From Wikipedia, the free encyclopedia
პროსტატის ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი — მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დამხმარე ჯირკვალი და კუნთებით მართული ერთგვარი მექანიკური გადამრთველი შარდვასა და ეაკულაციას შორის. გვხვდება ყველა მამრობით ძუძუმწოვარში.[1] იგი სახეობებს შორის განსხვავდება ანატომიურად და ფიზიოლოგიურად. ანატომიურად, პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, და მასში გადის შარდსადენი. ზოგად ანატომიაში აღწერილია, როგორც წილებისგან შემდგარი, ხოლო მიკროანატომიაში ზონებისგან შემდგარი ჯირკვალი. იგი გარშემორტყმულია ელასტიური, ფიბროზულ-კუნთოვანი კაფსულით და შედგება ჯირკვლოვან და შემაერთებელ ქსოვილებს.
პროსტატის ჯირკვალი აწარმოებენ და შეიცავს სითხეს, რომელიც წარმოადგენს სპერმის შემადგენელ ნივთიერებას და იგი გამოიყოფა ეაკულაციის დროს. პროსტატის ეს სითხე ოდნავ ტუტე, ვიზუალურად რძისფერი ან თეთრია. სპერმის ტუტე რეაქცია ხელს უწყობს ვაგინალური ტრაქტის მჟავიანობის განეიტრალებას და ახანგრძლივებს სპერმის სიცოცხლისუნარიანობას. პროსტატის სითხე გამოიდევნება ეაკულაციისას სპერმის უმეტეს ნაწილთან ერთად, პროსტატის შიდა გლუვკუნთოვანი ქსოვილის მოქმედებით. იმ მცირე რაოდენობით სპერმატოზოასთან შედარებით, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად სათესლე ბუშტუკოვან სითხესთან ერთად, პროსტატის სითხეში მყოფ სპერმატოზოიდებს აქვთ უკეთესი მოძრაობის, უფრო ხანგრძლივად არსებობის და გენეტიკური მასალის უკეთესად დაცვის უნარი.
ორგანოს დარღვევები მოიცავს გადიდებას, ანთებას, ინფექციას და კიბოს. სიტყვა პროსტატა მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან - προστάτης, prostátēs, რაც ნიშნავს "ვინც წინ დგას", "მფარველს", "მცველს", ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა სათესლე ბუშტუკების აღსაწერად.
პროსტატის ჯირკვალი არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ორგანო. მოზრდილებში ის დაახლოებით კაკლის ზომისაა[2] და საშუალოდ 11 გრამს იწონის, ზრდასრულებში კი მერყეობს 7-დან 16 გრამამდე.[3] მდებარეობს მენჯის ღრუში, შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეკვრის შარდსადენს. შარდსადენის მასში გამავალ ნაწილს პროსტატის შარდსადენს უწოდებენ, რომელიც უერთდება ორ ეაკულაციური სადინარს[2]. პროსტატის ჯირკვალი დაფარულია გარსით, რომელსაც პროსტატის კაფსულა ან პროსტატის ფასცია ეწოდება.[4]
შიდა სტრუქტურას აღწერენ როგორც წილების, ისე ზონების გამოყენებით .[5][2]. უფრო ხშირად გამოიყენება ჯირკვლის ზონებად დაყოფა[2], რომელიც შედგება სამი ან ოთხი ზონისგან[2][4]. ზონები განირჩევა ჰისტოლოგიური, ან სამედიცინო ვიზუალიზაციის ტექნიკებით, როგორიცაა ულტრაბგერა ან MRI.[2][5] ეს ზონებია:
ზონა | ზომა[2] | აღწერა |
პერიფერიული ზონა(PZ) | 70% | ჯირკვლის უკანა ნაწილი, რომელიც გარს აკრავს დისტალურ შარდსადენს და დევს კაფსულის ქვეშ. პროსტატის კიბოს დაახლოებით 70-80% პერიფერიულ ზონაში ვითარდება.[6][7] |
ცენტრალური ზონა (CZ) | 20% | ცენტრალური ზონა ესაზღვრება ეაკულაციურ სადინარს[2]. ცენტრალური ზონაში ვითარდება პროსტატის კიბოს დაახლოებით 2,5%-ს; ეს სიმსივნეები უფრო აგრესიულია და ახასიათენთ სათესლე ბუშტუკებში შეჭრის ტენდენცია.[8] |
გარდამავალი ზონა (TZ) | 5% | გარდამავალი ზონა აკრავს პროქსიმალურ შარდსადენს[2]. პროსტატის კიბოს 10-20% სწორედ ამ ზონაში ვითარდება. ეს არის პროსტატის ჯირკვლის ზონა, რომელიც იზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და იწვევს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას.[6][7] |
წინა ფიბროზულ-კუნთოვანი ზონა | N/A | ეს უბანი, რომელიც ყოველთვის არ განიხილება ზონად[4], ჩვეულებრივ მოკლებულია ჯირკვლოვან კომპონენტებს და შედგება მხოლოდ, კუნთოვანი და ბოჭკოვანი ქსოვილისაგან, როგორც მისი სახელიდან ჩანს.[2] |
პროსტატის შიგნით, პროსტატის შარდსადენის მიმდებარედ და პარალელურად, არის ორი გრძივი კუნთოვანი სისტემა. წინა მხარეს (ვენტრალურად) გადის შარდსადენის გამაფართოებელი კუნთი (musculus dilatator urethrae), ხოლო უკანა მხარეს (დორსალურად) გადის კუნთი, რომელიც გადართავს შარდსადენს ეაკულაციური მდგომარეობაში (musculus ejaculatorius). [9]
პროსტატის ჯირკვალი სისხლს იღებს ქვედა ბუშტუკოვანი არტერიის, შიდა პუდენდალური არტერიის და შუა სწორი ნაწლავის არტერიების მეშვეობით. ეს სადინრები შედიან ორგანოში მის გარე, უკანა ზედაპირზე, სადაც ის ხვდება შარდის ბუშტს და მიემართება წინ პროსტატის მწვერვალამდე[4]. ორივე ქვედა ბუშტუკოვანი და შუა სწორი ნაწლავის არტერიები თეძოსშიდა არტერიების განშტოებებია. შარდის ბუშტში შესვლისას ქვემო ბუშტუკოვანი არტერია იყოფა შარდსადენის ტოტად, რომელიც ამარაგებს ურეთრალურ პროსტატას; და კაფსულარულ ტოტად, რომელიც მოძრაობს კაფსულის გარშემო და აქვს უფრო პატარა ტოტები, რომლებიც პერფორირებულია პროსტატის ჯირკვალში.
პროსტატის ვენები ქმნიან ქსელს - პროსტატის ვენურ წნულს, ძირითადად მის წინა და გარე ზედაპირის გარშემო.[4]ეს ქსელი ასევე იღებს სისხლს პენისის ღრმა დორსალური ვენიდან და ტოტების მეშვეობით უკავშირდება ბუშტუკოვან წნულს და შიდა პუდენდალურ ვენებს.[4] ვენები მიედინება ნაწლავის შიდა ვენებში.[4]
პროსტატის ჯირკვალი შედგება სტრომული და ეპითელური ელემენტებისაგან. გლუვი კუნთების უჯრედები, ფიბრობლასტები და ენდოთელური უჯრედები ქმნიან სტრომას, ხოლო ეპითელური უჯრედები წარმოადგენილია სეკრეტორული უჯრედებით, ბაზალური უჯრედებით და ნეიროენდოკრინული უჯრედებით.
ცილინდრული სეკრეტორულ უჯრედებს აქვთ ღია ციტოპლაზმა. ეს უჯრედები დადებითად იღებება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენით (PSA)[10]. ბაზალური უჯრედები ნაკლებად დიფერენცირებულია, ვიდრე სეკრეტორული უჯრედები და მოკლებულია სეკრეტორულ ფუნქციებს (როგორიცაა PSA ექსპრესია) [11]. ხოლო, ნეიროენდოკრინული უჯრედები არარეგულარულად არის განაწილებული სადინარებში და აცინუსში.
დროთა განმავლობაში ჯირკვალში გროვდება შესქელებული სეკრეტი, რომელსაც ეწოდება - პროსტატის კონკრეციები (corpora amylacea).
ადამიანის უჯრედებში დაახლოებით 20000 ცილის მაკოდირებელი გენი ექსპრესირდება და ამ გენების თითქმის 75% ექსპრესირებულია ნორმალურ პროსტატის ჯირკვალში.[12][13] ამ გენებიდან დაახლოებით 150 შედარებით, ხოლო დაახლოებით 20 გენი ძალზედ სპეციფიკურია პროსტატისთვის.[14] შესაბამისი სპეციფიკური ცილები ექსპრესირდება პროსტატის ჯირკვლის ჯირკვლოვან და სეკრეტორულ უჯრედებში და აქვთ ფუნქციები, რომლებიც მნიშვნელოვანია სპერმის მახასიათებლების ჩამოყალიბებაში. აღნიშნულის მაგალითებია:პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) და პროსტატის მჟავა ფოსფატაზა.[15]
პროსტატის ჯირკვალი გამოყოფს სითხეს, რომელიც სპერმის შემადგენლობაშია. სპერმა არის სითხე, რომელიც გამოიყოფა (ეაკულაცია) მამაკაცის მიერ სქესობრივი რეაქციის დროს.[16] სპერმის გამოიყოფისას, ის თესლგამომტანი სადინრიდან, ეაკულაციური სადინარების მეშვეობით მამაკაცის შარდსადენში გადადის, რომლებიც მდებარეობს პროსტატის ჯირკვალში.[16]ამგვარად, ეაკულაცია არის სპერმის გამოდევნა შარდსადენიდან.[16]სპერმა გადადის შარდსადენში თესლგამომტანი სადინრისა და სათესლე ბუშტუკების გლუვი კუნთების შეკუმშვის შემდეგ, სტიმულაციის შემდეგ. ძირითადად, პენისის.სტიმულაცია აგზავნის ნერვულ სიგნალებს შიდა პუდენდალური ნერვების მეშვეობით ზედა წელის მალებში; შეკუმშვის გამომწვევი ნერვული სიგნალები მოქმედებს ჰიპოგასტრიული ნერვების მეშვეობით.[16] შარდსადენში მოძრაობის შემდეგ, სათესლედ სითხის ეაკულაცია ხდება ბულბოკავერნოზური კუნთის შეკუმშვით.[16]პროსტატის სეკრეტის შემადგენლობაშია პროტეოლიზური ფერმენტები, პროსტატის მჟავა ფოსფატაზას, ფიბრინოლიზინი, თუთია და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი.[4] სათესლე ბუშტუკების სეკრეტთან ერთად, ისინი ქმნიან სპერმის ძირითად თხევად ნაწილს.[4]
პროსტატის ფორმის ცვლილებები, რაც ხელს უწყობს შარდვასა და ეაკულაციას შორის მექანიკურ გადართვას, ძირითადად გამოწვეულია პროსტატის შარდსადენის გასწვრივ ორი გრძივი კუნთოვანი სისტემის მოქმედებით. ეს არის შარდსადენის წინ მდებარე, შარდსადენის გამაფართოებელი კუნთი (musculus dilatator urethrae), რომელიც შარდვის დროს იკუმშება, და ხელს უწყობს შარდსადენის პროსტატის განყოფილების გაფართოებას შარდვის დროს., [17][18] და გადამრთველი კუნთი (musculus ejaculatorius) შარდსადენის უკანა მხარეს.[9]
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (BPH) ოპერაციის დროს, ამ ორი კუნთოვანი სისტემის დაზიანება მნიშვნელოვნად განსხვავდება ოპერაციის ტიპებსა და არჩეული ტექნიკების მიხედვით. შესაბამისად ოპერაციის გავლენა პოსტოპერაიულ შარდვასა და ეაკულაციაზე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.[19]
ზოგიერთ მამაკაცს შეუძლია ორგაზმის მიღწევა პროსტატის ჯირკვლის სტიმულაციის გზით, როგორიცაა პროსტატის მასაჟი ან ანალური სქესობრივი აქტი.[20][21] ამან განაპირობა ის, რომ პროსტატის მიმდებარე რექტალური კედლის არე, ხშირად მოიხსენიება ანატომიურად არასწორი ტერმინით, "მამაკაცის G- წერტილი".[22]
პროსტატის ჯირკვლის ანთებას პროსტატიტი ეწოდება. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ინფექციით ან სხვა არაინფექციური მიზეზებით. პროსტატის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული შარდვა ან ეაკულაცია, საზარდულის ტკივილი, შარდის გაძნელება ან კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან დაღლილობა.[23] ანთებითი პროცესის დროს პროსტატის ჯირკვალი ფართოვდება და რექტალური გამოკვლევის დროს შეხებისას რბილია. ინფექციაზე პასუხისმგებელი ბაქტერია შეიძლება გამოვლინდეს შარდის კულტურით.[23]
მწვავე პროსტატიტს და ქრონიკულ ბაქტერიულ პროსტატიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.[23] ქრონიკული არაბაქტერიული პროსტატიტი, ან მამრობითი მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობა ხდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ალფა ბლოკატორებით, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით და ამიტრიპტილინით,[23] ანტიჰისტამინებით და სხვა ანქსიოლიზური საშუალებებით. არამედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ფიზიოთერაპიას[24], ფსიქოთერაპიას, ნერვის მოდულატორებს და ქირურგიას.[23]
პროსტატის ჯირკვლის გადიდებას პროსტატომეგალიას უწოდებენ, რისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიაა (BPH) . BPH გულისხმობს პროსტატის გადიდებას უჯრედების რაოდენობის ზრდის (ჰიპერპლაზია) გამო, რაც არ წარმოადგენს ავთვისებიან სიმსივნეს. აღნიშნული ძალიან ხშირია ხანდაზმულ მამაკაცებში[23]. ხშირად მისი დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც პროსტატის ჯირკვალი გადიდებულია იმ დონემდე, რომ შარდვა რთულდება. სიმპტომები მოიცავს გახშირებულ შარდვას ან შარდვის გაძნელებას. თუ პროსტატის ჯირკვალი ძალიანაა გადიდებული, მან შეიძლება შეკუმშოს შარდსადენი და შეაფერხოს შარდის გადინება, რაც შარდვას მტკივნეულს ან უკიდურეს შემთხვევაში სრულიად შეუძლებელი გახდის, რაც იწვევს შარდის შეკავებას[23]. დროთა განმავლობაში, ქრონიკულმა შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტის გადიდება და შარდის უკან გადინება თირკმელებში (ჰიდრონეფროზი).[23]
BPH სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებს, მინიმალური ინვაზიური პროცედურებიდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, პროსტატის რეზექციას. ზოგადად, მკურნალობა ხშირად იწყება ალფა-1 ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტებით, როგორიცაა ტამსულოზინი, რომელიც ამცირებს შარდსადენში არსებული გლუვი კუნთის ტონუსს[23]. მუდმივი სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება საჭიროდ ჩაითვალოს ქირურგიული მიდგომა. ასეთ შემთხვევებში ყველაზე ხშირად გამოიყენება პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია[23], რომლის დროსაც ხელსაწყო შეჰყავთ შარდსადენის მეშვეობით, და ახდენენ პროსტატის ქსოვილის იმ ნაწილის რეზექციას, რომელიც აწვება შარდსადენის ზედა ნაწილს და ზღუდავს შარდის გადინებას.
პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა ხანდაზმულ მამაკაცებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩრდილოეთ ევროპასა და ავსტრალიაში და სიკვდილის მნიშვნელოვანი მიზეზია მთელ მსოფლიოში.[25] ხშირად, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთმა კიბოებმა შესაძლოა მიმდინარეობდეს წონის კლებით, შარდის შეკავებით ან სიმპტომებით, როგორიცაა ზურგის ტკივილი მეტასტაზური დაზიანებების გამო, რომლებიც ვრცელდება პროსტატის გარეთ.[23]
ციფრული რექტალური გამოკვლევა და პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონის გაზომვა, როგორც წესი, პირველი გამოკვლევებია პროსტატის კიბოს სადიაგნოსტიკოდ. PSA მნიშვნელობების ინტერპრეტაცია რთულია, რადგან მას მნიშვნელოვანი როლი აქვს კიბოს გარეშე ადამიანში, ხოლო დაბალი მნიშვნელობა შესაძლოა ქონდეს კიბოს მქონე ადამიანში.[23] დიაგნოსტირების შემდეგი ნაბიჯი ხშირად არის პროსტატის ბიოფსიის აღება სიმსივნის აქტივობისა და ინვაზიურობის შესაფასებლად[23]. სიმსივნე დადასტურების შემდგომ, სამედიცინო ვიზუალიზაციის მიდგომები, როგორიცაა MRI ან ძვლის სკანირება, შეიძლება გაკეთდეს სხეულის სხვა ნაწილებში სიმსივნის მეტასტაზების არსებობის შესამოწმებლად.[23]
პროსტატის კიბოს, რომელიც ლოკალიზებულიამხოლოდ პროსტატის ჯირკვალში, ხშირად მკურნალობენ პროსტატის ქირურგიული რეზექციით ან რადიოთერაპიით, ან იოდის-125-ის ან პალადიუმ-103-ის მცირე რადიოაქტიური ნაწილაკების შეყვანით, რომელსაც ბრაქითერაპია ეწოდება.[26][23] კიბოს, რომელიც ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, ჩვეულებრივ მკურნალობენ ჰორმონოთერაპიით, რათა მოხდეს სიმსივნის დეპრივაცია სასქესო ჰორმონებისგან (ანდროგენები), რომლებიც ასტიმულირებენ პროლიფერაციას. ხშირად გამოიყენება GnRH ანალოგები ან აგენტები (როგორიცაა ბიკალუტამიდი), რომლებიც ბლოკავს რეცეპტორებს, რომლებზეც მოქმედებენ ანდროგენები; ზოგჯერ მიმართავენ სათესლე ჯირკვლების ქირურგიული რეზექციასაც[23]. კიბოს, რომელიც არ რეაგირებს ჰორმონალურ მკურნალობაზე, ან პროგრესირებს მკურნალობის შემდეგ, მკურნალობენ ქიმიოთერაპიით, როგორიცაა დოცეტაქსელი.
ზოგჯერ, პროსტატის კიბოს მკურნალობას არ ახდენენ. თუ კიბო მცირე და ლოკალიზებულია, შესაძლოა გადაწყდეს კიბოს აქტივობის მონიტორინგი ინტერვალებით („აქტიური მეთვალყურეობა“) და მკურნალობის გადადება.[23]
პროსტატის მოცილების ოპერაციას პროსტატექტომია ეწოდება. შესაძლოა გაკეთდეს როგორც ღია ოპერაცია, ისე ლაპაროსკოპია.[27] ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.[28] როგორც წესი, კიბოს დროს იყენებენ რადიკალურ პროსტატექტომიას, რაც ნიშნავს, რომ სათესლე ბუშტუკები რეზეცირებულია და სათესლე სადინარი გადაკეტილი. პროსტატის ნაწილი ასევე შეიძლება რეზეცირებული იქნეს შარდსადენიდან, რომელსაც ეწოდება პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია (TURP).[27] ღია ოპერაციის მიდგომაა - განაკვეთის გაკეთება პერინეუმში, ან შუა ხაზის განაკვეთი ჭიპიდან ბოქვენის ძვალამდე. ღია ოპერაცია შესრულება შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ლიმფური კვანძების რეზექციის ან ბიოფსიის საჭიროება.[27] TURP პროცედურაში იყენებენ მილს, რომელიც იდგმება შარდსადენში პენისის მეშვეობით და სითბოს, ელექტროენერგიის ან ლაზერის გამოყენებით ხდება პროსტატის ქსოვილის რეზექცია.
შესაძლებელია შესრულდეს მთლიანი პროსტატის რეზექცია. გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ოპერაციის გამო, მოიცავს შარდის შეუკავებლობას და ერექციულ დისფუნქციას, ნერვების დაზიანების გამო, განსაკუთრებით თუ კიბო ნერვებთან ძალიან ახლოსაა განვითარებული.[27][28] სპერმის ეაკულაცია ვეღარ მოხდება ორგაზმის დროს, თუ სათესლე სადინარი გადაიკვანძება და სათესლე ბუშტუკები რეზეცირდება, მაგალითად, რადიკალური პროსტატექტომიის დროს.[27] ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი ხდება უნაყოფო.[27] შეიძლება ასევე განვითარდეს ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული ისეთი ზოგადი გართულებები, როგორიცაა ინფექციები, სისხლდენა, მიმდებარე ორგანოების ან მუცლის ღრუს გაუთვალისწინებელი დაზიანება და სისხლის კოლტების წარმოქმნა.[27]
პროსტატის ჯირკვალი გვხვდება მხოლოდ ძუძუმწოვრებში.[29] მამრობითი ჩანთოსნების პროსტატის ჯირკვალი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე პლაცენტარული ძუძუმწოვრების.[30] ფუნქციური პროსტატის არსებობა ერთგასავლაინებში საკამათოა, ვინაიდან მათ ფუნქციურ ჯირკვალს არ შეუძლიათ იგივე წვლილი შეიტანონ სპერმის ფორმირებაში, როგორც სხვა ძუძუმწოვრების ჯირკვალს.[31]
პროსტატის სტრუქტურა განსხვავებულია, დაწყებული მილაკოვან-ალვეოლურიდან (ადამიანებში) განშტოებულ-მილაკოვნამდე. ჯირკვალი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული ძაღლებში, მელიებსა და ღორებში. სხვა ძუძუმწოვრებში, როგორიცაა ხარი, ის მცირე ზომისაა.[32][33][34] ჩანთოსნებში [35][36] და წვრილფეხა მცოხნელებში, პროსტატა დიფუზურია, რაც ნიშნავს, რომ იგი არ არის განვითარებული ცალკეულ ქსოვილად. ზოგიერთ ჩანთოსნის სახეობაში, პროსტატის ჯირკვლის ზომა იცვლება სეზონურად.[37] პროსტატა არის ერთადერთი დამხმარე ჯირკვალი, რომელიც გვხვდება მამრ ძაღლებში.[38] ძაღლებს შეუძლიათ ერთ საათში გამოიმუშაონ იმდენი პროსტატის სითხე, რამდენიც ადამიანს ერთ დღეში. ისინი გამოიყოფენ ამ სითხეს შარდთან ერთად თავიანთი ტერიტორიის მოსანიშნად.[39] გარდა ამისა, ძაღლი ერთადერთი სახეობაა, გარდა ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი სიხშირე.[40] ვეშაპისნაირებში (ვეშაპები, დელფინები, ზღვის ღორები) ჯირკვალი შედგება დიფუზური ურეთრალური ჯირკვლებისგან, [41] რომელიც გარშემორტყმულია ძალიან ძლიერი კომპრესორული კუნთით.[42]
პროსტატის სეკრეტი განსხვავდება სახეობებს შორის. იგი ძირითადად შედგება მარტივი შაქრისგან და ხშირად სისტი ტუტე რეაქციისაა.[43]
იმის გამო, რომ ქალებში სკენის ჯირკვალი და მამრებში პროსტატის ჯირკვალი ერთნაირად მოქმედებენ, პროსტატის სპეციფიური ანტიგენის (PSA) გამოყოფით, რომელიც წარმოადგენს მამაკაცებში წარმოქმნილი ეაკულატის ცილას და პროსტატის სპეციფიკური მჟავა ფოსფატაზას, სქენის ჯირკვალს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "ქალის პროსტატას".[44][45] იგი მამრობითი პროსტატის ჰომოლოგიური ორგანოა (იგივე ემბრიოლოგიური წარმოშობისაა).[46][47]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.