პეკინი, ბეიძინი (ჩინ. 北京, ფინინი: Běijīng პეიძინგ, სიტყვასიტყვით: „ჩრდილოეთის დედაქალაქი“) — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი. პეკინი ჩინეთის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთია, რაც პროვინციის ეკვივალენტურია ჩინეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ სტრუქტურაში. პეკინის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება ხებეის პროვინციას ჩრდილოეთით, დასავლეთითა და სამხრეთით, და აღმოსავლეთის მცირე ნაწილით ტიანძინის მუნიციპალიტეტს.
ქალაქი | |
---|---|
პეკინი 北京, Běijīng | |
აკრძალული სასახლე | |
ქვეყანა | ჩინეთი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
შიდა დაყოფა | Dongcheng District, Xicheng District, Chaoyang District, Fengtai District, Shijingshan District, Haidian District, Mentougou District, Fangshan District, Tongzhou District, Shunyi District, Changping District, Daxing District, Huairou District, Pinggu District, Miyun District და Yanqing District |
კოორდინატები | 39°56′00″ ჩ. გ. 116°24′00″ ა. გ. |
ქალაქის მერი | Yin Yong |
ფართობი | 16 808 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 43.5 მ |
ოფიციალური ენა | ჩინური ენა |
მოსახლეობა | 17 817 968 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 866 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ხანები 96%, მანჯურიელები 2%, დუნგანები 2%, მონღოლები 0,3% |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 10 |
საფოსტო ინდექსი | 100000 — 102600 |
საავტომობილო კოდი |
京A, C, E, F, H |
ოფიციალური საიტი | beijing.gov.cn |
პეკინი ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქია მოსახლეობის მიხედვით, შანხაის შემდეგ. ის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როდესაც შანხაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია.
პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის.
ისტორია
თანამედროვე პეკინის რაიონის ტერიტორიაზე დაახლებული პუნქტის შესახებ ცნობები განეკუთვნება ძვ. წ. II ათასწლეულს. ძვ. წ. I ათასწლეულში აღმოცენდა ქალაქი ძი — იანის სახელმწიფოს დედაქალაქი (ამის გამო ზოგჯერ გამოიყენება ქალაქის პოეტური დასახელება იანძინი — იანის დედაქალაქი). ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ცინის იმპერიის შემადგებლობაში შევიდა. ახ. წ. I ათასწლეულში განვითარდა როგორც ჩრდილოეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენრტი და სტრატეგიული პუნქტი. IV საუკუნეში ეწოდა იუჯოუ (ოლქის სახელწოდების მიხედვით). 938 წლიდან, კიდანების მიერ ჩრდილოეთ ჩინეთის დაპყრობის შემდეგ, გახდა კიდანების სახელმწიფო ლიაოს სამხრეთი დედაქალაქი (ნანძინი). 1153 წლიდან, ჯურჯენების მიერ ლიაოს განადგურების შემდეგ, იყო ჯურჯენების სახელმწიფოს, ძინის, ცენტრალური დედაქალაქი (ჯუნდუ).[1]
1215 წელს დაიპყრეს მონღოლებმა. 1264 წელს მონღოლთა ყაენმა ყუბილაიმ აქ დააარსა მონღოლთა იმპერიის დედაქალაქი. 1267 წელს მისი ბრძანებით ჯუნდუდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყო ახალი, დიდ დედაქალაქად წოდებული ქალაქის მშენებლობა (ჩინ. დადუ; რიგ არაჩინურ წყაროებში ფიგურირებს თურქული სახელით ხანბალიკი — „ხანის ქალაქი“). მონღოლური დინასტიის იუანის დროს, დიდი არხის მშენებლობის დასრულების შემდეგ, წყლის გზით შეერთდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილთან. XIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში აღწერეს მარკო პოლომ და სხვა ევროპელმა მოგზაურებმა. 1368 წელს მონღოლთა ბატონობისაგან გაათავისუფლეს ჩინელმა აჯანყებულებმა ჯუ იუანჯანის მეთაურობით და უწოდეს ბეიპინი (ჩრდილოეთის სიმშვიდე). 1421 წლიდან მინის იმპერიის დედაქალაქი იყო, ეწოდა ბეიძინი (სიტყვასიტყვით — ჩრდილოეთის დედაქალაქი). 1644 წელს აჯანყებულთა არმიამ ლი ძინჩენის მეთაურობით დაიკავა ქალაქი და დაამხეს მინის დინასტია, მაგრამ დამარცხდნენ მანჯურიელთა გაერთიანებული ძალებისა და მათი მხარდამჭერი ჩინელი მებრძოლების მიერ. ცინის მანჯურიული დინასტიის მმართველობის დროს კვლავ იმპერიის დედაქალაქად დარჩა.[1]
1856–1860 წლების ანგლო-ფრანკო-ჩინური ომის დროს დაიპყრეს და გაძარცვეს ინგლისელმა და ფრანგმა მებრძოლებმა (1860); აქ გაფორმდა არათანასწორუფლებიანი შეთანხმებები ბრიტანეთ-ჩინეთ და საფრანგეთ-ჩინეთს შორის, აგრეთვე რუსეთ-ჩინეთის პეკინის ტრაქტატი. 1900 წლის ივნისში ქალაქი დაიკავეს აჯანყებულებმა, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ელჩების კვარტალი და მოაწყვეს უცხოელთა და ქრისტიანთა მასობრივი მკვლელობები. რვა სახელმწიფოს მებრძოლთა მიერ ამ აჯანყების ჩახშობის დროს პეკინი ხელახლა გაიძარცვა. სინხაის რევოლუციის (1912) შემდეგ გამოცხადდა ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქად, ფაქტობრივად გადაიქცა ჩრდილოეთის მილიტარისტული დაჯგუფებების ბანაკად იუან შიკაის, მოგვიანებით დუან ციჟუის და სხვათა მეთაურობით. პარტია გომინდანის (სუან იატსენის მეთაურობით) ირგვლივ გაერთიანებულმა სამხრეთ ჩინეთის რესპუბლიკელებმა არ სცნეს პეკინის დედაქალაქის სტატუსი და ჩინეთის დედაქალაქად გუანჯოუ გამოაცხადეს.[1]
1919 წლის 4 მაისს პეკინში გამართულმა სტუდენტურმა დემონსტრაციამ სათავე დაუდო ანტიიმპერიალისტური და ანტიფეოდალური მოძრაობის აღმავლობას, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის გავლენის შედეგად გაიშალა (იხ. „ოთხი მაისის“ მოძრაობა). 1921 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის (ჩკპ) ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქში მოქმედებდა ჩკპ ცკ-ის იატაკქვეშა ბიურო ლი დაჯაოს ხელმძღვანელობით. 1927 წლის 6 აპრილს მილიტარისტული დაჯგუფების (რომელიც პეკინში მბრძანებლობდა) ლიდერის ჯან ძოლინის პოლიციამ პროვოკაციული თავდასხმა მოაწყო საბჭოთა სრულუფლებიან წარმომადგენლობაზე. 1928 წლის ბოლოს, ჩრდილოეთის ლაშქრობის წარმატებულად დასრულებისა და ჩრდილოელი მილიტარისტების მიერ ჩან კაიშის მეთაურობით გომინდანის ძალაუფლების ცნობის შემდეგ (მოქმედებდა ქალაქ ნანკინში), პეკინს ხელახლა ეწოდა ბეიპინი. 1935 წლის 9 დეკემბერს აქ შედგა სტუდენტური დემონსტრაცია გომინდანის სამოქალაქო ომის გაღვივებისა და იაპონიისადმი დათმობითი პოლიტიკის წინააღმდეგ, ამ დემონსტრაციამ სათავე დაუდო „ცხრა დეკემბრის“ მოძრაობას. 1937–1945 წლებში ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ; გახდა ჩრდილოეთ ჩინეთის პროიაპონული მარიონეტული დროებითი მთავრობის (არსებობდა 1940 წლამდე) ადგილსამყოფელი. 1945–1949 წლებში გომინდადის ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ იყო. 1949 წლის 31 იანვარს დაიკავა ჩინეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა არმიამ. 1949 წლის სექტემბერში ჩინეთის ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს პირველმა სესიამ დაუბრუნა სახელი ბეიძინი; გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქად. 1950-იანი წლების დასაწყისიდან სწრაფად გაიზარდა, გახდა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო ცენტრი. 1976 და 1989 წლებში ქალაქის ცენტრალურ მოედან ტიანანმინზე გაიართა ოპოზიციური ჩკპ პოლიტიკური ძალების გამოსვლები. 2000-იან წლებში დაიწყო ეკოლოგიურად ბინძური წარმოებების პეკინიდან ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებში გადატანა.[1]
ლიტერატურა
- Cammelli, Stefano Storia di Pechino e di come divenne capitale della Cina, Bologna, Il Mulino, 2004. ISBN 978-88-15-09910-5
- Harper, Damian, Beijing: City Guide, 7th Edition, Oakland, California: Lonely Planet Publications, 2007.
- Harper, Damian, Beijing: City Guide, 6th Edition, Oakland, California : Lonely Planet Publications, 2005. ISBN 1-74059-782-6.
რესურსები ინტერნეტში
- Beijing Government website დაარქივებული 2010-08-13 საიტზე Wayback Machine. (ჩინური) და (ინგლისური)
- Economic profile for Beijing (ინგლისური)
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.