From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ უკრაინის კამპანია — საომარ მოქმედებათა მიმდინარე თეატრი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ბაზებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ხერსონის, მიკოლაივისა და ზაპორიჟიის ოლქებში (სამხრეთი უკრაინა).[19] 24 თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაუპირისპირდნენ.[20]
სამხრეთ უკრაინის კამპანია | |||
---|---|---|---|
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნაწილი | |||
| |||
თარიღი |
24 თებერვალი, 2022 – დღემდე (2 წელი, 2 თვე და 5 დღე) | ||
მდებარეობა | ხერსონის ოლქი, მიკოლაივის ოლქი, ზაპორიჟიის ოლქი, ყირიმი | ||
სტატუსი |
მიმდინარე
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სამხრეთ უკრაინის კამპანია ვიკისაწყობში |
რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ხერსონის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია. რუსული ჯარები ჩრდილო-დასავლეთისკენ, მდინარე სამხრეთის ბუგის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მიიწევდნენ, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ისინი უკუაგდეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო რუსების მხრიდან მომარაგებასთან და საბრძოლო შემართებასთან დაკავშირებული პრობლემები.[21] ამ კამპანიის ელემენტების ნაწილი შეუერთდა აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ელემენტებს, რათა ერთობლივად ალყაში მოექციათ და დაებომბათ ქალაქი მარიუპოლი.
2014 წელს, ღირსების რევოლუციის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.[22][23] დე ფაქტო მმართველობის პირობებში, რუსეთის ჯარებს ყირიმი ამ დროიდან ოკუპირებული აქვთ. ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო ყოფნა 2021–2022 წლების რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს დამატებით 10000-ზე მეტი ჯარისკაცით გაიზარდა.[24]
მას შემდეგ მალევე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაიწყეს; სამიზნეებს წარმოადგენდა ხერსონის ოლქის რამდენიმე ქალაქი. საჰაერო მხარდაჭერის პირობებში, რუსეთის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის ტერიტორიების გავლით შევიდნენ.[25][26][27]
ხერსონის ოლქის სიახლოვეს მდგარი უკრაინული სამხედრო ნაწილებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაზღუდად და სამხრეთ უკრაინაში კომერციული ვაჭრობისა და საქონლის ნაკადების შესაჩერებლად, რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტით შავ ზღვაში ბლოკადა დაიწყო.[28] ადგილობრივი დროით 3:30 საათისთვის უკრაინამ აზოვის ზღვაში ყველა კომერციული გადაზიდვა შეაჩერა, რის გამოც 100-ზე მეტი გემი პორტებში ჩარჩა.[29]
საღამოს რუსებმა ქალაქ ხერსონს მიაღწიეს და უკრაინელებთან ხერსონისათვის ბრძოლაში ჩაერთნენ. რუსებმა ანტონივკის ხიდით მდინარე დნეპრის გადაკვეთა სცადეს. თავდაპირველად რუსული არმიის გადასვლის გადამიუხედავად (24 თებერვალი), უკრაინულმა მექანიზებულმა ძალებმა შეძლეს ხიდის დაბრუნება (25 თებერვლის პირველ საათებში).[30]
ყირიმიდან შემოჭრილი რუსული ჯარების წინსვლის შესანელებლად უკრაინელებმა პერეკოპის ყელზე ჰენიჩესკის ხიდის დანგრევის მიზნით ბატალიონი გადაისროლეს.[31] ვიტალი სკაკუნს, საბრძოლო ინჟინერს, რომელმაც ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა, ხიდიდან უკან დასახევად საკმარისი დრო არ ჰქონდა, ამიტომ ნაღმები ააფეთქა, თვითონ დაიღუპა და ხიდი გაანადგურა.[32][33] სკაკუნს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.[34]
ყირიმიდან შეჭრილმა რუსულმა ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთ ყირიმის არხზე .[35] 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინამ არხი,[36] რომელიც ყირიმის სასმელი წყლის 85%-ს უზრუნველყოფდა, გადაკეტა.[37] ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა ადგილობრივ ხელისუფლებას განუცხადა რომ, დნეპრიდან წყლის მისაღებად მოემზადებინათ არხი და განეახლებინათ ყირიმისთვის წყლის მიწოდება.[38]
25 თებერვლის დილისთვის რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს და აიღეს ქალაქი ნოვა-კახოვკა.[39] გახსნეს ჩრდილოეთ ყირიმის არხი, რითაც ფაქტობრივად გაუქმდა 2014 წელს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაწესებული ხანგრძლივი ბლოკადა.[40][41] ბრძოლები დაიწყო ზაპორიჟიის ოლქში. რუსული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ ხერსონის ოლქის გავლით მელიტოპოლისკენ გაიჭრნენ, ქალაქი მოგვიანებით მცირე შეტაკებების შემდეგ დანებდა.[42][43]
მოგვიანებით, რუსეთის ჯარებმა სრულად დაიკავეს ანტონივკის ხიდი.[44] უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლზე კონტრშეტევა წამოიწყეს, რათა ქალაქი დაებრუნებინათ.[45]
26 თებერვალს, ხერსონის მერის იჰორ კოლიხაევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდასხმამ რუსები აიძულა უკან დაეხიათ, ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩა.[46][47] მოგვიანებით უკრაინულმა ძალებმა ხიდი დაიბრუნეს.[48]
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონის ჩრდილოეთ გარეუბანში, სოფელ ზელენივკასთან ჟურნალისტი და სასწრაფო დახმარების მძღოლი მოკლეს.[49] კიდევ ერთი უკრაინელი ოფიციალური პირი მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ ქალაქ რადენსკსა და ოლეშკის შორის (ხერსონის სამხრეთით) რუსული არმიის კოლონა დაამარცხეს.[50]
26 თებერვალს ნაშუადღევს 12 რუსულმა ტანკმა კახოვკაში დნეპრზე გადასვლა მოახერხა და მიკოლაივისკენ წინსვლა დაიწყო.[51] მიკოლაივის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ქალაქს მოსამზადებლად 5 საათი ჰქონდა.[52][53] მზადყოფნაში იყო არტილერია და სხვა შეიარაღება.[54]
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს ქალაქ ენერჰოდარისკენ, რომელიც ზაპორჟიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. აქაა განთავსებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური. ოფიციალური პირების განცხადებით, რუსებმა „გრადის“ რაკეტები განალაგეს და შესაძლო იყო ქარხანაზე იერიშის მიტანა.[55] ზაპორიჟიის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ენერჰოდარისკენ მიმავალი რუსული ძალები მოგვიანებით სოფელ ბოლშაია-ბელოზერკაში გაბრუნდნენ (ქალაქიდან 30 კმ-ში).[56] რუსეთის ჯარებმა 13:40 საათისთვის დაიკავეს ქალაქის სანაპირო.[57]
საღამოსთვის რუსული ტანკები მიკოლაივის გარეუბანში იმყოფებოდნენ. მიკოლაივის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა მოქალაქეებს უბრძანა სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრებისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ.[58] ცოტა ხნის შემდეგ, რუსული ჯარები ქალაქში შევიდნენ და სამხრეთის ბუგზე დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ბრძოლა დაიწყო.[59] ზოგიერთი ცნობით, ტანკებმა „ქალაქში გაიარეს“.[60] ასევე დაფიქსირდა დიდი ხანძრები.[61]
რუსული ძალები მელიტოპოლიდან მარიუპოლისკენ დაიძრნენ, სადაც ბრძოლა 25 თებერვლიდან მიმდინარეობდა. ამ ძალებმა დაიკავეს სანაპირო ქალაქი პრიმორსკი და ალყა შემოარტყეს ქალაქ ბერდიანსკს (მარიუპოლის დასავლეთით).[62][63] დაიკავეს მისი პორტი და აეროპორტი.[64][65]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ დილით ქალაქი ჰენიჩესკი და ხერსონის საერთაშორისო აეროპორტი რუსულ ძალებს ჩაბარდა.[66][67][68] მოგვიანებით, რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს და დაიკავეს ხერსონის ნაწილი,[69][70] უკრაინელი ოფიციალური პირები ამ ფაქტს ადასტურებდნენ.[71]
რუსულმა ძალებმაც შეძლეს ბერდიანსკში შესვლა და მისი დაკავება.[72][73] ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც დაიჭრა.[74][75] ქალაქის პორტში რუსებმა ხელში ჩაიგდეს არანაკლებ 8 უკრაინული ხომალდი.[76]
მოგვიანებით, ბოშა უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფმა, სავარაუდოდ, კახოვკას მახლობლად რუსული ჯავშანტექნიკა ჩაიგდო ხელში.[77]
უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსული ძალები მთლიანად განდევნეს მიკოლაივიდან.[78] ქალაქი ძლიერ დაზიანდა.[79][80][81] რუსები დღის განმავლობაში ცდილობდნენ დნიპრორუდნეში შესვლას, მაგრამ ადგილობრივთა პროტესტის გამო იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.[82]
28 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაიკავეს ენერჰოდარი, გარდა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიისა. თუმცა, ენერჰოდარის მერმა დიმიტრი ორლოვმა უარყო, რომ ქალაქი და ქარხანა დაიპყრო.[83][84] მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები რუსულ კოლონას ენერჰოდარში შესვლაში ხელს უშლიდნენ, ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და აიძულებენ ქალაქი დაეტოვებინათ.[85] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა რუსები ხერსონის მიმდებარე სოფლებიდან შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებაში დაადანაშაულეს, ისინი ხერსონის ხიდზე გადასასვლელად სჭირდებოდათ.[86] რუსული ჯარები ხერსონიდან მიკოლაივისკენ დაიძრნენ, მიაღწიეს ქალაქის გარეუბანს და 11:00 საათზე შეტევა დაიწყეს.[87][88] ბერდიანსკის მერის, ოლექსანდრ სვიდლოს ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქი დატოვეს, თუმცა აქ სამხედრო პოლიციის რაზმი დატოვეს.[89] რუსეთის ჯარი მარიუპოლისკენ წინსვლას კვლავ აგრძელებდა.[90] მარიუპოლამდე მიღწევით მათ სახმელეთო კავშირი დაამყარეს ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს შორის.[91] უკრაინული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანახმად, რუსული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების სამხედროები, რომლებმაც საწყობებიდან უკრაინული სამხედრო ფორმები მოიპარეს და გადაიცვეს, მელიტოპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ტოკმაკში უკრაინელებთან ჩაებნენ ბრძოლებში.[92][93][94] უკრაინის სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, მათი იდენტიფიცირება მოხერხდა იმ ჯავშანშილეტებით, რომლებსაც იყენებს რუსეთის და არა უკრაინის არმია.[95][96] ცნობების მიხედვით, მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგები განიცადა და ქალაქის სამხრეთ გარეუბნებისკენ დაიხია.[97]
1 მარტის, დილით ადრე, რუსულმა ძალებმა ხერსონზე შეტევა დაიწყეს დასავლეთიდან, ხერსონის საერთაშორისო აეროპორტიდან მიკოლაივის გზატკეცილის მიმართულებით. მათ შეძლეს ქალაქის გარს შემორტყმა და მეზობელ დასახლება კომიშანის მიაღწიეს.[98] მოგვიანებით, რუსეთის ჯარები ხერსონში შევიდნენ.[99] მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქი დაიკავეს.[2] შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა აღნიშნული.[100] რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ბაშტანკისა და მიკოლაივის მიმართულებით. მოგვიანებით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა იტყობინებოდნენ, რომ უკრაინული ძალები ღამით ბაშტანკის მახლობლად თავს დაესხნე დიდ რუსულ კოლონას და დაამარცხეს იგი, რითაც აიძულეს მეზობელ ქალაქ ნოვი-ბუჰისკენ დაეხიათ. მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა „რამდენიმე ათეული [რუსული] ჯავშანმანქანა“.[101] მიკოლაიცის განცხადებით, ოპერაციის დროს განადგურდა უკრაინული ვერტმფრენი, მაგრამ მისი პილოტები გადარჩნენ.[102] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14:00 საათისკენ რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ენერჰოდარს და რუსული კოლონა ქალაქისკენ მიიწევდაე.[103] მერის თქმით, ენერჰოდარში საკვების შოვნა გართულებული იყო.[103]
2 მარტის დილას რუსულმა ძალებმა დაიკავეს ხერსონის ნაწილი, მათ შორის ქალაქის ცენტრალური მოედანი.[104] იმავე საღამოს, კოლიხაევმა გამოაცხადა, რომ მან ქალაქი მოწინააღმდეგეს გადასცა და რუსი სარდალი სამხედრო ადმინისტრაციის შექმნას აპირებდა.[105] დილით ცეცხლის სამიზნე გახდა ვოზნესენსკიც, სადაც მდებარეობს მდინარე სამხრეთის ბუგზე გადასასვლელი ხიდი. რუსი მედესანტეები ტყით შემოსილ ქედზე გადმოსხდნენ, ჯავშანსატანკო კოლონა კი ქალაქს მიუახლოვდა. საზღვაო ქვეითი ჯარის 126-ე ბრიგადის მებრძოლებმა ვერ შეძლეს მათთან შეერთება, რადგან ადგილამდე მიღწევის მცდელობის დროს თავდასხმაში მოყვნენ.[106] რუსულმა ძალებმა, რომელთა რაოდენობა 400 ადამიანს აღწევდა, სოფელ რაკოვეს დაკავება დაიწყეს. სნაიპერები სოფლის რამდენიმე სახლში განლაგდნენ, სამხედრო ბაზა კი ქალაქის შესასვლელთან მდებარე გაზგასამართ სადგურზე მოაწყვეს და ტერიტორიული თავდაცვის ძალების ბაზას შეუტიეს. ადგილობრივი მოხალისეების დახმარებით, რომლებიც მოწინააღმდეგის კოორდინატებს აწვდიდნენ, უკრაინელებმა ღამით საარტილერიო დარტყმები განახორციელეს.[106] მოგვიანებით, უკრაინის თანამდებობის პირმა ანტონ ჰერაშჩენკომ განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის სამიზნე აღმოჩნდა მრავალი სახლი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.[107]
საღამოს, დაუდგენელი რაკეტა მოხვდა MVS Banglar Samriddhi-ს, ბანგლადეშურ სატვირთო გემს, რომელიც შეჭრის დაწყების დღიდან პორტში იდგა ოლბიასთან ახლოს, მიკოლაივის ოლქში, დაიღუპა ინჟინერი.[108][109]
3 მარტს დადასტურდა, რომ ხერსონი რუსებს ჰქონდათ დაკავებული.[110] მძიმე წინააღმდეგობა კვლავ მიდიოდა ქალაქ მარიუპოლში.[111] მარიუპოლის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ 3 მარტისთვის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო დაღუპული.[112][113] ამასობაში ორლოვმა განაცხადა, რომ ენერჰოდარში რუსული დიდი კოლონა შევიდა.[114] მოგვიანებით რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე დაიკავეს. გააფთრებული შეტაკებების დროს ცეცხლი გაუჩნდა ძირითადი კომპლექსის გარეთ მდებარე საცდელ კორპუსს, ხანძარი მალევე ჩააქრეს.[115] დაზიანდა სადგურის მიმდებარე სხვა მონაკვეთები.[116] პირველადი ინფორმაციით, რადიაციის დონე ამ დროის განმავლობაში ნორმალური იყო და ხანძარს არ დაუზიანებია ძირითადი აღჭურვილობა.[117][118] თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერასთან დროულად მისვლა ვერ შეძლეს.[119] უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ადგილობრივმა მოხალისეებმა დღის განმავლობაში ვოზნესენსკიდან მოწინააღმდეგის ჯარების უკუგდება შეძლეს და დაახლ. 65 კმ-ით აღმოსავლეთით დაახევინეს, ზოგიერთებმა თავი ახლომდებარე ტყეებს შეაფარეს, რომელთაგან 10 მოგვიანებით დაატყვევეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსებმა ბრძოლაში 30 მანქანა დაკარგეს, დაიღუპა 100-მდე ჯარისკაცი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლმა 10 ადამიანი შეადგინა.[106]
4 მარტს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა მიკოლაივის გარეუბნები დაიკავეს. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მიკოლაივის საერთაშორისო აეროპორტის დაბრუნება, რომელიც მანამდე რუსებს ეკავათ .[120] დილით, მას შემდეგ, რაც დაადასტურეს, რომ რადიაციის დონის ცვლილება არ მომხდარა, რუსულმა ძალებმა მთლიანად დაიკავეს ენერჰოდარი და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური.[121][122][123] უკრაინამ სარკინიგზო ხიდი ააფეთქა დნესტრისპირეთის საზღვარზე, რათა მოლდოვის სეპარატისტულ ტერიტორიაზე დისლოცირებული 1400 რუსი ჯარისკაცი უკრაინაში არ გადასულიყო.[124]
5 მარტს ორლოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები აკონტროლებდნენ ენერჰოდარის პერიმეტრსა და ელექტროსადგურს, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის მართვის უფლება მიეცა.[6] რუსეთის შეიარაღებული ძალები მცირე ხნით შევიდნენ ქალაქ ჰულიაიპოლეში (რომელსაც, უკრაინული მხარის მონაცემებით, სროლისა და ავიადარტყმების ფონზე ღამით შეუტიეს[125]), თუმცა დამცველებმა უკუაგდეს.[126]
7 მარტს უკრაინის ზაპორიჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ამ დრომდე დაიკავეს ოლქის ქალაქები: ბერდიანსკი, ენერჰოდარი, მელიტოპოლი, ვასილივკა, ტოკმაკი და პოლოჰი.[127] უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ ჩაძირეს საპატრულო გემო „ვასილი ბიკოვი“, რომელიც დღის განმავლობაში ოდესასთან ახლოს თავს დაესხა კუნძულ ზმეინის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ საბრძოლო ხომალდი სამიზნეში იყო ამოღებული.[128] თუმცა, 16 მარტს ხომალდი სევასტოპოლის პორტში შევიდა და რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.[129] უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღის განმავლობაში დარტყმა მიაყენეს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ სამხედრო ბაზას. ოფიციალური პირების თანახმად, მათ 30 რუსული შვეულმფრენი გაანადგურეს, თუმცა თანამგზავრული ფოტოების მიხედვით მათი რაოდენობა უფრო ნაკლები იყო.[130]
9 მარტს რუსული ჯარები შევიდნენ ქალაქ სკადოვსკში. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტები 08:45 საათზე შევიდნენ და ცენტრალურ მოედანზე განლაგდნენ, თუმცა შემდეგ ადგილობრივთა პროტესტის გამო დატოვეს ადგილი. შემდეგ დაიკავეს უკრაინის ეროვნული პოლიციის შენობა, გაძარცვეს საკრებულოს (საქალაქო რადის) შენობა. მერმა ოლექსანდრ იაკოვლევმა განაცხადა, რომ მათ საკრებულოს შენობიდან წაიღეს კომპიუტერები და გასცეს ბრძანება, რომ პოლიტიკური აქციები არ გამართულიყო.[131] უკრაინის გენერალური შტაბის 10 მარტის ცნობით, რუსეთმა მიკოლაივის მიმართულებით გადაისროლა ბალტიის ფლოტის 336-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ბატალიონი. მიკოლაივის ჩრდილო-დასავლეთით, ვოზნესენსკში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსული და უკრაინული ძალები. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, „რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინგულის გაღმა წინსვლა უჭირდათ“.[132] საღამოს მიკოლაივი ძლიერი ცეცხლის სამიზნე გახდა, რამაც რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ „აქტიური საომარი მოქმედებები მიდიოდა გურიივკის მახლობლად“, ქალაქის ჩრდილოეთით.[133] ზაპორიჟიისათვის ბრძოლებში დაიღუპა პოლკოვნიკი სერჰი კოტენკო, მე-9 ცალკეული მოტოქვეითი ბატალიონის მეთაური.[11]
მიკოლაივის უკრაინელი სარდლის თქმით, რუსული ძალები დაბალი ტემპერატურისა და მომარაგების სირთულეების გამო სატრანსპორტო საშუალებებს ტოვებდნენ და დემორალიზებულნი იყვნენ.[134] მიკოლაივის მერის 11 მარტის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს აღმოსავლეთით 15–20 კმ-ით დაახევინეს უკან, ასევე ალყაში მოაქციეს რამდენიმე ნაწილი, რომლებთანაც კაპიტულაციაზე მოლაპარაკებებს ახორციელებდნენ.[135] უკრაინული ძალების მიხედვით, 12 მარტს დღისით სკადოვსკის რაიონში გაანადგურეს ორი რუსული შვეულმფრენი, პილოტებიდან ერთ-ერთი გადარჩა.[136] სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი განადგურებული შვეულმფრენი ჩანდა.[137] იაკოვლევის განცხადებით, სკადოვსკი გათავისუფლდა რუსული ჯარებისგან, რომლებმაც ქალაქი 10 მარტს დატოვეს, თუმცა მის გარეუბნებში გამაგრდნენ.[138]
ზაპორიჟიის ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ სტარუხის 13 მარტის ცნობით, დნიპრორუდნეს მერი ევჰენ მატვეევი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მანამდე, 27 თებერვალს იგი რეგიონის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ „ცოცხალი ფარის“ პროტესტებს შეუერთდა. ამავდროულად, საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკაცრი რეჟიმის დამყარებას ცდილობდნენ. ნოვა-კახოვკაში, კახოვკასა და ტავრიისკში შემოიღეს კომენდანტის საათი, მოქალაქეებს აეკრძალათ ჯგუფური შეკრება, იარაღი დაექვემდებარა ჩამორთმევას და სასჯელი შემოიღეს რუსი სამხედროების ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებისათვის.[139] მერის თანახმად, დღის მეორე ნახევარში რუსების სამხედრო კოლონა კვლავ შევიდა სკადოვსკში და გარეუბანში ერთ-ერთ საბავშვო ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო.[140]
მიკოლაივის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის თანახმად, მელიტოპოლთან 200-მდე სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს და ალყაში მოაქციეს.[141] თუმცა ანტონ ჰერაშჩენკო აცხადებდა, რომ ეს ვასილივკასთან მოხდა და უკრაინულმა ძალებმა მელიტოპოლთან დისლოცირებული 200 სატრანსპორტო საშუალება არტილერიის დახმარებით გაანადგურეს. დასძინა, რომ მათი შტაბიც განადგურდა.[142]
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 14 მარტს 06:00 საათზე სნიჰურივკაზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მცხოვრები და დაიჭრა ხუთი.[143] მარიუპოლის საქალაქო რადის თანახმად, ალყის დროს დაღუპული იყო 2357 ადამიანი.[144]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, მათ ხერსონის ოლქის მთელი ტერიტორია დაიკავეს.[145] მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის საერთაშორისო აეროპორტის ავიაბაზაზე და რამდენიმე რუსული შვეულმფრენი გაანადგურეს.[130]
დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებისაგან განსხვავებით, რეგიონი რუსული ჯარების თავდასხმისათვის მზად იყო. ასევე დასძინა, რომ მოწინააღმდეგის ძალები დისლოცირებული იყო დასახლებულ პუნქტებში: ველიკა-ოლექსანდრივკა, ნოვოვორონცოვკა და არხანჰელსკე.[146] ამავდროულად, ოდესის სანაპიროებს მიუახლოვდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდთა სამი ჯგუფი, მ.შ. „ივან გრენის“ ტიპის სადესანტო გემი „პეტრე მორგუნოვი“.[147] უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დღის განმავლობაში რუსული გამანადგურებლები და სამხედრო ხომალდები ოდესის ოლქის დასახლებულ პუნქტებს უტევდნენ. დილით ერთ-ერთ დასახლებაზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი.[148]
16 მარტს, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, მათი ჯარები მიკოლაივთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ და გაათავისუფლეს სოფელი პოსად-პოკროვსკე.[149] დამოუკიდებელი წყაროების მიერ აღნიშნული 5 დღის შემდეგ დადასტურდა.[150] 16 მარტსვე, ოლექსანდრ სტარუხის ცნობით, რუსულმა ძალებმა პირველი იერიში მიიტანეს ზაპორიჟიის მშვიდობიან მოქალაქეებზე. რაკეტები დაეცა რკინიგზის სადგურს. ქალაქი მარიუპოლიდან დევნილებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა.[151] დღისით რუსმა სამხედროებმა დააკავეს სკადოვსკის მერი ოლექსანდრ იაკოვლევი.[152] თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ თვითონვე განაცხადა, რომ გაათავისუფლეს.[153] ამავდროულად გაათავისუფლეს მელიტოპოლის მერიც, ივან ფედოროვი.[154]
20 მარტისთვის რუსულმა ნაწილებმა ქვეითი ჯარით მთლიანად ალყაში მოაქციეს მარიუპოლი და მისი ჩაბარება მოითხოვეს, რაზეც მკაცრი უარი მიიღეს.[155] 24 მარტს რუსეთის ჯარები მარიუპოლის ცენტრში გამოჩნდნენ.[156] დაიკავეს ღვთისმშობლის ტაძარი. ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი მოსახლეობის დემორალიზებას ცდილობდნენ — სახალხოდ ყვიროდნენ რუსების გამარჯვებების შესახებ, მათ შორის ოდესის „დაპყრობის“ თაობაზეც.[157] 27 მარტს უკრაინაში შეჭრის მეორე ფაზა დაიწყო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოლჰა სტეფანიშინას სიტყვებით, მარიუპოლი „უბრალოდ აღარ არსებობდა“ და რუსეთის მიზანს „არაფერი საერთო ადამიანობასთან არ ჰქონდა“. მისივე ცნობით, „მათ (მარიუპოლელებს) არ ჰქონდათ წვდომა არც წყალთან, არც რაიმე მარაგთან. ქალაქის 85%-ზე მეტი კი დანგრეული იყო“.[158]
10 აპრილისთვის უკრაინულმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და ხერსონის მიმართულებაზე უკუაგდეს მოწინააღმდეგ, წინ წაიწიეს სოფელ ოსოკორკივკისა და დაბა ოლექსანდრივკისკენ. რუსებმა კონტრშეტევები წამოიწყეს, მაგრამ ვერ შეძლეს დაკარგულ ტერიტორიებზე შესვლა. ამავდროულად, უკრაინა აგრძელებდა აეროდრომებზე შემაწუხებელ თავდასხმებს.[159] უკრაინის კონტრშეტევებმა მოწინააღმდეგე სამხრეთ უკრაინაში თავდაცვაზე გადაიყვანა და მას აიძულა გაემაგრებინა ხერსონი და გაეუმჯობესებინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.[160] რუსულ სამიზნეებზე თავდასხმები დაიწყეს პარტიზანებმაც, ერთ-ერთი ჯგუფი, ცნობების თანახმად, მელიტოპოლში მოქმედებდა.[18] 18 აპრილს უკრაინელებმა გამოაცხადეს, რომ მე-80 სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ მიკოლაივთან ახლოს მტერი უკუაგდო რამდენიმე სოფლიდან.[17] ორი დღის შემდეგ რუსული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და უმნშვნელო წარმატებას მიაღწიეს ოლექსანდრივკასთან.[161]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.