From Wikipedia, the free encyclopedia
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია — მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია 1917-1923 წლებში. პარტია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. წარმოადგენდა ოპოზიციურ პარტიას. 8 წევრით იყო წარმოდგენილი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ 1924 წლის აჯანყებაში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მოღვაწეობდა ემიგრაციაში. პარტიის ცნობილი წევრები იყვნენ სპირიდონ კედია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, შალვა ამირეჯიბი და სხვები. პარტია თავს ილია ჭავჭავაძის იდეურ მემკვიდრედ მიიჩნევდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | სპირიდონ კედია |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1917 |
დაიშალა | 1923 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | სამოქალაქო ნაციონალიზმი[1] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე |
გაზეთი | ახალი საქართველო |
წარმომადგენლობითობა | |
საქართველოს დამფუძნებელი კრება |
8 / 130 |
პარტიის ჩამოყალიბების მცდელობა დაიწყო 1905-1906 წლებში. მაშინ პარტიის პროგრამაზე ილია ჭავჭავაძე მუშაობდა. ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა. 1906 წლის მარტში გამოქვეყნდა პარტიის პროგრამა, თუმცა ამას პარტიის ჩამოყალიბება არ მოჰყოლია. გამოქვეყნებული პროგრამა საქართველოს ავტონომიას ითხოვდა რუსეთის შემადგენლობაში. 1906 წლის ივლისში სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას გამოეყო მემარჯვენე ფრთა და დაიწყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პრესის გამოცემა. მიუხედავად ამისა,პარტია ფორმალურად მაინც არ არსებობდა და შესაბამისად ეროვნულ-დემოკრატებს არ მიუღიათ მონაწილეობა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს არცერთი მოწვევის არჩევნებში. 1907 წელს გიორგი გვაზავას რედაქტორობით დაფუძნდა რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1909-1910 წლებში გამოდიოდა ჟურნალი „ერი“. მასში იბეჭდებოდა მიხეილ წერეთლის „ერის უფლება“ Baton-ის ფსევდონიმით და ივანე ჯავახიშვილის „ქართული სამართლის ისტორია“. 1910 წელს გამოიცა გიორგი გვაზავას ბროშურა „ჩეხია". ამ ბროშურის გამო გვზავა დააპატიმრეს, რედაქტორი პეტრე სურგულაძე კი ემიგრაციაში გაიქცა. ამავე წელს კავკასიიდან 5 წლით გაასახლეს მიხეილ წერეთელი. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატებს ბეჭდვითი ორგანო არ ჰქონიათ. 1911 წელს ქუთაისში გაჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფი, რომელმაც დაიწყო გაზეთ „იმერეთის“ გამოცემა. გაზეთი 1912-1915 წლებში გამოდიოდა. 1912 წელს ახალმა ჯგუფმა დააარსა ჟურნალი „კლდე“. ჟურნალ „ერის“ თანამშრომლებიდან ახალ ჟურნალში შემორჩენილი იყოო მხოლოდ ალექსანდრე ყიფშიძე. „კლდე“ 1912-1915 წლებში გამოდიოდა და დღის წესრიგში აყენებდა ეროვნულ, ეკონომიკურ და საეკლესიო საკითხებს. 1915 წლიდან მის ნაცვლად დაიწყო გაზეთ „საქართველოს“ გამოცემა. პარალელურად, 1913-1914 წლებში ჟენევაში „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფმა“ დაიწყო ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ გამოცემა. გამოვიდა მისი ოთხი ნომერი. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს გერმანიაში ჩამოყალიბდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო მიხეილ წერეთელი. კომიტეტს შესაძლებლად მიაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში.
1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკოსები გააქტიურდნენ. მიხეილ წერეთელმა შვეიცარიაში გამოსცა „საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებები“. მარტში შეიქმნა პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტი და გამოქვეყნდა პარტიის პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოს ავტონომიას და საქართველოს კუთხეების თვითმმართველობას. 10 მარტს გაიმართა დიდი კრება, რომელსაც 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა. კრებას თავმჯდომარეობდა სპირიდონ კედია. გაზაფხულზე იქმნებოდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები სხვადასხვა დასახლებებში: ახალციხეში, ახალქალაქში, ჭიათურაში, ზესტაფონში, სიღნაღში, თელავში, ფოთსა და ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში. 28 მაისისთვის დაინიშნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ შემდეგ გადაიდო და ჩატარდა 4 ივნისს. ყრილობას ესწრებოდა 164 დელეგატი. მას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველი ლეონიდე. ყრილობაზე, აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტი, პრეზიდიუმი და თავმჯდომარე. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სპირიდონ კედია. ყრილობამ დაამტკიცა პარტიის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად გრიგოლ ვეშაპელი. 1917 წელსვე პარტიამ კავშირი დაამყარა ევროპაში მოქმედ ორგანიზაცია „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან“. ამ მიზნით სპირიდონ კედია იმყოფებოდა დანიასა და შვედეთში.
1917 წლიდან პარტია აქტიურად მონაწილეობდა ინტერპარტიული საბჭოს მუშაობაში. ინტერპარტიულ საბჭოს პრეზიდიუმში ჩართულები იყვნენ სპირიდონ კედია და გიორგი გვაზავა. 1917 წლის სექტემბერში ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გამოეყო რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია. 1917 წლის ნოემბერში პარტია მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში, სადაც 13 კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი. პარტიამ მიიღო 23 ათასი ხმა და მანდატები ვერ მოიპოვა. 1917 წლის 19 ნოემბერს პარტიის 15 დელეგატი მონაწილეობდა ეროვნულ ყრილობაში. პარტია 9 დეპუტატით წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელსაც 1918 წლიდან პარლამენტი ეწოდა. 1918 წლის იანვარში პარტიის მეორე ყრილობა გაიმართა. ამ დროიდან პარტიამ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. პარტიის წევრები ამ მოთხოვნას აყენებდნენ ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის კომისარიატის წინაშე. 4 თებერვალს პარტიამ დამოუკიდებლობის მოთხოვნით ხალხმრავალი მიტინგი გამართა. პარტიის წევრებმა აღნიშნულ მოთხოვნა გაიმეორეს ეროვნული საბჭოს 12 და 14 მაისის სხდომებზე. 1918 წლის სექტემბერში პარტია დატოვა პარტიის გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორმა გრიგოლ ვეშაპელმა, ასევე დატოვა რამდენიმე ლიდერმა: დავით ვაჩნაძემ, ვასილ წერეთელმა, შალვა ქარუმიძემ და რეზო გაბაშვილმა. ვეშაპელის ნაცვლად გაზეთის რედაქტორად დაინიშნა გერონტი ქიქოძე. პარტიიდან წასულებმა დააარსეს დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტია.
1918 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა გაფართოვდა და მასში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კიდევ 10 წევრი შევიდა.
1919 წლის 13 იანვარს გაიმართ პარტიის მცირე კონფერენცია. კონფერენციამ განსაზღვრა პარტიული სია დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის. არჩევნებზე წარდგენილ იქნა 109 კანდიდატის სია, რომლის სათავეში იდგა პარტიის უხუცესი წევრი ნიკო ნიკოლაძე. პარტია არჩევნებში მონაწილეობდა მე-2 ნომრით. 29 იანვარს გამოქვეყნდა პარტიის ახალი, დაზუსტებული სია 96 კანდიდატით. 1919 წლის 1-2 თებერვალს გამართუკ ადგილობრივ არჩევნებში პარტია გამოვიდა ერთინი ბლოკით რადიკალ-დემოკრატებთან და უპარტიოთა კავშირთან ერთად. ამ არჩევნებში პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში. ზუგდიდის მაზრაში მან 20 მანდატიდან 14, ხოლო სენაკში 20-დან 12 მანდატი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა პარტია თბილისში. დამფუძნებელი კრების არჩევნებში პარტიამ მიღო 30 154 ხმა (6,1%). დამფუძნებელ კრებაში პარტიამ მიიღო 8 მანდატი. ეროვნულ-დემოკრატებიდან დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ექვთიმე თაყაიშვილი. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიორგი გვაზავა. დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ-დემოკრატების ფრაქცია აქტიურად მუშაობდა. ისინი მხარს უჭერდნენ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, კერძო საკუთრების განმტკიცებას, ორპალატიანი პარლამენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებას.
1919 წლის მაისში პარტია დატოვეს გერონტი ქიქოძემ და შალვა ამირეჯიბმა. გერონტი ქიქოძემ დატოვა ეროვნულ-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციაც. 1919 წლის ივლისში პარტიის მესამე ყრილობა გაიმართა. ყრილობამ დასაშვებად მიიჩნია რადიკალ-დემოკრატებთან და უპარტიოთა კავშირთან გაერთიანება. 1920 წლის ნოემბერში ნიკო ნიკოლაძემ დატოვა დამფუძნებელი კრება და მისი ადგილმონაცვლე გახდა შალვა ამირეჯიბი.
1921 წლის იანვარში გაერთიანდნენ არასოციალისტური პარტიები: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია, რადიკალ-დემოკრატიული პარტია და უპარტიოთა კავშირი „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ სახელწოდებით. პარტიამ არსებობა შეწყვიტა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1923 წლის 28 ოქტომბერს.
1917 წელს, დამფუძნებელ ყრილობაზე არჩეული მთავარი კომიტეტის შემადგენლობა ასეთი იყო: ალექსანდრე ასათიანი, დავით ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გიორგი გორდეზიანი, გიორგი ჟურული, რაფიელ ივანიცკი, სპირიდონ კედია, იოსებ მაჭავარიანი, იროდიონ სონღულაშვილი, შალვა ტატიშვილი, სანდრო შანშიაშვილი, შალვა ქარუმიძე, გერონტი ქიქოძე. 1917 წლის ნოემბერში მთავარ კომიტეტს დაემატა ახალი წევრები: იასონ ლორთქიფანიძე, დიმიტრი ჯავახიშვილი, პეტრე ბარათაშვილი, ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაიანი და ბ. ჭიჭინაძე.
პარტიის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: სპირიდონ კედია (თავმჯდომარე), გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭარიანი და გრიგოლ ვეშაპელი (მოადგილეები), შალვა ტატიშვილი (მდივანი), იროდიონ სონღულაშვილი (ხაზინადარი). 1917 წლის ნოემბერში პრეზიდიუმის წევრი გახდა დავით ვაჩნაძე.
პარტიის ბეჭდვითი გამოცემები იყო ჟურნალები „ერი“ და „კლდე“, გაზეთები „საქართველო“, „სამშობლო“ და „ჩვენი ქვეყანა“. ემიგრაციაში ყოფნისას გაზეთები „სამშობლოსათვის“, „საქართველოს გუშაგი“, ჟურნალები „სამშობლო“ და „ივერია“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.