From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპე II (ესპ. Felipe II, პორტ. Felipe II, იტალ. Filippo II, ნიდერლ. Filips II, გერმ. Philipp II., ფრანგ. Philippe II; დ. 21 მაისი, 1527, პალასიო-დე-პირმენტელი, ვალიადოლიდი, ესპანეთი ― გ. 13 სექტემბერი, 1598, ესკორიალი, სან-ლორენცო-დე-ელ-ესკორიალი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე (1556-1598), პორტუგალიისა და ალგარვის მეფე (1580-1598, ფილიპე I-ის სახელით), ინგლისისა და ირლანდიის მეფე (1554-1558, როგორც მერი I-ის მეუღლე), ასევე მილანის ჰერცოგი (1540 წლიდან), ნეაპოლისა და სიცილიის მეფე (1554 წლიდან) და ესპანური ნიდერლანდების მონარქი (1556 წლიდან).
საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის ვაჟი. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე, მისი გადადგომის შემდეგ ფილიპემ მემკვიდრეობით მიიღო ესპანეთის იმპერია, რომელიც თავისი ძლიერების ზენიტში იყო და უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა დედამიწის ექვს კონტინენტზე. სწორედ მეფე ფილიპეს პატივსაცემად დაერქვა აზიაში ახლად აღმოჩენილ კუძულოვან სახელმწიფოს ფილიპინები. მისი მმართველობის პერიოდში ესპანეთმა მიაღწია თავისი ძლიერების პიკს, დამყარდა რა აბსოლუტიზმი და მისივე მმართველობის დროს დაიწყო იმპერიის დაცემა, თუმცაღა, ეს პერიოდი მაინც ოქროს ხანის სახელითაა ცნობილი.
ფილიპეს ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ესპანეთი ხუთჯერ გამოცხადდა გაკოტრებულად: 1557, 1560, 1569, 1575 და 1596 წლებში. ამასთან ერთად, მის ხისტ და შეუმწყნარებელ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა კალვინისტ ნიდერლანდელთა დიდი უკმაყოფილება, რამაც ვილემ ორანელის მეთაურობით ჰოლანდიის რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ოთხმოცწლიანი ომის სახელითაცაა ცნობილი. 1581 წელს ვილემმა მოახერხა და მანამდე ესპანეთის მფლობელობაში მყოფი ჩრდილონიდერლანდური საგრაფოების ტერიტორიებზე ჩამოაყალიბა ნიდერლანდების რესპუბლიკა.
ფილიპემ გამეფებიდან სულ რამდენიმე წელში დაასრულა საფრანგეთთან მიმდინარე იტალიური ომები და გააფორმა კატო-კამბრეზის ხელშეკრულება, რომელმაც დაამტკიცა ესპანეთის მმართველობა იტალიაში. ღრმად მორწმუნე მეფე ფილიპე თავის თავს კათოლიკური ევროპის დამცველად მოიაზრებდა, რის გამოც იგი არაერთ ომში ჩაება. იგი აქტიურად იბრძოდა როგორც ოსმალეთის იმპერიის, ისე პროტესტანტული რეფორმაციის წინააღმდეგ. 1572 წელს მან ლეპანტოს ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები. 1584 წელს კი ფილიპემ ხელი მოაწერა ჟუანვილის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა საფრანგეთში ჩამოყალიბებული კათოლიკური ლიგის დაფინანსებას. აღნიშნული კათოლიკური ლიგა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში აქტიურ ბრძოლას აწარმოებდა ფრანგი კალვინისტების წინააღმდეგ, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1580 წელს, ისარგებლა პორტუგალიაში ავისის დინასტიის შეწყვეტით და მან, როგორც მანუელ I-ის შვილიშვილმა, თავი პორტუგალიის მეფედ გამოაცხადა, რითაც იგი ესპანეთს მიუერთა და ჩამოაყალიბა იბერიის უნია. 1588 წელს მან ომი გამოუცხადა პროტესტანტულ ინგლისს და მის წინააღმდეგ ე.წ. „უძლეველი არმადა“ გააგზავნა, თუმცა ინგლისელთა თავდასხმამ და შტორმმა ფლოტი ჯერ კიდევ მანამდე გაანადგურა, სანამ კუნძულამდე მიაღწევდა. არმადის მარცხმა საგრძნობლად შეარყია ესპანეთის ავტორიტეტი და მის ეკონომიკასაც დიდი ზარალი მიაყენა.
ფილიპეს მმართველობისას ესპანეთის არმიას საშუალოდ 9,000 ახალი ჯარისკაცი ემატებოდა, კრიზისის დროს კი ეს რიცხვი 20,000-მდე იზრდებოდა. 1567-1574 წლები ესპანეთიდან და იტალიიდან 43,000-მდე მოხალისე გამოვიდა, რათა ნიდერლანდებში კალვინისტების წინააღმდეგ ებრძოლათ.
ვენეციის ელჩი პაოლო ფაგოლო მეფე ფილიპეს ასე აღწერდა: „მსუბუქი აღნაგობისა და მრგვალი სახისაა, ღია ცისფერი თვალებით, გარკვეულწილად გამოკვეთილი ტუჩებითა და ვარდისფერი კანით, რის გამოც იგი ძალიან მიმზიდველია. იგი ძალიან გემოვნებიანად იცვამს და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, თავაზიანობითა და გრაციოზულობითაა აღსავსე“. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ფილიპე სულ ოთხჯერ იყო დაქორწინებული და აღსანიშნავია, რომ მისი ოთხივე ცოლი მასზე ადრე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ძემ, ფილიპე III-მ დაიკავა, რომელიც მას მეოთხე ცოლისაგან ჰყავდა.
ფილიპეს დაბადებამდელი პერიოდი ესპანეთში დიდ ძვრებს უკავშირდება. მის გაჩენამდე 35 წლით ადრე მისი დიდი ბებია, დედოფალი ისაბელ I კასტილიელი ახერხებს დაიპყროს იბერიის ნახევარკუნძულზე არსებული მუსლიმთა უკანასკნელი დასაყრდენი ― გრანადა აიღო და დაასრულა შვიდასწლიანი რეკონკისტა. ამავე წელს მან დააფინანსა კოლუმბის მოგზაურობა და საფუძველი ჩაუყარა ესპანეთის კოლონიურ იმპერიას. 1504 წელს ისაბელი გარდაიცვალა და კასტილიაში მის ტახტს მისი ასული, ხუანა იკავებს (ფილიპეს ბებია), რომელმაც თავის თანამმართველად ავსტრიელი მეუღლე, ფილიპე I დაისვა, რითაც დაიწყო ესპანეთში ჰაბსბურგთა მმართველობა. ხუანას მამას არ მოსწონდა არაგონშიც ფილიპეს გამეფების იდეა, ამიტომაც იგი სასწრაფოდ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დისწულ ჟერმენა დე ფუაზე, რათა ახალი მემკვიდრე გაეჩინა, მაგრამ ამაოდ.
1506 წელს ფილიპე I მოულოდნელად გარდაიცვალა. ივარაუდება, რომ იგი მისმა სიმამრმა, ფერდინანდ არაგონელმა მოწამლა. ამ ფაქტმა იმდენად ცუდად იმოქმედა მის ქვრივ ხუანაზე, რომ დედოფალი ჭკუიდან შეიშალა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ფილიპეს ცხედრის დაკრძალვაზე უარი თქვა, მას მთელს ესპანეთში დაატარებდა და ყველას აიძულებდა ეგლოვათ, თუმცა ლამაზ ქალებს მასთან ახლოს მაინც არ აკარებდა. ღამღამობით იგი მის კუბოს ხსნიდა, მასთან წვებოდა და ასე იძინებდა. ამ ფაქტებმა აიძულა სამეფო ოჯახის წევრები, რომ ხუანა მონასტერში ჩაეკეტათ და კასტილიაში მის თანამმართველად ფილიპეს მამა, კარლი დაინიშნა, რომელსაც მამიდამისი, სავოიის ჰერცოგის ქვრივი მარგარეტ ავსტრიელი ზრდიდა და-ძმებთან ერთად.
უკვე 1516 წელს ფერდინანდ არაგონელიც გარდაიცვალა და ფილიპეს მამა კარლოს I-ის სახელით ხდება გაერთიანებული ესპანეთის პირველი მეფე. ამ ამბიდან სულ მალე იგი საცოლის ძებნასაც იწყებს, რათა მემკვიდრის გაჩენით უზრუნველეყო თავისი მმართველობა. სხვადასხვა პერიოდში მის საცოლეებად მოიაზრებოდნენ მისი დეიდაშვილი, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის უფროსი ასული, პრინცესა მერი ტიუდორი (შემდეგში ფილიპეს მეორე ცოლი) და ასევე საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ქალიშვილები: შარლოტა და ლუიზა ვალუები, თუმცა მათთან მოლაპარაკებები სხვადასხვა მიზეზთა გამო ჩაიშალა[1]. მთელ ამ მიზეზთა გამო, კარლოსმა უარი თქვა ინგლისურ და ფრანგულ ქორწინებებზე და გადაწყვიტა პორტუგალიასთან შეწყვეტილი ალიანსი გაეახლებინა. იმავდროულად, 1519 წელს კარლოსის მეორე პაპა, საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან I გარდაიცვალა და ტახტი მის ნაცვლადაც მან დაიკავა კარლ V-ის სახელით. შემდგომში მეზობელ პორტუგალიასთან ალიანსი 1521 წელს, მას შემდეგ შეწყდა, რაც ფილიპეს მამიდის, დედოფალ ელეონორას ქმარი, მეფე მანუელ I გარდაიცვალა, მისი განახლება კი მხოლოდ ახალი დინასტიური ქორწინებით შეიძლებოდა. ამის გამო კარლმა 1525 წლის თებერვალში თავისი ნაბოლარა და, ეკატერინე ავსტრიელი ცოლად შერთო მანუელის ძეს, მეფე ჟუან III-ს, სულ მალე, 1526 წლის 10 მარტს თავადაც დაქორწინდა ჟუანის უფროს დაზე, პრინცესა ისაბელ პორტუგალიელზე. ასე შეუღლდნენ ფილიპეს მშობლები. აღსანიშნავია ისიც, რომ კარლი და ისაბელი ღვიძლი დეიდაშვილები იყვნენ. ქორწინებიდან მალევე კი დედოფალმა ისაბელმა თავისი პირველი ორსულობის შესახებაც გამოაცხადა.
ფილიპე დაიბადა 1527 წლის 21 მაისს პალასიო-დე-პირმენტელში, ვალიადოლიდში. იგი იმპერატორ კარლ V-ისა და დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის პირველი საერთო შვილი[2] და, შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე იყო, რის გამოც მას დაბადებისთანავე მიენიჭა ჯერ ასტურიის, შემდეგ კი ხერონას პრინცის წოდება. აღსანიშნავია, რომ ახალშობილ პრინცს სახელი მისი პაპის, კასტილიის მეფე ფილიპე I ლამაზის პატივსაცემად დაარქვეს. დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში პრინცი ფილიპე ვალიადოლიდში კათოლიკედ მონათლეს. მისი გაჩენიდან სულ ერთ წელიწადში, 1528 წლის 21 ივნისს დაიბადა ფილიპეს ღვიძლი და, ინფანტა მარია. მშობლების გადაწყვეტილებით და-ძმა ერთად იზრდებოდა, დედოფალმა ისაბელმა კი მათ აღმზრდელებად თავისი პორტუგალიელი სეფექალი, დონა ლეონორ დე მასკარენასი მიუჩინა.
გარდა დისა, ფილიპე სხვა ესპანელი დიდებულების ვაჟებთან ერთად იზრდებოდა სამეფო კარზე, რის გამოც მას ახლო, ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა რაი გომეს დე სილვასა და ლუის დე რეკესენსთან, რაც მათი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა. უკვე 1535 წლის 24 ივნისს დაიბადა ფილიპეს მეორე ღვიძლი და, ინფანტა ხუანაც, რომელიც მათთან ერთად იზრდებოდა.
როდესაც წამოიზარდა მამამისმა ფილიპე აღსაზრდელად ხუან მარტინეს სილისეოს, ტოლედოს მომავალ არქიეპისკოპოსს მიაბარა. მასთან ერთად მომავალი მონარქის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა იმ დროის გამოჩენილი ჰუმანისტი, ხუან კრისტობალ კალვეტე დე ესტრელია. ისინი ზრუნავდნენ მის რელიგიურ განათლებაზე, რის გამოც ფილიპე ღრმადმორწმუნე და, როგორც ხშირად იხსენიებენ, „ფანატიკოს“ კათოლიკედ ჩამოყალიბდა. ამის გარდა, საცხოვრებელი გარემოდან გამომდინარე, მასზე ბავშვობიდანვე დიდი გავლენა ჰქონდა ესპანურ კულტურას. პირველი ენა, რომელიც მან ისწავლა ესპანური იყო, შემდეგში დედის გავლენით მან პორტუგალიურიც შეისწავლა, თავისი აღმსარებლობიდან გამომდინარე კი საბოლოოდ ლათინურსაც მაღალ დონეზე დაეუფლა. თუმცაღა, მამისაგან განსხვავებით, იგი არ ამჟღავნებდა პოლოგლოტურ უნარებს, რის გამოც მას სხვა ენები, როგორებიცაა ფრანგული, გერმანული, ან იტალიური, აღარ უსწავლია. როგორც ცნობილია, იგი დიდ ინტერესს იჩენდა ხელოვნების, განსაკუთრებით კი მხატვრობისა და მუსიკისადმი და ასევე დიდად უყვარდა ნადირობა.
ვინაიდან მამამისი საღვთო რომის იმპერატორიც იყო, ფილიპე მას ხშირად ვერ ხედავდა, რამეთუ კარლ V წლების განმავლობაში ავსტრიაში იმყოფებოდა ხოლმე, ესპანეთის მართვას კი ცოლს, დედოფალ ისაბელს ანდობდა. ამის გამო, ამ პერიოდის ესპანეთში საგრძნობლად იყო გაზრდილი პორტუგალიელთა გავლენა, რაც იმაშიც გამოიხატებოდა, რომ სამეფო ბავშვებს პორტუგალიელი ქალბატონები ზრდიდნენ. თუმცაღა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1539 წლის 1 მაისს დედამისი, დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი 35 წლის ასაკში მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა. ამ დროს ფილიპე 11 წლის იყო. საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორ კარლს სხვა ცოლი აღარ შეურთავს.
მას შემდეგ, რაც დედოფალი ისაბელი გარდაიცვალა, ესპანეთი რეგენტის გარეშე დარჩა და ვინაიდან იმპერატორი კარლი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, დედის გარდაცვალების შემდეგ რეგენტი პრინცი ფილიპე გახდა. აქედან გამომდინარე, ესპანეთში მისი ფაქტობრივი მმართველობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ის სულ 11 წლის იყო.
იმავდროულად, ევროპაში ჰაბსბურგებსა და ფრანგ ვალუებს შორის დიდი დავა მიმდინარეობდა, თუ ვის დარჩებოდა მილანის საჰერცოგო, რომლის უკანასკნელი მმართველი, ჰერცოგი ფრანჩესკო II ჯერ კიდევ 1535 წელს აღესრულა. მისი გარდაცვალებით შეწყდა სფორცას დინსატიაც, ამიტომაც ტახტზე პრეტენზია საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ისევ განაცხადა, როგორც მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის ასულის, ვალენტინას შთამომავალმა, თუმცა საქმე არც ისე მარტივად იყო. ფრანჩესკოს ცოლად ჰყავდა იმპერატორ კარლ V-ის დისწული, პრინცესა კრისტინა დანიელი, რომელიც ჰაბსბურგებს ერთგულად ემსახურებოდა, რამეთუ როდესაც დანიაში მამამისის, მეფე კრისტიან II-ის მმართველობა დაამხეს, სწორედ მათ შეიფარეს ისინი. ამიტომ, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე, კრისტინამ მოახერხა დაერწმუნებინა ქმარი, ჰერცოგი ფრანჩესკო, რომ მისი უშვილოდ დაღუპვის შემთხვევაში ტახტი იმპერატორ კარლის მემკვიდრის, ანუ პრინცი ფილიპესათვის დაეტოვებინა. ამრიგად, ფრანჩესკოს ანდერძის მიხედვით, მილანის ახალი ჰერცოგი სწორედ ფილიპე გახდა, თუმცა ოფიციალურად ჰერცოგად იგი მხოლოდ 1540 წლის 11 ოქტომბერს სცნეს.
იმავდროულად, 1541 წლის ნოემბერში იმპერატორი კარლი ესპანეთში ბრუნდება და ფილიპეც კარგავს რეგენტობას, თუმცა 1543 წლის მაისში მან ქვეყანა ისევ დატოვა და რეგენტად კვლავ ფილიპე დატოვა. მეორე რეგენტობა მან ხუთ წელს, 1548 წლამდე შეინარჩუნა. ამ წელს იმპერატორი კარლი მადრიდში თავის ძმისწულთან, ერცჰერცოგ მაქსიმილიან ავსტრიელთან ერთად ჩავიდა და იგი თავის უფროს ქალიშვილ მარიაზე დააქორწინა. 1548 წლის 1 ოქტომბერს კარლმა უკვე ფილიპესთან ერთად დატოვა ესპანეთი, ამიტომაც ამ ქვეყნის რეგენტობა მარიასა და მაქსიმილიანს ჩააბარა. შემდეგი წლების განმავლობაში იმპერატორის ბრძანებით პრინცი ფილიპე მოგზაურობდა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, რათა გაეცნო ის ქვეყნები და ხალხები, რომელთა მართვაც შემდეგში მოუწევდა. უკვე 1551 წლის 12 ივლისს იგი ესპანეთში დაბრუნდა და უკვე მესამედ და საბოლოოდ გახდა რეგენტი.
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ფილიპე ინგლისის დედოფალ მერი I-ზე უნდა დაქორწინებულიყო, იმპერატორმა კარლმა გადაწყვიტა, რომ ის რომ დედოფლისათვის შესაფერის საქმროდ ექცია, მეფის წოდება მიეცა, თუმცა ესპანეთის გვირგვინის დათმობა ჯერ კიდევ არ სურდა. ამის გამო, 1554 წლის 25 ივლისს, მერისა და ფილიპეს ჯვრისწერის დღეს, იგი იმპერატორმა ნეაპოლისა და სიცილიის მეფედ გამოაცხადა, თავის მხრივ ქორწინებით კი იგი ინგლისისა და ირლანდიის მეფეც გახდა, თუმცა აქ იგი ძალაუფლებას მეუღლესთან იყოფდა. ამის გამო, 1554 წელს კარლმა მას ჩამოართვა ესპანეთის რეგენტობა და თავის მეორე ქალიშვილს, პორტუგალიის პრინცის ქვრივ ხუანას გადასცა, რამეთუ ფილიპე ქორწინების შემდეგ ცოლის სამშობლოში, ანუ ინგლისში დარჩა და აღარ შეეძლო ესპანეთის მართვა.
აღსანიშნავია, რომ საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ დიდი და უარყოფითი გავლენა იქონია კარლ V-ზე. იგი გამუდმებით უკვეთავდა ისაბელის ახალ-ახალ პორტრეტებს, რომელთაც მის ძველ პორტრეტზე დაყრდნობით ქმნიდნენ და ამასთან, უარს აცხადებდა ახალ ქორწინებაზე. ამის პარალელურად, იგი გადაიღალა ორი იმპერიის მართვითა და გამუდმებული ომებით მეზობლებთან თუ თავის ქვეშევრდომებთან, ამიტომაც 1556 წლისთვის მან ტახტიდან გადადგომა გადაწყვიტა. ამ წლის 16 იანვარს ბრიუსელში იმპერატორი კარლ V ოფიციალურად გადადგა ტახტიდან, მაგრამ ეს არ მომხდარა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, ანუ მთელი სამფლობელოები მხოლოდ ფილიპეს არ დარჩენია. კარლს არ სურდა მის ვაჟსაც ასე ეწვალა ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული იმპერიის მართვაზე, ამიტომაც საღვთო რომის იმპერია, გერმანია და ავსტრია მთლიანად თავის ძმას, ფერდინანდ I-ს დაუტოვა, მთელი დანარჩენი სამფლობელოები კი ფილიპეს. ამრიგად, 1556 წლის იანვარში ფილიპე გახდა ესპანეთის მეფე, ასევე ბურგუნდიის ჰერცოგი და ნიდერლანდური პროვინციების მონარქი. გადადგომის შემდეგ კარლი ესპანეთში გადასახლდა და მონასტერში წავიდა, სადაც 1558 წელს გარდაიცვალა, ისაბელის პორტრეტების გარემოცვაში.
ესპანეთის მეფედ გახდომისას ფილიპე ინგლისში ცხოვრობდა ცოლთან ერთად და ვინაიდან მას ტახტის მემკვიდრე სჭირდებოდა, მის გაჩენამდე ლონდონში დარჩენა გადაწყვიტა. ამის გამო ესპანეთის რეგენტად მისი და, ხუანა დარჩა. ამრიგად, მისი მეფობის პირველი წლები ფილიპემ ინგლისში გაატარა და მერისთან ერთად ცდილობდა ამ ქვეყნის ისევ კათოლიკურ რწმენაზე მოქცევას. მას შემდეგ, რაც 1558 წლის ნოემბერში დედოფალი მერი უშვილოდ აღესრულა, ფილიპე კვლავ ლონდონში დარჩა და ხელი სთხოვა ახლადგანსვენებული მეუღლის დას, უკვე დედოფალ ელისაბედ I-ს, რომლისგანაც უარის მიღების შემდეგ იგი იძულებული გახდა 1559 წლის 8 სექტემბერს ჩასულიყო ესპანეთში და თავად დაეწყო ქვეყნის მართვა.
ფილიპეს პირველ ცოლთან 1545 წელს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ფილიპეს მამის პატივსაცემად კარლოსი დაარქვეს. კარლოსს კუზი ჰქონდა და ამასთან ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ფილიპე და კარლოსის დედა, მარია პორტუგალიელი ბიძაშვილები იყვნენ. მარია კარლოსის მშობიარობას გადაჰყვა. მიუხედავად კარლოსის პრობლემებისა იგი მაინც ითვლებოდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ, თუმცა რეალურად იგი ვერ გააგრძელებდა ჰაბსბურგთა დინასტიას. მალე ფილიპემ მეორე ცოლი შეირთო, რომელთანაც შვილი საეთოდ არ ჰყოლია რაც კიდევ უფრო ამძიმებდა გვარის გაგრძელების საკითხს. ამას ემატებოდა, ისიც რომ კარლოსს ცოლს არავინ ატანდა, ამგვარად ჩაიშალა ნიშნობა საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტა ვალუასთან, და შემდგომ მეორე ნიშნობა ავსტრიის პრინცესა ანა ჰაბსბურგთან. 1559 წელს ფილიპემ მესამე ცოლი შეირთო, თუმცა ისიც მშობიარობას გადაჰყვა 1568 წელს, მაგრამ ვერც მან ვერ შესძლო მემკვიდრის გაჩენა. ფილიპეს მესამე ცოლთან ორი გოგონა დარჩა. 1568 წელს დონ კარლოსიც გარდაიცვალა და ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ ქალი გვევლინება.
1570 წელს ფილიპემ მეოთხე ცოლი შეირთო თავისი დისწულის, ანა ავსტრიელის სახით. ანამ 1571 წელს ფილიპეს ვაჟი, ასტურიის პრინცი ფერდინანდი გაუჩინა. ამას 1573 წელს მოჰყვა მეორე ვაჟის, კარლოს ლორენცოს გაჩენა, რომელიც 1575 წელს გარდაიცვალა, თუმცა იმავე წელს დედოფალმა მესამე ვაჟი, პრინცი დიეგო გააჩინა. 1578 წელს პრინცი ფერდინანდი, ანუ ტახტის პირველი მემკვიდრე გარდაიცვალა, რის გამოც ასტურიის პრინცად დიეგოს აცხადებენ და იმავე წელს დედოფალი ანა კიდევ ერთ ვაჟს აჩენს პრინცი ფილიპეს სახით. 1580 წელს ანა, ხოლო 1582 წელს პრინცი დიეგოც გარდაიცვალა, რის გამოც ესპანური მემკვიდრეობა ისევ დადგა საფრთხის ქვეშ, ვინაიდან მეფის ერთდაერთი მემკვიდრე პრინცი ფილიპე იყო, რომელიც სუსტი ბავშვი იყო. ცნობილია, რომ ამის გამო ფილიპე II-ის ბრძანებით სარაგოსას საკათედრო ტაძარში მუდმივი ლოცვა აღევლინებოდა სამეფო ბავშვების ჯანმრთელობისათვის. შემდეგში სწორედ პრინცმა ფილიპემ მოახერხა მამის ტახტის დაკავება და ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტოს გაგრძელება.
1567 წელს გრანადის გუბერნატორმა პედრო დე დეზამ ფილიპეს ბრძანებით გამოაცხადა საგანგებო რეჟიმი. ეს გულისხმობდა, რომ გრანადაში აღარ იქნებოდნენ განსხვავებული რელიგიის, ეთნოსის, შეხედულებების და კულტურის მატარებელი ხალხი. ამან გამოიწვია გრანადელების დიდი უკმაყოფილება რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა 1571 წლის ალპუარასის აჯანყებამდე. თუმცა ეს აჯანყება ფილიპემ სასტიკად ჩაახშო.
ანტონიო პერესი 1579 წლამდე მეფის მდივანი იყო არაგონში. იგი დააპატიმპრეს ხუან დე ესკობედოს მკვლელობისათვის, დონ ხუანი ავსტრიის იმპერატორის სანდო კაცი იყო და მეფის წინააღმდეგ შეთქმულება ჩაშალა, რის შემდეგაც იგი ანტონიომ შურისძიების მიზნით მოკლა. 1588 წელს ანტონიო ციხიდან გაიქცა და სარაგოსამდე გარბოდა. ფილიპემ სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს მისი დევნა. თუმცა წარსულში თავისი კარგი მმართველობის გამო ანტონიომ არაგონელებს თავი ძალიან შეაყვარათ, ახლა კი იგი სარაგოსაში შეიფარეს. ფილიპემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ამ კაცის სასამართლოსათვის გადაცემა თუმცა არაგონის მოსახლეობა აჯანყდა. ფილიპე II-მ დიდი ძალმომრეობით ეს აჯანყება ჩაახშო და ანტონიო კვლავ ციხეში გაისტუმრა.
ფილიპეს ძირითადი დასაყრდენი შორეულ ექსპედიციებსა და ომებში იყო კასტილია, კასტილიიდან გამოდიოდა ყველაზე მეტი მეომარი და ოქრო. ამიტომაც ფილიპემ დედაქალაქი ვალიადოლიდიდან მადრიდში გადაიტანა. ფილიპე ისევე როგორც მამამისი კარლოსი იყო აბსოლუტური მონარი, იგი პირადად მართავდა და წყვეტდა ყველაფერს ყოველგვარი პარლამენტისა და საბჭოების გარეშე, და იგი ამას მშვენივრად ახერხებდა. ფილიპე II დადიოდა სამოგზაუროდ საკუთარ სამფლობელოებში, ესპანეთის გარეთ: ჰოლანდიაში, ნეაპოლში, მილანში, ბურგუნდიასა და ფლანდრიაში, რათა უკეთ დაენახა რისი გაკეთება იყო იქ შესაძლებელი და არ სურდა მამამისის ბედი სწეოდა, ამიტომაც ხალხში ხშირად გამოდიოდა და კეთილ და ხალხზე შეყვარებულ მონარქად აჩვენებდა თავს. თავისი მმართველობის განსამტკიცებლად ფილიპემ ესპანეთსა და მის დაქვემდებარებულ ქვეყნებში უამრავი რეფორმები გაატარა :
ესპანური ბრინჯაოს მონეტა ფილიპეს ცოლის, ელიზაბეტ დე ვალუას გამოსახულებით |
ესპანეთში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა მეფე ფილიპე II-ის გამოსახულებით |
ფილიპეს მეფობის პერიოდში ეკონომიკა ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა ხალხი მაინც მდიდრულად ცხოვრობდა. ფილიპეს მმართველობის დროს ესპანეთი სამჯერ გამოცხადდა გაკოტრებულად 1557, 1575 და 1596 წლებში. თუმცაღა ეს მხოლოდ ფილიპეს ბრალი არ იყო. ფილიპეს მემკვიდრეობით უამრავ სახელმწიფოსთან ერთად ერგო ვალი, ოცი მილიონი დუკატის ოდენობით. შესაძლებელია ითქვას, რომ შეძლებისდაგვარად ეს ვალი გადაიხადა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ვალი გახუთმაგებული იყო. მერი ტიუდორთან ქორწინებისას ფილიპე ესპანეთზე მეტად ინგლისზე ზრუნავდა, ვინაიდან ინგლისის გვირგვინს დაკარგვის საბრთხე ემუქრებოდა, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის, რომ ესპანეთის ეკონომიკის ნახევარზე მეტს ფილიპე ინგლისს და მის ომებს ახმარდა.
ფილიპეს გამეფებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში 1557 წელს ესპანეთი ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად. თუმცა მერის გარდაცვალების შემდეგ, მას მერე რაც ფილიპემ სამუდამოდ დაკარგა ინგლისის გვირგვინი ესპანეთში ეკონომიკის აღორძინება დაიწყო. ფილიპემ რეგიონალურად გაზარდა გადასახადები, ეს იმას ნიშნავს რომ, ყველა ესპანურ საგრაფოსა თუ საჰერცოგოს სხვადასხვა გადასახადი უნდა გადაეხადა, იმის მიხედვით თუ რამდენად მდიდარი იყო ის. ყველაზე საშინელი ტვირთი კასტილიას დააწვა სადაც გადასახადები გაოთხმაგდა. ამას გარდა ფილიპემ მიაგნო ოქროს შოვნის მარტივ გზას, ააგებინა უზარმაზარი საზღვაო ხომალდები და ამერიკის კონტინენტს შეუსია. ამერიკიდან ხომალდებს ტონობით ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გადმოჰქონდათ ესპანეთში, რამაც ეს სამეფო მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად აქცია.
როგორც ყოველთვის ესპანეთს მალევე გამოუჩნდნენ სახიფათო კონკურენტები როგორებიცაა: ჰოლანდია, პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი. ამიტომაც ფილიპემ სხვა ევროპული მონარქების მსგავსად იტალიელ ბანკირებს მიმართათ. ამას გარდა ამერიკიდან გამოტანილი საგანძურის 20%-ს მთლიანად სამეფო ოჯახი ნთქავდა, დანარჩენს კი არისტოკრატია, გლეხები კი კვლავაც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი ნახევარ ხმელთაშუაზღვას ფლობდა, სხვა ქვეყნების სავაჭრო ხომალდები კი ამ ადგილებში გადაადგილებისათვის უამრავ ფულს იხდიდნან. ესპანეთის ბიუჯეტში აქდან ყოველწლიურად ექვსი მილიონი დუკატი ოქრო შედიოდა.
მიუხედავად ამისა ესპანეთის ეკონომიკური ძლიერება კასტილიაზე იყო დამოკიდებული. კასტილიის ძირითად სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა ბამბა, რომელიც ფართოდ გადიოდა ჰოლანდიაში და კასტილიელი ვაჭრებიც დიდ მოგებას ნახულობდნენ. მაგრამ 1568 წელს დაიწყო ჰოლანდიის რევოლუცია, რომელიც ოთხმოც წელს გაგრძელდა. ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ბამბის რეალიზება შეწყდა. ამ ყველაფერმა კატასტროფულად იმოქმედა ესპანეთის ეკონომიკაზე. ესპანეთი ამ პერიოდში მთელს დედამიწაზე იბრძოდა პირველობისათვის და მას სწორედ ახლა სჭირდებოდა ურყევი ეკონომიკა. ესპანეთმა კვლავ დაიწყო გაკოტრება, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდებოდა. 1575 წელს ესპანეთის სამეფო ოფიციალურად გამოცხადდა გაკოტრებულად. ფილიპე ყოველ ღონეს ხმარობდა ეკონომიკის ასაყვავებლად, გაზარდა გადასახადები, დაპყრობილ ქვეყნებს დიდი ხარკი დაადო, იტალიელი ბანკირებისგან აიღო უზარმაზარი სესხი. 1576 წელს ფილიპემ გადასახადები დააკისრათ ეკლესიებს და ყველა პირს რომელსაც ერთი გოჯი მიწა მაინც ებადა. ეკლესიების გადასახადებით ქვეყნის ეკონომიკა 20 %-ით გაიზარდა. საბოლოოდ 1577 წელს ესპანეთი კვლავ დაუბრუნდა თავის სიმდიდრესა და ფუფუნებას, ასე იყო დაახლოებით ოცი წელი.
1585 წელს ინგლისის დასაპყრობად ფილიპემ დაიწყო უზარმაზარი სამხედრო ფლოტის მშენებლობა რომელსაც „ უძლეველი არმადა“ ეწოდა. ფლოტის მშენებლობისათვის გაიჩეხა თითქმის მთლიანი ესპანეთის ტყეები და მოხმარდა რვა მილიონი დუკატი ოქრო. 1587 წელს ამ ფლოტის მშენებლობა დასრულდა და ლისაბონის პორტიდან დაიძრა ინგლისის ასაოხრებლად, თუმცა ფილიპე დამარცხდა და ესპანეთი საშინლად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ქვეყანაში ამ სამარცხვინო მარცხის გამო ფილიპეს თითქმის ყველა განუდგა და რამდენიმეჯერ გაფიცვაც სცადეს, თუმცა ფილიპემ სისხლით ჩაახრშო. ესპანეთის ეკონომიკა კვლად დაეცა, და 1596 წელს ესპანეთი კვლავ გაკოტრებულად გამოცხადდა. ამის გამო ესპანეთს ჩამოერთვა იმპერიის სტატუსი და მიენიჭა „ზესახელმწიფოს„ ტიტული. ფილიპეს შთამომავლები უშედეგოდ ცდილობდნენ ქვეყნის უსასრულო ვალებიდან ამოთრევას.
ფილიპეს იტალიასთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც 1535 წელს მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო II-მ იგი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1540 წელს მან მოახერხა დაეკავებინა მილანის ტახტი, თუმცა ეს არც ისე მარტივი იყო, რამეთუ ამ ტახტზე პრეტენზია საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-საც ჰქონდა და ყველანაირად ეძებდა მიზეზს ჰაბსბურგებისათვის ტერიტორიების წასართმევად. 1542 წელს, გარკვეული მიზეზების გამო, ჰაბსბურგებსა და ფრანგებს შორის იტალიური ომები განახლდა. ფრანსუამ მაშინვე შეიყვანა ჯარები მათ კუთვნილ რუსილონსა და ლუქსემბურგში და დაიკავა ისინი. მალევე მან ალიანსი შეკრა ოსმალეთის სულთან სულეიმან I-თან, რამაც კათოლიკე ევროპელი მონარქების დიდი აღშფოთებაც გამოიწვია. მალევე საფრანგეთი ომს უცხადებს ჰაბსბურგების მოკავშირე სავოიის საჰერცოგოს, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობდა და რომლის ჰერცოგსაც ცოლად ფილიპეს დეიდა, ბეატრიზ პორტუგალიელი ჰყავდა. ფრანგებმა მოახერხეს და ოსმალთა დახმარებით დაიპყრეს სავოიის კუთვნილი ქალაქი ნიცა. 1544 წელს ფრანგებმა ჰაბსბურგები ასევე დაამარცხეს ჩერეზოლეს ბრძოლაში, რის შემდეგაც მილანისკენაც დაიძრნენ, ამიტომაც იმპერატორი კარლი იძულებული გახდა სასწრაფოდ ამოქმედებულიყო. იმავე წელს იმპერატორისა და ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის გაერთიანებული ჯარები შეიჭრნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. ჰენრი VIII-მ ხანგრძლივი ალყის მიუხედავად, დაიპყრო ქალაქი ბულონი, ფილიპემ კი ესპანური ჯარებით აიღო სუასონი. ამის საპასუხოდ სიენასა და გენუაზე ფრანგების მოკავშირე ოსმალებმა შეტევები წამოიწყო, რამაც ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდამდე მიიყვანა, რის შედეგადაც 1546 წელს გაფორმდა კრესის ზავი. ამის მიხედვით სტატუს-კვო შენარჩუნდა და ფრანგებმა ოფიციალურად სცნეს ფილიპე მილანის ჰერცოგად.
1551 წელს საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის იტალიური მიწებისათვის ომი კვლავ განახლდა, თუმცა ამჯერად უკვე კარლ V-სა და მეფე ანრი II-ს შორის. ფრანგებმა ამჯერადაც სავოიას დაარტყეს და დაიკავეს პიემონტი. 1554 წელს ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფილიპე II ხდება და თავის ცოლთან, დედოფალ მერისთან ერთად ერთვება ომში. 1556 წლიდან, მას შემდეგ, რაც კარლი ტახტიდან გადადგა, ომი მხოლოდ ფილიპესა და ანრის შორის გაგრძელდა. მალევე ფრანგები შეიჭრნენ ჰაბსბურგების მოკავშირე ლოთარინგიაში, რომლის ჰერცოგსაც ცოლად ფილიპეს მამიდაშვილი, კრისტინა დანიელი ჰყავდათ. მათ დაიკავეს ლოთარინგიის სამი საგრაფო, დედაქალაქი და ტახტის მემკვიდრე ტყვედ აიყვანეს. 1557 წელს ფრანსუა დე გიზის თაოსნობით ფრანგებმა ნეაპოლიც დალაშქრეს. იმავდროულად, 1558 წელს ანრიმ ფილიპეს მოკავშირე ინგლისსაც დაარტყა და დაიპყრო ინგლისელთა უკანასკნელი კონტინენტური სიმაგრე, საპორტო ქალაქი კალე. ამის საპასუხოდ ფილიპემ საფრანგეთში ჩრდილოეთიდან დიდი ჯარები შეიყვანა, 10 აგვისტოს სენ-კატენის ბრძოლაში დაამარცხა მათი ჯარები და პარიზის აღებითაც დაიმუქრა, რის გამოც ფრანგები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ ნეაპოლში ლაშქრობა. ვინაიდან ამ დროს ომით ორივე მხარე გამოფიტული იყო და ფილიპეს ცოლი, დედოფალი მერიც გარდაიცვალა, დაიწყო მოლაპარაკებები. 1559 წელს დაიდო კატო-კამბრეზის ზავი, რომლის მიხედვითაც ესპანეთს შეუნარჩუნდა იტალიური სამფლობელოები, სავოია გათავისუფლდა ფრანგული ოკუპაციისაგან და ამასთან, ლოთარინგიის ტახტის მემკვიდრეც გაათავისუფლეს ტყვეობიდან.
1559 წლის 2-3 მაისს გაფორმებული კატო-კაბრეზის ზავის პირობების მიხედვით, ქვეყნებს შორის მშვიდობა უნდა გამყარებულიყო დინასტიური ქორწინებებით: ესპანეთის მეფე ფილიპე II ცოლად ირთავდა საფრანგეთის მეფე ანრი II-ის უფროს ქალიშვილს, პრინცესა ელიზაბეტს, ლოთარინგიის ჰერცოგი შარლ III ცოლად ირთავდა ანრის მეორე ქალიშვილს, პრინცესა კლაუდიას, ხოლო სავოიის ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო I იქორწინებდა ანრის დაზე, პრინცესა მარგარიტაზე. შარლისა და კლაუდიას შემდეგ, 1559 წლის 22 ივნისს პარიზში შედგა ფილიპესა და ელიზაბეტის ჯვრისწერაც, რასაც დიდი ზეიმი მოჰყვა. 30 ივნისს, მათ ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე ფილიპეს სიმამრი, მეფე ანრი მძიმედ დაშავდა და იმავე წლის 10 ივლისს გარდაიცვალა კიდეც, რამაც გააჭიანურა ესპანეთის მეფისა და მისი ახალი დედოფლის ქვეყანაში ჩასვლა.
აღსანიშნავია, რომ ელიზაბეტზე ქორწინების შემდეგ, ფილიპე ცოლის კავშირების გზით აქტიურად ცდილობდა საფრანგეთის საშინაო თუ საგარეო საქმეებში ჩარევას. იგი ელიზაბეტის შუამავლობით საფრანგეთის დედა-დედოფალ ეკატერინე მედიჩის გამუდმებით მოუწოდებდა იმისაკენ, რომ ჰუგენოტების მიმართ უფრო ხისტი და შეუმწყნარებელი პოლიტიკა გაეტარებინა. ცნობილია, რომ 1565 წელს დედოფალი ელიზაბეტი ქმრის დავალებით საფრანგეთში პირადადაც ჩავიდა და დედასთან პირადი აუდიენციაც ჰქონდა. რამდენადაც ცნობილია, ეკატერინემ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიჰყო ხელი საფრანგეთში ჰუგენოტების სასტიკ დევნას.
მას შემდეგ, რაც 1568 წელს ელიზაბეტი გარდაიცვალა, საფრანგეთთან ალიანსი ძლიერად შეირყა, ამიტომაც ეკატერინემ ფილიპეს თავის უმცროს ქალიშვილზე, მარგარიტაზე ქორწინება შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა, ფილიპე, რომელიც თავს კათოლიკობის დამცველად მოიაზრებდა, განაგრძობდა ყოფილი სიდედრის მოწოდებას ჰუგენოტების შევიწროვებისკენ. 1572 წელს ეკატერინეს მიერ მოწყობილი ბართლომეს ღამის მიზეზად, რომლის დროსაც ათასობით ჰუგენოტი მოკლეს პარიზში, სწორედ ფილიპეს მოწოდებები სახელდება. რამდენადაც ცნობილია, იმ დროს გასპარ დე კოლინის თაოსნობით ათასობით ჰუგენოტი შეიკრიბა საფრანგეთში, რათა შემდეგ ნიდერლანდებში გადასულიყვნენ და კათოლიკე ესპანელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ შევიწროვებულ კალვინისტ ჰოლანდიელებს. გადმოცემის თანახმად, ფილიპემ თავის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაიღიმა ― როდესაც ბართლომეს ღამის შესახებ ამცნეს.
იგი საფრანგეთის საქმეებში ჩარევას განაგრძობდა თავისი სიცოცხლის ბოლომდე. 1584 წელს მან ხელი მოაწერა ჟუანვილის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი თავის თავზე იღებდა კათოლიკური ლიგის დაფინანსების საქმეს, რომელსაც ანრი დე გიზი მეთაურობდა და რომლის მიზანსაც საფრანგეთში პროტესტანტობის აღმოფხვრა წარმოადგენდა. მოგვიანებით ამ ლიგის ჩამოყალიბებას საფრანგეთში კიდევ ერთი სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა, რომელმაც შეიწირა ჯერ ანრი დე გიზის, შემდეგ კი 1589 წელს მეფე ანრი III-ის სიცოცხლე, რომლის გარდაცვალებითაც შეწყდა ვალუას დინასტია. თავად ანრიმ ტახტი თავის სიძეს, ნავარის მეფე ანრი დე ბურბონს დაუტოვა, რომელიც კალვინისტი იყო. ეს ყველაფერი ფილიპემ დიდად გააპროტესტა და თავადაც გამოაცხადა საფრანგეტის ტახტზე პრეტენზია.
ვინაიდან ანრის ტახტი მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ განსვენებული მეფის დის ქმარი იყო, ფილიპე ფიქრობდა, რომ ასეთ სიტუაციაში ტახტი მას უფრო ეკუთვნოდა, რამეთუ ანრისგან განსხვავებით მას განსვენებული მეფის უფროსი და ჰყავდა ცოლად, რომელიც მართალია იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ისაბელ კლარა ეუხენიას სახით მემკვიდრე მაინც ჰყავდა დარჩენილი. ამგვარ პირობებში ფრანგი კათოლიკეები ფილიპეს მიემხრნენ, პროტესტანტები კი ანრის, თუმცა კათოლიკე პარიზელებმა ანრი დედაქალაქში არ შეუშვეს, შესაბამისად, ვერც გვირგვინი დაიდგა. 1590 წელს ანრი დე ბურბონმა ივრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა კათოლიკეები და პარიზის აღება სცადა, თუმცა ფილიპე II-მ პარიზელებს დიდძალი დახმარება გაუწიათ და ანრი პარიზთან დამარცხდა. 1592 წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, რუანის აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. 1593 წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში გენერალური შტატები მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ისაბელ კლარა ეუხენია იყო, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. 23 ივლისს ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან თავისი ცნობილი ფრაზით უპასუხა: „პარიზი ღირს მესად“. ამ ყველაფრის გამო ანრიმ კათოლიკეთა გულებიც მოიგო ახლა უკვე ოფიციალურად გახდა საფრანგეთის მეფეც, ისაბელს კი საფრანგეთის ტახტზე ასვლის ყველანაირი შანსი მოესპო.
მართალია საფრანგეთის ტახტისთვის ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ფილიპეს პრეტენზია ამით არ დასრულებულა. ბრეტონელები ანრის თავიანთ ჰერცოგად არ აღიარებდნენ და, რეალურად, დამოუკიდებელი ბრეტანის უკანასკნელი მონარქის, ანუ ანა ბრეტონელის პირველი მემკვიდრე სწორედ ფილიპეს ქალიშვილი, ისაბელ კლარა ეუხენია იყო, რადგანაც იგი იყო ანას უფროსი ქალიშვილის უფროსი ძის უფროსი ქალიშვილის პირველი შვილი. ამრიგად, მერკორის ჰერცოგი და სხვა ბრეტონელი დიდებულები მის კანდიდატურასა და საფრანგეთისაგან გამოყოფის იდეას ემხრობოდნენ, რის გამოც ომი გაგრძელდა. 1592 წელს ფილიპემ ხუან დე ანგუილას მეთაურობით ესპანური ჯარები გაუშვა ბრეტანში, სადაც ანრი IV-მ ისინი კრაონის ბრძოლაში დაამარცხა. ამის შემდეგ ესპანელები ბრესტში შეიკეტნენ და დიდ ხანს უწევდნენ წინააღმდეგობას ანრის ჯარებს, თუმცა 1594 წლის 7 ნოემბერს ქალაქი დაეცა და ფილიპეს ესპანელი ჯარისკაცებიდან მხოლოდ 13 გადარჩა და დაბრუნდა სამშობლოში. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა ანრი ბრეტანის ჰერცოგადაც ეცნო.
ბალკანეთში ოსმალეთის გავლენების ზრდის ფონზე, ფილიპეს ყოველთვის ეშინოდა, რომ მუსლიმები ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდებოდნენ. უკვე 1558 წელს ოსმალმა ადმირალმა ფიაილე ფაშამ შეუტია ესპანეთის მფლობელობაში მყოფ ბალეარის კუნძულებს და დიდი ზარალი მიაყენა ქალაქ მენორკას. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფილიპემ რომის პაპთან და იტალიელ დიდგვაროვნებთან მოლაპარაკებები საღვთო ლიგის ჩამოყალიბებასა და ოსმალების გავლენების შემცირებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან ფილიპეს მამა, კარლი, ოსმალთა სულთნ სულეიმან I-ის მოსისხლე მტერი იყო, სულეიმანი ფილიპესაც ასე აღიქვამდა. ფილიპემ სპეციალურად ოსმალების დასამარცხებლად და ევროპული მიწებიდან გასადევნად შეიქმნა საღვთო ლიგა რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ: ესპანეთი, ვენეცია, რომის პაპი, მალტა, გენუა, ტოსკანა, სავოია, ურბინო და პარმა. 1560 წელს საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის მოხდა ჯერბას ბრძოლა რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. ოსმალეთის იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა.
1566 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანი, ტახტზე კი მისი ვაჟი სელიმ II ადის. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა განაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები ჰაბსბურგებთან. 1568 წელს დადებული ადრიანოპოლის ხელშეკრულების შედეგად, დასრულდა 1566 წელს სიგეტვარის ბრძოლით დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30 000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. ვინაიდან საღვთო რომის იმპერიას ფილიპეს და და სიძე მართავდნენ, ფილიპეს არ მოეწონა დის მმართველობის შერყევა და ამიტომაც ახალი საბრძოლო გეგმის დასახვა დაიწყეს. მალევე ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა მოლდოვეთი და ვლახეთი. 1569 წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა.
1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571 წლის 7 ოქტომბერს ლეპანტოდან 60 კმ-ის დაშორებით. ოსმალთა ფლოტმა შეუტია მოკავშირეთა ფლოტს; მაგრამ გალერების ფრონტის წინ წაწეულმა ვენეციის ექვსმა გალეასმა არტილერიული ცეცხლით დაარღვია ოსმალთა ფლოტის (არტილერია არ გააჩნდათ) საბრძოლო წყობა. მაშინ ოსმალეთის გალერები მოწინააღმდეგის პირველი ხაზის გალერების აბორდაჟზე გადავიდნენ. ხომალდებზე ორივე მხრიდან იყო 25-25 ათასი კაცი (მეზღვაურთა გარდა). გაიმარჯვეს გაერთიანებული ფლოტის ჯარისკაცებმა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა, მათ დაკარგეს 224 ხომალდი, ხოლო მოკავშირეებმა – 15 გალერა. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა ააგეს ახალი ფლოტი და ომი წარმატებით დაამთავრეს. 1573 წლის საზავო ხელშეკრულებით ვენეციამ ოსმალეთს კ. კვიპროსი დაუთმო. თუმცა ესპანეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატიით გამოსწორდა. ფილიპეს ამ დროს ფლანდრიაში გაუმწვავდა ურთიერთობები, ამასთან, დაინახა რომ ოსმალებმა სპარსეთთან ომი დაიწყო და ევროპისთვის აღარ ეცალა, ამიტომაც ფილიპემ და სელიმმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.
ფილიპესა და ინგლისის დედოფალ მერი I ტიუდორის ქორწინება იმპერატორ კარლ V-ის მიერ იყო მოწყობილი, რომელსაც მერი ღვიძლ დეიდაშვილად ერგებოდა. ქორწინება 1554 წლის 25 ივლისს, მათი პირველი შეხვედრიდან ორ დღეში შედგა. ცნობილია, რომ ამ ქორწინებას ფილიპე თავიდანვე ისე უყურებდა, როგორც წმინდა პოლიტიკურ საქმეს. ამის გამო ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წევრებმა მერის თხოვნით მიმართეს, რომ ესპანეთის პრინცის ნაცვლად რომელიმე ინგლისელ დიდებულზე ექორწინა და თავიანთ ვარიანტად ედუარდ კორტნიც შესთავაზეს, მაგრამ ამაოდ.
საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჯვრისწერის შემდეგ ფილიპე მერის თანამმართველი და შესაბამისად, ინგლისისა და ირლანდიის მეფე გახდა, ინგლისური სიმბოლოები დაიტანეს მის გერბზე და მისცეს შესაბამისი წოდებაც. კონტრაქტის მიხედვით, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა მხოლოდ მანამ, სანამ მერი ცოცხალი იყო. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ გამოცემულ ყველა ინგლისურ საპარლამენტო აქტზე ფიქსირდება მათი ერთობლივი ხელმოწერა და ინგლისურ მონეტებზე გამოსახული იყო ორივე მათგანის სახე. აღსანიშნავია, რომ საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ინგლისს არ ეკისრებოდა იმის ვალდებულება, რომ მისი სურვილისა და ინტერესების წინააღმდეგ ომში დახმარებოდა ჰაბსბურგებს. ვინაიდან ფილიპემ არ იცოდა ინგლისური ენა და არც სურვილი ჰქონია მისი შესწავლისა, გამოიცა სამეფო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდის ინგლისში ყველა ოფიციალური დოკუმენტი ლათინურად და ესპანურად გამოიცემოდა, რათა მეფეს მათი წაკითხვა შესძლებოდა.
ქორწინების შემდეგ, ფილიპე ავტომატურად გახდა ინგლისის მეფე, თუმცა პრობლემას წარმოადგენდა „ირლანდიის მეფის“ წოდება. მართალია 1542 წელს ჰენრი VIII-მ ირლანდია სამეფოდ გადააკეთა და შემოიღო მისი მეფის წოდება, მაგრამ ვინაიდან ეს მისი კათოლიკური ეკლესიისაგან გამოყოფის შემდეგ მოხდა, კათოლიკურმა სამყარომ ეს არ სცნო. ამის გამო, 1555 წელს რომის პაპმა პავლე IV-მ ჰაბსბურგებთან დაახლოვების მიზნით სცნო ირლანდიის სამეფოს შექმნა და ფილიპე და მერი მის მეფე-დედოფლად აღიარა. აღსანიშნავია, რომ იმავდროულად, მერის ფილიპეს სამფლობელოებში, ანუ ესპანეთში, ნიდერლანდებსა და იტალიაში არ ჰქონია ქმრის თანასწორი ძალაუფლება და იგი მხოლოდ კონსორტი დედოფლის წოდებას ატარებდა.
ოთხწლიან ქორწინებაში წყვილს შვილი საერთოდ არ ჰყოლია, თუმცა ამ პერიოდში ისინი გამალებით ცდილობდნენ ინგლისის ისევ კათოლიკური ეკლესიისათვის დაბრუნებას. 1558 წელს მერი გარდაიცვალა და, შეთანხმების მიხედვით, ფილიპეს ჩამოერთვა ინგლისისა და ირლანდიის მეფის წოდება.
მერის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მის ნახევარ-დას, დედოფალ ელისაბედ I-ს დარჩა. ფილიპეს არ სურდა ინგლისთან კავშირის გაწყვეტა, ამიტომაც ელისაბედს ქორწინება შესთავაზა, თუმცა მან პასუხი მეტისმეტად დააგვიანა, რა დროსაც ფილიპემ ახალი საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო ელიზაბეტ დე ვალუასთან, რის გამოც ელისაბედმა მას უარი უთხრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისაბედი ჰენრი VIII-ს თავისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბოლეინისაგან ჰყავდა, რომელიც პირველ ცოლთან, დედოფალ კატალინა არაგონელთან განქორწინების შემდეგ შეირთო. მათ ქორწინებას კათოლიკური სამყარო არ აღიარებდა, რაც ელისაბედს უკანონო შვილად და ტახტისათვის შეუფერებლად აქცევდა. ამგვარ პირობებში ტახტის მემკვიდრე ჰენრი VII-ის შვილთაშვილი, შოტლანდიის დედოფალი მერი I სტიუარტი ხდებოდა, რომლის პრეტენზიასაც მხარს უჭერდნენ კათოლიკეები და მათ შორის ფილიპეც. მისი მერისადმი მხარდაჭერა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ 1560-1563 წლებში ფილიპე საქორწინო მოლაპარაკებებს აწარმოებდა დაქვრივებული მერისა და თავისი ძის, დონ კარლოსის დასაქორწინებლად, თუმცა ამაოდ, რამეთუ მერიმ არ ისურვა მენტალურად არასტაბილურ კარლოსზე დაქორწინება.
მრავალი წლის განმავლობაში ფილიპე ინგლისთან მშვიდობას ინარჩუნებდა და მეტიც, ელისაბედს პაპის მხრიდან განკვეთისგანაც იცავდა. ეს ყველაფერი მიმართული იყო ევროპელ მონარქებს შორის ძალათა თანაფარდობის შენარჩუნებისაკენ. ფილიპე ელისაბედის წინააღმდეგ მხოლოდ მას შემდეგ განეწყო, რაც ამ უკანასკნელმა კათოლიკური ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებული ჰოლანდიელების დახმარება დაიწყო. ამას დაერთო ისიც, რომ დედოფლის დავალებით ინგლისელი მეკობრეები გამუდმებით ძარცვავდნენ ამერიკიდან მიმავალ ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს. ინგლისელი მეკობრეები საბოლოოდ იქამდეც მივიდნენ, რომ ესპანეთის საპორტო ქალაქს დაესხნენ თავს, რაც ფილიპესათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და 1585 წელს ელისაბედს ომი გამოუცხადა.
1587 წლის 8 თებერვალს, ელისაბედის მიერ დედოფალ მერი სტიუარტის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ფილიპეს იმედებს, რომ ინგლისის ტახტზე კათოლიკე მონარს იხილავდა, წერტილი დაესვა. კათოლიკე მონარქის სიცოცხლის ხელყოფა ფილიპემ სრულიად კათოლიკური სამყაროს შეურაცხყოფად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ აღარ დალოდებოდა ელისაბედის გარდაცვალებას და ძალისმიერი მეთოდებით ინგლისში თავად დაესვა კათოლიკე მონარქი და ასე დაებრუნებინა ეს ქვეყანა „ჭეშმარიტ რწმენაზე“.
ამრიგად, 1588 წელს ფილიპემ ინგლისის დასაპყრობად და ელისაბედის დასამხობად გააგზავნა უზარმაზარი ფლოტი, ე.წ. „უძლეველი არმადა“, რომელსაც სათავეში თავისი დისწული, პარმის ჰერცოგი ალესანდრო ფარნეზე ჩაუყენა. ფლოტი იმდენად დიდი იყო, რომ გადაადგილებისას უამრავი შეფერხება ჰქონდა, რის გამოც მას წარმატების შანსები თავიდანვე მცირე ჰქონდა. ამასთან, ფლოტს ორი მეთაური ჰყავდა: ფილიპე და ალესანდრო, რომელთაც ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირდათ მანძილის გამო, რაც კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება იყო. ჯერ კიდევ გზაში, სანამ ინგლისის სანაპიროებს მიაღწევდნენ, არმადას თავს საშინელი შტორმი დაატყდა, რამაც მისი დიდი ნაწილი გაანადგურა. ამასთან, ელისაბედმაც გაუშვა ზღვაში სამეფო ფლოტილია, თუმცა მათ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ერთი ესპანური გემის ჩაძირვა მოახერხეს. ამის მიუხედავად, გაუარესებული ამინდის გამო, რომელიც არმადის გემების ჩაძირვას განაგრძობდა, ესპანელები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. ამასთან, ინგლისურმა ფლოტმა წარმატებას მიაღწია გრანევილის ბრძოლაში და ესპანელებს არ მისცეს კუნძულზე გადასხდომის საშუალება. ამრიგად, ამინდისა და მცირე ტექნიკური გამარჯვებების შედეგად, ინგლისელებმა მოახერხეს ესპანელების დამარცხება და მათი ქვეყანაში შეჭრის თავიდან არიდება. სულ ერთკვირიან ბრძოლაში ესპანელებმა 100,000 ყუმბარა დახარჯეს და ვერცერთი ინგლისური გემის სერიოზულად დაზიანება ვერ მოახერხეს.
ესპანური არმადის მარცხმა ევროპაში პროტესტანტები ერთობ შეაგულიანა. ის ფაქტი, რომ არმადის დიდი ნაწილი ქარიშხალმა ჩაძირა, ევროპელებმა ღვთიურ ნიშნად მიიჩნიეს. უამრავი ესპანელი კი ამ წარუმატებლობას თავად ადმირალს აბრალებდა. ამასთან, ფილიპეს მოუწოდებდნენ, რომ საომრად გალერები გაეშვა, რომლებიც უფრო მცირე ზომისა და მოხერხებულები არიან, თუმცა მან მაინც გემები გააგზავნა. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ფილიპემ აღნიშნა:
„შეუძლებელია და, ფაქტობრივად, მისი გმობაა ღვთის ნების ცოდნა. მეფეებიც კი, უნდა დაემორჩილონ მის ნებას ისე, რომ არ იცოდნენ რა არის ეს. მათ არასოდეს უნდა ეძიონ მისი გამოყენების გზები.“ |
ფილიპეს მხრიდან მარცხში საკუთარი წვლილის აღიარებად შეიძლება ჩაითვლოს ის ფაქტი, რომ მან პირადად მოინახულა არმადის დაშავებული მებრძოლები, მისი სახსრებით მკურნალობდნენ მათ და ყველას, ვინც იქ იბრძოდა, სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაენიშნა. ამასთან, მან გარდაცვლილთა ოჯახებს დიდი ფინანსური კომპენსაცია გაუწია და პენსიებიც დაუნიშნათ, ასეთი ქმედება კი იმდროინდელ მონარქებში არც ისე ხშირი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში ესპანელების შეჭრა თავიდან აიცილეს, ინგლისელებმა წარმატება ჯეროვნად ვერ გამოიყენეს. მომდევნო წელს მათ სცადეს ატლანტის ოკეანეზე გაბატონება, თუმცა ესპანელებმა მათ 40 გემი ჩაუძირეს, რასაც ინგლისელთა მხარეს 15,000 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ესპანეთმა მალევე აღადგინა საზღვაო ფლოტი და მოიგერია ინგლისელთა რამდენიმე შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ხმელთაშუა ზღვაში ესპანური კუნძულების მიტაცებას. საპასუხოდ ჰაბსბურგებმა დაარტყეს ინგლისის პორტ დანკირკერზს და ინგლის-ჰოლანდიის საზღვაო-სავაჭრო გზა ჩაკეტეს.
1596 წლის ოქტომბერში და 1597 წლის ოქტომბერში ფილიპემ ინგლისისაკენ კიდევ ორი არმადა გაუშვა. 1596 წლის არმადა კვლავ შტორმმა გაანადგურა, ჯერ კიდევ ჩრდილოეთ ესპანეთის სანაპიროებთან. ამ დროს 126 გემიდან 72 ჩაიძირა და დაიღუპა 3,000 ადამიანი. 1597 წელს გაშვებულმა არმადამ მიაღწია ინგლისურ სანაპიროებამდე, თუმცა ისიც უამინდობამ იმსხვერპლა. ინგლის-ესპანეთის ომი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც ფილიპეც (1598) და ელისაბედიც (1603) გარდაიცვალნენ. ომი საბოლოოდ მხოლოდ 1604 წელს დასრულდა, თუმცა მანამდე ფილიპე აქტიურად ეხმარებოდა კათოლიკე ირლანდიელებს აჯანყებებში და ასე ცდილობდა არეულობის შეტანას ელისაბედის სამფლობელოებში. იმავდროულად, ელისაბედი მთელი ცხოვრება აფინანსებდა ნიდერლანდელ კალვინისტ ამბოხებულებს.
ღრმადმორწმუნე კათოლიკე ფილიპეს ხისტ და შეუმწყნარებელ პოლიტიკას ნიდერლანდების ჩვიდმეტ პროვინციაში მრავალი სირთულე მოჰყვა, რაც 1568 წელს ომის დაწყებით დაგვირგვინდა. ჯერ კიდევ 1559 წელს ფილიპემ ნიდერლანდების შტატჰალტერად თავისი ნახევარ-და, მარგარეტ ავსტრიელი დანიშნა. ამით მან თანამდებობიდან მოხსნა კარდინალი გრანველი, რომელიც ნიდერლანდელებში დიდად არ მოსწონდათ. ჩვიდმეტ პროვინციაში უკმაყოფილება ორი დიდი მიზეზის გამო იზრდებოდა: 1. ესპანელების მიერ დაწესებული მაღალი და მზარდი გადასახადებისა და 2. პროტესტანტების უწყვეტი და საშინელი დევნის გამო. 1566 წელს პროტესტანტმა მქადაგებლებმა ანკლერისტული ბუნტი მოაწყვეს, რაც ისტორიაში ცნობილია, როგორც „ხატმებრძოლთა რისხვა“. პროტესტანტების მზარდი გავლენის შესაჩერებლად ფილიპემ ნიდერლანდებში რკინის ჰერცოგად წოდებული ალბას ჰერცოგი, ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო მიავლინა, რომელმაც დიდი ჯარებით დაიწყო საპასუხო შეტევები. 1568 წელს ალბამ ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე ორი ყველაზე გავლენიანი კალვინისტი: ფილიპ დე მონმორანსი და ეგმონტის გრაფი ლამორალი სიკვდილით დასაჯა, რამაც ადგილობრივი არისტოკრატიის გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ ალბას ჯარებმა მეხელენში, ნაარდენში, ზუტპენიასა და ჰარლემში მშვიდობიანი კალვინისტები გაწყვიტა. მალევე ალბამ ანტვერპენის ცენტრში აღმართა დიდი ბრინჯაოს ქანდაკება, სადაც ამბოხებული ნიდერლანდელები მისი ცხენის ჩლიქებს ქვეშ ყვებოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობაში ამან იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება აღძრა, რომ ფილიპეს ბრძანებით ქანდაკება მალევე აიღეს.
1572 წელს გამოჩენილი ჰოლანდიელი და გაძევებული არისტოკრატი, ვილემ ორანელი, კალვინისტების დიდი არმიით შეიჭრა ნიდერლანდებში და მოახერხა ორი პროვინციის: ჰოლანდიისა და ზელანდიის დაკავება. 1573 წელს ალკმარის ბრძოლაში ვილემმა დაამარცხა ალბას ესპანური არმია, რის გამოც ფილიპემ იგი უკან გაიწვია და მის ნაცვლად ლუის დე რეკესენსი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ალბა ამაყობდა იმით, რომ თავისი შტატჰალტერობის პერიოდში მან სიკვდილით დასაჯა 18,600 ნიდერლანდელი, რომელთაგან უმეტესობა ცოცხლად დაწვეს, მათი უმრავლესობა კი ქალი და ბავშვი იყო. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტი იყო მისი მსხვერპლების რაოდენობა ომების დროს. 8,000 ადამიანი დაწვეს ან ჩამოახრჩეს ერთ წელიწადში, ალბას ფლამანდიელ მსხვერპლთა რაოდენობა კი 50,000-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ მას არც რეკესენსი ჩამოუვარდებოდა, რომელმაც 1574 წელს ამოხოცა 86,000 ფლამანდიელი და იმავე წლის 14 აპრილს გაანადგურა ლუდვიგ ნასაუელის დაქირავებული გერმანული არმია.
ახალ სამყაროში წარმოშობილმა გართულებებმა, ინგლისელთა მხრიდან ესპანური გემების ძარცვამ და ხაზინის დაცარიელებამ ფილიპეს ხელი შეუშალა ჯარისკაცებისათვის ჯამაგირის გადახდაში. ამას 1576 წელს მოჰყვა ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ესპანელი ჯარისკაცების ამბოხება ანტვერპენში, რაც „ესპანური რისხვის“ სახელითაა ცნობილი. ამ დროს ჯარისკაცები ქუჩაში უმიზნოდ ისროდნენ, 1000-ზე მეტი სახლი გადაწვეს და 6,000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. სიტუაციის გამოსასწორებლად ფილიპემ ამჯერად თავისი დისწული, პარმის ჰერცოგი ალესანდრო ფარნეზე გააგზავნა ნიდერლანდებში. 1578 წელს ფილიპემ იგი შტატჰალტერადაც დანიშნა. იმავე წელს ფარნეზემ გემბლუსის ბრძოლაში დაამარცხა აჯანყებულები და დაიბრუნა შემდეგი ქალაქები: მაასტრიხტი (1579), ტურნაი (1581), ოუდენაარდი (1582), დანკირკი (1583), ბრიუგე (1584), გენტი (1584) და ანტვერპენი (1585).
1579 წელს ჩრდილოეთ ნიდერლანდების პროვინციების მმართველები გაერთიანდნენ უტრეხტის კავშირში და მიიღეს ე.წ. „აკრძალვის აქტი“, რომლის მიხედვითაც, ისინი ფილიპე II-ს თავიანთ მეფედ აღარ სცნობდნენ. შედეგად, ფილიპეს თავიანთ სუვერენად მხოლოდ სამხრეთი ნიდერლანდები[3] და ლუქსემბურგი სცნობდნენ. ამის გამო ფილიპემ 25,000 კრონა დააწესა ჯილდოდ იმისთვის, ვინც ვილემ ორანელს მოკლავდა. 1584 წელს ვილემი ბალთაზარ ჟერარდმა მოკლა და ჯილდოც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფილიპემ ვილემს უწოდა „მავლენებელი მთელი ქრისტიანობისა და მტერი კაცობრიობისა“. ნიდერლანდელებმა ბრძოლა ვილემის ვაჟის, მორიც ორანელის თაოსნობით განაგრძეს. 1585 წელს მორიცმა დახმარება მიიღო ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ისგან. მზარდი და ძლიერი ეკონომიკის გამო ნიდერლანდელებმა მალევე მოიპოვეს ესპანელებზე უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ამ ომის დასრულებას არა თავად ფილიპე, არამედ მისი ვაჟიც ვერ მოესწრო. იგი მხოლოდ 1648 წელს დასრულდა, როდესაც ფილიპე IV-მ სცნო ჩრდილოეთ ნიდერლანდების დამოუკიდებლობა, ხოლო სამხრეთი ესპანეთის მფლობელობაში დარჩა.
მამის მსგავსად, მეზობელ პორტუგალისთან ფილიპე ყოველთვის მეგობრულ პოლიტიკას ატარებდა. ამას განაპირობებდა მისი და პორტუგალიის სამეფო ოჯახის ახლო ნათესაური კავშირიც: თავად დედამისი პორტუგალიის ინფანტა იყო, მამიდამისი პორტუგალიის დედოფალი იყო, ბიძა კი მეფე, ასევე პორტუგალიის ინფანტა იყო მისი პირველი ცოლი და პორტუგალიაში იყო გათხოვილი მისი დაც, მეფე სებასტიანს კი იგი ბიძად ერგებოდა. მას შემდეგ, რაც 1578 წელს მისი დისწული, პორტუგალიის მეფე სებასტიან I უშვილოდ გარდაიცვალა, შეიქმნა მემკვიდრის კრიზისი. მის შემდეგ ტახტი სებასტიანის მამის ბიძამ, მეფე ენრიკემ დაიკავა, თუმცა იგი დაუქორწინებელი, უშვილო და უკვე ხანში შესული კაცი იყო, ამიტომაც ეს კრიზისს ვერ აგვარებდა. ამგვარ ვითარებაში დასახელდა პორტუგალიის ტახტის სამი სავარაუდო მემკვიდრე, სამივე მათგანი მეფე მანუელ I-ის შვილიშვილი იყო: ბრაგანსის ჰერცოგინია კატარინა ავისი, კასტროს ჰერცოგი ანტონიუ ავისი და ესპანეთის მეფე ფილიპე II. პორტუგალიის მრავალ ქალაქსა და რეგიონში ანტონიუ მეფედ მალევე აღიარეს, მაგრამ ვითარებას ის ართულებდა, რომ სამეფო საბჭო და პორტუგალიელი დიდებულები ფილიპეს კანდიდატურას უჭერდნენ მხარს. 1580 წელს, ენრიკეს გარდაცვალების შემდეგ, მათ დატოვეს პორტუგალია, ჩავიდნენ ესპანეთში და ფილიპე თავიანთ მეფედ გამოაცხადეს, თუმცა ამავდროულად ანტონიუმ თავი პორტუგალიის მეფედ გამოაცხადა.
ტახტის დასაკავებლად ფილიპე II დიდი ჯარებით დაიძრა პორტუგალიისაკენ. მან ალკანტარას ბრძოლაში დაამარცხა ანტონიუს ძალები. პორტუგალიელთა მხარეს მოკლეს, დაჭრეს, ან ტყვედ აიყვანეს 4,000-მდე ჯარისკაცი, რა დროსაც ესპანელებმა მხოლოდ 500 კაცი დაკარგეს. ალბას ჰერცოგ ფერნანდო ალვარეს დე ტოლედოს მეთაურობით, ფილიპეს ჩასვლამდე ესპანელებმა აიღეს ლისაბონი და იგი მისი შესვლისათვის მოამზადეს. 1580 წლის სექტემბერში ფილიპემ პორტუგალიის ტახტი დაიკავა, 1581 წელს კი იგი მის მეფედ ეკურთხა ფილიპე I-ის სახელით. ამის შემდეგ ესპანეთის კონტროლქვეშ შევიდა პორტუგალიის უზარმაზარი იმპერია, რითაც შეიქმნა იბერიის უნია, სათავეში „ფილიპინების დინასტიით“, რომელიც სამოცი წელი მართავდა ამ უნიას. 1583 წელს ფილიპე კვლავ მადრიდში დაბრუნდა, ლისაბონში კი თავისი დისწული, ერცჰერცოგი ალბერტ ავსტრიელი დატოვა. მადრიდში მან ჩამოაყალიბა პორტუგალიის სამეფო საბჭო, რომელიც მას იქ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ამყოფებდა. ამასთან, ფილიპემ პორტუგალიას ავტონომიური კანონმდებლობის, ვალუტისა და მთავრობის შენარჩუნების ნება მისცა.
ფილიპე მთელი თავისი მმართველობის პერიოდში წყნარ ოკეანე საზღვაო ძალებისათვის დახურულ წყლებად ჰქონდა ქცეული. ვინაიდან იმ პერიოდში ატლანტიდან წყნარ ოკეანეში გასასვლელ ერთადერთ გზად მაგელანის სრუტე მიიჩნეოდა, რომელის ესპანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, იქ გამუდმებით პატრულირებდნენ ესპანური ხომალდები, რომლებიც უცხოურ გემებს მასზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მაგელანის სრუტის მიმდებარე ტერიტორიების უკეთ შესასწავლად ესპანელმა მეფისნაცვალმა ფრანსისკო დე ტოლედომ გასცა ბრძანება, რომ სრუტის გარშემო დასახლებული პუნქტები აღმოეჩინა.
1584 წელს პედრო სარმიენტო დე გამბოამ მისი ბრძანებით სრუტის მიმდებარედ დააარსა ორი ქალაქი: ნომბრე-დე-ხესუსი და სიუდად-დე-რეი-დონ-ფელიპე. ცნობილია ისიც, რომ ამ დასახლებებში ჩასული ადამიანების უმეტესობამ ვერ გადაიტანა პირველი ზამთარი, რასაც „პორტის შიმშილობა“ ეწოდა. 1587 წელს, როდესაც სერ ტომას კავენდიში იმ ადგილების შესასწავლად მივიდა, სიუდად-დე-რეი-დონ-ფელიპეს ადგილას მხოლოდ ნასახლარებიღა აღმოაჩინა, რამეთუ მოსახლეობა შიმშილისგან მთლიანად გაწყდა. სწორედ მან უწოდა ამ მოვლენას „პორტის შიმშილობა“.
მაგელანის სრუტის კოლონიზაციის საქმეში ესპანეთის წარუმატებლობამ განაპირობა ის, რომ ესპანელებს გაუჭირდათ ჩილოეს არქიპელაგისა და დასავლეთ პატაგონიის დაცვა უცხოელთა შემოჭრებისგან. ცნობილია, რომ ფილიპემ პატაგონიის დასაცავად ჩილოესა და ვალდივიაში დესანტები გადასხა.
ფილიპეს მემკვიდრეობით ერგო უზარმაზარი კოლონიები ამერიკის კონტინენტზე. მაშინდელი ესპანეთი ეკონტროლებდა თანამედროვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, მაგრამ სამხრეთ ამერიკის კოლონიზაციაში ესპანეთის საშინელი მეტოქე იყო, მისივე მეზობელი პორტუგალია რომელიც ასევე ფლობდა უზარმაზარ კოლონიებს (თუმცა პორტუგალიის კოლონიები ესპანეთისასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა). ფილიპემ ააგო უდიდესი სამოგზაურო და სამხედრო ხომალდები და მიგელ დე ლოპეს ლეგასპის მეთაურობით დაიწყო ახალი ექსპედიციები, რომლებიც მიზად ისახავდა ახალი ტერიტორიების აღმოჩენას და მათ ესპანეთის დავემდებარებაში გადაყვანას. ექსპედიცია 1565 წელს დაიწყო და დამთავრდა 1571 წელს. ამ დროს საგრძნობლად გაიზარდა ესპანეთის ტერიტორიები, აღმოაჩინეს და ესპანეთს დაუქვემდებარეს აზიაში მდებარე ფილიპინების კუნძულები, იქ ააგეს უზარმაზარი ქალაქები, როგორებიცაა მანილა, კებუ, ლეგასპი და ასე შემდეგ.
ფილიპინების სრული დაპყრობის შემდეგ ესპანელემბა მზერა კვლავ ამერიკისაკენ მიმართეს. 1565 წელს ფილიპეს ბრძანებით ესპანელებმა მოახდინეს ფლორიდის ნახევარკუნძულის სრული კოლონიზაცია. ამავე წელს მექსიკაში ფილიპემ გაზარდა კოლონიები და დააარსა ახალი ქალაქი, აკაპულკო.
1565 წელს ფრანგები სასტიკად დაამარცხეს ფლორიდის სანაპიროებთან. ფილიპემ უსაფრთხოების მიზნით ფლორიდაში დააარსა ქალაქი ავგუსტინი, სადაც მან ჩააყენა 5000 კაციანი არმია რომლებსაც უნდა ეზრუნათ ფლორიდის უკეთ ათვისებაზე. ასევე გაზარდეს კოლონიები მექსიკის მახლობლადაც საიდანაც ესპანელებმა აურაცხელი ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი თვლები წაიღეს ესპანეთში. მალევე ფილიპე აარსებს კიდევ ერთ ახალ არგენტინის კოლონიას სამხრეთ ამერიკაში. მის ცენტრალურ ქალაქად კი ბუენოს-აირესი ცხადდება. გარდა ამისა ფილიპემ 5000 ჯარისკაცი გააგზავნა ჩინეთის წინააღმდეგ, ესპანელებმა დაიპყრეს სამხრეთ ჩინური ქალაქი მაკაუ, ასევე ესპანელები აფრიკაში იპყრობენ რამდენიმე კუნძულს და მასზე ესპანურ ქალაქებსა და სოფლებს აშენებენ.
ფილიპეს მმართველობისას ესპანეთის ფართობი ერთიორად გაიზარდა, მაგრამ ახალი ტერიტორიების დაპყრობა მხოლოდ გაფართოების მიზნით არ სურდა ფილიპეს. იგი იქ ავრცელებდა ესპანურ ენას, კათოლიკურ სარწმუნოებასა და ესპანურ წესჩვეულებებს. დღემდე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ესპანურად მეტყველებს და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, ასევე კათოლიკურია ფილიპინებიც რომელის გაქრისტიანებასაც ფილიპეს დაპყრობებმა ჩაუყარა საფუძველი. ესპანელებმა ინდიელებისაგან აითვისეს თამბაქოს მოხმარება, როგორც მათ ინდიელებმა ასწავლეს თამბაქოს მოწევის შედეგად ნებისმიერი ტკივილი ყუჩდებოდა, ამიტომაც თამბაქო ესპანეთში მალევე გავრცელდა ესპანეთიდან საფრანგეთში გავრცელდა, საფრანგეთიდან კი სხვა სახელმწიფოებს. ასევე ახალი მიწებიდან გამოჰქონდათ არნახული სიმდიდრე და მონები.
მსგავსად რენესანსის ეპოქაში მოღვაწე სხვა მონარქებისა, ფილიპეც დიდად მფარველობდა ესპანეთსა და მის სამფლობელოებში ხელოვნებას. იგი პატრონობდა და მისი სამეფო კარის მხატვრები იყვნენ: ანტონიო მორო, სოფონისბა ანგისოლა, ტიციანი, პაოლო ვერონეზე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სოფონისბა ანგისოლა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი მხატვარი იყო, რომელიც ფილიპემ თავისი მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტის შუამავლობით აღმოაჩინა და შემდეგ სიცოცხლის ბოლომდეც მფარველობდა მას. ასევე მისი მმართველობის პერიოდში ცხოვრობდა და დაიწყო მოღვაწეობა ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ესპანელმა მწერალმა ― მიგელ დე სერვანტესმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1557 წელს ფილიპემ ფლანდრიაში ფრანგების დამარცხების აღსანიშნავად გადაწყვიტა აეშენებინა სასახლე-მონასტერი, სადაც ასევე განისვენებდა ესპანეთის ყველა მონარქი, რომელსაც შემდეგში ესკორიალი ეწოდა. მშენებლობა1563 წელს დაიწყო და იგი 21 წელს გაიწელა, მისი მთავარი არქიტექტორი კი თავად მიქელანჯელოს ნამოწაფარი ხუან ბაუტისტა დე ტოლედო იყო. მშენებლობა 1584 წელს დასრულდა და ფილიპემ მოახერხა განეხორციელებინა თავისი ოცნება: ესკორიალის ესპანეთის მონარქთა პანთეონად და სასახლედ ქცევა. დღეისათვის ესპანეთის გარდაცვლილი მეფეები, დედოფლები, ინფანტები და ტახტის მემკვიდრეები სწორედ აქ განისვენებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა საკუთრივ ესკორიალისა, რომელიც ესპანური მონარქიის სიმბოლოდ იქცა, ფილიპეს სახელს არაერთი სასახლის მშენებლობა და ეკლესია-მონასტრის რესტავრაცია მიეწება.
სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაშიც კი, ფილიპე პოლიტიკურად აქტიური მონარქი იყო. იგი ბოლომდე იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ და ცდილობდა ნიდერლანდებში დაკარგული ძალაუფლების აღდგენას. 1595 წელს ფილიპემ პორტუგალიიდან დააბრუნა თავისი ერთგული დისწული, ალბერტ ავსტრიელი, რომელიც რამდენიმე წელიწადში, თავის გარდაცვალებამდე სულ ოთხი თვით ადრე, 1598 წლის 6 მაისს თავის უფროს ქალიშვილ ისაბელ კლარა ეუხენიაზე დააქორწინა. ფილიპეს ანდერძის თანახმად მთელი ნიდერლანდები მისი დაღუპვის შემდეგ სწორედ მათ უნდა დარჩენოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე ხვდებოდა, ნიდერლანდელები არ შეეგუებოდნენ ესპანელების ბატონობას, ისაბელისა და ალბერტის სახით კი მათ თავიანთი მთავრობა ეყოლებოდათ, რომლის სათავეშიც მაინც ჰაბსბურგები იქნებოდნენ.
1597 წლიდან ფილიპეს ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. მისთვის განსაკუთრებულად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისი საყვარელი ქალიშვილის, სავოიის ჰერცოგინია კატალინა მიკაელას გარდაცვალება, რომელიც 1597 წლის 6 ნოემბერს, 30 წლისა გადაჰყვა მშობიარობას. მალევე მსგავსად მისი მეორე ცოლისა, ფილიპესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რითაც იგი მალევე, 1598 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისსავე აგებულ ესკორიალის სასახლეში მისი სამი ცოლის: მარია პორტუგალიელის, ელიზაბეტ დე ვალუასა და ანა ავსტრიელის და ასევე უფროსი ძის, პრინცი დონ კარლოსის გვერდით. მის შემდეგ ტახტი მისმა ოცი წლის ძემ, ფილიპე III-მ დაიკავა.
პრინცი ფილიპეს საქორწინო მოლაპარაკებები 1540-იან წლებშივე დაიწყო. საბოლოოდ მამამისმა უპირატესობა მაინც მეზობელ პორტუგალიას მიანიჭა, რამეთუ 1539 წელს მისი ცოლისა და ფილიპეს დედის, დედოფალ ისაბელ პორტუგალიელის გარდაცვალებამ შეარყია ამ სახელმწიფოსთან არსებული ალიანსი. შესაბამისად, იმპერატორმა კარლმა გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის სამეფო ოჯახს ისევ დანათესავებოდა, ოღონდ ამჯერად უფრო მყარად და გადაწყვიტა, რომ ორმაგი დინასტიური ქორწინება მოეწყო. გადაწყდა პრინცი ფილიპეს დაქორწინება პრინცესა მარია მანუელა პორტუგალიელზე, ამასთან, ფილიპეს და, ინფანტა ხუანა ცოლად მიჰყვებოდა მარია მანუელას ძმას, ჟუან მანუელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპე და მარია ერთმანეთის ბიძაშვილებიც იყვნენ და მამიდაშვილებიც, ვინაიდან მარია მანუელას მშობლები იყვნენ პორტუგალიის მეფე ჟუან III (ფილიპეს დედის ძმა) და დედოფალი ეკატერინე ავსტრიელი (ფილიპეს მამიდა).
1543 წლის 12 ნოემბერს სალამანკაში შედგა ფილიპესა და პრინცესა მარიას ქორწინება. წყვილი საქორწინო მოგზაურობაში მადრიდსა და ბადახოსში იმყოფებოდა. მსგავსად ხუანასა და ჟუან მანუელისა, მათაც ქორწინებაში მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ. 1545 წლის 8 ივლისს მარია მანუელამ თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი, პრინცი დონ კარლოსი გააჩინა. ცნობების მიხედვით, კარლოსი კუზიანი იყო, რის გამოც ახალგაზრდა პრინცესას მშობიარობა გაურთულდა და დაეწყო შემდგომი გართულებებიც, რის გამოც იგი სულ მალე, 12 ივლისს გარდაიცვალა კიდეც, 17 წლის ასაკში, ვალიადოლიდში.
ვინაიდან მარია მანუელასაგან ფილიპეს ვაჟი, ანუ ტახტის მემკვიდრე დარჩა, იგი მეორე ქორწინებას დიდად არ ჩქარობდა. სხვადასხვა პერიოდში მის საცოლედ არაერთი ევროპელი პრინცესა მოიაზრებოდა, თუმცაღა ვითარება შეიცვალა, როდესაც 1553 წელს ინგლისის მეფე ედუარდ VI გარდაიცვალა და ტახტი მისმა კათოლიკე უფროსმა დამ, დედოფალმა მერი I-მა დაიკავა, რომელიც ყოველთვის პროესპანური პოლიტიკის მომხრე იყო. ამის გამო სულ მალევე დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ფილიპესა და დედოფალ მერის შორის. იმისათვის, რომ იგი დედოფლისათვის შესაფერისი საქმრო ყოფილიყო, იმპერატორმა კარლმა მას ნეაპოლისა და სიცილიის მეფობა უბოძა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსად პირველი ცოლისა, მერიც ფილიპეს ახლო ნათესავად ერგებოდა: იგი იყო მამამისის დეიდის, დედოფალ კატალინა არაგონელისა და მეფე ჰენრი VIII-ის ერთადერთი საერთო ქალიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ მერი ფილიპეზე 13 წლით უფროსი იყო, თუმცა ჰაბსბურგებს ყოველთვის სურდათ ინგლისის ტახტსაც ისე დაპატრონებოდნენ, როგორც ესპანეთისას, ამიტომაც ამ ყველაფერს დიდი ყურადღება არ მიაქციეს.
უკვე 1554 წლის 25 ივლისს ინგლისის დედოფალი მერი I და ფილიპე უინჩესტერის საკათედრო ტაძარში დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ქორწინებისას მერი უკვე 37 წლის იყო, ფილიპე კი 27-ისა. ცნობილია, რომ ფილიპემ ინგლისური ენა არასოდეს იცოდა და მიუხედავად ქორწინებისა, არც არასოდეს უსწავლია, თუმცა მერიმ დედის გავლენით კარგად იცოდა ესპანური, ამასთან ფრანგული და ლათინურიც, ამიტომაც ინგლისურის არცოდნას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. ასევე, ქორწინების შემდეგ მერიმ ფილიპე თავის თანამმართველად დაინიშნა, რამაც იგი ინგლისისა და ირლანდიის მეფედ აქცია.
ქორწინების შემდეგი ორი წელი ფილიპე ინგლისში ცხოვრობდა და ახალ მეუღლესთან ცდილობდა მემკვიდრის გაჩენას, რომელიც ინგლისსა და ესპანეთს გააერთიანებდა. ვინაიდან პრინცი დონ კარლოსი მშობლების ახლონათესაობის გამო ფსიქიკურადაც იყო დაავადებული, ფილიპეს ყოველთვის უნდოდა სხვა მემკვიდრის გაჩენაც, თუმცა მერი დაორსულებას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა, დედოფალმა განაცხადა, რომ ორსულად იყო. პარლამენტმა დადგენილებაც კი მიიღო, რომ თუ დედოფალი მშობიარობისას დაიღუპებოდა ტახტს მისი შვილი დაიკავებდა და რეგენტი ფილიპე გახდებოდა, თუმცა ფილიპეს მიერ თავის სიძესთან და ბიძაშვილთან, ერცჰერცოგ მაქსიმილიანთან გაგზავნილი წერილებიდან ვიგებთ, რომ იგი ეჭვობდა, რომ მერი ორსულად არ იყო. 1555 წლის ივლისში ცხადი გახდა, რომ დედოფალი ორსულად არ იყო და ცრუობდა, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ცნობილია, რომ განრისხებულმა ფილიპემ მას „ღვთის სასჯელი“ და „ამაზრზენი მატყუარა“ უწოდა. ამის შემდეგ ფილიპემ დატოვა ინგლისი და ესპანეთში დაბრუნდა, სულ მალე კი იგი ესპანეთის მეფეც გახდა და ლონდონში დაბრუნების მიზეზი აღარც ჰქონია.
ფილიპე მერის მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1557 წელს ეწვია, რის შემდეგაც დედოფალმა ისევ გამოაცხადა, რომ ორსულად იყო. მათი გამოთვლით ბავშვი 1558 წლის მარტში უნდა გაჩენილიყო, პარლამენტმაც ისევ შემოიღო კანონი ფილიპეს რეგენტობის თაობაზე, მაგრამ ისევ ამაოდ, დედოფალი ორსულად კვლავ არ აღმოჩნდა. 1558 წლის მაისში მერის საშვილოსნოს სიმსივნე და საკვერცხეში კისტის არსებობა დაუდგინდა, რის გამოც იმავე წლის 17 ნოემბერს იგი გარდაიცვალა, 42 წლის ასაკში.
მერის დაღუპვის შემდეგ ფილიპემ მალევე სთხოვა ხელი მის დას, ინგლისის ახალ დედოფალ ელისაბედ I-ს, თუმცაღა მისგან უარი მიიღო, ამიტომაც საცოლის ძიება სხვაგან დაიწყო. სულ მალე, 1559 წელს ფილიპემ დაასრულა საფრანგეთის მეფე ანრი II-თან მიმდინარე იტალიური ომები და მასთან გაფორმებული კატო-კამბრეზის ზავის პირობების თანახმად, იმავე წლის 22 ივნისს პარიზში, ნოტრ-დამის კათედრალში მან ჯვარი დაიწერა პრინცესა ელიზაბეტ დე ვალუაზე, მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის უფროს ქალიშვილზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პატარძალი 14 წლის იყო, სიძე კი 32-ის. ფილიპესა და ფრანგი პრინცესის ქორწინება ქორწილშივე დიდი ტრაგედიით დაიწყო და მათ პატივსაცემად გამართულ ტურნირზე დაიღუპა ელიზაბეტის მამა, მეფე ანრი, რომელსაც შეჯიბრისას ლორდმა მონტგომერიმ შემთხვევით თვალში შუბი მოარტყა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ორი ცოლისაგან განსხვავებით, ელიზაბეტი ფილიპეს სისხლისმიერი ნათესავი არ ყოფილა, თუმცა მათ ოჯახებს მაინც ჰქონდათ კავშირი, რამეთუ ფილიპეს მამიდა, დედოფალი ელეონორა, იყო ელიზაბეტის მამის დედინაცვალი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კატო-კამბრეზის ზავამდე ელიზაბეტი ფილიპეს ვაჟ დონ კარლოსზე იყო დანიშნული, შემდეგში კი მათმა ქორწინებამ სკანდალი გამოიწვია. ამას შემდეგში შედეგად მოჰყვა მრავალი ჭორის აგორება იმის თაობაზე, რომ ფილიპემ შეყვარებული წყვილი დააშორა, რომ მიუხედავად ამისა, ესპანეთში ელიზაბეტსა და კარლოსს მაინც ჰქონდათ რომანი და მართალია, რომ ეს დადასტურებული ისტორიული ფაქტი არაა, თუმცა მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროდ იქცა, მათ შორის ფრიდრიხ შილერისა და ჯუზეპე ვერდისათვის. რეალურად კი ახალგაზრდა დედოფალს თავიდანვე დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ მადრიდში ჩასვლისთანავე ელიზაბეტის ბრძანებით ფილიპემ სამეფო კარიდან გააძევა თავისი საყვარელი, ისაბელ დე ოსორიო. ამასთან, იგი აქტიურად მფარველობდა ხელოვნებას და აფინანსებდა ესპანეთში კათოლიკური ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაციებს.
ფილიპესა და ელიზაბეტს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, ესპანელ ხალხსაც დიდად მოსწონდა ახალი დედოფალი, თუმცაღა მეფეს კარლოსის გარდა სხვა მემკვიდრის ყოლაც უნდოდა, ეს კი პრობლემას ქმნიდა. ახალგაზრდა და სუსტი აღნაგობის დედოფალი, მართალია ორსულდებოდა, თუმცა ჯანმრთელ ვაჟს ვერ აჩენდა. 1560 წელს მან მკვდარი ვაჟი გააჩინა, რასაც 1564 წელს მოჰყვა ორი მკვდარი ტყუპი გოგონების გაჩენა. თუმცაღა 1566 წელს ელიზაბეტმა ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად ისაბელ კლარა ეუხენია. ამას მოჰყვა 1567 წელს კიდე ერთი ჯანმრთელი გოგონას, კატალინა მიკაელას გაჩენა, რომელიც, მატიანეთა ცნობით, ძალიან ჰგავდა დედას და ამის გამო, მოგვიანებით იგი მამის ფავორიტ შვილად იქცა. 1568 წელს დედოფალი ელიზაბეტი მშობიარობას გადაჰყვა, 23 წლის ასაკში, რა დროსაც მან მკვდარი გოგონა გააჩინა.
1568 წელს გარდა მეუღლისა, ფილიპეს გარდაეცვალა თავისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი დონ კარლოსიც. მართალია მას ორი ჯანმრთელი ქალიშვილი ჰყავდა, ესპანური კანონების მიხედვით კი ტახტის დაკავება ქალსაც შეეძლო, თუმცა მას მაინც უნდოდა ვაჟი, რის გამოც, გავიდა თუ არა გლოვის პერიოდი, ახალი ცოლის ძიება დაიწყო. ამჯერად მან არჩევანი საკუთარი ღვიძლი დის, მარიასა და მისი მეუღლის (რომელიც ასევე მისი ღვიძლი ბიძაშვილიც იყო), საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ის უფროს ქალიშვილზე, ერცჰერცოგინია ანა ავსტრიელზე შეაჩერა. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა როგორც მემკვიდრის გაჩენას, ისე ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების კავშირის გამტკიცებას. ამრიგად, 1570 წლის 4 მაისს მადრიდში ფილიპე II და ანა ავსტრიელი დაქორწინდნენ. ამავე წელს ანას და, ელიზაბეთი ცოლად შეირთო ფილიპეს მესამე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტის ძმამ, საფრანგეთის მეფე შარლ IX-მ.
დედოფალი ანა მალევე დაორსულდა და უკვე 1571 წელს მან ჯანმრთელი ვაჟიც გააჩინა, სახელად ფერდინანდი. იგი სასწრაფოდ გამოაცხადეს ასტურიის პრინცად. ამას 1573 წელს მოჰყვა მეორე ვაჟის, კარლოსის, 1575 წელს კი მესამე ძის, დიეგოს დაბადება. აღსანიშნავია, რომ ფერდინანდიც, კარლოსიცა და დიეგოც მცირეწლოვანნი გარდაიცვალნენ, ამიტომაც ფილიპე მემკვიდრეზე მაინც ღელავდა, თუმცა 1578 წელს დედოფალმა კიდევ ერთი ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა პრინცი ფილიპეს სახით. იგი მათი შვილებიდან ერთადერთია, რომელიც ბავშვობაში არ გარდაიცვალა და მოახერხა შემდეგში ტახტის დაკავებაც.
1580 წლის დასაწყისში დედოფალმა თავისი ბოლო შვილი, მარია გააჩინა, რის შემდეგაც იგი ფილიპეს გაჰყვა პორტუგალიაში მისი ტახტის დასაკავებლად, თუმცა გზად მეფე დაავადდა. ამის გამო ისინი ბადახოსში გაჩერდნენ და მიუხედავად მშობიარობისგან გამოწვეული სისუსტისა, დედოფალმა მაინც გადაწყვიტა გრიპით დაავადებული მეფის მოვლა. მართალია ფილიპე გამოჯანმრთელდა, თუმცა გრიპი ანას გადაედო, რასაც მისმა დასუსტებულმა იმუნიტეტმა ვეღარ გაუძლო და იგი იქვე, 1580 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა, 30 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, ფილიპემ გააგრძელა გზა და პორტუგალიის მეფე გახდა.
სახელი | სურათი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
მარია პორტუგალიელისგან: | ||||
კარლოსი | 8 ივლისი, 1545
ვალიადოლიდი, ესპანეთი |
24 ივლისი, 1568
მადრიდი, ესპანეთი (23 წლის) |
ასტურიის პრინცი. სხვადასხვა პერიოდში დანიშნული იყო ელიზაბეტ დე ვალუაზე, ანა
ავსტრიელზე, მერი სტიუარტსა და მარგარიტა დე ვალუაზე, მაგრამ გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. ჰქონდა კუზი და იყო ფსიქიკურად არასტაბილური, რის გამოც მამამისმა იგი დილეგში ჩააგდო, სადაც ცუდი პირობების გამო გარდაიცვალა. | |
ელიზაბეტ დე ვალუასგან: | ||||
― | ― | 1560 | მკვდარშობილი ვაჟი | |
― | ― | აგვისტო, 1564 | მკვდარშობილი გოგონა (ტყუპისცალი) | |
― | ― | მკვდარშობილი გოგონა (ტყუპისცალი) | ||
ისაბელ | 12 აგვისტო, 1566
სეგოვია, ესპანეთი |
1 დეკემბერი, 1633
ბრიუსელი, ბელგია (67 წლის) |
ცოლად გაჰყვა თავის მამიდაშვილს, ავსტრიის ერცჰერცოგ ალბერტ VII-ს, რის შემდეგაც
მამამისმა მათ სამართავად უბოძათ ესპანური ნიდერლანდები, თუმცა ვინაიდან შვილი არ ჰყოლიათ, მათი გარდაცვალების შემდეგ ეს მიწები ისევ ესპანეთს დაუბრუნდა. | |
კატალინა | 10 ოქტომბერი, 1567
მადრიდი, ესპანეთი |
6 ნოემბერი, 1597
ტურინი, იტალია (30 წლის) |
ცოლად გაჰყვა დედამისის მამიდაშვილს, სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ს,
რომელთანაც შეეძინა შვილები: ჰერცოგი ვიტორიო ამადეო I, კარინიანოს პრინცი ტომასო ფრანჩესკო, სიცილიის მეფისნაცვალი ემანუელე ფილიბერტო, მანტუის ჰერცოგინია მარგერიტა და მოდენის პრინცესა იზაბელა. გადაჰყვა მეათე მშობიარობას. | |
ხუანა | ― | 3 ოქტომბერი, 1568
მადრიდი, ესპანეთი |
გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში, სახელი დაარქვეს მამიდის,
პორტუგალიის პრინცის ქვრივ ხუანას პატივსაცემად. მასზე მშობიარობისას დაიღუპა დედამისი, დედოფალი ელიზაბეტი. | |
ანა ავსტრიელისგან: | ||||
ფერდინანდი | 4 დეკემბერი, 1571
მადრიდი, ესპანეთი |
18 ოქტომბერი, 1578
მადრიდი, ესპანეთი (6 წლის) |
ასტურიის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. გარდაიცვალა მცირეწლოვანი,
დიზინტერიისგან. | |
კარლოს
ლორენსო |
― | 12 აგვისტო, 1573
მადრიდი, ესპანეთი |
30 ივნისი, 1575
მადრიდი, ესპანეთი (2 წლის) |
გარდაიცვალა მცირეწლოვანი. |
დიეგო | 15 აგვისტო, 1575
მადრიდი, ესპანეთი |
21 ნოემბერი, 1582
მადრიდი, ესპანეთი (7 წლის) |
ასტურიის პრინცი 1578 წლიდან გარდაცვალებამდე. იგეგმებოდა მისი დანიშვნა
ბრაგანსის ჰერცოგ ჟუან I-ისა და კატარინა პორტუგალიელის ქალიშვილებიდან ერთ-ერთზე, თუმცა მოულოდნელად მას ყვავილი შეეყარა და გარდაიცვალა. | |
ფილიპე III | 14 აპრილი, 1578
მადრიდი, ესპანეთი |
31 მარტი, 1621
მადრიდი, ესპანეთი (42 წლის) |
მამის მემკვიდრე, ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე. ცოლად შეირთო თავისი
ბიძაშვილი, ერცჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები: საფრანგეთის დედოფალი ანა, ესპანეთის მეფე ფილიპე IV, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ანა და კარდინალ-ინფანტი ფერდინანდი. | |
მარია | ― | 14 თებერვალი, 1580
მადრიდი, ესპანეთი |
5 აგვისტო, 1583
მადრიდი, ესპანეთი (3 წლის) |
ფილიპეს ნაბოლარა ქალიშვილი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი. |
სხვადასხვა პერიოდში ფილიპეს ცოლობის კანდიდატად არაერთი ევროპელი პრინცესა და დედოფალი განიხილებოდა, რომელთაგანაც რამდენიმე განსაკუთრებით აღსანიშნავია:
გამეფებამდელი ტიტულები:
გამეფების შემდგომ მიღებული ტიტულები:
ტახტზე ასვლის შემდეგ ფილიპემ შეინარჩუნა მამის წოდება და „უდიდებულსეობის“ (ესპ. Majestad) სახელით მოიხსენიებოდა, ნაცვლად მანამდე გავრცელებული „უმაღლესობისა“ (ესპ. Alteza). ოფიციალურ დოკუმენტებში იგი ასევე ხშირად მოიხსენიებოდა „კათოლიკე მეფის“ (ლათ. Rex Catholicissimus, ესპ. Rey Católico) სახელით, რაც ზოგადად ესპანეთის მეფეებს ეწოდებოდათ ხოლმე მას შემდეგ, რაც რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ 1496 წელს ფილიპეს დიდ პაპა-ბებიას, მეფე ფერდინანდ არაგონელსა და დედოფალ ისაბელ კასტილიელს ეს წოდება მიანიჭათ.
პარლამენტის მიერ გამოცემული აქტის მიხედვით, მერი ტიუდორზე ქორწინების შემდეგ წყვილს საერთო წოდება ჰქონდა, რომელიც ასე ჟღერდა: „ფილიპე და მერი, ღვთის ნებით მეფე და დედოფალი ინგლისისა, საფრანგეთისა, ნეაპოლისა, იერუსალიმისა და ირლანდიისა, რწმენის დამცველნი, პრინცი და პრინცესა ესპანეთისა, სიცილიისა, ერცჰერცოგი და ერცჰერცოგინია ავსტრიისა, ჰერცოგი და ჰერცოგინია მილანისა, ბურგუნდიისა და ბრაბანტისა, გრაფი და გრაფინია ტიროლისა, ჰაბსბურგისა და ფლანდრიისა“. 1556 წელს, ფილიპეს ესპანეთში გამეფების საფუძველზე, მათი წოდება ასე შეიცვალა: „ფილიპე და მერი, ღვთის ნებით მეფე და დედოფალი ინგლისისა, ესპანეთისა, საფრანგეთისა და ირლანდიისა, ორივე სიცილიისა, იერუსალიმისა და ირლანდიისა, რწმენის დამცველნი, ერცჰერცოგი და ერცჰერცოგინია ავსტრიისა, ჰერცოგი და ჰერცოგინია მილანისა, ბურგუნდიისა და ბრაბანტისა, გრაფი და გრაფინია ტიროლისა, ჰაბსბურგისა და ფლანდრიისა“.
1558 წელს, მერის გარდაცვალების შემდეგ, ფილიპეს წოდებიდან ამოიღეს მისი სახელი და ეკვივალენტი ტიტულები და წოდების შემდეგი ნაწილი: „მეფე ინგლისისა, საფრანგეთისა და ირლანდიისა“, დანარჩენი კი უცვლელი დარჩა. 1584 წელს გაფორმებული ჟუანვილის ხელშეკრულებით კი ფილიპეს წოდება ასე შეიცვალა:
„ფილიპე, ღვთის ნებით თავისი სახელის მეორე მეფე კასტილიისა, ლეონისა, არაგონისა, პორტუგალიისა, ნავარისა, ნეაპოლისა, სიცილიისა, იერუსალიმისა, მაიორკისა, სარდინიისა და კუნძულებისა, ინდიელებისა და ოკეანური ზღვებისა; ერცჰერცოგი ავსტრიისა; ჰერცოგი ბურგუნდიისა, ლოთერისა, ბრაბანტისა, ლიმბურგისა, ლუქსემბურგისა, გელდერნისა და მილანისა; გრაფი ჰაბსბურგსა, ტიროლისა, ფლანდრიისა, არტუისა და ბურგუნდიისა; პფალცგრაფი ენოსი, ჰოლანდიისა, ზელანდიისა, ნამიურისა, დრენთისა და ზუტპენიისა; მთავარი ზვუანემისა; მარკიზი საღვთო რომის იმპერიისა; სენიორი ფრიზიისა, სალანდისა, მეხელენისა, და ქალაქებისა და მიწებისა უტრეხტისა, ოვერიხლესისა და გრონინგენისა; ბატონი აზიისა და აფრიკისა.“
ფილიპე II-ის ჰერალდიკა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.