From Wikipedia, the free encyclopedia
შარლოტა მეკლენბურგ-შტერლიცელი (გერმ. Charlotte von Mecklenburg-Strelitz; დ. 19 მაისი, 1744, მეკლენბურგ-შტრელიცი, საღვთო რომის იმპერია — გ. 17 ნოემბერი, 1818, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანეთისა და ჰანოვერის კონსორტი დედოფალი და მეფე ჯორჯ III-ის მეუღლე. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი 1761-დან 1801 წლამდე, სანამ ეს ორი სამეფო არ გაერთიანდა, რის შემდეგაც იგი გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი. აგრეთვე 1761-დან 1814 წლამდე იყო ჰანოვერის კურფიურსტი, რის შემდეგაც ჰანოვერი სამეფოდ გადაკეთდა და ისიც ჰანოვერის დედოფალი გახდა. დიდი ბრიტანეთის ორი მეფის, ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის, ასევე ჰანოვერის მეფე ერნესტ I-ისა და ვიუტემბერგის დედოფალ შარლოტა ბრიტანელის დედა. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბებია.
შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი | |
---|---|
Charlotte von Mecklenburg-streliz | |
დედოფალი შარლოტა 1768 წელს | |
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი | |
კორონაცია: | 22 სექტემბერი, 1761 |
მმართ. დასაწყისი: | 8 სექტემბერი, 1761 |
მმართ. დასასრული: | 17 ნოემბერი, 1818 |
წინამორბედი: | კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი |
მემკვიდრე: | კაროლინა ბრაუნშვაიგელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 მაისი, 1744 |
დაბ. ადგილი: | მეკლენბურგ-შტრელიცი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 17 ნოემბერი, 1818, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
მეუღლე: | ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე |
შვილები: |
ჯორჯ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე ფრედერიკი, იორკის ჰერცოგი უილიამ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე შარლოტა, ვიუტემბერგის დედოფალი ედუარდი, კენტის ჰერცოგი ავგუსტა ელიზაბეთი, ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფინია ერნესტ I, ჰანოვერის მეფე ავგუსტი, სასექსის ჰერცოგი ადოლფი, კემბრიჯის ჰერცოგი მერი, გლოსტერის ჰერცოგინია სოფია ოქტავიუსი ალფრედი ამელია |
სრული სახელი: | სოფია შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი |
მამა: | კარლ ლუდვიგი, მიროვის პრინცი |
დედა: | ელიზაბეთ ალბერტინა საქსენ-ჰაიდბურგჰაუზენელი |
რელიგია: | პროტესტანტიზმი |
შარლოტა იყო ხელოვნების უდიდესი პატრონაჟი და მოყვარული ბოტანიკოსი, რომელიც ხელს უწყობდა მებაღეობის განვითარებას. მას არ ჰქონია ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, რადგანაც ქორწინებიდან მალევე მისი ქმარი ნელ-ნელა ჭკუიდან შეირყა, საბოლოოდ კი გაგიჟდა. ამის გამო ქვეყნის რეგენტად მისი უფროსი ვაჟი დაინიშნა. ჯორჯ III-სა და შარლოტას სულ 15 შვილი ჰყავდათ, რომელთაგან 13-მა მიაღწია სრულწლოვანებამდე.
შარლოტა დაიბადა 1744 წლის 19 მაისს, მეკლენბურგ-შტრელიცში. იგი იყო მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგ კარლ ლუდვიგისა და მისი ცოლის, ელიზაბეთ ალბერტინა საქსენ-ჰაიდბურგჰაუზენელის ქალიშვილი. მეკლენბურგ-შტრელიცი, ეს იყო საღვთო რომის იმპერიაში შემავალი პატარა, ბალტიისპირა გერმანული დამოუკიდებელი სამთავრო.
ჰერცოგი კარლ ლუდვიგის ყველა შვილი, მათ შორის შარლოტაც, დაიბადა მიროვში, ქვემო სასახლეში. ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის განცხადებით, შარლოტას "ძალიან უღიმღამო განათლება" ჰქონდა მიღებული. მას პატარაობიდანვე ამზადებდნენ ბრიტანეთში გასათხოვებლად, რის გამოც თავიდანვე ინგლისელივით ზრდინდნენ, რათა შემდგომში ქორწინების შემდეგ იქ გადაცხოვრება არ გასჭირვებოდა. იგი სწავლობდა ბოტანიკას, გეოგრაფიას, ისტორიასა და რამდენიმე უცხო ენასაც. თუმცა მისი განათლება მიმართული იყო საყოფაცხოვრებო საქმიანობებისა და რელიგიისკენ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ შარლოტას მასწავლებელი მღვდელი იყო. მას შემდეგ, რაც 1752 წელს მისი ძმა ტახტზე ავიდა, შარლოტას გავლენებიც უფრო გაიზარდა და სამეფო კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა.
როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ჰანოვერის ტახტზე ბაბუის, ჯორჯ II-ის გარდაცვალების შემდეგ ჯორჯ III ავიდა, იგი ამ დროს 22 წლის დაუქორწინებელი კაცი იყო. დედა-დედოფალი და სრულიად ბრიტანული არისტოკრაცია განცვიფრებული დარჩა, როდესაც ახალმა მეფემ განაცხადა, რომ ცოლად 17 წლის შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელს ირთავდა, ვინაიდან იგი სრულიად უმნიშვნელო, სუსტი და პატარა ქვეყნის პრინცესა იყო, მათ არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური ძალაუფლება და გამოცდილება ინტრიგებში, ამიტომაც მისი ცოლად შერთვა არანაირ სარგებელს არ მოუტანდა ჯორჯს. დედა-დედოფალმა ავგუსტა საქსენ-გოთელმა დაჟინებით მოსთხოვა თავის ვაჟს ახალი საცოლე შეერჩია, თუმცა ჯორჯმა აზრი მაინც არ შეიცვალა. 1761 წლის ივლისში მეფემ ოფიციალურად განაცხადა, რომ შარლოტაზე აპირებდა დაქორწინებას, რის შემდეგაც მან მეკლენბურგში ინგლისური ელჩობა გააგზავნა, რათა მისი ხელი ეთხოვათ. 1761 წლის 14 აგვისტოს ელჩები უკვე მეკლენბურგში იყვნენ, სადაც ქორწინების იდეას სიხარულით დასთანხმდნენ. ამავე დღეს შარლოტას ძმამ და ელჩმა ხელი მოაწერეს საქორწინო ხელშეკრულებას. სამდღიანი ზეიმის შემდეგ პრინცესა შარლოტა ელჩებთან და დიდ ამალასთან ერთად ბრიტანეთისკენ გაემართა. 22 აგვისტოს ისინი გერმანულ საპორტო ქალაქ კურშაველში ჩავიდნენ, საიდანაც ინგლისამდე უკვე ხომალდით უნდა ჩასულიყვნენ. მოგზაურობა ძალიან რთული იყო. სანამ ბრიტანეთამდე ჩააღწიეს გზად სამი შტორმი გადაიტანეს. მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე 7 სექტემბერს ისინი ქალაქ ჰარვიჩში ჩავიდნენ, სადაც შარლოტამ პირველად დაადგა ფეხი ბრიტანეთის მიწაზე. მალევე ისინი ლონდონისკენ დაიძრნენ, სადაც მეორე დღის შუა დღის 15:30-ზე უკვე ლონდონის სამეფო რეზიდენციაში იყვნენ. მათ სამეფო კარიბჭეში სამეფო ოჯახი და არისტოკრატია შეეგებათ, რომელთაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ახალი დედოფლის ჩასვლა და მათი პირველი ღამე.
1761 წლის 8 სექტემბერს, საღამოს ცხრა საათზე, გაცნობიდან ექვს საათში ჯორჯი და შარლოტა დაქორწინდნენ. ეს ცერემონია შესრულდა წმინდა ჯეიმზის სახელობის სასახლეში, კენტერბურის არქიეპისკოპოს თომას სეცკერის მიერ. ამ ქორწინებას ესწრებოდა მხოლოდ სამეფო ოჯახი, გერმანული დელეგაცია შარლოტას მხრიდან და რამდენიმე ოჯახის ახლობელი ბრიტანელი დიდგვაროვანი.
ქორწინებისას, მიუხედავად იმისა, რომ მას ღრმა ბავშვობიდანვე ამზადებდნენ ამისთვის, მან ინგლისურად ლაპარაკი ვერ შესძლო. თუმცა მან სწრაფად აითვისა ინგლისური, მაინც ძლიერი გერმანული აქცენტით აგრძელებდა ლაპარაკს.
ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 1762 წლის 12 აგვისტოს დედოფალმა შარლოტამ თავისი პირველი შვილი გააჩინა. ახალშობილ ვაჟს ჯორჯი დაარქვეს და მაშინათვე გამოაცხადეს უელსის პრინცად, მომავალში იგი მეფე ჯორჯ IV გახდა. წყვილმა ქორწინებაში სულ თხუთმეტი ბავშვი გააჩინეს, რომელთაგან თითქმის ყველამ (გარდა ოქტავიუსისა და ალფრედისა) მიაღწია ღრმა სიბერემდე.
სამეფო წყვილის საყვარელ ადგილად და რეზიდენციად წმინდა ჯეიმზის სასახლე იყო, თუმცა ჯორჯმა მელევე შეიძინა კიდევ ერთი, ბუკინგემის სასახლე, რომელიც წმ. ჯეიმზის სასახლის ბაღის დასავლეთით მდებარეობდა (და მდემარეობს). დაახლოებით 1762 წელს მეფე და დედოფალი სწორედ ბუკინგემში გადავიდა. მალე შარლოტას ისე შეუყვარდა იქ ყოფნა და იმდენ დროს ხარჯავდა მის გარემონტება-მოწყობაზე, რომ ამ სასახლეს დედოფლის სახლი შეარქვეს. მართლაც, 1775 წელს ინგლისის პარლამენტმა მოახდინა ბუკინგემის სასახლის დედოფალ შარლოტას საკუთრებაში გადაყვანა, სომერსეტის სასახლის სანაცვლოდ. შარლოტას თხუთმეტი ბავშვიდან, უმეტესობა ბუკინგემში გაიზარდა, გარდა ჯორჯისა, რომელიც აუცილებლად სამეფო რეზიდენციაში უნდა აღზრდილიყო.
ბრიტანეთში გადაცხოვრების პირველ წელს, შარლოტას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის დედამთილთან, უელსის ქვრივ პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელთან. დედა-დედოფალი ავგუსტა გამუდმებით ერეოდა სამეფო კარის სოციალურ ცხოვრებაში და რძლისგან დაჟინებით მოითხოვდა ეტიკეტის უმკაცრეს დაცვას. უფრო მეტიც, ავგუსტამ შარლოტას მომსახურე პერსონალში ძირითადად საკუთარი ხალხი ჩააყენა, რათა დედოფლის ქმედებები უკეთ ეკონტროლებინა.
მეფე ჯორჯს ძალიან უყვარდა სასოფლო საქმიანობა და ცხენოსნობა, ამიტომაც იგი ზრუნავდა იმაზე, რომ მისი რეზიდენცია ისეთ ადგილას ყოფილიყო, საიდანაც ამ საქმიანობებს მარტივად განახორციელებდა. მეფე ჯორჯი და დედოფალი შარლოტა უპირატესობას არაფორმალურ და მშვიდ ოჯახურ ცხოვრებას ანიჭებდნენ, რაც დიდ აღშფოთებას იწვევდა ისეთ ბრიტანელებში, რომლებიც წინა მეფეებისგან საოცრად პომპეზური და მკაცრად გაწერილი ნორმებით ცხოვრობდნენ. 1769 წელს მეფე, დედოფალი, მეფის ძმა ერნესტი და ლედი ეფინგჰემი რიჩმონდში გაემგზავრნენ დასასვენებლად.
1778 წლიდან სამეფო ოჯახის ახალ და საყვარელ რეზიდენციად ახლად აშენებული უინძორის სასახლე გადაიქცა. ეს უზარმაზარი სასახლე თავად დედოფლის ბრძანებით ააგეს და ასევე მისი გემოვნებით იქნა გარემონტებული. მეფე ჯორჯს ძალიან მოსწონდა უინძორში ცხოვრება, ვინაიდან იგი ხშირად ნადირობდა სასახლის ირგვლივ არსებულ უსასრულო ტყეებში. დედოფალი სასახლის მოწყობასა და უნაკლოებაზე, როგორც ჩანს დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდა. როგორც იმ დროინდელი მატიანეები აღნიშნავენ, სასახლეში ყველაფერი უნაკლო იყო, ყველასა და ყველაფერს ჰქონდა თავისი განსაზღვული ადგილი და დანიშნულება.
შარლოტამ გარკვეული გავლენა მოახდინა პოლიტიკაზე, მეფის მეშვეობით, სადაც დედოფალ ზოგადად გავლენა არ ჰქონდა ხოლმე. შარლოტას პოლიტიკური მოქმედებები ძალიან ფრთხილი და არაპირდაპირი იყო. დედოფალი მსგავს საკითხებში ასევე იყენებთა თავის მაზლთან, პრინც ჩარლზთან არსებულ მის ახლო ურთიერთობას. შარლოტას რეკომენდაციები და რჩევები მეფისადმი არასდროს არ ყოფილა პირდაპირი, მეტიც იგი ხშირად ასეთ რამეებს სწორედ წერილების მეშვეობით ატყობინებდა, რომელთაც გამჟღავნების შიშით ჯორჯი წვავდა ხოლმე. დედოფალი პოლიტიკისადმი განსაკუთრებულ ინტერესს მაშინ იჩენდა, როცა საქმე მის მშობლიურ გერმანიას ეხებოდა. იგი ჩაება კიდეც ბავარიის მემკვიდრეობის ომში, სადაც მან მხარი ბრიტანელთა მოკავშირე კარლ IV ბავარიელს დაუჭირა ავსტრიის იმპერატორ იოზეფ II-ის წინააღმდეგ.
1765 წლიდან დაიწყო ჯორჯ III-ის ფსიქიკის თანდათანობით გაუარესება, რამაც საბოლოოდ საშინელი სახე მიიღო. იგი ხშირად ძალიან აგრესიული და სახიფათო იყო, განსაკუთრებით კი შვილებს ერჩოდა. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც იგი თავს გარდაცვლილად მიიჩნევდა და საათობით ესაუბრებოდა თავის განსვენებულ წინაპრებსა და ანგელოზებს. თუმცა ხანდახან მას მაინც უბრუნდებოდა საღი აზროვნების უნარი. მსგავს რთულ სიტუაციაში რეგენტად დედა-დედოფალი ავგუსტა ინიშნებოდა, რომელიც ლორდ ბიუტთან ერთად მოქმედებდა შარლოტას წინააღმდეგ.
1788 წლიდან მეფის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა კატასტროფულად დამძიმდა, რა დროსაც ხელისუფლება თითქმის მთლიანად ავგუსტამ ჩაიგდო ხელში. ასეთ რთულ სიტუაციაში შარლოტა ძალზედ შეშინებული და სასოწარკვეთილი იყო. იგი გამუდმებით ტიროდა და ამბობდა: "რა მომელის?, რა მომელის?". ერთ მშვენიერ ღამეს კი, როდესაც ჯორჯს მორიგი საშინელი შეტევა დაეწყო დედოფალმა დაჟინებით მოითხოვა მისგან განცალკევებული აპარტამენტების მიღება. თუმცაღა მხოლოდ ოთახიდან გადასვლამ ვერ გამოასწორა მისი მდგომარეობა. არსებული სიტუაცია მეტად მძიმე ასატანი გახდა შარლოტასთვის, რის გამოც დედოფალი თავის შვილებთან ერთად კვლავ ბუკინგემში გადავიდა, მეფე და დანარჩენები კი უინძორში დარჩნენ. ავადმყოფობის ამ ეტაპზე ჯორჯს შარლოტა და მათი შვილები ხშირად სტუმრობდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ამ ვიზიტებმაც იკლო.
დედა-დედოფალი ავგუსტა 1772 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ყოველთვის, როცა მეფე ავად ხდებოდა, რეგენტობას შარლოტა და მათი ვაჟი, უელსის პრინცი ჯორჯი ინაწილებდნენ. ამგვარ ვითარებაში, 1788 წლიდან, მას შემდეგ რაც დედოფალმა მეფე მიატოვა, ბრიტანელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მეფეს სწორედ შარლოტა წამლავდა, რათა ძალაუფლება ჩაეგდო ხელში. თუმცა ეს ეჭვი ეჭვად დარჩა, ვინაიდან ხალხს სამეფო ოჯახი ძალიან უყვარდა და მათ წინააღმდეგ გამოსვლას არავინ აპირებდა, მეტიც ისინი გულწრფელად ლოცულობდნენ ჯორჯის გამოსაჯანმრთელებლად.
1789 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც უელსის პრინცი ჯორჯი სრულწლოვანი გახდა, დედოფალ შარლოტას მისი მეურვეობა შეუჩერდა და ჯორჯი ამიერიდან ქვეყნის ერთპიროვნული რეგენტი იყო. ვინაიდან მეფე უკვე საერთოდ აღარ უბრუნდებოდა საღ აზროვნებას, ქვეყნის არაპირდაპირი მმართველი სწორედ უელსის პრინცი იყო. შარლოტას არ სურდა, რომ მის ვაჟს ქვეყანა ემართა, რის გამოც რეგენტობაზე დედოფალსა და პრინცს შორის დიდი კონფლიქტი ჩამოვარდა. კონფლიქტი მალევე გამწვავდა, რა დროსაც ჯორჯმა დედას ქვეყნის, მისი და მეფის მტერი უწოდა. მალევე უთანხმოება დიდ ოჯახურ განხეთქილებაში გადაიზარდა და შარლოტამ და ჯორჯმა მეფის დაბადების დღის წვეულებაზე მისვლაზე უარი განაცხადეს, რათა ერთმანეთი არ ენახათ. ამ ყოველივეს კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა. თუმცაღა საბოლოოდ, 1791 წლის მარტში რეგენტობა ორივეს უბოძეს, რამაც მართალია ჯორჯი უკმაყოფილო დატოვა, მაგრამ კონფლიქტი დაასრულა.
1789 წელს მართალია ჯორჯ III ცოტა მომჯობინდა, თუმცა იგი მენტალურად მყიფე იყო და მძიმე ემოციურ სტრესში იმყოფებოდა. ამის გამოსასწორებლად დედოფალს მეფესთან დაბრუნება ურჩიეს, რათა ჯორჯს თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. ამან შარლოტა საშინელ სტრესში ჩააგდო, რადგან ჯორჯის მდგომარეობა უფრო მეტად იყო დამძიმებული.
ძველი ჯორჯისაგან, რომელიც შარლოტას უყვარდა აღარაფერი იყო დარჩენილი. მისი პიროვნება მთლიანად შეიცვალა: ხასიათი საშინელი გაუხდა, ჩავარდა დეპრესიაში, ხალხში საერთოდ აღარ გამოდიოდა, აღარ უსმენდა მუსიკას, აღარც ცოლი უყვარდა და შვილებიც შესძულდა. 1792 წელს ჯორჯ III-მ განაცხადა, რომ დედოფალთან ერთად ცხოვრება აღარ სურდა და არც იმ ადგილას უნდოდა ცხოვრება რომელიც მას ახსენებდა, ამიტომაც იგი ფროგმორის სასახლეში გადავიდა.
1804 წლიდან მეფის ჯანმრთელობა კატასტროფულად გაუარესდა. იგი საბოლოოდ ჩამოშორდა შარლოტას, რის შემდეგაც იგი სრულიად განმარტოვებულად ცხოვრობდა. მეფეს მარტო ეძინა, მარტო ჭამდა და თვალითაც აღარავის ენახვებოდა.
მეფე ჯორჯ III და დედოფალი შარლოტა მუსიკის შესანიშნავად მცოდნე და მისი დიდი მოყვარულები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულ უპირატესობას გერმანელ კომპოზიტორებსა და მხატვრებს ანიჭებდნენ, რაც ცხადია შარლოტას გავლენა იყო. ცნობილია, რომ მეფე-დედოფალი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ.
1764 წლის აპრილში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ევროპაში მოგზაურობის დროს, საფრანგეთის შემდეგ დიდ ბრიტანეთსაც ეწვია, სადაც სამეფო ოჯახზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მოცარტი ლონდონში 1765 წლის ივლისამდე დარჩა, რის შემდეგაც ბრიტაანეთი დატოვა. იოჰან კრისტიან ბახი, დიდი იოჰან სებასტიან ბახის ვაჟი, სწორედ ინგლისის სამეფო კარის მთავარი მუსიკოსი და დედოფლის ფავორიტი იყო. ცნობილია, რომ დედოფალი პირადად ადევნებდა თვალ-ყურს გერმანელი კომპოზიტორების მოღვაწეობას, მათ ახალ შედევრებს კი დაუყოვნებლივ ყიდულობდა და მუსიკოსებს აკვრევინებდა. ცნობილია, რომ შარლოტას თავადაც შეეძლო რამდენიმე საკრავზე დაკვრა, რის გამოც მოცარტის სტუმრობისას დედოფალმა მასთან ერთად დუეტი შეასრულა. 1765 წლის ოქტომბერში მოცარტი ლონდონს კვლავ დაუბრუნდა. იგი სპეციალურად იქნა მოწვეული მეფე ჯორჯის ტახტზე ასვლიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით.
ცნობილია, რომ დედოფალი შარლოტა მოყვარული ბოტანიკოსიც იყო და დიდად იყო დაინტერესებული კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღებით. აღმოჩენების ეპოქაში მცხოვრებმა შარლოტამ, უამრავ ბრიტანელ მკვლევარსა და მოგზაურს დაატანა უცხო ქვეყნებიდან ახალი სახეობის მცენარეების ჩამოტანა. მათაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩაჰქონდათ უამრავი ახალი მცენარე, რამაც ბოტანიკური ბაღები ძალიან გაამდიდრა. მისი ინტერესი ბოტანიკისადმი გააღვივა ერთმა სამხრეთ აფრიკულმა ყვავილმა, რომელიც ლურჯი შეფერილობის იყო და ფრინველის ფორმა ჰქონდა, მოგვიანებით მას Strelitzia reginae ანუ შტრელიცელი დედოფალი დაარქვეს.
გარდა მუსიკისა და ბოტანიკისა, ჯორჯი და შარლოტა ასევე იყვნენ მხატვართა დიდი მოტრფიალენი. მათ სამეფო კარზე დაქირავებულნი ჰყავდათ გამოჩენი ბრიტანელი მხატვრები, რომლებსაც ხშირად უკვეთავდნენ პორტრეტებს, რომლებმაც დღემდე მოაღწია ჩვენამდე. შარლოტას ძალიან უყვარდა, როდესაც მას ხატავდნენ, ამიტომაც საკუთარ პორტრეტს ხშირად უკვეთავდა, იგი ასევე იხატებოდა ჯორჯთან და შვილებთან ერთადაც და ასევე ზრუნავდა, რომ მის შვილებსაც ჰქონოდათ საკუთარი პორტრეტები. აგრეთვე ცნობილია, რომ დედოფალს ძალიან უყვარდა ფაიფური. სპეციალურად მისთვის პირდაპირ ჩინეთიდან ჩამოჰქონდათ უძვირფასესი ფაიფურის ჭურჭელი, რაც მის კიდევ ერთ ინტერესად, ან აკვიატებად ითვლება.
გარდა პირადი ინტერესებისა, შარლოტას ძალიან უყვარდა ქველმოქმედება. 1809 წელს მან გახსნა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი, სადაც უამრავი მიტოვებული ბავშვი შეიფარეს. მისი დიდი შრომისა და ინვესტიციების შედეგაც ლონდონში გაიხსნა უამრავი საავადმყოფოც, სადაც უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდნენ. შარლოტასთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ქალთა განათლება. თუმცა იმ ეპოქაში ქალთა საყოველთაო განათლებაზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო, რის გამოც მან საკუთარი ქალიშვილებისთვის საუკეთესო განათლების მიცემა განიზრახა. საბოლოოდ მისი ქალიშვილები იმ დროის სხვა ქალებთან შედარებით მეტად განათლებულნი და დამოუკიდებელნი იყვნენ. მისი ექვსი ქალიშვილიდან სამმა უარი განაცხადა გათხოვებაზე და სიცოცხლის ბოლომდე დედასთან დარჩენა არჩიეს, თუმცა არცერთ მის ქალიშვილს შვილი არ ჰყოლია, გარდა პრინცესა სოფიასი, რომელზეც ფიქრობენ, რომ უკანონო ვაჟი ჰყავდა.
შარლოტასა და საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტს, როგორც მოკავშირე ქვეყნების დედოფლებს ერთმანეთთან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც 1789 წელს საფრანგეთის დიდი რევოლუცია დაიწყო, შარლოტა მას კიდევ უფრო დაუახლოვდა. დედოფალი შარლოტა მარი ანტუანეტზე 11 წლით უფროსი იყო, თუმცა მათ მრავალი საერთო ინტერესი ჰქონდათ, როგორიცაა მოდა, ხელოვნება და მუსიკა, ასევე ორივეს საოცრად ენთუზიაზმით სავსე ხასიათი ჰქონდა. მართალია ეს ორი დედოფალი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, თუმცა მათ თავიანთი გულითადი მეგობრობა ფურცელსა და კალამზე გადაიტანეს. საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისთანავე ეს ამბავი მარი ანტუანეტმა ბრიტანეთის დედოფალს შეატყობინა. შარლოტამ იცოდა, რომ სამეფო ოჯახი საფრანგეთიდან გაიქცეოდა, ამიტომაც მან ლტოვლივი მეფე-დედოფლისთვის სასახლისა და სხვა წვრილმანების მზადება დაიწყო, თუმცა მარი ანტუანეტი ქმართან ერთად ფრანგებმა საზღვარზე დაიჭირეს. შარლოტა მეტად გულ მოკლული დარჩა, როცა შეიტყო, რომ მისი საყვარელი მარი ანტუანეტი და მისი ქმარი საფრანგეთში სიკვდილით დასაჯეს.
1811 წელს, როდესაც ჯორჯ III საბოლოოდ შეიშალა, 1789 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით, მის მუდმივ რეგენტად დაინიშნა დედოფალი შარლოტა. დედოფალს უკვე აღარ შეეძლო მეფესთან არანაირი სახის კონტაქტი, ვინაიდან ჯორჯი ძალიან არა ადეკვატური, აგრესიული და ხანდახან მოძალადეც კი იყო. 1812 წლის ივნისის შემდეგ შარლოტა ჯორჯს საერთოდ აღარ სწვევია. თუმცა შარლოტას მაინც ჰქონდა ჯორჯისადმი შემორჩენილი ძველი სიყვარული, რის გამოც მაინც მხარს უჭერდა მას და მის გამოჯანმრთელებაზე ლოცულობდა, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, რომ მეფე პორფირიით იყო დაავადებული და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო უარესი დაემართებოდა. პრინცი ჯორჯი, ასევე მხარს უჭერდა სამეფო ძალაუფლებას, თუმცა ამ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად კვლავ იბრძოდა, თუმცა ახლა უკვე ცოლთან ერთად. მიუხედავად ამისა, რეგენტი 1818 წლამდე შარლოტა იყო (ანუ გარდაცვალებამდე), რის შემდეგაც რეგენტი ჯორჯი გახდა მამის გარდაცვალებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მეფის რეგენტი მხოლოდ შარლოტა იყო, მის არაოფიციალურ თანამმართველად კვლავ პრინცი ჯორჯი გვევლინება. ისინი ყოველთვის ერთად მოქმედებდნენ და თანაბარი ძალაუფლებით სარგებლობდნენ, თუმცა გარკვეულ ასპექტებში, ვინაიდან შარლოტა დედოფალი იყო, სწორედ მისი აზრი იყო უპირატესი. რეგენტი დედოფალი ოფიციალურ ვიზიტებზე ყოველთვის შვილთან ერთად ჩნდებოდა, მაგალითად როგორიცაა 1814 წელს ნაპოლეონის დამხობისადმი აღნიშნული დიდი ზეიმი.
დედოფალი შარლოტა, შეიძლება ითქვას, რომ ხელში ჩააკვდა თავის ვაჟ ჯორჯს. ისინი სარის სასახლის ბაღში ისხდნენ, როდესაც მოულოდნელად დედოფალს შეტევა დაეწყო და პრინცის ხელში დალია სული. იგი გარდაიცვალა 1818 წლის 17 ნოემბერს, 74 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მის საყვარელ წმ. ჯეიმზის სასახლეში. მეფე ჯორჯ III ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი ჯორჯ IV ავიდა. დედოფალი შარლოტა არის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდ ხნიანი კონსორტი რომელიც ტახტზე იჯდა (ახლანდელი კონსორტის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს შემდე) , იგი ტახტზე 1761 წელს ავიდა და გარდაცვალებამდე, ანუ 1818 წლამდე მართავდა ქვეყანას, ანუ სულ 57 წელი და 70 დღე იმეფა.
მისმა ვაჟმა ჯორჯმა განაცხადა, რომ შარლოტას უკანასკნელი სურვილი იყო მისი მთელი ქონება გაეყიდათ და ეს ფული გლახაკთათვის დაერიგებინათ. ეს ასეც მოხდა და 1819 წელს მთელი მისი სამკაულები, ტანსაცმელი, ავეჯი და პორტრეტები გაყიდეს, საიდან შემოსული უდიდესი თანხაც სწორედ მისი სურვილის მიხედვით დახარჯეს. ცნობილია, რომ ჯორჯ III-მ მისი გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, ვინაიდან ჯორჯი ამ დროს უკვე ბრმა, ყრუ, კოჭლი, შეშლილი და ყველასგან მიტოვებული იყო.
ბრიტანეთის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში უამრავ დასახლებას ეწოდა მისი სახელი. მისი სახელობისაა დედოფალი შარლოტას კუნძულები (კანადაში), და ამავე სახელობის ქალაქი ამავე კუნძულზე. დასავლეთ ფოლკლენდში არის ასევე დედოფალ შარლოტას ყურე. ასევე ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე მდებარე მთას უწოდებენ დედოფალი შარლოტას ხმას. ასევე მის პატივსაცემად ეწოდა სახელები შემდეგ დასახლებებს: შარლოტას პორტი, სენტ ვინსენტში; შარლოტსვილი, ვირჯინიაში; შარლოტთაუნი, კანადაში; შარლოტა, ჩრდილო კაროლინაში; მეკლენბურგ ქანთრი, ასევე ჩრდილო კაროლინაში; მეკლენბურგ ქანთრი, ვირჯინიაში; შარლოტა თაუნი, ასევე ვირჯინიაში; ასევე შარლოტა თაუნი, ფლორიდაში და ქალაქი შარლოტა, ასევე ფლორიდაში. გარდა ჩრდილო ამერიკისა, მისი სახელობის ადგილები არსებობს სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და ოკეანეთშიც. მაგალითად მალაიზიაში, ქალაქ ლებჰუსა და პენანგში არის დედოფალ შარლოტას სახელობის ქუჩები. გარდა ამისა, ტონგას სამეფოში, რამდენიმე მონარქს ეწოდა სალოტე, (შარლოტას ვერსია ტონგურად).
დედოფალ შარლოტას მიერ დაარსებული საავადმყოფოები ლონდონსა და ჩელსში, დღეს დღეისობით ბრითანეთში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ძველი სამშობიარო და ქირურგიული კლინიკებია. მის მიერ დაარსებულია ასამდე საავადმყოფო და თავშესაფარი მთელი ბრიტანეთის მასშტაბით, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ.
შარლოტას ძეგლები დგას ლონდონში, თავად დედოფალ შარლოტას სახელობის მთავარ მოედანზე და ასევე ჩრდილო კაროლინაში, დედოფალ შარლოტასა და დუგლასის საერთაშორისო აეროპორტის კვეთაზე.
1766 წელს დედოფალ შარლოტას ბრძანებით დაიწყო ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც 1823 წელს გაიხსნა. მართალია თავიდან სხვა პიროვნების სახელი ეწოდა, თუმცა ამ უნივერსიტეტის ეზოში არის შარლოტას მემორიალი.
1994 წელს გადაღებულ ფილმში "შეშლილი მეფე ჯორჯი", დედოფალ შარლოტას როლი ითამაშა მსახიობმა ჰელენ მირენმა.
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ჯორჯ IV | 12 აგვისტო,
1762 |
26 ივნისი,
1830 (67 წლის) |
გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის მეფე 1820-1830 წლებში. ცოლად შეირთო კაროლინა
ბრაუნშვაიგელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი, შარლოტა ავგუსტა უელსელი შეეძინა. | |
ფრედერიკი | 16 აგვისტო,
1763 |
5 იანვარი,
1827, (63 წლის) |
იორკისა და ალბანის ჰერცოგი, მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა თავისი დროის
ბრიტანეთში. ცოლად შეირთო ფრედერიკა შარლოტა პრუსიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ. | |
უილიამ IV | 21 აგვისტო,
1765 |
20 ივნისი,
1837, (71 წლის) |
გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის მეფე 1830-1837 წლებში. ცოლად შეირთო ადელაიდა
საქსენ-მეინინგენი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან ოთხივე ჩვილობაში დაიღუპა, თუმცა საყვარელთან ჰყავდა ათი ჯანმრთელი შვილი, მაგრამ ისინი ტახტზე არ ასულან. | |
შარლოტა | 29 სექტემბერი,
1766 |
5 ოქტომბერი,
1828, (62 წლის) |
ვიუტემბერგის დედოფალი 1797-1816 წლებში, როგორც ფრიდრიხ I-ის მეუღლე, მათ შვილები
არ ჰყოლიათ. | |
ედუარდი | 2 ნოემბერი,
1767 |
23 იანვარი,
1820, (52 წლის) |
კენტისა და სტრათეარნის ჰერცოგი, ცოლად შეირთო პრინცესა ვიქტორია საქსენ-კობურგ-საალფელდი,
რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი, რომელიც შემდგომში გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის იმპერატრიცა ვიქტორია გახდა. ასევე მისი შთამომავლები არიან დედოფალი ელისაბედ II, ესპანეთის მეფე ფილიპე VI, შვედეთის მეფე კარლ XVI, ნორვეგიის მეფე ჰერალდ V, დანიის დედოფალი მარგარეტე II და სხვა უამრავი სახელოვანი მონარქი. | |
ავგუსტა
სოფია |
8 ნოემბერი,
1768 |
22 სექტემბერი,
1840, (71 წლის) |
გაერთიანებული სამეფოსა და ჰანოვერის პრინცესა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. | |
ელიზაბეთი | 22 მაისი,
1770 |
10 იანვარი,
1840, (69 წლის) |
ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია 1820-1829 წლებში, როგორც ფრიდრიხ VI-ის მეუღლე, მათ შვილები
არ ჰყოლიათ. | |
ერნესტ | 5 ივნისი,
1771 |
18 ნოემბერი,
1851, (80 წლის) |
ჰანოვერის მეფე 1837-1851 წლებში, ცოლად შეირთო საკუთარი ბიძაშვილი ფრედერიკა მეკლენბურგ-
შტრელიცელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე გეორგ V | |
ავგუსტ
ფრედერიკი |
27 იანვარი,
1773 |
21 აპრილი,
1843, (70 წლის) |
სასექსის ჰერცოგი. პირველად იქორწინა 1793 წელს ლედი ავგუსტა მურზე, რომელსაც უშვილობის
გამო გასცილდა 1794 წელს, ამის შემდეგ კი ცოლად შეირთო ლედი სესილია ანდერვუდი, რომელთანაც ორი ვაჟი. | |
ადოლფი | 24 თებერვალი,
1774 |
8 ივლისი,
1850, (76 წლის) |
კემბრიჯის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ავგუსტა ჰესენ-კასელელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
1. ჯორჯი, კემბრიჯის ჰერცოგი, 2. ავგუსტა, მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგინია და 3. მერი ადელაიდა, ტეკის ჰერცოგინია, იგი გახდა დედა დედოფალ მერი ტეკელისა. | |
მერი | 25 აპრილი,
1776 |
30 აპრილი,
1857, (81 წლის) |
1816 წელს ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგ უილიამ ფრედერიკ
უელსელს, რომელიც 1834 წელს გარდაიცვალა. მათ შვილები არ ჰყოლიათ. | |
სოფია | 3 ნოემბერი,
1777 |
27 მაისი,
1848, (70 წლის) |
გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, თუმცა ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა ბრიტანეთის
პოლიტიკაზე. | |
ოქტავიუსი | 23 თებერვალი,
1779 |
3 მაისი,
1783, (4 წლის) |
გარდაიცვალა მცირეწლოვანი. | |
ალფრედი | 22 სექტემბერი,
1780 |
20 აგვისტო,
1782, (1 წლის) |
გარდაიცვალა მცირეწლოვანი. | |
ამელია | 7 აგვისტო,
1783 |
2 ნოემბერი,
1810, (27 წლის) |
გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.