From Wikipedia, the free encyclopedia
ტიტიკაკა (ესპ. Titicaca, კეჩ. Titiqaqa) — ტბა სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბაა. მდებარეობს ზღვის დონიდან 3812 მეტრზე. ამავე დროს, ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი და ღრმა ტბაა (სიღრმე 281 მ, ფართობი 58 000 კმ²). მიუხედავად ასეთ სიმაღლეზე მდებარეობისა, ტიტიკაკას წყალი არასოდეს იყინება და ტბა გამოიყენება სანაოსნოდ. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ზედაპირის ფართობით ყველაზე დიდია მარაკაიბოს ტბა, თუმცა მას გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით ყურეთა რიცხვს მიაკუთვნებენ, რის გამოც იგი ტიტიკაკას ტბის მეტოქედ არ განიხილება.
ტიტიკაკა | |
---|---|
Lago Titicaca | |
ტიტიკაკა ბოლოვიის სანაპიროდან | |
კოორდინატები: 15°45′00″ ს. გ. 69°25′00″ დ. გ. | |
მდებარეობა | პერუ ბოლივია |
სიგრძე | 190 კმ |
სიგანე | 80 კმ |
ფართობი | 8372 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 1125 კმ |
საშუალო სიღრმე | 107 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 281 მ |
აუზის ფართობი | 58 ათ. კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | 27 მდინარე |
გამომდინარე მდინარე | დესაგუადერო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტიტიკაკა მდებარეობს ცენტრალურ ანდებში, ალტიპლანოს ჩრდილო ნაწილში და შედგება ორი სუბ-აუზისაგან, რომელიც ერთმანეთთან შეერთებულია ტიკუინას სრუტით. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული.
ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან.
ტიტიკაკა ასევე იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში მდებარეობს 42 კუნძული, რომელთაგან ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. აგებდნენ ახალ-ახალ ფენებს ძველი ფენების ლპობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და დასახლებულია კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებით. 800-მდე ოჯახი განაწილებულია 6 სოფელში. მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერატორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დელ-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, 800-მდე ოჯახის საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობა, მიწათმოქმედება, თევზაობა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180 ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთი. ბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ, ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად. ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.