Remove ads
ქართველი საოპერო მომღერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე (ალეკო) ხომერიკი (დ. 13 აგვისტო, 1948, ბახმარო — გ. 28 დეკემბერი, 2020, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი (ტენორი) და პედაგოგი. ბათუმის საოპერო თეატრის დამფუძნებელი.[1] მის სახელს უკავშირდება ბათუმში საოპერო ხელოვნების დაარსება.[1] გააჩნდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა.[2]
ალექსანდრე ხომერიკი | |
---|---|
ალექსანდრე ხომერიკი 1993 წელს | |
დაბადების თარიღი |
13 აგვისტო, 1948 ბახმარო, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
28 დეკემბერი, 2020 (72 წლის) თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების მიზეზი | თრომბი |
დაკრძალულია | მახათას პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
საქმიანობა | საოპერო მომღერალი (ტენორი) |
მეუღლე(ები) | მარინა დარჯანია (იქ. 1983–2020) |
შვილ(ებ)ი | ლილი და ქეთი |
მშობლები |
მამა: ავთანდილ ხომერიკი დედა: ლილი ჩავლეიშვილი |
ჯილდოები | |
ჟანრი | ოპერა |
ინსტრუმენტები | ვოკალი |
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1985),[3] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი,[4] შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი (1995).[5]
მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა,“, „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა.[6]
ალექსანდრე ხომერიკი დაიბადა 1948 წლის 13 აგვისტოს, საკურორტო დაბა ბახმაროში (ჩოხატაურის რაიონი).[7] მამა — ავთანდილ ხომერიკი, დედა — ლილი ჩავლეიშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო ბათუმის N1 საშუალო სკოლაში.
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, 1971-1974 წლებში სწავლობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში (მურმან მახარაძის კლასში). პარალელურად მღეროდა ანზორ თავბერიძის ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „ადილაში“. იმ პერიოდში ანსამბლმა საბჭოთა კავშირში გამართულ ფესტივალზე „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“, სადაც 300-მდე ანსამბლი მონაწილეობდა, პირველი ადგილი მოიპოვა.[8]
1975 წელს ჩაირიცხა თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე (პროფესორ გიორგი გოგიჩაძის კლასში). 1980-1981 წლებში სწავლობდა კონსერვატორიის ასპირანტურაში.
1977 წელს, ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი გახდა. ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმავე წლის 8 ნოემბერსს, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბესალომის პარტიის შესრულებით (ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“),[9] სადაც ეთერის როლს მაია თომაძე ასრულებდა.[9] ოპერის დადგმამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ზურაბ ანჯაფარიძემ ალექსანდრე ხომერიკის შესრულება მოისმინა, მისთვის უთქვამს — „ამ ხმის და შესაძლებლობების შემდეგ თავს უფლებას ვერ მივცემ აბესალომი ვიმღერო. დღეს შენი სახით ახალი აბესალომი დაიბადა. ნამდვილად ბედნიერი ვარ. ახლა კი შემიძლია სცენიდან წასვლა, რადგან თეატრს ღირებული გამგრძელებელი ჰყავს.“[10][11]
1981-1982 წლებში ხომერიკმა სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ „ლა სკალაში“ (იტალია), სადაც ცნობილი მეცო-სოპრანოს, ჯულიეტა სიმიონატოს მოსწავლე იყო.[11] „ლა სკალას“ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხომერიკი ხელმეორედ მიიწვია სტაჟირებაზე, სადაც ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრუბადურში“ მანრიკოს პარტიაზე მუშაობა შესთავაზა, რომელიც მსოფლიოში განთქმულ ტენორთან, პლასიდო დომინგოსთან ერთად უნდა შეესრულებინა, თუმცა საქართველოს იმ დროინდელმა მთავრობამ უარი უთხრა „ლა-სკალაში“ გამგზავრებაზე.
1983 წელს მომღერალმა იქორწინა პიანისტ მარინა დარჯანიაზე.[11] 1985 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ლილი,[12] ხოლო 1986 წელს ეყოლათ მეორე ქალიშვილი ქეთი.[12]
ალექსანდრე ხომერიკმა დააარსა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ბათუმის მუსიკალური შემოდგომა, რომელიც ორჯერ — 1987 და 1988 წლებში გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში. ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ მუსიკოსები და მომღერლები ერევნის, მოსკოვის, ლენინგრადის, სოფიისა და ბაქოს თეატრებიდან.[13]
1989 წლის 16 მარტს ალექსანდრე ხომერიკმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დატოვა.[14]
1993 წლის 3 ოქტომბერს ალექსანდრე ხომერიკის თაოსნობით დაარსდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი.[15] 1993-2002 წლებში იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი[16] და სოლისტი; 2004 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 2017 წლიდან იყო თეატრის სტაჟიორთა ხელმძღვანელი.
1996 წლის მარტში, ხომერიკმა მიიღო მოწვევა ანკარის საოპერო თეატრიდან უკვე დაანონსებულ პრემიერაზე, სადაც შეასრულა ოტელოს პარტია.[17] ორი წლის შემდეგ, 1998 წელს ანტალიაში ბათუმის საოპერო თეატრი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე მიიწვიეს, სადაც დადგეს სპექტაკლი „ოტელო“,[14][18] რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
2005 წელს მან ეპიზოდური როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას კომედიურ ფილმში „მიდიოდა მატარებელი“.[19]
2018 წელს მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ გამოსცა ბიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით „ალექსანდრე ხომერიკი — აბესალომიდან ოტელომდე“.[20]
სხვადასხვა დროს მის მიერ შესრულებულ პარტიებს მაღალი შეფასებები ხვდა წილად, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რევაზ ლაღიძის „ლელა“), ლენსკი, ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“), ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), კავარადოსი (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“, „აიდა,“, „(ტრავიატა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“) და სხვა. გასტროლებზე იმყოფებოდა ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, რუსეთში ა.შ.,[12]
ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა 2020 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, 72 წლის ასაკში.[21] მომღერალმა 2002 წელს ინფარქტი გადაიტანა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გულზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.[22] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ალექსანდრე ხომერიკი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 1982 წელს გახდა პეტრე პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.[23] 1983 წელს 6 იანვარს, ქართული საბჭოთა ხელოვნების განვითარებაში შტანილი წვლილისათვის და ნაყოფიერი საშემსრულებლო მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1985 წლის 27 მარტს ქართული საბჭოთა საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1986 წელს მოსკოვში, იური გაგარინის კოსმოსში გაფრნიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე, ალექსანდრე ხომერიკი „გრანადას“ შესრულებისთვის გაგარინის კოსმოსში გაფრენიდან 25 წლისთავზე გამოშვებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[14][24]
1995 წელს გახდა მემედ აბაშიძისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი.[25]
1998 წელს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დაარსებაში აქტიური მონაწილეობისათვის საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ალექსანდრე ხომერიკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.[4]
2013 წელს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.[26] 2018 წლის 11 ოქტომბრის შემოქმედებითი კავშირი — საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა. იმავე წელს, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“.[1]
2019 წლის 24 სექტემბერს ბათუმის საზაფხულო თეატრის წინ ალექსანდრე ხომერიკის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[27][28]
2020 წლის ივლისში გადაეცა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო „Person History“ (ქართ. ადამიანი ისტორია).[29]
2022 წელს, ქართველი საოპერო მომღერლის თამარ ივერის ინიციატივით დაარსდა ალექსანდრე ხომერიკის სახელობის პრემია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.