From Wikipedia, the free encyclopedia
ვენეტები (ლათ. Veneti) — იტალიის უძველესი ხალხი, რომლებიც სახლობდნენ აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ისინი ასევე ცნობილები იყვნენ, როგორც პალეოვენეტები. მათ სახელთან არის დაკავშირებული იტალიის ერთ-ერთი რეგიონის ვენეტოს და ქალაქის ვენეციის სახელწოდება.
ანტიკური ლეგენდის მიხედვით ვენეტები იყვნენ პაფლაგონიური წარმოშობის ხალხი ენეტები, რომლებმაც ძვ. წ. II ათასწლეულში, ტროას დაცემისა და თავიანთი მეფის პილაიმენესის სიკვდილის შემდეგ დატოვეს მცირე აზია და ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ. ეთნოლინგვისტური თვალსაზრისით ვენეტები მიეკუთვნებიან ინდოევროპელებს. ჩვენამდე მოღწეული 300 ხელნაწერისა და დოკუმენტის საშუალებით ირკვევა, რომ ვენეტური ენა არის ინდოევროპული ენის ერთ-ერთი განშტოება.
ვენეტების ისტორია იყოფა ორ ნაწილად. ძველი ისტორია, რომელიც გრძელდება ძვ. წ. V საუკუნემდე და ახალი, ძვ. წ. I საუკუნემდე. ძველ დროში ვენეტებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ვილანოვის კულტურასა და ეგეოსის კულტურათან ახალი ისტორიის საწყის ეტაპზე იგრძნობა ეტრუსკებისა და კელტების გავლენა, მოგვიანებით კი ბოიების, რომლებთანაც ვენეტები ხშირად ჰქონდათ დაპირისპირება. სამხრეთ-აღმოსავლეთით მათ ურთიერთობა ჰქონდათ ილირიელებთან. ანტიკური ავტორების მიხედვით, ვენეტები იყვნენ ილირიელი ხალხის ერთ-ერთი განშტოება, რომლებიც ძვ. წ. IX საუკუნეში გამოეყვნენ ძირითად მასას და ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთით დასახლდნენ. ძვ. წ. II საუკუნიდან რომის გავლენის ზრდასთან ერთად იწყება ვენეტების ასიმილაციის პროცესი ლათინებთან.
რომაული ისტორიოგრაფიის მიხედვით ვენეტები წარმოშობით იყვნენ მცირე აზიის ერთ-ერთი შავიზღვისპირა რეგიონიდან პაფლაგონიიდან. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ტროას ომში, რომელშიც დაიღუპა მათი მეფე პილაიმენესი. რის შემდეგადაც, ტროელთა ერთ-ერთი ბელადის ანტენორის ხელმძღვანელობით დასახლდნენ ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ვერგილიუსის მიხედვით ანტენორი არის ქალაქ პადუას დამაარსებელი. პლინიუს უფროსი ფიქრობდა, რომ ვენეტები ტროელები იყვნენ. ხოლო სტრაბონი მათ კელტურ ფესვებზე მიუთითებდა, რადგან დღევანდელი ბრეტანის ტერიტორიაზე სახლობდნენ კელტური წარმოშობის ტომები, რომლებსაც ასევე ვენეტებს უწოდებდნენ. დღეისათვის ითვლება, რომ ვენეტები აღმოსავლეთიდან მოსული ხალხია, რომლებიც ზღვის გავლით მოვიდნენ. შესაძლებელია ყოფილიყვნენ ბერძნული წარმოშობის, ან ბერძნული კულტურის მატარებელი ხალხი. დიდი ხნის განმავლობაში მათ მიაკუთვნებდნენ ილირიელებს. ჰეროდოტე ფიქრობდა, რომ ვენეტები იყვნენ ილირიელ ხალხთა ერთ-ერთი ნაწილი, რომლებიც გამოეყვნენ მათ და ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთით დასახლდნენ. ვიტორე პიზანი და ჰანს კრაე ფიქრობდნენ, რომ ჰეროდოტეს სულ სხვა ხალხზე ჰქონდა საუბარი, რომლებიც ადრიატიკის აღმოსავლეთ ნაწილში სახლობდნენ და არა იტალიაში. ლინგვისტური კვლევის მიხედვით გამოირიცხა ვენეტური ენის კავშირი ილირიულთან. ამის შემდეგ კრაე ფიქრობდა, რომ ვენეტური ენა სამნიტურ და უმბრულ ენებთან იყო მჭიდრო კავშირში.
ვენეტებმა შექმნეს საკუთარი კულტურა, რომელიც ესტის კულტურის სახელით არის ცნობილი. ძვ. წ. IV საუკუნეში მათ მიწაზე შემოიჭრნენ გალები, რომლებსაც ომი ჰქონდათ რომაელებთან. რომაელებმა საშველად ვენეტებს უხმეს, რომლებსაც ისინი საერთო ტროული წარმოშობის გამო, მონათესავე ხალხად მიიჩნევდნენ. ძვ. წ. 283 წელს რომმა ვენეტებს მეგობრისა და მოკავშირის სტატუსი მიანიჭა. ძვ. წ. 225 წელს მსგავსი კავშირი გააფორმა რომმა ბოიებთან და ინსუბრიებთან, რომელიც მიმართული იყო გალების წინააღმდეგ. ეს კავშირი არსებობდა მეორე პუნიკური ომის დროსაც, მაშინ როდესაც დანარჩენი გალური ტომები კართაგენელების მხარეს იბრძოდნენ.
ძვ. წ. 181 წელს რომაელებმა ვენეტების საზღვართან ახლოს ააშენეს ქალაქი აკვილია, რათა მოეგერიებინათ გალების შემოსევა. საბოლოოდ ეს მხარე ძვ. წ. 163 წელს შეუერთდა ციზალპურ გალიას. ძვ. წ. 49 წელს ვენეტებმა მიიღეს რომის მოქალაქეობა და განიცადეს რომანიზაცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.