ჯესი ნორმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯესი ნორმანი (ინგლ. Jessye Norman; დ. 15 სექტემბერი, 1945, ოგასტა, ჯორჯიის შტატი ― გ. 30 სექტემბერი, 2019, ნიუ-იორკი) ― ამერიკელი საოპერო მომღერალი,[4][5] დრამატული სოპრანო. ასრულებდა ფართო სპექტრის ნაწარმოებებს და არ იყო შეზღუდული რომელიმე ვოკალური ტიპის რეპერტუარით.[6][7] ვოკალურად და ვიზუალურად შთამბეჭდავი მომღერალი მოღვაწეობდა როგორც საოპერო, ისე საკონცერტო და კამერულ სცენებზე. დაკავშირებული იყო ისეთ როლებთან, როგოროცაა ბარტოკის ივდითი, ბეთჰოვენის ლეონორა, ბერლიოზის კასანდრა და დიდონი, ბიზეს კარმენი, გლუკის ალცესტე, იანაჩეკის ემილია, მოცარტის გრაფინია ალმავივა, პულენკის მადამ ლიდუანი, პერსელის დიდო, შტრაუსის არიადნე, სტრავინსკის იოკასტა, ვერდის აიდა და ვაგნერის ზიგლინდე, კუნდრი და ელიზაბეტი.
ჯესი ნორმანი | |
---|---|
ჯესი ნორმანი, 2014 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Jessye Norman |
დაბ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1945 |
დაბ. ადგილი | ოგასტა, ჯორჯია, აშშ |
გარდ. თარიღი | 30 სექტემბერი, 2019 (74 წლის) |
გარდ. ადგილი | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] [2] [3] |
საქმიანობა | საოპერო მომღერალი (სოპრანო) |
ჯესი ნორმანი ვიკისაწყობში |
The New York Times-ის მუსიკალურმა კრიტიკოსმა, ედუარდ როტშტაინმა მის ხმას „ბგერის დიდი სასახლე“ უწოდა, რომელსაც გააჩნდა „უზარმაზარი განზომილებები, რომლებიც... უჩვეულო ხედებად იშლება. იგი მოიცავს მზით განათებულ ოთახებსაც, ვიწრო დერეფნებსაც და ბნელ დარბაზებსაც. მის ნორმანი დიდებულად სუფევს ამ სამეფოში და მისი ვიზუალური მხარეც მისივე ვოკალური მასშტაბების შესაფერისია“.[6]
სხვადასხვა დროს ნორმანი სწავლობდა ჰოვარდის უნივერსიტეტში, პიბოდის ინსტიტუტში და მიჩიგანის უნივერსიტეტში. მისი კარიერა ევროპაში დაიწყო, როცა 1968 წელს, მიუნხენში, ARD-ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მიიღო კონტრაქტი ბერლინის დოიჩე ოპერში. მისი საოპერო დებიუტი იყო ელიზაბეტი ვაგნერის ტანჰოიზერში, რის შემდეგაც მილანის ლა სკალაში ვერდის აიდა შეასრულა. 1982 წელს შედგა მისი დებიუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის ოპერაში, იოკასტას როლით სტრავინსკის ოპერიდან ოიდიპოს მეფე და დიდოს როლით პერსელის დიდო და ენეასიდან. მოგვიანებით, მთავარი პარტიები შეასრულა ბევრ სხვა ცნობილ საოპერო თეატრში, მათ შორის, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჩიკაგოს ლირიკულ ოპერაში, პარიზის ოპერაში და ლონდონის სამეფო ოპერაში. 1986 წელს იმღერა რონალდ რეიგანის მეორე ინაუგურაციის ცერემონიაზე და დედოფალ ელისაბედ II-ს 60 წლის იუბილეზე. 1989 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავზე მარსელიეზა შეასრულა, იმღერა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის გახსნაზე, ხოლო 1997 წელს – ბილ კლინტონის მეორე ინაუგურაციაზე.
ნორმანს შესრულებული და ჩაწერილი ჰქონდა შუბერტის, ბრამსის, შოსონის, პულენკის, მალერის, შტრაუსის და სხვათა ნაწარმოებები. 1984 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო სოლო კლასიკური ვოკალის კატეგორიაში, ეს იყო პირველი მის მიერ მოპოვებული 5 გრემიდან.[7] გარდა რამდენიმე საპატიო დოქტორობისა და სხვა ჯილდოებისა, მოპოვებული ჰქონდა გრემის ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვის (Grammy Lifetime Achievement Award) და ხელოვნების ეროვნული მედალი. იყო ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური აკადემიის წევრი.[5]