რომი
იტალიის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
რომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი.[3] ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.[4][5]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რომი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რომი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „რომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ რომი (მრავალმნიშვნელოვანი). |
რომი იტალ. Roma | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ლაციოლაციო | ||||
შიდა დაყოფა | მუნიციპია I, მუნიციპია II, მუნიციპია III, მუნიციპია IV, მუნიციპია V, მუნიციპია VI, მუნიციპია VII, მუნიციპია XV, მუნიციპია VIII, მუნიციპია IX, მუნიციპია X, მუნიციპია XI, მუნიციპია XII, მუნიციპია XIII და მუნიციპია XIV | ||||
კოორდინატები | 41°53′35″ ჩ. გ. 12°28′58″ ა. გ. | ||||
მერი | Roberto Gualtieri[1] | ||||
დაარსდა | 21 აპრილი, ძვ. წ. 753 | ||||
ფართობი | 1287.36 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 21 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 2 748 109 (1 იანვარი, 2023)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00118–00199 | ||||
საავტომობილო კოდი | RM | ||||
ოფიციალური საიტი | https://comune.roma.it | ||||
რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში.[6] ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი)[7] და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.
რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას.[8] ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის,[9] ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.
რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი.[10][11][12] 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში.[13] რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[14] ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა.