Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ავტონომია — საერთაშორისო სამართალში ნიშნავს სახელმწიფოს რომელიმე ტერიტორიული ნაწილის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების დამოუკიდებლად განხორციელებას იურიდიული ნორმების გამოცემის გზით. ავტონომიის საერთაშორისო-სამართლებრივი გაგებისათვის მთავარია, რომ შესაბამისი ტერიტორია, ფართო თვითმმართველობის მიუხედავად, არ იძენს სახელმწიფოს ნიშნებს. ავტონომიის ცნების დიფერენცირებული შინაარსის მიუხედავად, იგი ძირითადად გულისხმობს ტერიტორიულ თვითმმართველობას, როდესაც ავტონომიური რეგიონი ნაწილობრივ დამოუკიდებელია ნაციონალური, ცენტრალური მთავრობის გავლენისაგან და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს თავის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. ავტონომია, როგორც წესი, გულისხმობს ჯგუფის, როგორც უმცირესობის აღიარებას და მისი კოლექტიური უფლებების დაცვას. ხალხის ჯგუფის, როგორც ავტონომიის სუბიექტი, გულისხმობს ადამიანთა ისეთ ერთობას:
თანამედროვე (კონსტიტუციური) სამართლის თეორიაში გამოყოფენ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სამ ძირითად ფორმას: უნიტარულს, რეგიონალისტურს (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) და ფედერაციულს. ძირითადი განსხვავება ამ სამ ფორმას შორის გამოიხატება დეცენტრალიზაციის ხარისხში, ასევე ტერიტორიული ერთეულების ავტონომიურობაში. შესაბამისად, უნიტარული სახელმწიფო დაყოფილია ცენტრიდან ადმინისტრირებად ერთეულებად, რეგიონალისტური სახელმწიფო – ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ავტონომიებად, ხოლო ფედერაციული სახელმწიფოს ერთეულები წარმოადგენენ სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნებს –არასუვერენულ სახელმწიფოებს.
უნიტარულ სახელმწიფოში მის შემადგენელ ნაწილებს, ტერიტორიულ ერთეულებს, არ გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები. ქვეყანაში მოქმედებს ერთი საერთო კონსტიტუცია და კანონმდებლობა, პოლიტიკური ხელისუფლების ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა; ცენტრალური ერთეულების ადგილობრივი ორგანოების სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საერთო- სახელმწიფოებრივი სამართლის ნორმებით. რეგიონალისტური (დეცენტრალიზებული უნიტარული) სახელმწიფო. უნიტარულ სახელმწიფოში შესაძლებელია, რომ ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულს ან ერთეულებს სხვებთან შედარებით განსხვავებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი ჰქონდეთ. ასეთ სახელმწიფოში ზოგიერთ ერთეულს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე (ეროვნული, ეთნიკური, ისტორიული და სხვა), უფრო ფართო თვითმმართველობის უფლება შეიძლება მიენიჭოს. ასეთ ტერიტორიულ ერთეულებს კონსტიტუციური სამართალი ტერიტორიული ავტონომიების სახელით მოიხსენიებს.
დეცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო ფედერალიზმთან ახლოს მდგომი ფორმაა. დეცენტრალიზმის დროს უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის განაწილებულია კონსტიტუციით.
ფედერაციული მოწყობა (ფედერალიზმი). უნიტარულისაგან განსხვავებით, ფედერაციული სახელმწიფო რთული საკავშირო სახელმწიფოა, რომელშიც გაერთიანებულია რიგი ყოფილი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები _ ფედერაციის სუბიექტები. იგი ხასიათდება სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მაღალი დონით. ამ თვალსაზრისით, განასხვავებენ ხელისუფლების ორ დონეს: ფედერალური ხელისუფლება და ფედერაციის სუბიექტების ხელისუფლება. საერთო ფედერალურ დონეზე სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი საკავშირო წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ერთ-ერთი, კერძოდ, ზედა პალატა, უმაღლეს წარმომადგენლობაში სწორედ ფედერაციის სუბიექტების ინტერესებს გამოხატავს.
ავტონომიური რეგიონი შეიძლება განისაზღვროს ან გეოგრაფიული განსხვავებულობით, ან მისი თავისუფლების დონით. ავტონომიური რეგიონების დიფერენცირება შეიძლება მოხდეს ტერიტორიული ავტონომიად, ადგილობრივ ავტონომიად და სუბრეგიონულ ავტონომიად.
ყველაზე ზოგადი კლასიფიკაციით ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ პარალელური ავტონომია და იერარქიული ავტონომია. ამერიკული ფედერალიზმი, მაგალითად, ეფუძნება ფედერაციულ სახელმწიფოსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის არსებულ პარალელურ ავტონომიას.
ავტონომიის დანარჩენ სახეებს მიეკუთვნება ტერიტორიული ავტონომია, კულტურული ავტონომია, ორგანიზაციული ავტონომია, რეგიონული ავტონომია.
ტერიტორიული ავტონომია ეფუძნება სახელმწიფო-სამართლებრივ ან საერთაშორისო-სამართლებრივ აქტს. ავტონომიის შემთხვევაში ესა თუ ის ტერიტორია სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და რომელიმე ჯგუფის ან უმცირესობის სპეციფიკურ ინტერესებთან დაკავშირებული უფლებამოსილებები გადაცემული აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს. ავტონომიური ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ძირითადად შეეხება კომუნალურ და რეგიონალურ თვითმმართველობას და ითვალისწინებს უმცირესობათა ტერიტორიულ და ისტორიულ თავისებურებებს.
ტერიტორიული ავტონომია, როგორც ცალკეული ჯგუფების ინტერესების დაცვის ფორმა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი ჯგუფი ცხოვრობს გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ რაიონში და ქმნის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას. ტერიტორიული ავტონომიის დროს ავტონომიური უფლებებით სარგებლობს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირი და არა მხოლოდ ეთნიკური ჯგუფის წევრი. ეთნიკური ჯგუფის ის წევრები, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიული ავტონომიის ფარგლებს გარეთ, ავტონომიის სტატუსით არ სარგებლობენ.
ცალკეული ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, გამოყოფენ ავტონომიის შემდეგ შესაძლო ფორმებს: მმართველობის სფეროს დეცენტრალიზაცია (კორსიკა); სამართალშემოქმედების სფეროში განსაზღვრულ კომპეტენციათა მინიჭება (სამხრეთ ტიროლი); დამოუკიდებლობა ცენტრალური სახელმწიფოს მართლწესრიგისაგან (ალანდის კუნძულები). ავტონომია შეიძლება ფუნქციონირებდეს განსხვავებული საერთაშორისო გარანტიების პირობებშიც. ალანდის კუნძულებისა და სამხრეთ ტიროლის ავტონომია ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაშინ როცა გრენლანდიისა და ფერარის კუნძულების თვითმმართველობითი კომპეტენციები რეგულირებულია დანიის შინასახელმწიფოებრივი აქტებით.
საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობას. საქართველოს კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს მმართველობის განსაკუთრებულ წესს ყოფილი ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. ავტონომიური რესპუბლიკების არსებობას ითვალისწინებდა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისადაც საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა. კონსტიტუციითვე იყო განსაზღვრული, რომ ავტონომიური მმართველობის დებულებები უნდა განსაზღვრულიყო ცალკე კანონით.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია უშუალოდ არ არეგულირებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულებას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენციას, კერძოდ:
გარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა, საქართველოს კანონმდებლობით მმართველობის განსაკუთრებული სტრუქტურაა ჩამოყალიბებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის 2007 წლის დადგენილების საფუძველზე შექმნილია დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით შედიან ჰონგ-კონგი და მაკაო, რომლებიც ფართო ავტონომიით სარგებლობენ. ჰონგ-კონგი 1984 წელს ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ხელი დიდი ბრიტანეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის საფუძველზეც ჰონგ-კონგი, საპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით 1997 წლის 1 ივლისიდან შევიდა ჩინეთის შემადგენლობაში. აღნიშნული ხელშეკრულებით დასრულდა „ოპიუმის ომის“ შემდგომ, 1840 წლიდან ჰონგ-კონგში არსებული ბრიტანული მმართველობა.
1997 ივლისში ჰონგ-კონგზე ჩინეთის სუვერენიტეტის აღდგენისთანავე ძალაში შევიდა ჰონგ-კონგის სპეციალური რეგიონის „ძირითადი კანონი“, რომელიც 1990 წელს მიიღო ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა. ძირითადი კანონი დაეფუძნა "ერთი სახელმწიფო, ორი სისტემის" პრინციპს, რომლის შესაბამისადაც 1997 წლიდან შემდგომი 50 წლის განმავლობაში, ჰონგ-კონკგს მიეცა უფლება შეენარჩუნებინა კაპიტალისტური ეკონომიკა და მიენიჭა ფართო პოლიტიკური ავტონომია (გარდა საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა). ერთობლივი დეკლარაცია და ძირითადი კანონი აგრეთვე ითვალისწინებდა ჰონგ-კონგში სამართლებრივი და მართლმსაჯულების სისტემის უცვლელად დატოვებას 50 წლის განმავლობაში.
მაკაო - 1987 წელს პორტუგალიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი სინო-პორტუგალიის ერთობლივ დეკლარაციის საფუძველზე, 1999 წლის 20 დეკემბრიდან მაკაო, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით შევიდა ჩინეთის შემადგენლობაში, რითიც დასრულდა კუნძულის 442 წლიანი პორტუგალიური მმართველობა, თუმცა ჩინეთმა თავის მხრივ იკისრა ვალდებულება, რომ შემდგომი 50 წლის განმავლობაში სოციალისტური სისტემა და სოციალისტური პოლიტიკა არ გატარდებოდა მაკაოში და უცვლელი დარჩებული იქ არსებული სოციალური, ეკონომიკური სისტემა და ცხოვრების წესი.
"ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პრინციპის ფარგლებში ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად მაკაოს ჰყავს თავისი ხელისუფლება, სამართლებრივი და ფინანსური სისტემა. მას გააჩნია თავისი ვალუტა, ჩინეთისგან განსხვავებული კანონმდებლობა, მათ შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.
კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო 1920-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ირლანდია გამოეყო დანარჩენ ირლანდიას. როდესაც გაყოფა მოხდა, ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობა ორად გაიყო:
„იუნიონისტები“ ძირითადად პროტესტანტები იყვნენ, ხოლო ნაციონალისტები კი კათოლიკეები. კათოლიკური მოსახლეობა გამოხატავდა პროტესტს სამსახურისა და საცხოვრებლის პოვნისას წარმოქმნილ სიძნელეებთან დაკავშირებით. „იუნიონისტებიც“ თავის მხრივ მართავდნენ დემონსტრაციებს. 1960-იან წლებში მხარეთა შორის დაპირისპირებამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
„წითელი პარასკევის შეთანხმება“ გაფორმდა ბელფასტში 1998 წლის 10 აპრილს. აღნიშნული შეთანხმებით დასრულდა რეგიონში მიმდინარე 30 წლიანი დაპირისპირება. შეთანხმება ფორმალურად გაფორმდა ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრობებსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 8 პოლიტიკურ პარტიას შორის. ხელშეკრულებით აღიარებულია ჩრდილოეთ ირლანდიის კონსტიტუციური სტატუსი გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში, რაც ასახავს მოქალაქეთა უმრავლესობის სურვილს. მაგრამ მან ასევე დააწესა თანხმობის პრინციპი - რომ გაერთიანებული ირლანდია შეიძლება წარმოიშვას, თუ და როდესაც ამას ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ხალხის უმრავლესობა მოინდომებს. ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთის მთავრობა ვალდებული იქნება ჩაატაროს რეფერენდუმი და პატივი სცეს მის შედეგებს.
ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრობებით 1998 წლის 22 მაისს გაიმართა ერთობლივი რეფერენდუმი. ჩრდილოეთ ირლანდიაში რეფერენდუმის საკითხს წარმოადგენდა "წითელი პარასკევის შეთანხმებაზე" დათანხმება, რასაც მოსახლეობის 71%-მა დაუჭირა მხარი. ირლანდიის რესპუბლიკაში რეფერენდუმი ეხებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომელთა საფუძველზეც ახალი შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით ირლანდია უარს აცხადებდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით პრეტენზიებზე. მოსახლეობის 94%-მა მხარი დაუჭირა ამგვარ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ალანდის კუნძულები ფინეთის შემადგენლობაში 1917 წელს, მას შემდეგ რაც ფინეთმა მოიპოვა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა, ალანდის კუნძულების ადმინისტრაციამ ფინეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ფინეთმა უარყო ალანდის კუნძულების მოთხოვნა და პრობლემის დარეგულირების მიზნით 1920 წელს მიიღო კანონი ალანდის ავტონომიის შესახებ.
ალანდის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ ფინეთის მიერ მიღებულ კანონს. ვინაიდან მდგომარეობა ქმნიდა ფინეთსა და შვედეთს შორის ღია დაპირისპირების საფრთხეს, საკითხი გადასაწტვეტად გადაეცა, ახლად შექმნილ, ერთა ლიგას.
ერთა ლიგამ 1921 წელს ფინეთს მიანაჭია ალანდის კუნძულებზე სუვერენიტეტი. ამავდროულად, ფინეთს დაეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები უზრუნველეყო კუნძულების მოსახლეობის გარანტიები შვედური ენასთან, კულტურასთან, ადგილობრივ ტრადიციებთან და თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებით.
1856 წელს ყირიმის ომის შემდგომ, პარიზში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად ალანდის კუნძულები გახდა დემილიტარიზებული. 1921 წელს კუნძულების სუვერენიტეტის საკითხის გადაწყვეტისას ერთა ლიგამ დაადასტურა 1856 წლის დემილიტარიზაციის გადაწყვეტილება.
1920 წლის კანონი ალანდის თვითმმართველობის (ავტონომიის) შესახებ გადაიხედა და გაფართოვდა 1951 და 1991 წლებში, შედეგად ალანდმა მიიღო ხელისუფლება, საკანონმდებლო ორგანო და ფინეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი. ალანდის კუნძულების კომპეტენცია წლიდან წლამდე იზრდებოდა და თითქმის სრულად მოიცვა სოციალური საკითხები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, საპოლიციო საქმიანობა, ეკონომიკური განვითარება და ლიმიტირებულად ფისკალური პოლიტიკა. ალანდის კუნძულებს ჰყავს თავისი პირდაპირი წარმომადგენელი ჩრდილოეთის სახელმწიფოთა (NORDIC) საბჭოში, აგრეთვე ევროპის რეგიონალურ საბჭოში, მას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება წარმომადგენელი წარგზავნოს ფინეთის პარლამენტში, ჰელსინკიში. თუმცა ამით სრულდება ალანდის ინტეგრაცია ფინეთის შემადგენლობაში. ალანდის კუნძულები გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა სტოკჰოლმთან, ალანდმა შეინარჩუნა თავისი შვედური მემკვიდრეობა და ფინეთს არ უცდია ალანდის უფრო მეტად ინტეგრაცია ფინურ სოციალურ-კულტურულ ან პოლიტიკურ სტრუქტურაში. მოსახლეობის 95%-ის შვედურად საუბრის გამო ალანდს გააჩნია განსაკუთრებული იდენტობა. კუნძულებზე განვითარდა პოლიტიკური პარტიების დამოუკიდებელი სისტემა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფინურ პარტიებთან. ალანდს გააჩნია საკუთარი, რეგიონული მოქალაქეობა, რომლის შესაბამისადაც პირმა მინიმუმ 5 წელი უნდა იცხოვროს ალანდის კუნძულებზე, იმისთვის რათა შეძლოს უძრავი ქონების მესაკუთრეობა, მიიღოს არჩევნებზე ხმის მიცემის ან პარლამენტის წევრად კენჭისყრის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხები ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება, ალანდის კუნძულებს მაინც შეუძლია მასზე გავლენის მოხდენა. ალანდის ავტონომიის შესახებ კანონის შესაბამისად, ისეთ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ეხება პროვინციისათვის მიკუთნებულ საკითხებს, ესაჭიროება ალანდის პარლამენტის მხარდაჭერა. რაც გულისხმობდა 1995 წელს ევროკავშირში ფინეთთან ერთად შესვლასთან დაკავშირებით ალანდის პარლამენტის პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას.
1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ გამოყო სამხრეთ ტიროლი ტიროლის დანარჩენი ნაწილისგან და რეგიონი, 89 %-იანი გერმანულად მოსაუბრე მოსახლეობით, მიაკუთვნა იტალიას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1946 წლის გასპერი-გრუბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით იტალიამ ჩაოაყალიბა ავტონომიური რეჟიმი. რომის მხრიდან ავტონომიური სტატუსი იმგვარად იქნა ჩამოყალიბებული, რომ სამხრეთ ტიროლელთა კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარება გარანტირებულად იტალიელთა ხელში აღმოჩენილიყო. აღნიშნულის მისაღწევად სამხრეთ ტიროლი ტრენტინოს პროვინციასთან ერთად გაერთიანდა ერთ რეგიონში, რომელშიც უკვე იტალიელები შეადგენდნენ უმრავლესობას. ამავდროულად საცხოვრებლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით ხდებოდა პროვინციაში იტალიელთა მიგრაციის ხელშეწყობა.
სამხრეთ ტიროლის ახალი სტატუსის ჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა დიდწილად ავსტრიამ მოახდინა. ავსტრია საკუთარ მისიად განიხილავდა სამხრეთ ტიროლის გერმანულ ენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ახდენდა საკითხის ინტერნაციონალიზაციას. 1960 წლის 31 ოქტომბერს სამხრეთ ტიროლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით დადგინდა, რომ პარიზის სამშვიდობო შეთანხმება ავალდებულებს იტალიას ჩამოაყალიბოს ავტონომია სამხრეთ ტიროლის ეთნიკური უმცირესობის დასაცავად და ავსტრიას შეუძლია არსებითი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ საკითხზე. 1972 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად სამხრეთ ტიროლოს ავტონომიის შესახებ მეორე აქტი იქნა მიღებული, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვე პროვინციის ინსტიტუციური საფუძველი. პირველი ავტონომიის განმსაზღვრელი აქტისგან განსხვავებით ახლი რეგულაცია ფარავს სამხრეთ ტიროლი/ალტო-ადიჯეს და წინასთან შედარებით შეიცავს ორ ახალ ელემნტს: სავალდებულო ორენოვნებას რეგიონის სახელმწიფო მმართველობაში და პროპორციულ ლინგვისტურ სისტემას ადგილობრივ ეკონომიკაში. ახალმა რეგულაციებმა პირველად გაითვალისწინა ადგილობრივი, ლადინურ ენაზე მოსაბრუ თემის ინტერესები.
სტატუტის იმპლემენტაციას დასჭირდა 20 წელი, ავსტრიამ 1992 წელს ცნო კონფლიქტი დარეგულირებულად, რის შემდეგად სამ ენობრივ ჯგუფს შორის ურთიერთდამოკიდებულება უმჯობესდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.