სიტყვის თავისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
სიტყვის თავისუფლება — პრინციპი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდის ან საზოგადოების თავისუფლებას, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და იდეები შურისძიების, ცენზურისა და სამართლებრივი სანქციების შიშის გარეშე. ტერმინი „გამოხატვის თავისუფლება“ ზოგჯერ სიტყვის თავისუფლების სინონიმად გამოიყენება, მაგრამ მოიცავს ინფორმაციისა და იდეების მიღებას ნებისმიერ საშუალებით.
გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR) მე -19 მუხლით. ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (ICCPR). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR)[1] მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ჩარევის/შეზღუდვის გარეშე“ და „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ინფორმაციის თავისუფლებას და იდეების მოძიების, მიღებისა და გაცემის თავისუფლებას, შეზღუდვის მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი, ბეჭდური, ხელოვნური ფორმით, ან მედიის საშუალებით, ადამიანის არჩევანის მიხედვით. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) მე-19 მუხლი ამტკიცებს, რომ ამ უფლებების განხორციელება გულისხმობს „განსაკუთრებულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს და შეიძლება ექვემდებარებოდეს გარკვეულ შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია სხვათა უფლებების ან რეპუტაციის პატივისაცემად, ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.[2]
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აბსოლუტური უფლება. სიტყვის თავისუფლების საერთო შემზღუდველი საზღვრები გულისხმობს ამ უფლების შეზღუდვას შემდეგი ქმედებების განხორციელებისას: ცილისწამებას, უხამსობას, პორნოგრაფიას, შეურაცხყოფას, წაქეზებას, ჩხუბის გამომწვევ სიტყვებს, საიდუმლო ინფორმაციას, საავტორო უფლებების დარღვევას, სავაჭრო საიდუმლოებას, სურსათის ეტიკეტირებას, საიდუმლო ხელშეკრულებას, კონფიდენციალურობის უფლებას, ღირსებას, დავიწყების უფლებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და დაცინვას.[3]
ჯონ სტიუარტ მილის ნაწარმოებში „თავისუფლების შესახებ“ ზიანის პრინციპი დასაბუთებულია შემდეგნაირად, რომ „ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც ძალაუფლება შეიძლება მართლზომიერად განხორციელდეს ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, არის სხვისთვის ზიანის თავიდან აცილება“.
„დანაშაულის პრინციპის“ იდეა ასევე გამოიყენება სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის დასაბუთებისას, როცა საქმე საზოგადოების შეურაცხყოფას ეხება. შეზღუდვისას გათვალისწინებულია, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობა, სპიკერის მოტივი და ზერელე დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იქნას თავიდან აცილებული. ციფრული ხანის განვითარებასთან ერთად, სიტყვის თავისუფლების გამოყენება/შეზღუდვა უფრო საკამათო ხდება, რადგან კომუნიკაციის ახალი საშუალებები და შეზღუდვები წარმოიქმნება, მაგალითად, Golden Shield Project, ჩინეთის მთავრობის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინიციატივით, რომელიც ფილტრავს უცხო ქვეყნების პოტენციურად არახელსაყრელ მონაცემებს.