Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კომედია (ბერძ. komedia < komos „მხიარული ბრბო“ და ode „სიმღერა“) — დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჟღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფალ მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.
განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვისების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.
განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ.
კომედია, როგორც დრამატული ჟანრი ლიტერატურად გაფორმდა ძველ საბერძნეთში. მისი წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან, კერძოდ კი დღესასწაულის იმ ნაწილთან, როდესაც წარმოდგენილი იყო დიონისეს აღდგომა და მას მოჰყვებოდა მხიარული სიმღერები, ცეკვები, კარნავალური სვლა, სრულდებოდა მცირე ჟანრის კომიკური სცენები და სასაცილო უწმაწურობაც ახლდა თან.
შუა საუკუნეების დასასრულს ევროპულ ლიტერატურაში ჩნდება კომიკური პიესები, რომლებსაც ფარსი ეწოდა. რენესანსის ეპოქის კომედია უფრო რომანტიკული დრამის ხასიათს ატარებს. კლასიციზმის ეპოქისთვის დამახასიათებელია ე.წ. „სერიოზული“, „მაღალი“ კომედია (მოლიერი).
XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის კომედია ისევ ხასიათდება სოციალურობით, მაგრამ კომედიის კოლიზია უკვე მთლიანად არ არის გამსჭვალული კომიზმით, კომიკური ზოგჯერ ძნელად ამოსაკითხია. ამავე ხანებში ჩნდება ტრაგიკომედია, სადაც სხვადასხვა მანკიერებითა და ნაკლით გამოწვეულ სიცილს მოყვება მწარე ცრემლიც, რომელსაც იწვევს ადამიანისა და მისი ცხოვრების მოუწყობლობის შეგნების განცდა.
საქართველოში კომედია ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი ფუძემდებელია გ. ერისთავი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.