From Wikipedia, the free encyclopedia
გერგეტი — უბანი დაბა სტეფანწმინდაში, ყოფილი სოფელი, მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მ.
გადმოცემის მიხედვით ანდრია მოციქულმა აქ აღმართა ჯვარი.[1] გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება იყო. ის გაშენებული იყო დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ და ჩართული იყო ხევის სათავდაცვო სისტემაში. გერგეტში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების სათავდაცვო კოშკები. მის ტერიტორიაზეა გალავნით შემოზღუდული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც XIV საუკუნეს განეკუთვნება. ბაგრატ V-მ ტაძრის დაცვა გერგეტელებს ჩააბარა და მათ საყდრისშვილობა უბოძა. 1966 წელს გერგეტი შეუერთდა დაბა ყაზბეგს.
გერგეტის დასავლეთით, ტყეში დგას ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია. ესაა გეგმით მოკლე ოთხკუთხედის ფორმის შენობა. ნაგებია მოზრდილი ქვებით და ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფიქალი. აღმოსავლეთის კირით შელესილი კედელი დაზიანებულია. სახურავის და კედლების დიდი ნაწილი ჩაქცეულია. კარი დასავლეთიდან აქვს, თუმცა ადრე ვიწრო კარი სამხრეთიდანაც ჰქონია და შემდგომ ამოუშენებიათ. ეკლესიას შიგნიდან, აღმოსავლეთის კედლის გაყოლებით აქვს თარო, რომელიც გამოიყენებოდა სასანთლედ.
გერგეტის დასავლეთით მდებარეობს ნინოწმინდას ნიში. ესაა ფიქალით ნაშენი და კირით შეთეთრებული ოთხკუთხა სვეტის ფორმის მასიური ნაგებობა, ფასადით ჩრდილოეთისკენ. კედელში არის მაღალი თაღოვანი თახჩა. მის შიდა მხარეს აქვს ორნამენტი და წარწერა, რომელიც არ იკითხება.
გერგეტის დასავლეთით, მაღალი მთის დავაკებაზე, სათიკნიაის ადგილზე იდგა ორი კოშკი. შემდეგ იქ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ერთმანეთის გვერდით მდგარ ორ პატარა ნაგებობას ოთხკუთხა სვეტის ფორმა აქვთ. ერთი ოდნავ უფრო დიდია. ისინი ფიქალის მშრალი წყობითაა ნაშენები. მოზრდილ ნაგებობას ფასადი დასავლეთით აქვს. მეორე ნაგებობის კედლები ყრუა.
1926 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 464 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 464 | 199 | 265 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.