From Wikipedia, the free encyclopedia
სამთავისისა და გორის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი საეპისკოპოსო შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში. ეპარქია მოიცავდა ძველ ქალაქებს – გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრებოდა: აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნისისა და რუისის, სამხრეთიდან – მანგლისისა და წალკის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები. 2013 წლის 11 ოქტომბერს სამთავისისა და გორის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდა გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიები.[1]
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისის ეპარქიებს ეკუთვნოდა. სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა.
ქართლის სამეფოში გორის როგორც, ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას მალევე მოყვა გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭებაც, თუმცა პირველად გორის მღვდელმთავარი “გორის სამიტროპოლიტოს მმართველი 1748 წელს იხსენიება, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია, მაგალითად 1769 წელს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი წყვეტს გორის მართლმადიდებელ ქრისტიანთა საეკლესიო საქმეეებს, ხოლო მთავარეპისკოპოს ბესარიონის შესახებ 1768 წლის ერთ-ერთ სიგელში ხაზგასმულია, რომ ის “გორში მსახლობელთ ქართველთ ეპისკოპოსი არის, და ამის სამწყსონი არიან”, მთავარეპისკოპოსი პაისიოსი კი 1801 წელს გაცემულ სიგელში აღნიშნავს: “პირველად ესე, რომ მე გორის ეკლესიის და სამწყსოსი ეპისკოპოსი ვარ”. 1789 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლ-კახეთის ეპარქიების ჩამონათვალში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ II (1788-1811 წწ) აწერს, ასეთ რამეს ვკითხულობთ “სამთავროისა ეკლესია, რომელიცა არს მცხეთას, მახლობელ დიდისა კათოლიკე ეკლესიისა; ამისი სამწყსო არს, დიდს ლიახვსა და რეხულას შუა მყოფნი სოფელნი რიცხვით სამეოცნი. და ამასვე ჰყავს სამწყსოდ თავადნი ორნი და აზნაურნი ოცდაოთხნი გვარნი”. 1811-1917 წლებში გორის ეპისკოპოსები საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ. 1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.
ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმთავართაგან გამორჩეულნი არიან:
საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, ,,...ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა ესრეთ სამთავ ეკლესიათა, ესე სამთავისი უმჯობესიაო და მუნიდგან ეწოდება სამთავისი” (იოანე ბატონიშვილი). თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგანს, ისიდორეს მიეწერება: - “ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდშუენიერად შენებული. ქმნილი არს ათცამეტ მამათაგანისა ისიდორესაგან, და დაფლული არს იგი მუნვე”. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს-ის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების თანახმად, სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული. იოანე ზედაზნელის მოწაფე ისიდორე კი VI ს. II ნახევარში დაემკვიდრა “ქალაქსა სამთავისისასა”. სამთავისის ეპისკოპოსი იყო “მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა”. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლოკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა. ამის შემდგომ სამთავნელი მღვდელმთავარი გიორგი V ბრწყინვალის პერიოდში გვხვდება “ამას ჟამსა მოვიდა ამბავი, კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრნეს და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარმოიგზავნა ძე შალვა ერისთავისაი, რომელსა ერქვა პიპაი”, რომელმაც მოიპოვა კლიტენი “და მოუწერეს სამთავნელსა და ერისთავსა გირშელს და ყოველსა ერსა ცხრაზმისხევისასა”.
დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამთავისის სამღვდელმთავრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მისი ხელახალი აღორძინება წმიდა მეფე ალექსანდრე დიდს უკავშირდება, რომელსაც “აქვნდა სასოება დიდისა მღვდელმთავრისა სამთავნელისა ზოსიმესი ჰყვარობდა კეთილსა ქცეულებასა და პატივისცემასა ეკლესიისათა”. მეფეს სამთავისის ეპისკოპოსისთვის დაუმზადებია საწინამძღვრო ჯვარ-დროშა, რომელიც წინსაძღოლ სამღვდელმთავრო დროშად ითვლებოდა. XV ს-ის II ნახევარში მოღვაწე გრიგოლ სამთავნელს 1459 წელს მოიწვევია კრება უწესო საქმეთა აღმოსაფხვრელად. XVII ს-ის 70-80 წლებში ეპისკოპოს მელიტონის დროს მოიხატა ამჟამინდელი კათედრალური ტაძარი. მელიტონ სამთავნელის შემდეგ სამთავნელ ეპისკოპოსად ცნობილი კალიგრაფი და მთარგმნელი კვიპრიანე ერისთავი დადგინდა, რომელიც 1785 წელს საქართველოში სტუმრად მყოფ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოს (1669-1709 წწ) იერუსალიმში გაყვა სადაც შეისწავლა ბერძნული და ქართულად თარგმნა “კურთხევნი” და “განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი”. 1703 წელს მანვე თარგმნა “საქმენი შვიდთა სასიკუდინე ცოდვათანი”.
კვიპრიანე სამთავნელის ღვაწლი დიდია ვახტანგ VI-ის ინიციატივით დაარსებულ სტამბაში. XVIII ს-ის 30-40-იან წლებში სამთავნელი ხდება ცნობილი დიპლომატი და ქართველ მეფეთა ელჩი რუსეთში მღვდელმთავარი რომანოზი (ერისთავი), ხოლო 40-50 -იან წლებში სამთავნელ მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ბენედიქტეა, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში ეპისკოპოსმა ფილიპემ შეცვალა. 1788 წელს სამთავნელი ეპისკოპოსი პაისიოსი სამთავროსა და გორის მიტროპოლიტად იქნა დადგენილი, ხოლო სამთავნელად ეპისკოპოსი იულიოსი დაინიშნა, რომელიც ეპისკოპოსმა გერვასიმ (მაჭავარიანი) შეცვალა. 1803 წ. წილკნის მღვდელმთავარის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქიას წილკნის ვრცელი სამწყსოც მიუერთეს, ხოლო შემდეგ ნიქოზის საეპისკოპოსოც. 1811 წლის 30 ივნისს მისი მმართველობისას რუსეთის სინოდის ბრძანებით გაუქმდა ქართლ-კახეთის მოქმედი ეპარქიები და შეიქმნა მცხეთა-ქართლის ეპარქია, რომელშიც შევიდა სამთავისის საეპისკოპოსოც და განაგებდა რუსეთის სინოდის მიერ დადგენილი საქართველოს ეგზარქოსი. 1917 წლის სექტემბრიდან სამთავისის სამღვდელმთავრო საყდარი არსებობას აგრძელებს ურბნისის ეპარქიაში, რომელიც მოიცავდა მთელ შიდა ქართლს. აღნიშნული ეპარქია 1995 წელს გაიყო და სამთავისისა და გორის ეპარქია გაერთიანებული სახით აღსდგა, რომელსაც ამჟამად მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) მღვდელმთავრობს.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღმასკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში, ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მწყემსთავრობის დროს გახდა შესაძლებელი. ტრადიციულად სამთავისისა და გორის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმიდეებით.
უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო “სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემელისა”; მარიამისხევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი XII ს. ვერეს სამონასტრო კომპლექსი XI ს. კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: “დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისის მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი”. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით, ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მეტოქად არის მიჩნეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთაწმინდის წმიდა ესტატეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი. სოფლის ძველი სახელწოდება “ესტატეწმინდა”, დროთა განმავლობაში ერთაწმინდად ჩამოყალიბდა. იგი სააკაძეთა საგვარეულო საკუთრება იყო. აქაა დაფლული გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას თავი; რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სადაც 1400 წელს თემურ-ლენგის მეექვსე შემოსევისას სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განადგურების შემდეგ, გამოკეტილ მონასტერში მოწამეობრივად აღესრულა მრავალი ქრისტიანი. ბოლოს კი სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგან წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი.
გორის მუნიციპალიტეტი:
კასპის მუნიციპალიტეტი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.