Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
გრემის კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის აღმოსავლეთით, მაღალ გორაკზე, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, მდინარეების ბოლიისა და ინწობის შესაყართან. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.
ისტორიული ქალაქი გრემი კახეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრი იყო 1466–1616 წლებში. აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევრისა და შავპრიალა კერამიკის ნაშთების მიხედვით ვარაუდობენ, რომ გრემის ტერიტორიაზე მოსახლეობა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. იგი დასახლებული იყო XII–XIV სს-შიც. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, 1466 წელს გრემი კახეთის სამეფოს დედაქალაქი და მნიშვნელოვანი კულტურული კერა გახდა. აქ XV ს-იდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს, რომელთაგან ცნობილია ანა დედოფლის გადაწერილი „ქართლის ცხოვრება", თინათინ დედოფლის თაოსნობით მომზადებული კრებული სვინაქსარი (1535) და სხვ.
გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. ინტერიერს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მაკეტით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.
ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან:
ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი.
ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსელით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. აბანო ორსართულიანია, ქვედა სართული განკუთვნილი იყო გათბობისათვის, ზედა კი საბანაოდ. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. „თარსა გალავანი“ (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას.
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენ მიმავალი სამანქანო გზის 27-ე კილომეტრზე მდებარეობს.
იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII სს.) არის შექმნილი. ამ დროს გრემი კახეთის მეფეთა საჯდომია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი. მისი მნიშვნელობა, როგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისა, დაეცა XVII საუკუნეში, მას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახეთის მეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა. შემთხვევით გადარჩენილი მთავარანგელოზი ქალაქის აყვავების ძეგლია და ამავე დროს ქართული გვიან-ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშსაც წარმოადგენს.
XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება ხელს აძლევდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ამიჯნება, ჩრდილოეთით კი - მთები.
ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს:
რუსი ელჩები, რომლებიც კახეთის მეფეებს დიპლომატიური მისიით არაერთხელ სწვევიან, თავის ჩანაწერებში ხშირად ახსენებენ მთავარანგელოზის ეკლესიას და მათ ცნობებს, როგორც პირველ წყაროებს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერის მიხედვით, ელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულან მთავარანგელოზთა მონასტერში, რომელიც ციხეში იდგა. მეორე ცნობის მიხედვით, მთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფეს აუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვა. ეს ცნობა სარწმუნოა. 1589-1590 წწ. რუსების ელჩობის ჩანაწერებიდან ეს კარგად დგინდება და ვგებულობთ ეკლესიის აგების ზუსტ თარიღსაც „ათანასე არქიმანდრიტმა თქვა, ოცდახუთი წელია რაც ტაძარი ააგესო“. აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით გ. ჩუბინიშვილმა მთავარანგელოზთა ეკლესიის აგების თარიღად 1565 წ. მიიჩნია.
რუსი ელჩების ცნობები, განსაკუთრებით ტაძრის აღმშენებლად ლევან მეფის გამოცხადების თაობაზე, დასტურდება ტაძრის დასავლეთის კედლის სამხრეთის მკლავის არეში, ლეონ მეფის, ხელში ეკლესიის მოდელით ფრესკული გამოსახულებით. ფრესკას ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაც ამკობს:
„მეფე ლეონ აღმშენებელი.“ |
აქვეა მეფის სამარხიც.
მთავარანგელოზთა კომპლექსის სიძველეზე საუბრისას, არ შეიძლება მატიანე ქართლისა ერთ ადგილს ავუაროთ გვერდი, რომელზედაც თავის დროზე ყურადღება გაამახვილა ივ. ჯავახიშვილმა და შემდეგ გრემთან დაკავშირებით გ. ჩუბინიშვილმა.
წყაროში ვკითხულობთ:
ივ. ჯავახიშვილი მიქელ-გაბრიელის მთას კახეთში ვარაუდობდა, კონკრეტულად კი ის ადგილი, სადაც XI საუკუნის პირველ ნახევარში, აფხაზთა მეფის მიერ კახეთის დაპყრობის ერთ-ერთი ეპიზოდი გათამაშდა, არ აქვს აღნიშნული. გ.ჩუბინაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მატიანეს ცნობა შეიძლება გრემის მთავარანგელოზს გულისხმობს, რაც ავტორს აფიქრებინებს ჯერ კიდევ XI ს. აქ მიქელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის არსებობას.
მთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, საწარმოო და სამეურნეო ადგილისა და ასევე თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ობიექტისა.
ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის., მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით, შიგნით შესული დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე. ტაძარი ნაგებია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდ. სამხრ და დასავლეთის კედლებში. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონზე. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს მოწყობილი, რომლებიც თითო კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ეკლესია კრამიტითაა დახურული. გათხრებით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია მოჭიქული კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ასევე გამოყენებული იქნებოდა მოჭიქული შორენკეცებიც.
გრემის ტაძარს ეძღვნება ოთარ ჭილაძის ლექსი "როდესაც ასე ახლოა გრემი" (1959)
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.