From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთის რესპუბლიკას, იგივე ტაივანს,[1][2] გაეროს 193 საელმწიფოდან 13-თან აქვს სრული დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული, ასევე წმინდა საყდართან.[3] ჩინეთის რესპუბლიკას თავისი წარმომადგენელი ოფისებისა და საკონსულოების მეშვეობით არაოფიციალური ურთიერთობები აქვს დამყარებული გაეროს 58 წევრ სახელმწიფოსთან, ერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოსთან (სომალილენდი), სამ ტერიტორიასთან (გუამი, ჰონგ-კონგი და მაკაო) და ევროპის კავშირთან. ტაივანი მსოფლიოში 31-ე ადგილზეა დიპლომატიური ქსელის სიდიდით, რომელიც 110 ოფისს მოიცავს.[4]
ისტორიულად, ჩინეთის რესპუბლიკა დიპლომატიური მოკავშირეებისგან მოითხოვდა, რომ ის „ჩინეთის“ (ტერმინის ფართო მნიშვნელობით) ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად ეცნოთ, რამდენადაც 1971 წელს გაერთიანებული ერების 2758-ე რეზოლუციის მიღების შემდეგ გაეროში „ჩინეთის“ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარეს. 1990-იანი ტიავანმა პოლიტიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად აღიარებისკენ შეცვალა.[5] მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩინეთის რესპუბლიკა ალტერნატიული სახელწოდებით მონაწილეობს, მათ შორის „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
2012 წელს ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩინეთის რესპუბლიკა დიდი ოცეულის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებდა.[7]
მრავალმხრივი აღიარების არქონის გამო, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის გავლენით ჩინეთის რესპუბლიკა საერთაშორისო იზოლაციაშია. ტაივანს უფლება არ აქვს გაწევრიანდეს: ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაში, ინტერპოლში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენით ტაივანი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდანაა გარიცხული ან ჩამოქვეითებული. სხვა შემთხვევებში, ჩინეთის რესპუბლიკას სრული მონაწილეობის უფლება აქვს სახელწოდებებით: ჩინური ტაიპეის ან ტაივანი (ჩინეთი).
37 სამთავრობოთშორისო საერთაშორისო ორგანიზაციაში ტაივანი „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებითაა შესული. 8 სამთავრობოთშორისო საერთაშორისო ორგანიზაციაში „ჩინეთის რესპუბლიკა“ ჰქვია, 6-ში — ტაივანი, 6-ში — „ტაივანი (ჩინეთის რესპუბლიკა)“, 5-ში — „ტაიპეი, ჩინეთი“.
ტაივანი გაწევრიანებულია გაერთიანებული ერების სისტემის აკადემიურ საბჭოში (მონაწილეობს, როგორც „ტაიპეის ეკონომიკური და კულტურული ოფისი ნიუ-იორკში“), აზია-წყნარი ოკეანის ავიახაზების ასოციაციაში, აფრო-აზური სასოფლო განვითარების ორგანიზაციაში (მონაწილეობს, როგორც „ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი)“), საერთაშორისო ვაჭრობის საინფორმაციო და თანამშრომლობის სააგენტოში (მონაწილეობს, როგორც „ტაივანის, პენგჰუს, კინმენისა და მაცუს განცალკევებული საბაჟო ტერიტორია“), Amnesty International-ში (როგორც „ტაივანი), აზიის საბჭოში (როგორც ტაივანი), აზიის ბიოტექნოლოგიების ფედერაციაში (მონაწილეობს, როგორც „ტაივანის ბიოქიმიური ინჟინერიის საზოგადოება“), აზიის აბორიგენ ხალხთა პაქტში (როგორც „ტაივანი“), აზიის ახალი ამბების ქსელში (როგორც „The China Post“), აზია-წყნარი ოკეანის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციაში (მონაწილეობს, როგორც „სოფლის მეურნეობის საბჭო“), საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში (როგორც „ჩინური ტაიპეი“) და სხვ.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული 14 სახელმწიფოსთან. მათგან 13 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია, ხოლო მე-14 წმინდა საყდარია, რომელიც გაეროს დამკვირვებელი წევრია. ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს: ბელიზთან, ესვატინთან, გვატემალასთან, ჰაიტისთან, ჰონდურასთან, მარშალის კუნძულებთან, ნაურუსთან, პალაუსთან, პარაგვაისთან, სენტ-კიტსი და ნევისთან, სენტ-ლუსიასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან, ტუვალუსა და წმინდა საყდართან.
სინგაპურში ბრიტანეთის მმართველობისა და შემდეგ ბრიტანეთის მალაიის დაქვემდებარებაში ყოფნის დროს სინგაპურს ტაივანთან ურთიერთობები ჰქონდა.[8] 1965 წელს მალაიზიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურმა ტაივანი აღიარა.[8]
ტაივანს წარმომადგენლობითი ოფისი აქვს სინგაპურში, ხოლო სინგაპური ტაიპეიში სინგაპურის სავაჭრო ოფისით ფუნქციონირებს. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.
ერთი ჩინეთის პოლიტიკის გამო ტაივანსა და ისრაელს ფორმალური ურთიერთობები არ აქვთ დამყარებული, თუმცა ორივე სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში წარმომადგენლობა ჰყავს და მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ტაივანი და ისრაელი პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, მათ შორის, სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობენ.[9]
ტაივანსა და მალაიზიას შორის ურთიერთობები არაოფიციალურ დონეზეა. მალაიზიამ ერთი ჩინეთის პოლიტიკა 1974 წელს მიიღო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ტაიპეიში მალაიზიური მეგობრობისა და ვაჭრობის ცენტრი ფუნქციონირებს,[10] ხოლო ჩინეთის რესპუბლიკას კუალა-ლუმპურში ეკონომიკური და კულტურული ოფისი აქვს განთავსებული.[11]
პარაგვაისა და ტაივანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1957 წლის 8 ივლისს დამყარდა. პარაგვაი ერთადერთი სახელმწიფოა სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკას „ჩინეთის“ ერთადერთ კანონიერ მთავრობად აღიარებს. პარაგვაის საელჩო ტაიპეიში 1999 წელს გაიხსნა.[12] ტაივანის საელჩო ასუნსიონში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო — სიუდად-დელ-ესტეში.[13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.