სატირა
From Wikipedia, the free encyclopedia
სატირა — სინამდვილის მხატვრული ასახვის ისეთი ფორმა, როდესაც გამანადგურებელი სიცილით ამხილებენ ასახულის უარყოფით, მანკიერ ბუნებას. კომიკურის სახე. იუმორისაგან (რომელიც კეთილგანწყობილია ასახულის მიმართ და ცდილობს სიცილით „განკურნოს“ იგი, გამოასწოროს მისი ნაკლი) განსხვავებით სატირა სიცილით ამხილებს, ბოლომდე „აშიშვლებს“ თავის ობიექტს, ააშკარავებს შეუთავსებლობას გარეგან და შინაგან მხარეებს შორის, ფორმასა და შინაარსს შორის. ამით განსხვავდება სატირა პირდაპირი კრიტიკისგან, ინვექტივისაგან.
სატირისთვის დამახასიათებელია პუბლიცისტურობა, ავტორისეული ტენდენციურობა და გადაულახავი ზღვარი ავტორისეულ იდეურ სამყაროსა და მხილების ობიექტს შორის, ხოლო მისი ესთეტიკური ამოცანაა გამოიწვიოს და გამოაცოცხლოს გახსენება მშვენიერისა, რასაც შეურაცხყოფს მხილების ობიექტი თავისი მანკიერი არსით. სატირის აქტუალობა დამოკიდებულია ისტორიულ, გეოგრაფიულ და სოციალურ ფაქტორებზე. რამდენადაც უფრო ზოგადსაკაცობრიოა იდეალი, რომლის საშუალებით სატირიკოსი წარმოაჩენს თავის ანტიიდეალს და რამდენადაც უფრო ესთეტიკურად გამართულია მისი უარყოფითი სიცილი, მით უფრო ხანგრძლივდება სატირის ცხოველმყოფელი მნიშვნელობა.