. ვასილიევი, ნ. ზვორიკინი, ა. კიკნაძე — ხელმძღვ., ლ. კონიუშევსკი, ბ. კოსტინი, ო. მელიქ-ფაშაევი — მშენებლობის უფროსის მოადგილე, ს. ფირალიშვილი, ბ. ჭიჭინაძე — მშენებლობის უფროსი). ნაგებობათა არქიტექტურული ნაწილის ავტორები არიან ანატოლი კალგინი, კ. ლეონტიევი, მ. მაჭავარიანი.
თბილისის გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის საგანი. არსებობდა ჰესის მშენებლოობის რამდენიმე პროექტი-წინადადება, რომლებიც ითვალისწინებდა ჰესის აგებას: უშუალოდ ქალაქში ე. წ. მადათოვის კუნძულის მიდამოებში (1904-1905 წლებში ბელგიელი ინჟინერი მეტცემი); მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან (1907 წ., ინჟინრები ა. ანდრეევი, ნ. ზვორიკინი); მდინარე ხრამზე სოფ. არუხლოსთან (1920 წ. ინჟინრები ავალიშინი, კოჟევნიკოვი, ზვორიკინი, საქართველოს ქალაქების კავშირის ინიციატივით) და სხვა. პროექტის განხორციელება ნაგულისხმევი იყო უცხოელი კონცენსიონერების დახმარებით. 1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების სამინისტრო ამზადებდა ხელშეკრულების პროექტს წიწამურიდან ზემო ავჭალამდე მტკვრისა და არაგვის ენერგიის გამოყენების უფლების შვედეთის ფირმებისათვის გადაცემის თაობაზე.
მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების რთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა დაიწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის.
სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამუშაოები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც ითვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდიანრე არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.
1922 წლის I ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით თბილისში 10 000 ც. ძ-ის ცენტრალური თბოსადგურის აგებისა (ინჟინერი ი. ვაწაძე) სპეციალური საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში — ზემო ავჭალისა მდინარე მტკვარზე.
ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა თხოვნით დახმარებისათვის.
ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20 ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა ზაჰესკომი.
ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკული მუშაობა ჩაატარეს, ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის.
ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, რომელზეც მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.
შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსების შემოწმების შემდეგ საბჭოთა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც. ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გათვალისწინებული 10 ათ. ც. ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მივიროთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).
ზაჰესკომის გადაწყვეტილებით ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოთა რუსეთის ქარხნებს, რომლებიც არდგენიტი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში — საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (1500 ც. ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში ფრიცნოიმაიერის ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი — ფრიცნოიმაიერის ქარხანაში (გერმანია).
ჰესის პირველი რიგი 1927 წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა — დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 20,3 მლნ. კვტ. სთ-ს შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა.
2007 წლის 20 ივლისს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. „ზაჰესი“ კომპანია „ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის“ მფლობელობაში გადავიდა.
ზაჰესის ძირითადი ნაგებობებია:
ვ.ი. ლენინის ძეგლი — 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. ლენინის პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე ივანე შადრი, არქიტექტორი ს. ჩერნიშოვი). ბრინჯაოს სკულპტურის სიმაღლე 7 მ, ღია რუხი ფერის გრანიტით მოპირკეთებული პოსტამენტისა 15 მ.
ბესარიონ ჭიჭინაძის ძეგლი — გაიხსნა 1975 წლის 8 ივლისს (მოქანდაკე 1. რატიანი, არქიტექტორი გ. ქავთარაძე). დგას საგენერატორო სადგურის ტერიტორიაზე, მთავარი ხეივნის ღერძზე, მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირთან. ბუნებრივი თეთრი ქვით მოპირკეთებულ მაღალ (6 მ) კედელზე გამოსახულია ინჟინერ ბესარიონ ჭიჭინაძის ჰორელიეფური პორტრეტი (ბრინჯაო 1,1 მ).
1947 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.