From Wikipedia, the free encyclopedia
ფოლკსვაგენი (გერმ. Volkswagen [ˈfɔlksˌvaːɡən] „სახალხო მანქანა“) — გერმანული საავტომობილო კომპანია. მისი სათავო ოფისია ქვემო საქსონიის ქალაქ ვოლფსბურგში. „ფოლკსვაგენი“ კონცერნ „ფოლკსვაგენ ჯგუფის“ საბაზო და ძირითადი ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. „ფოლკსვაგენის“ გარდა, კონცერნს ეკუთვნის „აუდი“, „ბენტლი“ (Bentley), „ბუგატი“ (Bugatti), „ლამბორგინი“, „სეატი“ (Seat), „შკოდა“ (Škoda) და სხვა ცნობილი ბრენდები.
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | ავტოწარმოება |
დაფუძნდა | 28 მაისი 1937 |
სათავო ოფისი | ვოლფსბურგი, გერმანია |
მმართველი |
მარტინ ვინთერკორნი |
პროდუქცია | ავტომობილები, ძრავები. |
შემოსავალი | €197 007 მლრდ (2013) |
თანამშრომელი | 369 928 ადამიანი (31 დეკემბერი 2008) |
საიტი | VolksWagen.com |
1930-იან წლებში ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და 50 გერმანელიდან მხოლოდ ერთს ჰყავდა. უბრალო ხალხს, ძირითადად, მოტოციკლეტის ყიდვა შეეძლო. ამ ბაზრის ათვისება რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად განიზრახა. საქმე წინ ნელა მიიწევდა.
1934 წელს ადოლფ ჰიტლერი დაინტერესდა საკითხით. ფიურერმა კონსტრუქტორებს მოსთხოვა გერმანული ოჯახებისთვის იაფი, ჭეშმარიტად სახალხო მანქანის შექმნას, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი ბავშვი დაეტეოდა. ახალ მანქანას 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა უნდა შეძლებოდა და 62 ცხენის ძალა ჰქონოდა. ჰიტლერი ოცნებობდა, რომ გერმანიის მოქალაქეებისთვის ისევე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ოჯახური ავტომობილი, როგორც ეს ამერიკელებისთვის იყო[1]. მესამე რაიხის ბელადის ბრძანების თანახმად, „სახალხო მანქანის“ ფასი 990 რაიხსმარკა (იმდროინდელი კურსით, სულ რაღაც 396 აშშ დოლარი) უნდა ყოფილიყო. ზუსტად ამდენი ღირდა პატარა მოტოციკლეტი. ეს ფასი მისაღები იქნებოდა ბევრი გერმანელისთვის, რადგან საშუალო შემოსავალი 32 რაიხსმარკა იყო კვირაში.
ადოლფ ჰიტლერის უშუალო დავალებით, 1937 წლის 28 მაისს გერმანელ მუშათა ფრონტმა (Deutsche Arbeitsfront)[2] ბერლინში დააარსა ფირმა, რომელსაც 1938 წლის 16 სექტემბერს „ფოლკსვაგენი“ ეწოდა[3]. მალე აშკარა გახდა, რომ შეუძლებელი იყო მოტოციკლეტის ფასად მანქანის გამოშვება. ფიურერი უკან დახევას არ აპირებდა. მან ხალხისთვის შეიმუშავა თანხის დაზოგვის სქემა: „კვირაში 5 მარკა უნდა გადადოთ, საკუთარი მანქანის ტარება თუ გსურთ“. წმინდა წყლის პროპაგანდა არარეალისტურ პროექტს ლობირებდა, მაგრამ ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერით, ლეგენდარული ფოლკსვაგენი 336 ათასი მოქალაქის ოჯახის სამსახურში ჩადგა. 1938 წელს ქალაქ შტუტგარტში გამოვიდა ავტომობილ KdF-Wagen-ის პროტოტიპი.
1939 წელს ქარხანა უკვე მზად იყო მასიური წარმოების განსახორციელებლად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო, სამხედრო დაკვეთების შესრულება მოუწია. მხოლოდ 1946 წელს გამოუშვეს პირველი კეფერი (გერმ. Käfer „ხოჭო“), 1955 წელს კი მემილიონე მანქანის გამოშვება იზეიმეს. 1960 წელს შპს „ფოლკსვაგენი“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და აქციები გაყიდა. 1964 წელს ფირმამ „დაიმლერ-ბენცისგან“ (Daimler-Benz) „აუდის“ ქარხანა შეიძინა.
1972 წელს ფოლკსვაგენმა 15 007 034 „ხოჭოს“ გამოშვებით ფორდ-ტეს (Ford T) რეკორდს აჯობა[4].
1973 წელს „ფოლკსვაგენმა“ პირველი პასატი გამოუშვა, 1974 წელს კი – გოლფ-1 (Golf I).
1975 წელს გამოვიდა პირველი თაობის პოლო, ხოლო 1978 წლიდან – ჯეტა-1 (Jetta I).
1980 წელს გერმანიაში „ხოჭოს“ გამოშვება დასრულდა, მაგრამ მექსიკის ქარხანაში მისი წარმოება კიდევ დიდხანს გაგრძელდა. 1981 წელს გამოვიდა მეოცმილიონე „ხოჭო“. ბოლო ეგზემპლარი 2003 წლის 30 ივლისს გამოუშვეს და ის იყო 21 529 464-ე „ხოჭო“, რაც ერთი კონკრეტული მოდელისთვის ნამდვილი მსოფლიო რეკორდია. 1981 წელს მეორე თაობის პოლო გამოუშვეს ბაზარზე. 2007 წელს ააწყვეს 25-მემილიონე გოლფი.
დღეს ფოლკსვაგენი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ბრენდია. 2008 წლის მონაცემებით, ევროპაში ყოველი მეხუთე მსუბუქი ავტომობილი ფოლკსვაგენია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.