From Wikipedia, the free encyclopedia
ხერსონის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. წარმოადგენს რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს.
ხერსონის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||
| |||
თარიღი | 24 თებერვალი, – 2 მარტი, 2022 (6 დღე) | ||
მდებარეობა | ხერსონი, ხერსონის ოლქი, უკრაინა | ||
შედეგი | რუსეთმა დაიკავა ქალაქი ხერსონი[1] | ||
მხარეები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ხერსონის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ხერსონი პირველი დიდი უკრაინული ქალაქი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა დაიკავეს.[1]
რუსული ძალები 24 თებერვალს ყირიმის გავლით სამხრეთიდან შეიჭრნენ ხერსონის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენი ჯარები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ხერსონის გარეუბნებში, მტერი ოკუპირებული ყირიმიდან აწვება და ცდილობს მელიტოპოლისკენ წინსვლას“.[6] 24 თებერვლის საღამოს რუსულმა ძალებმა მიაღწიეს ქალაქ ხერსონს და დაიკავეს ანტონივკის ხიდი,[7][8] რომელიც საჭირო იყო მდინარე დნეპერზე გადასასვლელად და მიკოლაივის მიმართულებით გასაჭრელად.[9]
25 თებერვალს, პირველ საათებში, უკრაინულმა ძალებმა ხიდი სასტიკი ბრძოლით დაიბრუნეს. ვიდეოებში ჩანდა ხიდზე დაყრილი დაღუპული ჯარისკავები და განადგურებული ტექნიკა.[10][11] კონტრშეტევამ რუსები აიძულა ჩრდილოეთით წაწეულიყვნენ და დნეპრზე უახლოესი გადასასვლელი, ქალაქი ნოვა-კახოვკა დაეკავებინათ.[12][13] მოგვიანებით რუსებმა ისევ დაიკავეს ანტონივკის ხიდი .[5]
26 თებერვალს, მერის იჰორ კოლიხაევის ცნობით, რუსეთის ჯარებმა მათ ჯავშანმანქანებზე უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ხერსონიდან უკან დაიხიეს, რამაც ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ დატოვა.[14][15] უკრაინელი ოფიციალური პირი, ანტონ ჰერაშჩენკო, მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ რუსული არმიის კოლონა „რადენსკსა და ოლეშკის შორის“, ხერსონის სამხრეთით, უკრაინელმა ძალებმა დაამარცხეს, გადარჩენილები კი, სავარაუდოდ, „ტყეში გაიქცნენ“.[16] იმავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სოფელ ზელენივკასთან, ხერსონის ჩრდილოეთ გარეუბანში, მოკლეს ჟურნალისტი, ხოლო გზატკეცილზე — სასწრაფო დახმარების მძღოლი. ვენედიქტოვას თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა სროლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.[17]
27 თებერვალს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ხერსონს და, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, დაიკავეს ქალაქის ნაწილი, მათ შორის ხერსონის საერთაშორისო აეროპორტი.[18][19][20] გვიან დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა სოფელ ჩორნობაივკაში, ხერსონის ჩრდილოეთით, უპილოტო საფრენი აპარატით წარმატებული დარტყმა განახორციელეს რუსეთის ძალების წინააღმდეგ.[21]
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, 27 თებერვლიდან რუსულმა ძალებმა ახლომდებარე სოფლებიდან ხერსონის მიმართულებით მშვიდობიანი მოსახლეობის გადაყვანა დაიწყეს, რაც, მათი მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად გამოყენების მცდელობა იყო.[22]
1 მარტს, დილით ადრე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონზე შეტევა განაახლეს და საერთაშორისო აეროპორტიდან ხერსონისა და მიკოლაივის დამაკავშირებელი გზატკეცილისკენ მიიწევდენ. მძიმე დაბომბვის წარმოებასთან ერთად,[23] რუსეთის ჯარებმა მოახერხეს ქალაქის გარს შემორტყმა და სოფელ კომიშანისკენ მიმავალ გზატკეცილზე გასვლა.[24] რუსებმა საბოლოოდ შეძლეს ხერსონში შესვლა.[25] ქალაქის მერის ცნობით, ბევრი მცხოვრები საკუთარ სახლებში და ბომბსაფარებში დარჩა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა სკოლები, სავაჭრო ცენტრი „ფაბრიკა“ და მრავალსართულიანი შენობები, საცხოვრებელი სახლები ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. კოლიხაევი ამტკიცებდა, რომ 1 მარტს რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მოლოტოვის კოქტეილებით შეიარაღებულ მოქალაქეებს, რომლებიც ნაფტოვიკივის ქუჩაზე ცდილობდნენ სამხედრო კოლონის შეჩერებას.[26]
2 მარტის დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა მოახერხეს რკინიგზის სადგურის და სამდინარო პორტის დაკავება.[27] გვიან დილით, რუსული ძალები შენიშნეს თავისუფლების მოედანზე, ქალაქის ცენტრში, სადაც საოლქო ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს.[28] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით დაადასტურა, რომ ქალაქი დაიკავეს.[29] თუმცა უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული უარყვეს და აცხადებდნენ, რომ ბრძოლა გრძელდებოდა.[30][31]
მოგვიანებით, 2 მარტს, დაახლოებით ათი რუსი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის მეთაური, შევიდა საკრებულოს შენობაში და მოლაპარაკება დაიწყო კოლიხაევთან. საღამოს კოლიხაევმა დაადასტურა, რომ მან ქალაქი დათმო და აღნიშნა, რომ რუსმა სარდალმა ისაუბრა სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის გეგმების შესახებ. მან ასევე აღიარა, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში აღარ იმყოფებოდნენ. სხვა ოფიციალური პირის განცხადებით, რუსი სამხედროები ქალაქის ყველა კუთხეში იდგნენ. კოლიხაევის ცნობით, ბრძოლის შედეგად 300-მდე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, ინფრასტრუქტურა ძლიერ დაზიანდა, „შეზღუდული იყო წყლის მიწოდება და არასაკმარისი იყო საკვები“. მან დასძინა, რომ ბევრი გარდაცვლილი მოხალისეებმა საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან ნეშტების დიდი ნაწილი ამოუცნობი იყო.[1][32]
დაცემის შემდეგ ხერსონი და ხერსონის ოლქი რუსეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა.[32]
ხერსონის დაპყრობიდან მალევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებსა და ქალაქის ადმინისტრაციას შორის წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის დროშა ქალაქის თავზე აღმართული იქნებოდა მანამ, სანამ რუსეთი ახალ ადმინისტრაციას არ შექმნიდა. მერმა იგორ კოლიხაევმა ქალაქის მაცხოვრებლებს ახალი პირობები გამოუცხადა, მაგალითად, მოქალაქეები მხოლოდ დღისით გავიდოდნენ გარეთ, ეკრძალებოდათ ჯგუფურად შეკრება, მანქანებს ქალაქში შესვლა მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების მისაწოდებლად შეეძლოთ; ეს მანქანები მინიმალური სიჩქარით უნდა გადაადგილებულიყვნენ და დაექვემდებარებოდნენ ჩხრეკას. მოქალაქეები გააფრთხილეს რომ, არ მოეხდინათ რუსი ჯარისკაცების პროვოცირება და დამორჩილებოდნენ გაცემულ ბრძანებებს.[32]
3 მარტს უკრაინულ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები ხერსონში რუსი ჯარისკაცების მიერ ქალების გაუპატიურების შესახებ. უკრაინული გამოცემა „რუბრიკა“ ადგილობრივ წყაროებზე (მ.შ. კარაბელეშის პოლიკლინიკის ექიმზე) დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების 11 შემთხვევას, რომელთაგან მხოლოდ 5 მსხვერპლი გადარჩა ცოცხალი. სვეტლანა ზორინამ, ხერსონის 27 წლის მკვიდრმა, რომელმაც CNN-ს მისცა ინტერვიუ, რუსი ჯარისკაცები ადგილობრივი ქალების გაუპატიურებაში დაადანაშაულა და აღნიშნა: „მათ უკვე დაიწყეს ჩვენი ქალების გაუპატიურება. ხალხისგან, რომელსაც მე პირადად ვიცნობ, იყო ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგონა გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს“. აღნიშნული ბრალდებები დამოუკიდებლად არ გადამოწმებულა.[33][34]
5 მარტს კოლიხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და რუსული ჯარები „საკმაოდ მტკიცედ“ იდგნენ. მან ჰუმანიტარული დახმარება მოითხოვა და აღნიშნა, რომ „წარმოება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გაჩერებული იყო. ქალაქი დენისა და წყალის გარეშე იყო დარჩენილი“ და „ჰყავდათ კიბოთი დაავადებულები, ბავშვები, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ და ეს უკანასკნელი მათვის ვერ ჩამოჰქონდათ“.[35] იმავდროულად, დაახლოებით 2000 მომიტინგე უკრაინის დროშებით, ეროვნული ჰიმნითა და პატრიოტული ლოზუნგებით მსვლელობით გამოვიდა ქალაქის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მოახლოებული ხალხის შესაკავებლად ჰაერში გაისროლეს. ზოგიერთი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ რუსებს ჰქონდათ უკრაინელი აქტივისტების სია, რომელთა დაჭერაც სურდათ.[36]
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 9 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ხერსონში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციებზე გამოსვლის გამო.[37]
ოკუპანტების მხრიდან ჟღერდებოდა „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ ჩამოსაყალიბებლად რეფერენდუმის ჩატარების იდეები. ამ ფაქტზე 12 მარტს ხერსონის საოლქო რადის დეპუტატებმა საგანგებო სხდომა მოიწვიეს და გაავრცელეს მათი გადაწყვეტილება, რომ „ხერსონი არის უკრაინა“ და არანაირი ცრურესპუბლიკა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არასდროს არ იარსებებდა.[38]
13 მარტს უკრაინული ახალი ამბების ონლაინგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინებოდა, რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მიტინგში ლოზუნგით „ხერსონი უკრაინაა“. ადგილობრივი ჟურნალისტის კონსტანტინა რიჟენკოს ცნობით, დემონსტრაციის დროს საოკუპაციო ძალის მხრიდან სროლას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა, მას ფეხში რეზინის ტყვია მოხვდა.[39] ამავე დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ქალაქში ცრუ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ გამოცხადების შესახებ, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ანალოგიურად.[40][41]
23 მარტს უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მოწინააღმდეგის მიმართულებით კონტრდარტყმები განახორციელეს.[42][43] აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის 25 მარტის განცხადებით, რუსულ ნაწილებს ხერსონზე სრული კონტროლი უკვე აღარ ჰქონდათ, რამდენადაც უკრაინელები „გააფთრებით“ იბრძოდნენ ქალაქის დასაბრუნებლად.[44] თუმცა, ხერსონელმა უკრაინელებმა პენტაგონის შეფასება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რადგან ქალაქი ჯერ კიდევ რუსეთის ხელში რჩებოდა.[45] „CNN“-ის ცნობით, სიტუაცია უცვლელი იყო და მოსახლეობის მიხედვით აქ ისევ რუსები იდგნენ. ერთ-ერთი მოქალაქის თანახმად, მოწინააღმდეგემ ოლქის ტერიტორიაზე რამდენიმე სოფელზე დაკარგა კონტროლი. მანამდე „CNN“ იტყობინებოდა, რომ უკრაინელები კონტრშეტევას ახორციელებდნენ ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.[46]
18 აპრილს ხერსონის დე ფაქტო მერად დაინიშნა იგორ კასტიუკევიჩი.[47]
20 აპრილს უკრაინელმა პარტიზანებმა ხერსონში მოკლეს პრორუსი ბლოგერი ვალერი კულეშოვი.[48]
23 აპრილს უკრაინამ გამოაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ხერსონში რუსეთის 49-ე საერთო-საჯარისო არმიის სამეთაურო პუნქტს. ორი გენერალი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმის დროს პუნქტში 50-მდე ოფიცერი იმყოფებოდა. სხვების მდგომარეობა უცნობი იყო.[49][50][51]
24 აპრილს ოპერატიულმა სარდლობა „სამხრეთმა“ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინულმა არმიამ ხერსონის ოლქში გაათავისუფლა 8 დასახლებული პუნქტი.[52]
6 მაისს „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრია ტურჩაკმა ოკუპირებულ ხერსონში ვიზიტის დროს განაცხადა: „რუსეთი აქ სამუდამოდაა. ამაში არანაირი ეჭვი არ უნდა იყოს. წარსულში დაბრუნება აღარ იქნება“ და „ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, განვავითარებთ ამ მდიდარ მხარეს, მდიდარს ისტორიული მემკვიდრეობით, ხალხით, რომელიც აქ ცხოვრობს“. მან ასევე აღნიშნა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის გახსნის შესახებ.[53][54]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.