წიწერნაკაბერდის სტუმრების სია
ვიკიმედიის სია / From Wikipedia, the free encyclopedia
წიწერნაკაბერდი — სომხების გენოციდის ოფიციალური მემორიალი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაიხსნა 1967 წელს, რასაც წინ უძღვოდა 1965 წლის 24 აპრილის ერევნის მასობრივი გამოსვლები, რომელიც ოსმალეთის იმპერიიდან სომხების დეპორტაციისა და გენოციდის დაწყების 50-ე წლისთავს მიეძღვნა.[1][2] 1991 წელს სომხეთის მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მემორიალი ოფიციალური ცერემონიების გამართვის ადგილად იქცა. მას შემდეგ სომხეთში ჩასული ყველა უცხოური დელეგაციის წარმომადგენელი სტუმრობს მემორიალს და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლი სომხების ხსოვნას.[3] წიწერნაკაბერდის მონახულებაში ასევე შესულია მუზეუმის ტურიც. ზოგიერთმა ცნობილმა სტუმარმა მემორიალთან ახლოს ხეები დარგეს.
მემორიალი მოინახულეს მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა, სპორტსმენებმა და რელიგიურმა პირებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ რუსეთის (ბორის ელცინი, ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი), საფრანგეთის (ჟაკ შირაკი, ნიკოლა სარკოზი, ფრანსუა ოლანდი), უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, საქართველოს, ირანის, ბელარუსის, რუმინეთის, ლიბანის, ხორვატიის და სერბეთის პრეზიდენტები, ასევებულგარეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები. მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი ევროკავშირიდან — მათ შორის ჟოზე მანუელ ბაროზუ და ჰერმან ვან რომპეი) — პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სტუმართა შორის ასევე იყვნენ პაპი იოანე პავლე II 2001 წელს, პაპი ფრანცისკე 2016 წელს, ისრაელის მთავარი რაბი იონა მეცგერი, სრულიად ინგლისის პრიმასი როუენ უილიამსი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე I, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი, მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში იური ჯორკაეფი, ინგლისელი როკ-ვარსკვლავი იან გილანი, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ფრანგი მსახიობები ჟერარ დეპარდიე და ალენ დელონი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ჟორეს ალფეროვი.
წიწერნაკაბერდის მემორიალი არასდროს მოუნახულებიათ თურქეთის ოფიციალურ პირებს.