სოლომონ II
უკანასკნელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მეფე, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის სამეფოს დ / From Wikipedia, the free encyclopedia
სოლომონ II (გამეფებადმე დავითი) (დ. 1772 — გ. 7 თებერვალი, 1815, ტრაპიზონი) – იმერეთის უკანასკნელი მეფე 1789-1810 წლებში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე და ერეკლე II–ის შვილიშვილი, უკანასკნელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მეფე.
სოლომონ II | |
---|---|
დავითი | |
სოლომონ II | |
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1789 |
მმართ. დასასრული: |
7 თებერვალი (ძვ. სტ.), 1815 (გარდაცვალება) 20 თებერვალი, 1810 (რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობა) |
წინამორბედი: | დავით II |
მემკვიდრე: | იმერეთის სამეფოს დაპყრობა რუსეთის იმპერიის მიერ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1772 |
გარდ. თარიღი: | 7 თებერვალი (ძვ. სტ.), 1815 |
გარდ. ადგილი: | ტრაპიზონი |
მეუღლე: | მარიამ დადიანი, კაციას ასული (გ. 1791) |
დინასტია: | იმერეთის ბაგრატიონები |
მამა: | არჩილი, ალექსანდრე V–ს ძე |
დედა: | ელენე, ერეკლე II–ს ასული |
ხელმოწერა: | |
ბრძოლები/ომები: |
|
დავით არჩილის ძე იზრდებოდა ბაბუის, ერეკლე II-ის, კარზე. უმემკვიდრო სოლომონ I-ის ანდერძის საწინააღმდეგოდ, იმერეთის მსხვილი ფეოდალების ძალისხმევით მეფე დავით გიორგის ძე (დავით II) გახდა, რომელმაც რუსეთში ელჩები გააგზავნა და რუსეთის იმპერატორს ქვეშევრდომობა სთხოვა, რასაც ფეოდალთა დიდი ნაწილის უკმაყოფილო მოყვა. უკმაყოფილო თავადებისა და ერეკლე II-ს დახმარებით, 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯის ბრძოლაში, დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. თავდაპირველი გამარჯვების მიუხედავად, დავით გიორგის ძემ ტახტისთვის ბრძოლა გააგრძელა და ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მოახერხა იმერეთის დაპყრობა, თუმცა ლომსიანთ ხევის ბრძოლაში დამარცხდა და იმერეთი სოლომონ II–ემ დაიბრუნა.
მმართველობის ადრეულ წლებში სოლომონ II ერეკლე II–სა სოლომონ I–ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, რაც საქართველოს გაერთიანების მცდელობაში გამოიხატებოდა. ამ პერიოდის მთავარი ეპიზოდები იყო მისი ბრძოლა ოდიშის ურჩ მთავართან, რომელმაც 1803 წლის დეკემბერში რუსეთის მფარველობა მიიღო და დაიწყო რუსეთის გეგმის განხორციელება, რომელიც ჯერ იმერეთის სამეფოს დაშლას, ხოლო შემდეგ დასუსტებული სამეფოს გაუქმებას მოიცავდა.
ამ პერიოდის სოლომონ II-ის საგარეო პოლიტიკა ხასიათდებოდა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის დაბალანსების მცდელობით, თუმცა მეფის ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I–ის, ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელ სოფ. ვახანის ახლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) დაედო ე.წ. ელაზნაურის შეთანხმება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა.
1806-1812 რუსეთ-თურქეთის ომის დროს სოლომონ II-ეს ორივე იმპერიის დასუსტების იმედი ჰქონდა, მაგრამ 1809 წელს მეფეს მოსთხოვეს პეტერბურგში „დეპუტაციის“ წევრად ჩასვლა, რაც ელაზნაურის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანასა და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მუხლების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზემო იმერეთის თავადები ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.
1810 წლის 28 მარტს სოლომონი რუსეთთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩავიდა. მოლაპარაკებების ნაცვლად რუსეთმა მეფე დაატყვევა და პეტერბურგში გადაყვანას უპირებდა. 11 მაისს მეფემ ტყვეობას თავი დააღწია და 25 კაციან ჯგუფთან ერთად ახალციხეში გადავიდა, სადაც იმერეთის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. აჯანყება წარმატებულად დაიწყო, თუმცა ჯერ ჩხერის ციხესთან (ხარაგაული), შემდეგ სოფელ ცხრაწყაროსა და მდინარე ჭიშურასთან მარცხის შემდეგ მეფე ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა. სექტემბრის მიწურულს სოლომონი იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსეთმა იმერეთის სამეფო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო, ხოლო მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი – ვორონეჟში გადაასახლეს.
ახალციხეში გადახვეწის შემდეგ სოლომონმა დახმარება ნაპოლეონს სთხოვა, მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ დარჩა. შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის, საიდანაც ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს, მაგრამ 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, ხოლო 1813 წლის რუსეთ-ირანის გულისტანის საზავო ხელშეკრულებით კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.
1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. 1990 წლის შემოდგომაზე სოლომონ II-ის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული. ხსენების დღე – ძვ. სტ. 7 თებერვალი, ახ. სტ. 20 თებერვალი.
ხარაგაულში, სადაც ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებასა და გაიმართა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის ყველაზე დიდი ბრძოლა, სოლომონ II-ის სახელს მთავარი ქუჩა ატარებს.