From Wikipedia, the free encyclopedia
დენ სიაოპინი (ჩინ.: 鄧小平, Dèng Xiăopíng), ნამდვილი სახელი და გვარი — დენ სიანშენი (鄧先聖|邓先圣, Dèng Xiansheng; დ. 22 აგვისტო, 1904, გუანანი, სიჩუანი, ჩინეთი, — გ. 19 თებერვალი, 1997, პეკინი) — ჩინელი სახელმწიფო, პოლიტიკური და კომუნისტური პარტიის მოღვაწე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე გავლენიანი ლიდერი 1970-იანი წლების ბოლოდან გარდაცვალებამდე. მისი ხელმძღვანელობით მოხდა ბევრ ორთოდოქსულ კომუნისტურ დოქტრინაზე უარის თქმა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ელემენტების ინტეგრირება ჩინეთის რეალობაში, რასაც ქვეყნის ეკონომიკისა და ცხოვრების სტანდარტის სწრაფი ზრდა მოჰყვა.
დენ სიაოპინი | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-zh-hans" does not exist | |
დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1904[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | Guanganzhou |
გარდაცვალების თარიღი | 19 თებერვალი, 1997[9] [7] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პეკინი |
მოქალაქეობა |
ცინის დინასტია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთი |
განათლება | Moscow Sun Yat-sen University და Communist University of the Toilers of the East |
ეროვნება | ჩინელები[10] |
მეუღლე/ები | Zhang Xiyuan, Jin Weiying და Zhuo Lin |
შვილ(ებ)ი | Deng Pufang, Deng Nan, Deng Rong[11] და Deng Zhifang |
ჯილდოები | People's Liberation Army Strategist და Financial Times Person of the Year |
დენი მემამულის ოჯახში დაიბადა 1904 წელს. სწავლობდა საფრანგეთსა (1920–1924) და საბჭოთა კავშირში (1925–1926). საფრანგეთში ჩაერთო კომუნისტურ მოძრაობაში. 1927 წელს დაბრუნდა ჩინეთში, მოგვიანებით ჩაება გომინდანის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და 1931 წელს მაო ძედუნის მიერ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში შექმნილი კომუნისტური ანკლავის — ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, ძიანსის საბჭოების წამყვანი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი გახდა. 1934 წელს ჩან კაიშის სარდლობით ნაციონალისტთა ძალების მიერ კომუნისტებიდ დამარცხების შემდეგ, დენი მონაწილეობდა ე. წ. დიდ ლაშქრობაში, რასაც ახალი კომუნისტური ბაზის შექმნა მოჰყვა ჩრდილოეთ-დასავლეთ ჩინეთში. 1937-1945 წლებში ის ჩინელი კომუნისტების მე-8 არმიის კომისარი იყო და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად დაინიშნა. 1947-1949 წლებში, ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, დენი ასევე იყო კომუნისტების მე-2 საველე არმიის მთავარი კომისარი. მონაწილეობდა იაპონელების და გომინდანის ჯარების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში. კომუნისტების გამარჯვების შემდეგ 1949 წელს ის სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში პარტიის რეგიონული კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს. მაო ძედუნთან ახლო ურთიერთობის წყალობით დენ სიაოპინმა სწრაფ კარიერულ წინსვლას მიაღწია: 1952 ის პეკინში გამოიძახეს და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. 1954 წელს ის პარტიის გენერალური მდივანი, 1955 წელს კი პოლიტიკური ბიუროს წევრი გახდა.
1950-იანი წლების შუა პერიოდიდან დენი ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფიგურა გახდა. ის აქტიურად თანამშრომლობდა პრაგმატულად მოაზროვნე პარტიულ ლიდერებთან, მაგალითად, ლიუ შაოცისთან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი იყო მატერიალური მოტივაციის გაჩენა და კვალიფიცირებული ტექნიკური და მმართველი კადრების მომზადება. ამის გამო გამწვავდა ურთიერთობები მაოსთან, რომელიც ეკონომიკის ზრდის აუცილებელ პირობად ეგალიტარულ პოლიტიკას და რევოლუციურ ენთუზიაზმს თვლიდა. კულტურული რევოლუციის წლებში (1966-1976) მაოს რადიკალურმა მომხრეებმა ენერგიულად გაილაშქრეს დენის წინააღმდეგ და 1969 წლისთვის მიაღწიეს მის განდევნას მმართველი ელიტიდან. თუმცა, 1973 წელს პრემიერმა ჩჟოუ ენლაიმ დენი მთავრობაში დააბრუნდა და თავის მოადგილედ დანიშნა, 1975 წელს კი დენი პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტბიუროს წევრი და გენერალური შტაბის მეთაური გახდა. მას მძიმედ დაავადებული ჩჟოუს შესაძლო მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, მაგრამ 1976 წლის იანვარში პრემიერის გარდაცვალების შემდეგ მაოს მომხრეთა რადიკალური ფრთის ლიდერებმა (ე. წ. ოთხთა ბანდა) დენი კვლავ ჩამოაშორეს ხელისუფლებას. 1976 წლის სექტემბერში მაოს გარდაცვალებისა და მოგვიანებით „ოთხთა ბანდის“ დამხობის შემდეგ, მაოს მიერ შერჩეული მემკვიდრის — ხუა გოფენის თანხმობით მოხდა დენის პოლიტიკური რეაბილიტაცია.
1977 წლის ივლისისთვის დენი კვლავ იკავებდა მაღალ თანამდებობებს. მალე ის მაოს მემკვიდრის მთავარ კონკურენტად იქცა და უკეთესი უნარებისა და მეტი პოლიტიკური მხარდამჭერის წყალობით 1980-1981 წლების განმავლობაში აიძულა ხუა დენის პროტეჟეებისთვის დაეთმო პრემიერობა და პარტიის თავმჯდომარეობა: ჯაო ძიიანი მთავრობას ჩაუდგა სათავეში, ხუ იაობანი კი პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ამიერიდან დენს მიეცა საშუალება ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მისეული პოლიტიკის განხორციელება დაეწყო. შეთანხმების, კომპრომისებისა და იძულებითი გზების კომბინირებით დენმა მიაღწია რეფორმების გატარებას ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. დენ სიაოპინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმა იყო ჩინეთის სწრაფად მზარდი მოსახლეობის კონტროლის მიზნით მსოფლიო ისტორიაში ოჯახის დაგეგმარების ყველაზე მკაცრი პროგრამის — „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ გატარება. დენმა დანერგა ეკონომიკური მართვის დეცენტრალიზებული სისტემა და შეიმუშავა ეფექტიანი და კონტროლირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევის რაციონალური და გრძელვადიანი გეგმა. 1981 წელს ჩინელ ფერმერებს მიეცათ მათი პროდუქციისა და სარგებლის ინდივიდუალური განკარგვის უფლება, რამაც რამდენიმე წელიწადში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. დენი ხაზს უსვამდა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს, წარმოებისა და ინიციატივისთვის მატერიალური სტიმულის მნიშვნელობას და ჩინეთის განვითარებაში კვალიფიცირებული და განათლებული კადრების როლს. მისი მმართველობის დროს ბევრი ინდუსტრიული საწარმო გათავისუფლდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისა და ზედამხედველობისგან, წარმოების დონისა და მოგების დაგეგმვის უფლება მიეცა ცალკეული საწარმოების მმართველებს. საგარეო სფეროში დენმა გააძლიერა ჩინეთის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან და ჩინეთის ბაზარი გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის.
დენ სიაოპინი თავს არიდებდა ყველაზე ტიტულოვანი სახელმწიფო და პარტიული თანამდებობების დაკავებას. ის იყო პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ყველაზე გავლენიანი წევრი, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმდჯომარე, რაც მას შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი კონტროლის საშუალებას აძლევდა. თანამდებობებისა და ავტორიტეტის გამო 1980-იან წლებში დენი ჩინეთის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ძალა იყო. 1987 წელს ის გადადგა ცენტრალურ კომიტეტში და პოლიტბიუროში დაკავებული პოსტებიდან და ამით აიძულა იგივე ნაბიჯი გადაედგათ ძველი თაობის პარტიულ ლიდერებს, რომლებიც კვლავ რეფორმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
1989 წელის აპრილ-ივნისში დენი მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამოცდის წინაშე დადგა. 1987 წელს მან თანამდებობიდან გადააყენებინა პარტიის გენერალური მდივანი ხუ იაობანი, რომელსაც ზედმეტად ლიბერალურ ლიდერად თვლიდა. ხუს გარდაცვალებას 1989 წლის აპრილში პეკინის ტიანანმენის მოედანზე სტუდენტთა საპროტესო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტები მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას და დემოკრატიულ მმართველობას ითხოვდნენ. გარკვეული მერყეობის შემდეგ დენი მიემხრო პარტიის ხელმძღვანელობის იმ ნაწილს, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მიზანშეწონილად თვლიდა. ივნისში პროტესტი არმიის გამოყენებით დიდი მსხვერპლის ფასად ჩაახშეს. ჯაო ძიიანი უფრო ავტორიტარული ხასიათის მქონე ძიან ძემინმა შეცვალა; მასვე გადააბარა დენმა სამხედრო კომისიის თავმჯდომარეობა. ამით დენმა ყველა ოფიციალურ თანამდებობაზე უარი თქვა, თუმცა პარტიაში კვლავ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა და მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში მთავრობის საქმიანობაში უშუალოდ იშვიათად ერთვებოდა, ინარჩუნებდა ავტორიტეტს და გავლენას სიცოცხლის ბოლომდე. დენ სიაოპინი 92 წლის ასაკში, 1997 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა პარკინსონის დაავადებისა და სასუნთქი გზების ინფექციის გართულებებისგან. დენის ანდერძის თანახმად, მისი შინაგანი ორგანოები დონაციისთვის გამოიყენეს, სხეულის კრემაცია მოახდინეს და ფერფლი ზღვაში გაფანტეს.
დენ სიაოპინს დიდი წვლილი მიუძღვის კულტურული რევოლუციის დამანგრეველი ზეგავლენის შემდეგ ჩინეთის შიდაპოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკის ზრდაში. მისი ლიდერობის პერიოდში ჩინეთმა მიაღწია ეკონომიკისა და ცხოვრების სტანდარტების სწრაფ ზრდას, ინდივიდუალური და კულტურული თავისუფლების მეტ ხარისხს და მზარდ როლს მსოფლიო ეკონომიკურ კავშირურთიერთობებში. ამავდროულად, დენმა შეინარჩუნა ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ერთპარტიულ მმართველობას ეყრდნობოდა, თუმცა უზრუნველყოფდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.