From Wikipedia, the free encyclopedia
პრინს როჯერ ნელსონი (ინგლ. Prince Rogers Nelson; დ. 7 ივნისი, 1958 — გ. 21 აპრილი, 2016) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, ქველმოქმედი, მოცეკვავე და მუსიკალური პროდიუსერი. იგი თანამედროვე მუსიკაში ნოვატორად ითვლება, მრავალფეროვანი ნამუშევრებით, ექსცენტრიკული სასცენო გამოსვლებით, დახვეწილი ჩაცმულობით და გრიმით, ისევე, როგორც ვოკალური დიაპაზონით. მისი მუსიკა მოიცავს ფანკის, როკის, რიტმ-ენდ-ბლუზის, ახალი ტალღის, ფსიქოდელიის და პოპის ელემენტებს. მსოფლიოში გაყიდულია პრინსის 100 მილიონზე მეტი დისკი, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებლის სახელს ანიჭებს[2]. მიღებული აქვს ექვსი „გრემი“[3] ამერიკული მუსიკის ჯილდო,[4], ოქროს გლობუსი,[5] და ოსკარი ფილმისთვის „იისფერი წვიმა“.[6] 2004 წელს იგი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[7] Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში პრინსი 27-ე ადგილს იკავებს.[8]
პრინსი | |
---|---|
პრინსი 1981 წელს. | |
მშობლიური სახელი | Prince |
დაბადების სახელი | პრინს როჯერ ნელსონი |
დაბადების თარიღი |
7 ივნისი, 1958 მინეაპოლისი, მინესოტა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
21 აპრილი, 2016 (57 წლის) შანჰასენი, მინესოტა, აშშ |
გარდაცვალების მიზეზი | ფენტანილის გადამეტებული რაოდენობა |
სხვა სახელები |
როგორც შემსრულებელი:
|
საქმიანობა |
|
აქტიური | 1976—2016 |
მეუღლე(ები) |
მაიტე გარსია (იქ. 1996; გ. 1999) მანუელა ტესტოლინი (იქ. 2001; გ. 2006) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები |
მამა: ჯონ ლ. ნელსონი დედა: მეტი შოუ |
ნათესავები | ტიკა ნელსონი (და) |
ჟანრ(ებ)ი | |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ასოციაციები |
|
აღსანიშნავი ინსტრუმენტები |
|
დაიბადა მინეაპოლისში (მინესოტა) და მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა.[9] 18 წლის ასაკში Warner Bros.-თან კონტრაქტი მოიპოვა და 1978 წელს გამოსცა სადებიუტო For You. 1979 წლის ალბომმა Prince პლატინის სტატუსი მოიპოვა. წარმატება გაამყარეს შემდეგმა ალბომებმაც - Dirty Mind (1980), Controversy (1981) და 1999 (1982) — პრინსის, ძირითადად, სექსუალური თემატიკის გაჯერებული ტექსტებით და ფანკის, საცეკვაო და როკ-მუსიკის შეთავსებით.[10] 1984 წლიდან საკუთარ ჯგუფს The Revolution-ს უწოდებდა და მასთან ერთად გამოსცა Purple Rain, საუნდტრეკი 1984 წლის ამავე სახელწოდების ფილმიდან. იგი იქცა კრიტიკოსების მიერ პრინსის ყველაზე აღიარებულ და კომერციულად ყველაზე წარმატებულ დისკად, რასაც ხაზი გაესვა Billboard 200-ის პირველ ადგილზე ზედიზედ 24 კვირის განმავლობაში ყოფნა[11] და 20 მილიონზე მეტი გაყიდული ასლი.[12] ალბომების Around the World in a Day (1985) და Parade (1986) გამოცემის შემდეგ The Revolution დაიშალა, თუმცა, პრინსმა კვლავ განაგრძო მოღვაწეობა. პირველი ალბომი, ჩაწერილი The Revolution-ის შემდეგ, იყო Sign o' the Times (1987), მას კი, 1991 წელს The New Power Generation-ის ჩამოყალიბებამდე, კიდევ სამი მოჰყვა.
1993 წელს, Warner Bros.-თან საქმიანი უთანხმოების გამო, მან სასცენო სახელი შეცვალა -ით, წარმოსათქმელად რთული სიმბოლოთი, რომელსაც უფრო ხშირად „სიყვარულის სიმბოლოს“ უწოდებენ. ამის შემდეგ იგი ალბომებს უფრო ხშირად უშვებდა, ვინაიდან კონტრაქტით შეზღუდული არ იყო. 1994-1996 წლებში გამოვიდა ასეთი ხუთი ალბომი. 1998 წელს პრინსმა გააფორმა კონტრაქტი Arista Records-თან. 2000 წლიდან საკუთარ თავს კვლავ „პრინსს“ უწოდებდა. ამის შემდეგ 16 ალბომი გამოსცა (მათ შორის - პლატინის სტატუსის მქონე 2004 წლის Musicology). უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი, Hit n Run Phase Two თავდაპირველად გამოვიდა Tidal-ზე, 2015 წლის 12 დეკემბერს. 2016 წლის 21 აპრილს, ფენტანილის გადამეტებული რაოდენობის მიღების შემდეგ, სტუდია Paisley Park-ში ყოფნისას, პრინსი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.
პრინს როჯერს ნელსონი დაიბადა მინეაპოლისში, მეტი დელას (ქორწინებამდე - შოუ; 1933–2002) და ჯონ ლუის ნელსონის (1916–2001) ოჯახში. მშობლები აფრო-ამერიკელები იყვნენ, ხოლო ოჯახი ძირითადად ლუიზიანაში იყო დაფუძნებული, სადაც პრინსის ბებიები და ბაბუები ცხოვრობდნენ.[13] მამა პიანისტი და სიმღერების ავტორი იყო, დედა - ჯაზის მომღერალი. სახელი ბიჭმა მიიღო მამის სასცენო ფსევდონიმის, პრინს როჯერსის მიხედვით - ამ ფსევდონიმს იგი ჯაზურ ჯგუფ The Prince Rogers Trio-ში იყენებდა. 1991 წელს მან გადაცემასთან A Current Affair საუბარში ახსენა: „შვილს პრინსი დავარქვი, ვინაიდან მსურდა, ეკეთებინა ყოველივე, რაც თავად მსურდა.“[14] ბავშვობაში პრინსს „სკიპერსაც“ უწოდებდნენ.[15][16] მუსიკოსი ამბობდა, რომ ბავშვობიდან ეპილეფსიით იყო დაავადებული. „დედამ მითხრა, რომ ერთ დღეს მივედი და ვუთხარი - „დედა, აღარ ვიქნები ავად“. მკითხა, „რატომ?“. და ვუპასუხე „ანგელოზმა ასე მითხრა“.“ [17]
პრინსის და, ტიკა ევენი (მას ხშირად უბრალოდ ტიკას უწოდებენ) 1960 წელს დაიბადა.[18] და და ძმა მუსიკით აქტიურად იყვნენ დაინტერესებულები, მამის მხრიდან წახალისებით.[19] პირველი სიმღერა, „Funk Machine“, პრინსმა მამის კუთვნილ პიანინოზე დაწერა, შვიდი წლის ასაკში.[19] როდესაც 10 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ბიჭუნა ხან მამასთან, ხან - დედასთან და მამინაცვალთან ცხოვრობდა[19]. მოგვიანებით მეზობლებთან, ანდერსონებთან დასახლდა და დაუმეგობრდა მათ შვილს, ანდრეს, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ანდრე სიმონი.[20]
პრინსი დადიოდა მინეაპოლისის ბრაიანტის და ცენტრალურ სკოლებში, სადაც თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთს, და ბეისბოლს. თამაშობდა ცენტრალური სკოლის საკალათბურთო გუნდში, თუმცა გვიანდელ წლებშიც უყვარდა სპორტის ეს სახეობა.[21][22] 1973 წელს სკოლაში გაიცნო ჯიმი ჯემი, რომელსაც თავი დაამახსოვრა მუსიკის გაკვეთილების დროს თავისი ნიჭით, ინსტრუმენტების ფლობით და მუშაობის ეთიკით.[23]
1975 წელს პეპე უილიმ, პრინსის დეიდაშვილის, შონტელის მეუღლემ, ჩამოაყალიბა ჯგუფი 94 East, რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ მერსი ინგვოლსტადი და კრისტი ლეზენბერი. ანდრე სიმონი და პრინსი ჯგუფისთვის სიმღერებს წერდნენ. უილი ძირითადი ავტორი იყო, პრინსი ამატებდა გიტარის პარტიებს. მათ ეკუთვნით ჯგუფის „Just Another Sucker“. მოგვიანებით ამ პერიოდში ჩაწერილი კომპოზიციები მოხვდა ალბომში Minneapolis Genius – The Historic 1977 Recordings[24]
1976 წელს პრინსმა პროდიუსერ კრის მუნთან ერთად მინეაპოლისში ჩაწერა დემო. კონტრაქტი არ ჰქონდათ, ამიტომ ჩანაწერი მუნმა ოუენ ჰასნის, მინეაპოლისელ ბიზნესმენს მოასმენინა. უკანასკნელმა პრინსთან, რომელიც ჯერ 17 წლის იყო, გააფორმა სამენეჯერო კონტრაქტი და სტუდია Sound 80-ში, იქვე, მინეაპოლისში, ჩააწერინა მორიგი დემო პროდიუსერ და ხმის ინჟინერ დევიდ ზის თანაშემწეობით. დემოთი რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, მათ შორის — Warner Bros. Records, A&M Records და Columbia Records.[25] ჰასნის დახმარებით პრინსმა მოიპოვა კონტრაქტი Warner Bros.-თან. უკანასკნელი შეუთანხმდა, რომ მუსიკოსს შეუნარჩუნდებოდა პირველი სამი ალბომის შემოქმედებითად მართვის და გამოცემის უფლება.[26][27] ჰასნი და პრინსი მინეაპოლისიდან საუსალიტოში (კალიფორნია) გადავიდნენ. იქ, Record Plant-ში, ჩაიწერა სადებიუტო For You. ხმის მიქსზე ლოს-ანჯელესში მუშაობდნენ. დისკი 1978 წლის 7 აპრილს გამოვიდა.[28] ალბომის ანოტაციების თანახმად, პრინსი არის ყველა სიმღერის ავტორი და პროდიუსერი; მასვე ეკუთვნის არანჟირება და 27 სხვადასხვა ინსტრუმენტზე შესრულება, გარდა „Soft and Wet“-ის (იგი მუნთან ერთად დაიწერა). ჩაწერის ღირებულებამ პრინსის თავდაპირველ ავანსს გადააჭარბა. სიმღერების გამოცემისას მან გამოიყენა სახელწოდება Prince's Music Co.. „Soft and Wet“ ჩარტში Hot Soul Singles #12 პოზიციამდე ავიდა, ხოლო Billboard Hot 100-ში #92 იყო. #91 ადგილი Hot Soul Singles-ში დაიკავა „Just as Long as We're Together“-მა.
1979 წელს პრინსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ანდრე სიმონი (ბასი), დეზ დიკერსონი (გიტარა), გეილ ჩეპმენი და დოქტორ ფინკი (კლავიშებიანები) და ბობი ზი (დასარტყმელი საკრავები). პირველი კონცერტი გამართეს კაპრის თეატრში, 1979 წლის 5 იანვარს. მას Warner Bros.-ის პერსონალი ესწრებოდა, თუმცა მათვე აღნიშნეს, რომ მუსიკას დახვეწა ესაჭიროებოდა.[29] 1979 წლის ოქტომბერში გამოვიდა მეორე ალბომი, Prince, რომელიც Billboard-ის Top R&B/Black Albums-ში #4 გახდა, ხოლო Billboard 200-ში - #22. მას პლატინის სტატუსიც მიენიჭა. ამასთან ერთად, წარმატება იქონია ალბომის ორმა სინგლმა, „Why You Wanna Treat Me So Bad?“ და „I Wanna Be Your Lover“. უკანასკნელი მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა, Billboard Hot 100-ში #11 პოზიციამდე მიაღწია და Hot Soul Singles-ში ორი კვირის განმავლობაში #1 იყო. ეს სიმღერები პრინსმა 1980 წლის 26 იანვარს, American Bandstand-ის ეთერში შეასრულა. ალბომზე პრინსმა გამომცემლის სახელწოდების სახით გამოიყენა Ecnirp Music – BMI.[30]
1980 წელს გამოვიდა მუსიკოსის მესამე დისკი, Dirty Mind, სექსუალური თემატიკის მქონე ტექსტებით. ასეთები იყო სასათაურო სიმღერა, „Head“ და „Sister“. სტივენ თომას ერლეუაინი წერს, რომ ეს არის „ფანკის, ახალი ტალღის, რიტმ-ენდ-ბლუზის და პოპის განსაცვიფრებელი ამალგამა, რასაც ემატება კბილების კრეჭის გამომწვევი უხამსი სექსი და შოკისმომგვრელი სურვილი“.[31] ჩაწერილი პრინსის საკუთარ სტუდიაში, ეს ალბომი ოქროს სტატუსით აღინიშნა, ხოლო სინგლი „Uptown“ Billboard-ის საცეკვაო ჰიტების ჩარტში #5 გახდა, ისევე, როგორც Hot Soul Singles-ში. 1980 წელს პრინსი რიკ ჯეიმზის ტურნეში მხარდამჭერი შემსრულებლის სახით გამოდიოდა.
1981 წელს წელს მუსიკოსი პირველად გამოჩნდა Saturday Night Live-ში, სადაც „Partyup“ დაუკრა. იმავე წლის ოქტომბერში გამოსცა მეოთხე ალბომი Controversy, რასაც რამდენიმე კონცერტიც ახლდა. აშშ-ის ტურნეს დროს იგი როლინგ სტოუნზის მხარდამჭერი შემსრულებლის სახით გამოდიოდა. 1982 წელი დაიწყო მცირე ტურნეთი, რომელიც უკვე მისი საკუთარი იყო. სიმღერები Controversy-დან გამოსცა სახელწოდებით Controversy Music – ASCAP, ასე გრძელდებოდა 1996 წელს Emancipation-ის გამოშვებამდე. 2002 წელს MTV News-ში აღინიშნა, რომ „მთელი ეს სახელწოდებები, ანოტაციები და ინტერნეტ-გზავნილები მისთვის ჩვეული, სიტყვების შემოკლების სტილით გამოირჩეოდა, ისევე, როგორც, მაგალითად „Hot Wit U“.“[32]
1981 წელს პრინსმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Time, რომელთან ერთად გამოუშვა ოთხი ალბომი (1981-1990). პრინსი თავად იყო სიმღერების ავტორი და ბეკ-ვოკალის შემსრულებელი (ხოლმე - ფსევდონიმებით „ჯეიმი სტარი“ და „The Starr Company“). წამყვან ვოკალებს მორის დეი ასრულებდა.[33][34] პრინსის 1982 წლის ორმაგი ალბომი 1999 სამ მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა.[35] სასათაურო სიმღერა წარმოადგენს პროტესტს ბირთვული საშუალებების ფართოდ გამოყენების წინააღმდეგ. აშშ-ის ფარგლებს მიღმა იგი ათეულში მოხვედრილ პრინსის პირველ ჰიტად იქცა. „Little Red Corvette“ იყო ერთ-ერთი პირველი შავკანიანი მსახიობების ვიდეოებიდან (მაიკლ ჯექსონის „Billie Jean“-თან ერთად), რომელიც MTV-ის ეთერში აქტიურად გადიოდა. ითვლებოდა, რომ იმ პერიოდში MTV-ზე შავკანიანი მუსიკოსების სიმღერებს ნაკლებად ყურადღებას უთმობდნენ - სანამ CBS-ის პრეზიდენტმა უოლტერ იეტნიკოვმა არ გამოაქვეყნა მუქარა, რომ კომპანიის კუთვნილ ყველა ვიდეოს ეთერიდან ამოიღებდა.[36][37]
პრინსის „Delirious“ Billboard-ის Hot 100-ში მოხვდა, #10 პოზიციაზე. გრემის ჯილდო მუსიკოსს პირველად „International Lover“-მა მოუპოვა.[38]
ამ პერიოდში პრინსი საკუთარ ჯგუფს Revolution-ს უწოდებდა.[39][40] 1999-ის გარეკანზე, ასოზე I (Prince-ში) ჯგუფის სახელწოდებაც ეწერა.[41] შემადგენლობაში შედიოდნენ ლიზა კოულმენი და დოქტორ ფინკი (კლავიშებიანები), ბობი ზი (დასარტყმელი საკრავები), ბრაუნმარკი (ბასი) და დეზ დიკერსონი (გიტარა). ჯილ ჯოუნსი, ბეკ-ვოკალისტი, აგრეთვე მონაწილეობდა 1999-ის ჩაწერაში და შემდგომ ტურნეში[41], რომლის შემდეგ დიკერსონმა ჯგუფი სარწმუნოებრივი მიზნით მიატოვა.[42] წიგნში Possessed: The Rise and Fall of Prince (2003) ავტორი ალექს ჰანი წერს, რომ მას უბრალოდ არ მოსწონდა სამწლიანი კონტრაქტი და სურდა მუსიკის სხვა სფეროებში მუშაობა. დიკერსონს ჩაენაცვლა კოულმენის მეგობარი ვენდი მელვოინი.[39] თავდაპირველად ჯგუფი სტუდიაში იშვიათად თუ ჩნდებოდა, მაგრამ 1980-იანებში ეს მიდგომა შეიცვალა.[41][42][43]
ყოფილ მენეჯერ ბობ კავალოს თანახმად, 1980-იანებში პრინსი მენეჯმენტს სთხოვა, მისთვის მოეპოვებინა კონტრაქტი დიდ კინოში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაცნობი შემოქმედება მხოლოდ რამდენიმე ჰიტით და მუსიკალური ვიდეოთი შემოიფარგლებოდა. ასეთი ჩანაფიქრის შედეგად დაიბადა „იისფერი წვიმა“, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რასაც ახლდა საუნდტრეკიც.[40] უკანასკნელი აშშ-ში 13 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა და Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე ზედიზედ 24 კვირა გაატარა. ფილმმა პრინსს მოუტანა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის[44] და აშშ-ში 68 მილიონი დოლარი შეაგროვა.[45][46] მსოფლიო ჰიტებად იქცა სიმღერები „When Doves Cry“, „Let's Go Crazy“ (ორივე - ჩარტში #1) და „Purple Rain“ (#2 Billboard Hot 100-ში).[47] 1984 წელს მუსიკოსს აშშ-ში ჰქონდა ერთდროულად #1 ალბომიც, სინგლიც და ფილმიც[48]: პირველად მსოფლიო ისტორიაში შემსრულებელმა ასეთ შედეგებს მიაღწია[49]. ალბომი Purple Rain Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #72 ადგილს იკავებს[50]. იგი აგრეთვე შედის Time-ის ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომის სიაში.[51] დისკმა მიიღო პირველი პრინსის ორი „გრემიდან“ - ვოკალური დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო როკ-შესრულების და საუკეთესო ვიზუალური მედიის კატეგორიებში.[38]
მას შემდეგ, რაც ტიპერ გორმა შეიტყო, რომ მისი 11 წლის შვილი კარინა უსმენდა პრინსის „Darling Nikki“-ს (რომელიც სკანდალურად ცნობილი გახდა სექსუალური თემატიკით და მასტურბაციის ხსენებით), მან დააარსა „მშობლების მუსიკალური რესურსების ცენტრი“.[52] უკანასკნელი ითხოვა მუსიკალურ პროდუქციაზე სპეციალური სტიკერის „Parental Advisory“ გამოყენებას, რაც მყიდველს ამცნობდა, რომ ესა თუ ის ჩანაწერი შეიცავდა არასრულწლოვანი პირებისთვის არასასურველ ტექსტებს. მუსიკალური ინდუსტრია ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა.[53]
1985 წელს პრინსმა გამოაცხადა, რომ აღარ განაგრძობდა კონცერტებს და ვიდეოების გადაღებას შემდეგი ალბომის გამოშვების შემდეგ. ეს ალბომი, 1985 წლის Around the World in a Day, Billboard 200-ში #1 ადგილს სამი კვირის განმავლობაში იკავებდა. ალბომიდან გამოიცა სინგლი „Raspberry Beret“, რომელიც Billboard Hot 100-ში #2 პოზიციამდე მივიდა, ხოლო „Pop Life“ #7 იყო.[47]
1986 წელს გამოვიდა Parade. რომელიც Billboard 200-ში #3 იყო, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზურ ჩარტში #2-ს იკავებდა. აქედან პირველი სინგლი „Kiss“, ლუის ფალკოს ქორეოგრაფიით, Billboard Hot 100-ში #1 იყო.[47] (საგულისხმოა, რომ ეს სიმღერა სინანდვილეში პრინსის დამატებით პროექტ Mazarati-სთვის შეიქმნა). იმავე წელს გამოვიდა „Manic Monday“, რომელიც პრინსის მიერ The Bangles-ისთვის დაიწერა. სინგლი Hot 100-ში #2 პოზიციამდე ავიდა. ალბომი Parade იყო საუნდტრეკი მუსიკოსის მეორე ფილმიდან „ალუბლის მთვარის ქვეშ“. პრინსი თავად იყო მისი რეჟისორი და ერთ-ერთ როლსაც ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი პლატინის სტატუსით აღინიშნა,[54] ფილმმა მიიღო ოქროს ჟოლოს ჯილდო ყველაზე ცუდი სურათისთვის (ისევე, როგორც ფილმმა „იხვი ჰოვარდი“), ხოლო პრინსმა - ყველაზე ცუდი რეჟისორისთვის, ყველაზე ცუდი მსახიობისთვის და ყველაზე ცუდი ორიგინალური სიმღერისთვის („Love or Money“).[55][56]
1986 წელს დაიწყო მუსიკოსის გამოსვლების სერია სახელწოდებით Hit n Run – Parade Tour. ამ ტურნეს დასასრულს პრინსმა The Revolution დაშალა და გათავისუფლდა ვოკალისტების დუეტისგან Wendy & Lisa[40]. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნ მარკმა კოლექტივი დატოვა, კლავიშისტი დოქტორ ფინკი დარჩა. ახალ წევრებს შორის იყვნენ მიკო უივერი (გიტარა), ატლანტა ბლისი (საყვირი) და ერიკ ლიდსი (საქსოფონი)[42].
The Revolution-ის დაშლამდე პრინსი მუშაობდა ორ დამოუკიდებელ პროექტზე - ჯგუფის ალბომზე Dream Factory და სოლო ჩანაწერზე Camille.[57] განსხვავებით ჯგუფის წინა ალბომებისგან, Dream Factory გამოირჩეოდა ჯგუფის ყველა წევრის მიერ შეტანილი წვლილით და Wendy & Lisa-ს წამყვანი ვოკალებით[57]. Camille-ში პრინსმა აგრეთვე შექმნა ანდროგინული პიროვნება - მან ვოკალი დაამუშავა ისე, რომ ჟღერდა უფრო ნაზი, ქალის ტიპის ხმა. The Revolution-ის შემდეგ პრინსმა ორივე ალბომისთვის გამზადებული მასალა შეაგროვა, დაამატა ახალი სიმღერები და მოამზადა სამდისკიანი Crystal Ball.[58] Warner Bros.-მა პრინსი აიძულა, მასალა ორ დისკამდე შეემოკლებინა. შედეგად მიღებული Sign o' the Times 1987 წლის 31 მარტს გამოვიდა[59].
ალბომი Billboard 200-ში #6 პოზიციამდე ავიდა[59]. პირველი სინგლი, „Sign o' the Times“ Hot 100-ში #3 პოზიამდე ავიდა.[60] შემდეგი, „If I Was Your Girlfriend“, 67-ზე მოხვდა, თუმცა რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში #12 იყო.[60] მესამე სინგლი, დუეტი შინა ისტონთან „U Got the Look“ Hot 100-ში #2 იყო, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში - #11.[60] უკანასკნელი სინგლი, „I Could Never Take the Place of Your Man“, Hot 100-ში #10 ადგილს იკავებდა, რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში კი #14-ს.[60]
Pazz & Jop-ის გამოკითხვაში დისკმა ალბომის წლის წოდება მოიპოვა და გაიყიდა 3.2 მილიონი ასლის სახით[61]. ევროპაში იგი წარმატებული იყო, რასაც ახლდა მსოფლიო ტურნეც. შეკრიბა რა ახალი ჯგუფი The Revolution-ის დარჩენილი მუსიკოსებისგან, პრინსმა დაამატა ლევი სისერ უმცროსი, კლავიშისტი ბონი ბოიერი და მოცეკვავე/ქორეოგრაფი კეტ გლოვერი[62]. ახალი დრამერი იყო შეილა ესკოვედო. ჯგუფის შემადგენლობის დარჩენილ ნაწილს შეადგენდნენ დოქტორ ფინკი, მიკო უივერი, ერიკ ლიდსი, ატლანტა ბლისი და The Bodyguards (ჯერომი, უოლო სეფორდი და გრეგ ბრუკსი). ამ ჯგუფმა წარმატებით ჩაატარა Sign o' the Times Tour, ამიტომ Warner Bros.-ის და პრინსის მენეჯერებმა გადაწყვიტეს მისი აშშ-შიც გამართვა, რათა ალბომის გაყიდვებიც აემაღლებინათ [63][64]. უკვე ახალი ალბომის მომზადების წინ პრინსი იძულებული იყო აშშ-ში ტურნე დაეწყო[63]. თუმცა, ტურნეს ბოლო ორი კონცერტი გადაიღეს. დამატებითი კადრები მოგვიანებით მომზადდა სტუდიებში Paisley Park[63] და 1987 წლის 20 ნოემბერში გამოვიდა საკონცერტო ვიდეო Sign o' the Times. ამ ნამუშევარს წილად ხვდა უფრო დადებითი შეფასებები, ვიდრე წინა მცდელობას „ალუბლის მთვარის ქვეშ“, თუმცა გაქირავებიდან შემოსავალი უმნიშვნელო იყო და ფილმი კინოთეატრებიდან მალე გაქრა.[64]
შემდეგი ალბომი უნდა ყოფილიყო The Black Album.[65] მასში დაგეგმილი იყო მეტი ინსტრუმენტული ნაწილის, ფანკის და რიტმ-ენდ-ბლუზის შეტანა, ვიდრე წინა ნაშრომებში [66], ისევე, როგორც ექსპერიმენტები ჰიპ-ჰოპთან სიმღერებში „Bob George“ და „Dead on It“. დაგეგმილი იყო ალბომის მონოქრომული გარეკანით გამოცემა, მასზე მხოლოდ კატალოგში არსებული დისკის ნომრის მითითებით. დაიბეჭდა 500 000 ასლი[67], მაგრამ პრინსმა ჩათვალა, რომ ჩანაწერი „ბოროტი“ იყო და ალბომი გაყიდვაში არ გაუშვეს[68]. Warner Bros.-მა იგი 1994 წელს შეზღუდული ტირაჟით დაბეჭდა.
აღნიშნული მოვლენების შემდეგ პრინსი სტუდიას რვა კვირის თავზე დაუბრუნდა და ჩაწერა Lovesexy, რომელიც 1988 წლის 10 მაისს გამოვიდა. იგი The Black Album-თან მიმართებაში სულიერად საპირისპირო როლს თამაშობს[69]. ყოველი სიმღერა პრინსის სოლო ნამუშევარია, გარდა „Eye No“-სი, რომელიც ჩაიწერა ჯგუფთან ერთად. Lovesexy Billboard 200-ში #11 პოზიციამდე ავიდა, ხოლო რიტმ-ენ-ბლუზის ჩარტში - #5-მდე.[70] წამყვანი სინგლი, „Alphabet St.“ Hot 100-ში #8 იყო, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში - #3[59]. იგი 750 000 ასლის სახით გაიყიდა[71]. The Revolution-ის შემდგომ ჯგუფთან ერთად (The Bodyguards-ის გარეშე) პრინსმა სამ ეტაპად ტურნე გამართა, 84 კონცერტის სახით. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელებმა იგი დადებითად შეაფასეს, წარმოების ხარჯები, რთული სასცენო დიზაინის და ატრიბუტიკის გამო მაღალი იყო[72][73].
1989 წელს პრინსმა მიიღო მონაწილეობა მადონას Like a Prayer-ის ჩაწერაში, იყო რა სიმღერის „Love Song“ თანაავტორი და დაუკრა ელექტროგიტარაზე (ალბომის ანოტაციებში მითითების გარეშე) სიმღერებში „Like a Prayer“, „Keep It Together“ და „Act of Contrition“. მან აგრეთვე დაიწყო მუშაობა რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე, მათ შორის - Rave Unto the Joy Fantastic-ზე და ფილმის „გრაფიტის ხიდი“ ადრეულ სცენარზე[74][75], თუმცა ორივეზე მუშაობა შეწყდა, როდესაც ტიმ ბარტონმა სთხოვა, დაეწერა სიმღერები ფილმისთვის „ბეტმენი“. სტუდიაში პრინსმა შექმნა ცხრასიმღერიანი მასალა, რომელიც Warner Bros.-მა საუნდტრეკად 1989 წლის 20 ივნისს გამოსცა. Batman Billboard 200-ში #1 პოზიციას იკავებდა[76] და 4.3 მილიონი ასლის სახით გაიყიდა[77], ხოლო სინგლი „Batdance“ Billboard-ის და რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტის სათავეებში მოხვდა.[59]
სინგლი „The Arms of Orion“, ჩაწერილი შინა ისტონთან, მოხვდა ჩარტის #36 ადგილზე, ხოლო „Partyman“ (ჩაწერილი ანა ფანტასტიკთან, რომელიც იმ პერიოდში პრინსის მეგობარი გოგონა იყო) Hot 100-ში #18 იყო (რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში - #5). სასიყვარულო ბალადა „Scandalous!“ რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში #5 ადგილს იკავებდა[59]. საუნდტრეკზე მუშაობის ფარგლებში არსებული კონტრაქტის მიხედვით საგამომცემლო უფლებები პრინსმა მთლიანად Warner Bros.-ს გადასცა.
1990 წელს პრინსი დაუბრუნდა საკონცერტო შემოქმედებას Nude Tour-ის ჩატარებით. ბონი ბოიერის, შეილა ესკოვედოს, ვალტორნების და სხვა ელემენტების გარეშე, პრინსმა იმოგზაურა კლავიშისტ რონი გეინზის, დრამერ მაიკლ ბლენდის და მოცეკვავეთა ტრიო The Game Boyz-ის (ტონი მ., კირკი ჯეი და დეიმონ დიქსონი) თანამონაწილეობით. ევროპული და იაპონური ტურნეები კომერციულად წარმატებული გამოდგა, მიუხედავად მოკლე სეტლისტის, რომელშიც მხოლოდ ჰიტები შეიტანეს.[78] წლის განმავლობაში დასრულდა მუშაობა „გრაფიტის ხიდის“ სცენარზე და ამავე სახელწოდების ალბომზეც. Warner Bros. თავდაპირველად არ აპირებდა ფილმის დაფინანსებას, მაგრამ პრინსმა დაარწმუნა, რომ იგი „იისფერი წვიმის“ გაგრძელება იქნებოდა და მონაწილეობას მიიღებდნენ The Time-ის ორიგინალური წევრებიც. საბოლოოდ, კომპანია დათანხმდა.[79] გამოცემული 1990 წლის 20 ივნისს, ალბომი მოხვდა Billboard 200-ის და რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტის #6 პოზიციაზე.[80] სინგლი „Thieves in the Temple“ Hot 100-ის #6 პოზიციამდე ავიდა, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში #1 გახდა[59]. „Round and Round“ აშშ-ში #12 გახდა, რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში #2 ადგილით. მან წარმატება მოუტანა მოზარდობის ასაკში მყოფ ტევინ კემპბელს (რომელიც ასევე თამაშობდა ფილმში). „გრაფიტის ხიდი“ გამოვიდა 1990 წლის 20 ნოემბერს, მაგრამ გაქირავებაში ჩავარდა და მხოლოდ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა[81]. როგორც ფილმის, ასევე ალბომის გამოსვლის შემდეგ, The Revolution-ის დარჩენილმა წევრებმა, მიკო უივერმა და დოქტორ ფინკმა, პრინსის ჯგუფი დატოვეს.
1991 წელს წარმოდგენილი იქნა პრინსის ახალი ჯგუფი, The New Power Generation. გიტარისტ მიკო უივერის და კლავიშისტ დოქტორ ფინკის შემდეგ კოლექტივში მოვიდნენ ბასისტი სონი ტ., ტომი ბარბარელა (კლავიშებიანები) და სასულე ორკესტრი The Hornheads. წევრებს შორის აგრეთვე იყვნენ ლევი სისესი (გიტარა), როუზი გეინზი, მაიკლ ბლენდი და The Game Boyz. მუსიკოსების მნიშვნელოვანი წვლილით ჩაწერილი Diamonds and Pearls 1991 წლის 1 ოქტომბერს გამოვიდა. მოხვდა რა Billboard 200-ის #3 პოზიციაზე,[82], იგი პოპულარული გახდა რამდენიმე ჰიტური სინგლით. პირველი იყო „Gett Off“ (#21 - Hot 100, #6 - რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტი), „Cream“ (აშშ - #1, მეხუთე პრინსის კარიერაში), „Diamonds and Pearls“ (#3 - Hot 100, #1 - რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტი) და „Money Don't Matter 2 Night“ (#23 - Hot 100, #14 - რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტი).[83]
1992 წელს The New Power Generation-გამოსცა Love Symbol Album[84], რომლის გარეკანზე შემსრულებლის სახელის სანაცვლოდ გამოტანილი იყო მხოლოდ წარმოსათქმელად რთული სიმბოლო (რომელსაც „სიყვარულის სიმბოლო #2“ უწოდეს).[85] ალბომმა Billboard 200-ში #5 პოზიცია დაიკავა.[86] ლეიბლს სურდა პირველი სინგლის სახით „7“-ის გამოცემა, მაგრამ პრინსმა აირჩია „My Name Is Prince“, თვლიდა რა, რომ ჰიპ-ჰოპის სტილის ეს სიმღერა მოეწონებოდა იმავე მაყურებლებს, რომლებმაც წინა ალბომი შეიძინეს.[87] პრინსმა თავისი გაიტანა. სინგლი Billboard Hot 100-ში #36, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში - #23 ადგილს იკავებდა. შემდეგი, „Sexy MF“, Hot 100-ში #66 იყო, ხოლო რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში - #76. ლეიბლის ფავორიტი „7“ #7 ადგილამდე ავიდა.[83] Love Symbol Album მსოფლიოში 2.8 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[87]
1990 და 1991 წელს წარუმატებელი მცდელობის შემდეგ[88] Warner Bros.-მა 1993 წელს გამოსცა პრინსის სამდისკიანი კომპილაცია The Hits/The B-Sides. მასში შეტანილია მუსიკოსის იმ დროისთვის არსებული ყველა ჰიტური სინგლი (გარდა „Batdance“-ის და „ბეტმენის“ საუნდტრეკის სხვა სიმღერების). მესამე დისკზე აგრეთვე მოხვდა მრავალი B-მხარე. კომპილაციაში, ამასთან, შეტანილია The Revolution-ის „Power Fantastic“ და როუზი გეინზთან ერთად შესრულებული „Nothing Compares 2 U“. კიდევ ორი სიმღერა, მანამდე გამოუცემელი „Pink Cashmere“ და „Peach“ ალბომის პრომო სინგლების სახით გამოუშვეს.
1993 წელს, როდესაც Warner Bros.-მა უარი თქვა სწრაფი ტემპით პრინსის მორიგი სიმღერების დიდი რაოდენობით გამოცემაზე[89][90], მუსიკოსმა სახელი -ით შეიცვალა (მასში შეთავსებული იყო ორი სქესის სიმბოლო, მამრობითის, ♂ და მდედრობითის, ♀[85]). ბეჭდვით მედიაში მისი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, Warner Bros. იძულებული გახდა, გაევრცელებინა დისკეტები შრიფტით, რომელიც აღნიშნულ სიმბოლოს შეიცავდა.[91] მას „სიყვარულის სიმბოლო“ ეწოდა. 2000 წლამდე მუსიკოსი თავის თავს უწოდებდა ასე - „The Artist Formerly Known as Prince“ (ქართ. შემსრულებელი, მანამდე ცნობილი, როგორც პრინსი) ან უბრალოდ „The Artist“ (ქართ. შემსრულებელი)[92].
1994 წლიდან პრინსმა ალბომების გამოცემა სწრაფი ტემპით დაიწყო - გათავისუფლებულმა Warner Bros.-თან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან. როგორც თავად ამბობდა, ლეიბლი მას შემოქმედებით თავისუფლებას უზღუდავდა და ითხოვდა, ალბომები უბრალოდ დროდადრო მოემზადებინა. მან Warner Bros. აგრეთვე დაადანაშაულა Love Symbol Album-ის კომერციულად ჩავარდნაში, მისი თქმით, კომპანია მის მარკეტინგზე არ ზრუნავდა. სწორედ ამის გამო The Black Album დაგეგმილიდან შვიდი წლის შემდეგ საბოლოოდ გამოიცა, თუმცა მანამდე ბუტლეგური ჩანაწერის სახით ვრცელდებოდა. Warner Bros., საბოლოოდ, დანებდა და მუსიკოსს ნება დართო, გამოეცა Come-იც.
შედეგი ალბომი, The Gold Experience, გამოვიდა იმავე პერიოდში, რაც Love Symbol-ის დროს ჩაწერილი მასალა. Warner Bros.-ის ნებართვით, „The Most Beautiful Girl in the World“ გამოვიდა მცირე ლეიბლზე Bellmark Records, 1994 წლის თებერვალში. იგი მოულოდნელად აშშ-ში Billboard Hot 100-ში #3 გახდა, ხოლო სხვა ქვეყნებში - #1. თუმცა, შემდგომმა გამოცემებმა ნაკლები წარმატება იქონიეს. მიუხედავად ამისა, ლეიბლი მოითხოვდა The Gold Experience-ის გამოცემას,რაც საბოლოოდ, 1995 წლის სექტემბერში მოხდა. დისკის დებიუტი Billboard 200-ში პირველივე ადგილით შედგა, თუმცა მოგვიანებით ალბომი ტირაჟიდან გაქრა.
Chaos and Disorder, გამოცემული 1996 წელს, Warner Bros.-ისთვის შექმნილი ახალი მასალით უკანასკნელი ალბომი იყო - ისევე, როგორც პრინსის ერთ-ერთი კომერციულად ნაკლებად წარმატებული ნამუშევარი. წლის ბოლოს მან, უკვე Warner Bros.-ის გარეშე, სცადა დაბრუნება და გამოუშვა 36 სიმღერისგან, 3 დისკისგან შემდგარი Emancipation. ლეიბლზე NPG Records გამოცემული ეს ჩანაწერი EMI-ს დისტრიბუციით ვრცელდებოდა. ამჯერად მუსიკოსმა არ გამოიყენა Controversy Music – ASCAP-ის სახელწოდება - გამომცემლის სახით ალბომზე მიუთითა Emancipated Music Inc. – ASCAP. სერტიფიცირებული პლატინის სტატუსით RIAA-ს მიერ, Emancipation არის პრინსის მიერ პირველი ალბომი, რომელშიც სხვა შემსრულებლების სიმღერების ვერსიები მოხვდა. მათ შორის არის ჯონ ოსბორნის „One of Us“, „Betcha by Golly Wow!“ (თომას რენდოლფ ბელი და ლინდა კრიდი);[93]; „I Can't Make You Love Me“ (ჯეიმზ ალენ შემბლინ II და მაიკლ ბარი რაიდი) და „La-La (Means I Love You)“, (თომას რენდოლფ ბელი და უილიამ ჰერტი).[94]
Crystal Ball მუსიკოსმა 1998 წელს გამოუშვა. ეს არის ხუთდისკიანი ბოქს-სეტი მანამდე გამოუცემელი მასალით. ალბომის დისტრიბუცია ქაოტური იყო. მსმენელების ნაწილმა იგი პრინსის საიტის მეშვეობით ერთი წლით ადრე შეუკვეთა, თუმცა ბოქს-სეტი მათ ხელში ოფიციალური გამოცემიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოხვდა - როდესაც უკვე სტანდარტულ მაღაზიებში იყიდებოდა. განსხვავება ის იყო, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი იყო ოთხდისკიანი გამოცემა, მეხუთე, Kamasutra-ს გარეშე. მაღაზიებში გამოტანილ გამოცემებს სხვადასხვა შეფუთვები აქვს. პირველი წარმოდგენილი იყო თეთრი გარეკანით და „სიყვარულის სიმბოლოთი“, ხოლო მეორეში ოთხივე დისკი გამჭვირვალე ყუთში მოათავსეს. სამი თვის შემდეგ გამოიცა კიდევ ერთი ახალი ალბომი, Newpower Soul. ამავე პერიოდში ლეიბლზე NPG Records გამოვიდა ჩაკა ხანის Come 2 My House და ლარი გრემის GCS2000 - ორივეს ჩაწერაში პრინსი მონაწილეობდა. ამ ჩანაწერების სარეკლამო მიზნით, იგი გამოჩნდა Vibe with Sinbad-ში და NBC-ის Today-ს მიერ ორგანიზებულ Summer Concert Series-ში.
1999 წელს პრინსი კვლავ წამყვან ლეიბლთან თანამშრომლობდა, ამჯერად - Arista Records-თან, რომელზეც Rave Un2 the Joy Fantastic გამოუშვა. ალბომის მეტი წარმატებისთვის, მან სცადა პრესასთან აქტიურად თანამშრომლობა, გამოჩნდა MTV-ის Total Request Live-ში, Larry King Live (ლარი გრემთან) და სხვა გადაცემებში. თვეების შემდეგ გამოვიდა ახალი ალბომი, The Vault: Old Friends 4 Sale, პრინსის მიერ კარიერის დროს სხვადასხვა წლებში ჩაწერილი გამოუცემელი მასალით.[95]
1999 წლის 31 დეკემბერს მსმენელებს ჰქონდათ საშუალება, „pay-per-view“ სისტემით ეხილათ კონცერტი Rave Un2 the Year 2000, რომელშიც შევიდა 17 და 18 დეკემბრის ჩანაწერები, პრინსის მიმდინარე ტურნედან. კონცერტში აგრეთვე მონაწილეობდნენ მიწვეული შემსრულებლები - ლენი კრავიცი, ჯორჯ კლინტონი, ჯიმი რასელი და The Time. შემდეგ წელს კონცერტი ცალკე ვიდეოს სახითაც გამოიცა.
2000 წლის 16 მაისს მუსიკოსმა შეწყვიტა „სიყვარულის სიმბოლოს“, როგორც ალტერ-ეგოს გამოყენება და დაუბრუნდა „პრინსს“, მას შემდეგ, რაც საგამომცემლო კონტრაქტს Warner/Chappell-თან ვადა ამოეწურა. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა რომ არასასურველი უსიამოვნებებისგან თავისუფალი, უბრუნდებოდა ნამდვილ სახეს. თუმცა, სიმბოლოს კვლავ იყენებდა - ლოგოზე, ალბომებზე და გიტარის სახით, რომელსაც მისი ფორმა ჰქონდა. Rave Un2 the Joy Fantastic-ის გამოცემიდან რამდენიმე წლის განმავლობაში პრინსი ახალი მუსიკას ძირითადად ავრცელებდა სერვისის NPGOnlineLtd.com მეშვეობით (მოგვიანებით იგი NPGMusicClub.com გახდა).[96]
2002 წელს გამოვიდა მუსიკოსის პირველი საკონცერტო ალბომი One Nite Alone... Live!, რომელშიც შეტანილია ტურნეს One Nite Alone...Tour ჩანაწერები. ამ სამდისკიან გამოცემაში აგრეთვე შეტანილია კომპოზიციები, რომლებიც კონცერტის შემდეგ ჟღერდა (ცალკე დისკს It Ain't Over! ეწოდება). ამ პერიოდში მუსიკოსს ჰქონდა ურთიერთობა მსმენელებთან NPG Music Club-ის მეშვეობით. მათი ნაწილი ესწრებოდა რეპეტიციებს და ყოველწლიურ ღონისძიებებს Paisley Park-ში. მსმენელებისთვის სტუდიებში იმართებოდა სხვადასხვა ტური, ინტერვიუები, განხილვები და მუსიკის მოსმენის საღამოები. მათი ნაწილი შევიდა კევინ სმითის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ოფიციალურად არ გამოსულა.
2004 წლის 8 თებერვალს პრინსი გამოვიდა გრემის 46-ე დაჯილდოებაზე, ბიონსესთან ერთად.[97][98] მათ ერთად შეასრულეს „Purple Rain“, „Let's Go Crazy“, „Baby I'm a Star“ და ბიონსეს „Crazy in Love“.[99] შემდეგ თვეში პრინსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[100] ჯილდო მას გადასცეს ალიშა კისმა, Big Boi-მ და André 3000-მა (OutKast).[101] ცერემონიის დროს მთელი რიგი ჰიტების შესრულების გარდა, პრინსმა დაუკრა ჯორჯ ჰარისონისადმი მიძღვნილ ნაწილში, „While My Guitar Gently Weeps“-ში.[102][103][104] ჯიმი ჰენდრიქსის ხსოვნისადმი მიძღვნილ Power of Soul: A Tribute to Jimi Hendrix-ზე მან დაუკრა სიმღერაში „Red House“.[105]
2004 წლის აპრილში ლეიბლ Columbia Records-ზე გამოვიდა ალბომი Musicology, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ხუთეულის სათავეში მოხვდა. აშშ-ში ჩარტებში წარმატებას ხელი შეუწყო იმან, რომ ალბომი თანდართული იყო ბილეთებზე, ამიტომ გაყიდული ალბომების რაოდენობა უდრიდა ბილეთების რიცხვს.[106] სამი თვის შემდეგ Spin-მა პრინსს უწოდა ყველა დროის უდიდესი ლიდერი მუსიკაში.[107] იმავე წელს Rolling Stone იგი დაასახელა ყველაზე შემოსავლიან შემსრულებლად, ყოველწლიური 56.5 მილიონი აშშ დოლარით[108]. Pollstar-ის მონაცემებით, აშშ-ში Musicology Tour-მა ყველაზე დიდი შემოსავალი იქონია. პრინსმა მის ფარგლებში წარმოადგინა 96 კონცერტი. დასასწრები ბილეთის საშუალო ფასი 61 აშშ დოლარს შეადგენდა. Musicology-მ ორი გრემი მიიღო, როგორც საუკეთესო მამაკაცი რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებლის („Call My Name“), ასევე საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზური ვოკალისთვის („Musicology“). ჩანაწერი აგრეთვე ნომინირებული იყო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზური სიმღერის და ალბომის კატეგორიებში. „Cinnamon Girl“ მოხვდა საუკეთესო მამაკაცი ვოკალისტის ნომინაციებში. Rolling Stone-მა პრინსი ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში #27 ადგილზე დაასახელა.[8]
2005 წლის აპრილში პრინსმა და En Vogue-მა შეასრულეს დამატებითი ვოკალები სტივი უანდერის „So What the Fuss“-ის ჩაწერისას.[109] 2005 წლის ბოლოს პრინსმა Universal Records-თან კონტრაქტი გააფორმა და შემდეგი წლის 21 მარტს გამოსცა 3121. მისი პირველი სინგლი იყო „Te Amo Corazón“, რომლის ოფიციალური ვიდეო სალმა ჰაიეკმა გადაიღო. ვიდეოში თამაშობს არგენტინელი მსახიობი და მომღერალი მია მაესტრო. მეორე სინგლის „Black Sweat“ ვიდეო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში. 3121-ის წარმატება აღინიშნა Billboard 200 -ის #1 პოზიციაზე მოხვედრით. ალბომის რეკლამის მიზნით, მუსიკოსი 2006 წლის 4 თებერვალს Saturday Night Live-შიც გამოვიდა.[110] Webby-ს 2006 წლის დაჯილდოებაზე, 12 ივნისს, მან მიიღო ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის „ინტერნეტის მეშვეობით მუსიკის გავრცელების და მსმენელებთან ურთიერთობის ხედვისთვის“ - მაგალითი იყო Crystal Ball-ის მხოლოდ ინტერნეტში გამოშვება.[111][112] თუმცა, ჯილდოს მიღებიდან ექვსი კვირის შემდეგ მან გათიშა NPG Music Club-ის საიტი.[113][114] კლუბის გათიშვის დღეს პრინსს უჩივლა ბრიტანულმა HM Publishing-მა (Nature Publishing Group-ის მფლობელმა). მიუხედავად მოვლენების დამთხვევის, პრინსის ადვოკატმა განმარტა, რომ საიტის გათიშვა სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებულ დავას არ უკავშირდებოდა.[113]
2006 წელს პრინსი რამდენიმე ცერემონიაზე გამოვიდა. 15 თებერვალს იგი Brit Awards-ზე გამოჩნდა, Wendy & Lisa-სთან, ისევე, როგორც შეილა ესკოვედოსთან ერთად[115]. 27 ივნისს მუსიკოსი გამოვიდა BET-ის დაჯილდოების 2006 წლის ცერემონიაზე, სადაც დასახელდა საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზურ შემსრულებლად. ჩაკა ხანის მონაწილეობით მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელს ცხოვრებისეული მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს[116]. 2006 წლის ნოემბერში პრინსი შეიყვანეს ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში[98]. მან მიიღო ჯილდო, მაგრამ ცერემონიის დროს არაფერი შეუსრულებია. იმავე თვეში მან ლას-ვეგასში, Rio All Suite Hotel and Casino-ში გახსნა ღამის კლუბი 3121, სადაც 2007 წლის აპრილამდე, პარასკევობით და შაბათობით გამოდიოდა - კონტრაქტის ამოწურვამდე. 2006 წლის 22 აგვისტოს გამოვიდა კომპილაციური ალბომი Ultimate Prince, რომლის პირველი დისკი შედგება ცნობილი ჰიტებისგან, ხოლო მეორე - B-მხარეებზე წარმოდგენილი სიმღერების რემიქსებისგან ან ვრცელი ვერსიებისგან. იმავე წელს მისი სიმღერა „The Song of the Heart“ შევიდა ანიმაციურ ფილმში „ბედნიერი თათები“, რომელშიც აგრეთვე ჟღერს ნიკოლ კიდმანის და ჰიუ ჯეკმენის მიერ შესრულებული პრინსის ადრეული ჰიტი „Kiss“. 2007 წლის იანვარში ამ ჩანაწერმა მიიღო ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო ორიგინალურმა სიმღერამ.[117]
2012 წლის 2 თებერვალს პრინსმა სუპერ-ბოულ XLI-ზე დაუკრა. იგი 2007 წლის 4 თებერვალს, ნახევარტაიმში შესვენებისას გამოვიდა მისი სიმბოლოს ფორმით შესრულებულ სცენაზე. ღონისძიებას თვალს ადევნებდა მის კარიერაში მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 140 მილიონი.[118] 2015 წელს Billboard.com-მა ეს გამოსვლა დაასახელა სუპერ-ბოულზე ყველა დროის უდიდეს.[119] 2007 წელს ლონდონში, ტურნეს Earth Tour ფარგლებში მუსიკოსმა O2 Arena-ზე, რომელიც 20 000 მსმენელს იტევს, 21 კონცერტი გამართა (მის ბენდში მასეო პარკერიც შედიოდა). ბილეთების ფასი 31.21 გირვანქა სტერლინგიდან იწყებოდა. სარეზიდენციო კონცერტებს, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად დანიშნულ შვიდზე 20 წუთის განმავლობაში 140 000 ბილეთი გაიყიდა, კიდევ 8 საღამო დაემატა.[120] მოგვიანებით მათი რაოდენობა გაიზარდა და, საერთო ჯამში, 21 შეადგინა.[121]
2007 წლის ALMA-ს დაჯილდოებაზე პრინსი შეილა ესკოვედოსთან ერთად გამოვიდა. 2007 წლის 28 ივნისს Mail on Sunday-მ დაბეჭდა ინფორმაცია, რომ მიაღწია შეთანხმებას, პრინსის ახალი ალბომი Planet Earth თავის გამოცემასთან ერთად უფასოდ გაევრცელებინა. მუსიკის დისტრიბუტორების წრეებში ამან კამათი გამოიწვია. ბრიტანულმა Sony BMG-მა, პრინსის დისტრიბუტორმა, ალბომი ადგილობრივი მაღაზიებიდან ამოიღო[122]. 7 ივლისს პრინსი მინეაპოლისში დაბრუნდა და სამი კონცერტი ჩაატარა. პირველი გაიმართა Macy's Auditorium-ში, მეორე - Target Center-ში, ხოლო მესამე - First Avenue-ში[123]. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბი „იისფერ წვიმაშიც“ გამოჩნდა, მაგრამ თავად პრინსმა მასში კონცერტი 1987 წლის შემდეგ პირველად გამართა.[124]
2008 წლიდან პრინსის ბრიტანეთში მენეჯმენტით დაკავებული იყო კირან შარმა.[125] 2008 წლის 25 აპრილს მუსიკოსი გამოვიდა The Tonight Show with Jay Leno-ში, სადაც ახალი სიმღერა, „Turn Me Loose“ წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ მან კოაჩელას ფესტივალზე დაუკრა, რისთვისაც, Reuters-ის თანახმად, 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო[126]. დუბლინში 2008 წლის 16 ივნისს დაგეგმილი იყო მისი გამოსვლა, მაგრამ კონცერტი გადადო, რის გამოც 2009 წლის ოქტომბერში პრომოუტერმა MCD Productions-მა მას უჩივლა და 1.6 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება მოითხოვა (55 126 გაყიდული ბილეთისთვის). საქმე პრინსის მხრიდან, სასამართლოს მიღმა, 2010 წლის თებერვალში, 2.95 მილიონი აშშ დოლარის გადახდით დასრულდა.[127][128] პროცესის დროს განაცხადეს, რომ პრინსს შესთავაზეს 22 მილიონი აშშ დოლარი შვიდი კონცერტისთვის, რომელსაც 2008 წლის ევროპულ ტურნეში ჩაამატებდა.[129] 2008 წლის ოქტომბერში მან გამოსცა საკონცერტო ალბომი Indigo Nights, რომელშიც IndigO2-ში გამართული კონცერტის შემდეგ მოწყობილი მცირე გამოსვლების ფარგლებში დაკრული მასალა შევიდა.
2008 წლის 18 დეკემბერს პრინსმა ლოს-ანჯელესის ინდი-როკზე ორიენტირებულ სადგურ Indie 103.1-ის ეთერში ოთხი ახალი სიმღერა წარადგინა.[130] სადგურის რედაქტორები, მაქს ტოლკოვი და მარკ სოველი მიწვეულები იყვნენ მის სახლში, ალბომის მოსასმენად. ეთერში გასაშვებად პრინსმა მათ გადასცა CD ოთხი სიმღერით. მეორე დღეს ეს სიმღერები Jonesy's Jukebox-ის ეთერში სექს პისტოლზის ყოფილმა წევრმა, სტივ ჯოუნსმა წარადგინა.[131]
2009 წლის 3 იანვარს ინტერნეტში გაუშვეს საიტი LotusFlow3r.com, რომლის მეშვეობით იყიდებოდა და მოსასმენად ხელმისაწვდომი იყო ეთერში გასული სიმღერები და კონცერტებზე დასასწრები ბილეთები. საიტზე 31 იანვარს კიდევ ორი სიმღერა განთავსდა - „Disco Jellyfish“ და „Another Boy“, მოგვიანებით კი - „Chocolate Box“, „Colonized Mind“ და „All This Love“. 29 მარტს ციფრული სახით გამოვიდა სამმაგი ალბომი, რომელშიც შედიოდა Lotusflower, MPLSoUND და ბრია ვალენტეს სახელით გამოცემული Elixer. ფიზიკურად იგი 29 მარტს გამოიცა.
2009 წლის 18 ივლისს პრინსი გამოჩნდა მონტრეს ჯაზ-ფესტივალზე, The New Power Generation-თან ერთად (რომელშიც შედიოდნენ რონდა სმითი, რენატო ნეტო და ჯონ ბლეკუელი). 11 ოქტომბერს იგი მოულოდნელად გამოვიდა Grand Palais-ში, სადაც ორი კონცერტი გამართა.[132] 12 ოქტომბერს იგი, ასევე მოულოდნელად, გამოვიდა La Cigale-ში, 24 ოქტომბერს კი Paisley Park-ში დაუკრა.[133]
2010 წლის იანვარში მუსიკოსმა დაწერა ახალი სიმღერა „Purple and Gold“, შთაგონებული მინესოტა ვიკინგზის დალას კაუბოიზის წინააღმდეგ თამაშით.[134] შემდეგ თვეში მან რადიოსადგურ 89.3 The Current-ის ეთერში წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი სიმღერა, „Cause and Effect“, რაც დამოუკიდებელი რადიოს მხარდაჭერის მიზნით გააკეთა.
2010 წელს პრინსი მოხვდა Time-ის ყოველწლიურ სიაში „მსოფლიო 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი“.[135] ახალმა სინგლმა „Hot Summer“ 89.3 The Current-ის ეთერში 7 ივნისს, მუსიკოსის 52-ე დაბადების დღეს გაიჟღერა. ივნისში იგი აგრეთვე გამოჩნდა ჟურნალ Ebony-ს გარეკანზე[136] და მიღო BET-ის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[137] ახალი ალბომი, 20Ten მან გამოუშვა 2010 წლის ივლისში, რამდენიმე ქვეყანაში ბეჭდვით მედიასთან ერთად, უფასოდ.[138] ციფრულ სერვისებზე მისი განთავსებისგან თავი შეიკავა და LotusFlow3r.com-იც დახურა.
2010 წლის 4 ივლისს დაიწყო ტურნე 20Ten Tour, რომელშიც შედიოდა ორი ეტაპი ევროპის თარიღებით. მეორე დაიწყო 15 ოქტომბერს[139] და დასრულდა აბუ-დაბის გრან-პრის დასრულების შემდეგ, 14 ნოემბერს.[140] ტურნეს მეორე ნახევარში მუსიკოსების შემადგენლობა შეიცვალა. მასში შედიოდნენ შეილა ესკოვედო, ჯონ ბლეკუელი და იდა კრისტინ ნილსენი.[141] რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში პრინსის ნებართვით გაიჟღერა „Rich Friends“-მა, ახალმა სიმღერამ, რომელიც 20Ten-ის დელუქს-გამოცემაში შევიდა.[142] ტურნე Welcome 2 მუსიკოსმა 2010 წლის 15 დეკემბერს დაიწყო.[143] 7 დეკემბერს იგი გრემის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[144]
2011 წლის 12 თებერვალს პრინსმა ბარბრა სტრეიზანდს სპეციალური ჯილდო გადასცა, ხოლო 1.5 მილიონი აშშ დოლარი - სხვადასხვა ფონდს.[145] იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელესერიალ „კლუბში“ თავისი მუსიკის გამოყენების უფლება არავისთვის მიუცია (ეპიზოდში, რომელიც უკვე გადაიღეს, შევიდა „Kiss“-ის ვერსია).[146]
2011 წლის 3 ივლისს პრინსი Hop Farm Festival-ის ძირითადი შემსრულებლის სახით გამოვიდა, რაც აღინიშნა მისი ბრიტანეთში დაბრუნებით და იყო ამ ქვეყანაში მუსიკოსის პირველი გამოსვლა 2007 წლის შემდეგ.[147] მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უარს ამბობდა ინტერნეტზე, როგორც საკუთარი მუსიკის გავრცელების საშუალებაზე, მანამდე გამოუცემელი „Extraloveable“ iTunes-ზე და Spotify-ზე განათავსა.[148] Purple Music-ზე, შვეიცარიაში დაფუძნებულ ლეიბლზე, CD სინგლი „Dance 4 Me“ 2011 წლის 12 დეკემბერს გამოიცა. კიდევ ერთი სინგლი „2 Nite“ 2012 წლის 23 თებერვალს გამოვიდა. ორივე შემთხვევაში შეტანილი იყო კლუბური რემიქსებიც, რომლებიც ბრია ვალენტეს ეკუთვნოდა, ისევე, როგორც ჯეიმი ლუისის და დევიდ ალექსანდრის რემიქსები, პრინსის პროდიუსერობით.[149]
2013 წლის იანვარში პრინსმა ტექსტიანი ვიდეო გამოუშვა, სიმღერისთვის „Screwdriver“.[150] 2013 წლის აპრილში მან განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე გამართავდა კონცერტების სერიას Live Out Loud Tour, რომლის ფარგლებში საკონცერტო ბენდის სახით 3rdeyegirl შეუერთდებოდა.[151] ტურნეს პირველი ეტაპის ორი უკანასკნელი თარიღი მინეაპოლისში გაიმართა, სადაც The Revolution-ის დრამერი ბობი ზი მიწვეული მუსიკოსის ახით გამოჩნდა.[152] მაისში პრინსმა განაცხადა, რომ მისი მუსიკის დისტრიბუციას იმ დროიდან მოყოლებული, Kobalt Music გაუძღვებოდა.[153]
2013 წლის 14 აგვისტოს მუსიკოსმა საიტზე 3rdeyegirl.com განათავსა ახალი სინგლი „Breakfast Can Wait“.[154] მისი გარეკანი ასახავს დეივ ჩაპელის მიერ 2000-იანებში კომედიურ „ჩაპელის შოუში“ განსახიერებულ პრინსს.[155]
2014 წლის თებერვალში ლონდონში პრინსმა 3rdeyegirl-თან ერთად გამართა რამდენიმე კონცერტი Hit and Run Tour-ის ფარგლებში. პირველი გაიმართა მომღერალ ლიენ ლა ჰავასის სახლში, რასაც მოჰყვა ორი კემდენში, Electric Ballroom-ში[156] და კიდევ ერთი - Shepherd's Bush Empire-ში.[157] 2014 წლის 18 აპრილს პრინსმა გამოსცა ახალი სინგლი „The Breakdown“. იგი დაუბრუნდა Warner Bros. Records-ს 18 წლიანი შესვენების შემდეგ. ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი 2014 წელს გამოსცემდა Purple Rain-ის დელუქსურ რემასტერს, რითაც ალბომის 30 წლიან იუბილეს აღნიშნავდა. ამასთან, ლეიბლმა პრინსს დაუბრუნა უფლება Warner-ისთვის გაკეთებული ჩანაწერების ორიგინალური ფირების გამოსაყენებლად.[158][159] 2014 წლის გაზაფხულზე მუსიკოსმა ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია NPG Publishing, რომელიც გამოსცემდა მის სიმღერებს, ისევე, როგორც მეინსტრიმული კომპანიებისგან თავისუფალი შემსრულებლების ჩანაწერებს.[160]
2015 წლის მაისში, ფრედი გრეის გარდაცვალების და ბალტიმორში მომხდარი არეულობის შემდეგ, მუსიკოსმა გამოსცა საქველმოქმედო სინგლი „Baltimore“, რომელიც ამ შეტაკებებში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა, ისევე, როგორც გრეის.[161][162][163][164] გრეის პატივსაცემად მან აგრეთვე გამართა კონცერტი საკუთარ სტუდიაში, „Dance Rally 4 Peace“, რომელზეც, მსმენელებმა, მისი თხოვნით, ჩაიცვეს რუხი ფერის სამოსები[165].
მუსიკოსის სიცოცხლეში გამოცემული შემდეგი ალბომი Hit n Run Phase One იყო, რომელიც Tidal-ზე 2015 წლის 7 სექტემბერს გამოჩნდა, მოგვიანებით კი, 14 სექტემბერს, CD-ზე და ჩამოსატვირთ ფორმატებში გამოვიდა.[166] უკანასკნელი ალბომი, Hit n Run Phase Two, იყო ჩაფიქრებული, როგორც ამ დისკის გაგრძელება. იგი Tidal-ზე და ჩამოსატვირთად 2015 წლის 12 დეკემბერს განთავსდა.[167]
მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა კომპილაციური ალბომი 4ever. 2017 წელს დაგეგმილია Purple Rain-ის გაფართოებული რემასტერის გამოცემაც.[168]
EP პრინსის ოთხი გამოუცემელი სიმღერით, Deliverance, უნდა გამოსულიყო 2017 წლის აპრილში.[169] 20 აპრილს პრინსის მემკვიდრეებმა შეაჩერეს ჯორჯ იენ ბოქსილის (ინჟინერის, რომელიც მუშაობდა ამ სიმღერებზე და ფლობდა ორიგინალურ ფირებს) მუშაობა და დისკის გამოცემაც.[170]
2016 წლის 7 და 20 აპრილს პრინსი შეხვდა ექიმ მაიკლ ტ. შულენბერგს.[171] 7 აპრილს მან გადადო ატლანტაში, ტურნეს Piano & A Microphone Tour ფარგლებში დაგეგმილი ორი გამოსვლა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მას გრიპი ჰქონდა.[172] კონცერტი 14 აპრილს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსის ჯანმრთელობა არ იყო დამაკმაყოფილებელი.[173][174] მეორე დილით მინეაპოლისში დაბრუნებისას მან გონება დაკარგა და პირადი თვითმფრინავი დაეშვა მოლინში (ილინოისი), სადაც მუსიკოსს ნალოქსონი მიაღებინეს. ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, მან დატოვა ჰოსპიტალი.[175][176] წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაუწყლოება და გრიპი უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აწუხებდა.[173] ჰოსპიტალის შემდეგ, მეორე დღეს იგი შანჰასენში ველოსიპედით მოძრაობდა.[177] ამ, გრამფირფიტების მაღაზიების დღეს, იგი საღამოს Electric Fetus-ში შევიდა და მცირე ხნით დაესწრო Paisley Park-ში გამართულ იმპროვიზებულ წვეულებას, აცხადებდა რა, რომ თავს კარგად გრძნობდა.[174][178] 19 აპრილს იგი დაესწრო Dakota Jazz Club-ში გამართულ ლიზა რაიტის კონცერტს.[179]
20 აპრილს პრინსის წარმომადგენლებმა დაურეკეს ექიმ ჰოვარდ კორნფელდს, კალიფორნიელ ნარკოლოგს და სთხოვეს დახმარება. იგი მუსიკოსს უნდა შეხვედროდა 22 აპრილს და ადგილობრივ ფიზიკოსს სთხოვა დახმარება. უკანასკნელმა მისი, 21 აპრილს დაგეგმილი გამოცდა გადადო.[175][180] 21 აპრილს, საღამოს 9:43-ზე, კარვერის შერიფის ოფისში შევიდა ზარი, Paisley Park-ში პოლიციის გაგზავნის თხოვნით. პიროვნებამ, რომელიც რეკავდა, მათ ამცნო, რომ სახლში უგონოდ იყო ერთ-ერთი პიროვნება. მოგვიანებით მან უთხრა, რომ პიროვნება გარდაცვლილი იყო და, საბოლოოდ, დაასახელა პრინსის ვინაობა.[181] ეს უცნობი იყო კორნფელდის შვილი.[175] პოლიციამ პრინსი ლიფტში უგონოდ იპოვა. ხელოვნური სუნთქვის პროცედურების ჩატარება გვიანი იყო - ერთ-ერთმა პარამედიკოსმა დაადგინა, რომ იგი ექვსი საათის წინ გარდაცვლილი იყო[182]. 10:07-ზე, ადგილზე მისვლიდან 19 წუთის შემდეგ იგი ოფიციალურად გარდაცვლილად ცნეს.[175] პრინსს არ ეტყობოდა თვითმკვლელობის ან ძალადობის ნიშნები.[175] ანოკაში, 2 ივნისს, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადეს, რომ იგი ფენტანილის ჭარბი რაოდენობის შემთხვევით მოხმარების შედეგად გარდაიცვალა[183], 57 წლის ასაკში.[184]
უცნობია, თუ რა გზით მოიპოვა პრინსმა ფენტანილი - იყო ეს რეცეპტი თუ არალეგალური წყარო.[185] თუმცა, ამ საკითხით აქტიურად იყვნენ დაკავებული სამართალდამცავი ორგანოები.[176][180][182] ჩხრეკის ორდერის საფუძველზე[186] მის სტუდიასაც ეწვივნენ, ისევე, როგორც „უოლგრინზის“ ადგილობრივ აფთიაქს.[187]
გაკვეთის შემდეგ პრინსის ცხედარი კრემირებული იქნა.[188] 26 აპრილს მისმა დამ, ტიკამ, კარვერის სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქონების განაწილების მოთხოვნით, ვინაიდან მუსიკოსს ანდერძი არ დაუტოვებია. ქონებაზე მოთხოვნა პრინსის ხუთ ნახევარ-ძმა და დასაც ჰქონდათ - მასში შედიოდა მილიონობით აშშ დოლარი, უძრავი ქონება, სხვადასხვა ორგანიზაცია, მანქანები და ა.შ.[189][190] გარდაცვალებიდან სამი კვირის თავზე არსებობდა შვიდასამდე პიროვნება, რომელიც აცხადებდა, რომ ნახევარ-ძმა ან და იყო ან შთამომავალი.[191] მთელი ქონების დროებითი მართვა გადაეცა ბრემერის ბანკს. მის სტუდიაში, ჩანაწერების არქივი ღია აღმოჩნდა[192]. ბანკს აგრეთვე ჰქონდა პრინსის დნმ-ის ანაბეჭდებების შენახვის უფლება.[193]
მუსიკოსის ნეშტი მოთავსდა სპეციალურ, 3D პრინტერზე შექმნილ ურნაში, რომელიც Paisley Park-ის ფორმის იყოს.[194] ეს ურნა სტუდიის ატრიუმში 2016 წლის ოქტომბერში განთავსდა.[195]
პრინსის გარდაცვალებას გამოეხმაურა მრავალი მუსიკოსი და კულტურის მოღვაწე.[196][197] ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მწუხარება გამოხატა მისი გარდაცვალების გამო[198], ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა პრინსის, როგორც „მუსიკოსის, კომპოზიტორის, ნოვატორის და კულტურული სიმბოლოს“ მიღწევები.[199] მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებს შორის იყო იისფრად განათებული შენობები, ხიდები და სხვა ადგილები.[200][201][202] გარდაცვალების შესახებ განცხადებიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში „Prince“ იქცა Twitter-ზე ძიების შედეგებში ყველაზე პოპულარულ სიტყვად, ხოლო Facebook-ზე 61 მილიონზე მეტი თემატური განხილვა მიმდინარეობდა.[203] MTV-მ შეწყვიტა გადაცემები და ეთერში გაუშვა მუსიკოსის ვიდეოები, ისევე, როგორც მთლიანად „იისფერი წვიმა“.[204] ფილმი აგრეთვე AMC Theatres-ის და Carmike Cinemas-ის რამდენიმე ფილიალში გადიოდა.[205] Saturday Night Live-მა მოამზადა სპეციალური ეპიზოდი „Goodnight, Sweet Prince“, რომელშიც შევიდა მუსიკოსის ამ გადაცემაში ყველა გამოსვლის ჩანაწერი.[206]
Nielsen Music-ის თანახმად, მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ მისი ჩანაწერების გაყიდვამ 42 000 პროცენტით იმატა.[207] 21-28 აპრილს ალბომები და სიმღერები გაიყიდა 4.41 მილიონი ასლის ოდენობით, ხოლო Billboard 200-ში, პირველად ამ ჩარტის ისტორიაში, პრინსის ხუთი ალბომი საუკეთესო ათეულში აღმოჩნდა.[208] გრემის 59-ე დაჯილდოებაზე მორის დეიმ, The Time-მა და ბრუნო მარსმა პრინსისადმი მიძღვნის სახით მისი სიმღერები შეასრულეს.[209]
Los Angeles Times პრინსზე: „ჩვენი პირველი ყველაფრის შემდგომი პოპ-ვარსკვლავი, რომელმაც უგულებელყო რასობრივი, ჟანრობრივი და კომერციული საზღვრები“.[210] ჯონ პარელესი (The New York Times): „ფანკის, როკის, რიტმ-ენდ-ბლუზის და პოპის უდიდესი არქიტექტორი“. იგი აგრეთვე აღნიშნავს მუსიკოსის მხრიდან ლეიბლების უგულებელყოფის უნარს.[211] Los Angeles Times-ის რენდელ რობერტსი ამბობდა, რომ პრინსი „ჩვენი დროის ერთ-ერთი მრავალმხრივი და უსასრულოდ ექსპერიმენტული პოპ-შემსრულებელია“, რომლის „ადრეულ ნამუშევრებში ერთმანეთს შეერწყა დისკო და სინთეთიკური ფანკი, ხოლო ნაყოფიერ პერიოდში - როკი, სოული, რიტმ-ენდ-ბლუზი და სინთპოპი“.[212] საიმონ რეინოლდზი წერდა, რომ პრინსი იყო „პოპის მეცნიერი, რომელიც ერთ სიმღერაში ერთმანეთს უთავსებდა ფანკადელიას, ეისიდ-როკს, სოულს და ამაღელვებლობას“.[213] AllMusic: „ყოველ ახალ ალბომში აისახებოდა პრინსის სტილისტური განვითარება და მუსიკალური მრავალფეროვნება, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ხმასთან, ტექსტურასთან თუ ჟანრთან ექსპერიმენტებში [...] არც ერთ სხვა შემსრულებელს ამდენი სტილი კარგად არ შეუთავსებია.“[214]
როგორც შემსრულებელი, პრინსი ცნობილია ექსცენტრიკული სასცენო გამოსვლებით და შოუმენის უნარებით.[211] ანდროგინული, ცვალებადი სექსუალურობის გამო, იგი სექს-სიმბოლოდ იქცა,[215]. კრიტიკოსების აზრით, მან უარყო ჟანრობრივი[216][217] და რასობრივი სტერეოტიპები.[218] მის „გამბედავ, შეუპოვარ“ მოდის სტილში გამოკვეთილია „ყველგან მყოფი იისფერი, მაცდუნებელი გრიმი და ფურჩალებიანი სამოსები“.[210] ანდროგინული გარეგნობით მას ლიტლ რიჩარდს ადარებენ[215][219][220], ისევე, როგორც დევიდ ბოუის.[221] 2016 წელს საიმონ რეინოლდზმა აღნიშნა, რომ „პრინსის მხრიდან ტრადიციული სქესობრივი განსაზღვრისგან თავის დაღწევა დღესაც გრძელდება...მაგრამ იგი აგრეთვე მოგაგონებთ როკ-ენ-როლის თავდაპირველ სახეს, როდესაც რასობრივი და სქესობრივი საზღვრები არ არსებობდა.“[222]
პრინსის სხვადასხვა საკონცერტო შემადგენლობაში ყოველთვის იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დიდი რაოდენობა. კარიერის წლებში იგი გამოირჩეოდა მისდამი მხარდაჭერით.[223] Slate: „იგი თანამშრომლობდა ვარსკვლავი ქალბატონების შთამბეჭდავ რაოდენობასთან“ და საუბრობდა „სამყაროზე, რომელშიც მამაკაცები და ქალები ერთნაირად იქცეოდნენ და გამოიყურებოდნენ“.[224]
პრინსის მუსიკაში მრავალი ჟანრობრივი აღრევა შეიმჩნევა[211]. იგი შთაგონებული იყო მრავალი შემსრულებლით, რომელთა შორის აღსანიშნავია: ჯეიმზ ბრაუნი,[225][226][227][221] ჯორჯ კლინტონი,[225][226][221] ჯონი მიჩელი,[225] დიუკ ელინგტონი,[228] ჯიმი ჰენდრიქსი,[225][221] The Beatles,[225][221] ჩაკ ბერი,[225] დევიდ ბოუი,[225] Earth, Wind & Fire,[225] მიკ ჯეგერი,[225] რიკ ჯეიმზი,[225] ჯერი ლი ლუისი,[225] ლიტლ რიჩარდი,[225] კერტის მეიფილდი,[225][229] ელვის პრესლი,[225] ტოდ რანდგრენი,[230] კარლოს სანტანა,[225] სლაი სტოუნი,[225][231][226][221][232] ჯეკი უილსონი,[225] და სტივი უანდერი.[232][233][234] კარიერის წლებში შემოქმედებითი ცვლილებების გამო მას ხშირად მაილზ დეივისსაც ადარებენ.[225][235] თავად დეივისი პრინსს თვლიდა ბრაუნის, ჰენდრიქსის, მარვინ გეის, სტოუნის, ლიტლ რიჩარდის, ელინგტონის და ჩარლი ჩაპლინის იდუმალ ნარევად[236][228][237].
ჟურნალისტი ნიკ კონი პრინსს „როკის უდიდეს მარად ბუნებრივ ნიჭიერს“ უწოდებს.[238] მუსიკოსის ვოკალური შესრულების დიაპაზონი მერყეობდა ფალცეტიდან ბარიტონამდე.[10] პრინსი აგრეთვე ცნობილია, როგორც მულტიინსტრუმენტალისტი.[221][239] იგი ითვლება ვირტუოზ გიტარისტად, რომელიც აგრეთვე შესანიშნავად ფლობდა დასარტყმელ საკრავებს, პერკუსიას, ბასს, კლავიშებიანებს და სინთეზატორს.[240] პირველ ხუთ სტუდიურ ალბომზე იგი თავად უკრავს ყველა ინსტრუმენტზე[241]. სადებიუტო ალბომზე მათი რაოდენობა 27-ს შეადგენს.[242]. მათ შორის არის ბასის, კლავიშებიანების და სინთეზატორების მრავალი სახეობა.[243] იგი აგრეთვე გამოირჩეოდა ახალი ტექნოლოგიების მუსიკაში სწრაფად ათვისებით[244]. მაგალითად, 80-იანების ალბომებში პირველად გამოიყენა Linn LM-1-ის დრამ-მანქანა, ისევე, როგორც უამრავი სტუდიური ეფექტი.[245] LA Times აგრეთვე აღნიშნავდა, რომ იგი სინთეზატორების ახალი თაობის ჟღერადობას რიტმში იყენებდა, რითაც 70-იანების შემდგომი ფანკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.[212] პრინსი აგრეთვე ცნობილი იყო ნაყოფიერი და პერფექციონისტული ტენდენციებით, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა გამოუცემელი სიმღერების დიდი რაოდენობის სახით[246].
1993 წელს, The Gold Experience-ის გამოცემამდე, Warner Bros.-ს და პრინსს შორის წარმოიშვა შემოქმედებითი და ფინანსური სახის უთანხმოებები. ამ პერიოდში მუსიკოსი ყველას წინაშე გამოდიოდა ლოყაზე დაწერილი სიტყვით „slave“ (ქართ. მონა).[247] იგი განმარტავდა, რომ გადაწყვიტა სახელის წარმოსათქმელად რთული სიმბოლოთი ჩანაცვლება, რათა Warner Bros.-ის მიერ კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებებისგან თავისუფალი ყოფილიყო. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი აგრეთვე გადადგა იმედგაცრუების გამო, ვინაიდან მისი სახელი კომპანიას ეკუთვნოდა.[248][249]
პრინსი ხოლმე ფსევდონიმებს იყენებდა სხვადასხვა დროს ჩაწერილი მუსიკისთვის.[92] ასეთ ფსევდონიმებს შორის, გარდა ყველა დანარჩენისა, იყო ჯეიმი სტარი და The Starr Company (მათ იყენებდა The Time-ისთვის და 1981-1984 წლებში სხვა შემსრულებლებისთვის დაწერილი სიმღერებისთვის),[250][251] ჯოუი კოკი (1980-იანების გამოუცემელ სიმღერებში, ისევე, როგორც შინა ისტონისთვის და კენი როჯერსისთვის დაწერილი მასალის შემთხვევაში),[252] ალექსანდერ ნევერმაინდი („Sugar Walls“, შინა ისტონისთვის),[253] და კრისტოფერი („Manic Monday“, The Bangles-ისთვის).[254]
2007 წლის 14 სექტემბერს პრინსმა განაცხადა, რომ უჩივლებდა YouTube-ს და eBay-ს, ვინაიდან მათზე განთავსებული იყო მისი, საავტორო უფლებებით დაცული მასალა. მისი იურიდიული წარმომადგენელი ამ საქმეში იყო Web Sheriff.[255][256] ოქტომბერში სტეფანი ლენცმა Universal Music Publishing Group-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, აცხადებდა რა, რომ ისინი საავტორო უფლებების კანონს არღვებდნენ. საქმე ეხებოდა YouTube-ის მიერ ლენცის პირადი ვიდეოს წაშლას, სადაც უკანა ფონზე ბუნდოვნად ჟღერდა პრინსის „Let's Go Crazy“.[257][258] 5 ნოემბერს პრინსისადმი მიძღვნილმა რამდენიმე საიტმა შექმნა „Prince Fans United“, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა პრინსის მხრიდან მოთხოვნას, ყველა ის ინტერნეტ-რესურსი დახურულიყო, რომელზეც გამოიყენებოდა მისი ფოტოსურათები, ტექსტები, ალბომების გარეკანები და ყოველივე, რაც მას ასახავდა.[259] პრინსის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი რესურსები არღვებდნენ საავტორო უფლებებს, თუმცა მოყვარულების გაერთიანება თვლიდა, რომ მათი საიტების გათიშვა სხვა არაფერი იყო, თუ არა პრინსის შესახებ კრიტიკული კომენტარების გაქრობის მცდელობა. პრინსის პრომოუტერი AEG აცხადებდა, რომ სამ სხვადასხვა საიტზე განთავსებული მასალებიდან არასასურველი იყო მხოლოდ პრინსის ლონდონში გამართული 21 კონცერტის ფოტოკადრები.[260]
8 ნოემბერს პრინსის მსმენელებმა მუსიკოსისგან მიიღეს „PFUnk“, რომელიც წარმოადგენდა მათი მოძრაობის მისამართით არაოფიციალურ პასუხს. თავდაპირველად იგი თავად გაერთიანების საიტზე განთავსდა[261], მოგვიანებით კი გამოვიდა როგორც „F.U.N.K.“, iTunes Store-ზე. 14 ნოემბერს საიტმა b3ta.com Digital Millennium Copyright Act-ის (DMCA) მოთხოვნით წაშალა სატირული ხასიათის სურათი მუსიკოსის შესახებ.[262]
კოაჩელას 2008 წლის ფესტივალზე პრინსმა შეასრულა Radiohead-ის „Creep“-ის საკუთარი ვერსია და მოგვიანებით მისი ჩანაწერის სხვადასხვა საიტებიდან ამოღება მოითხოვა - მიუხედავად იმისა, რომ თავად Radiohead-იც მის დატოვებას ითხოვდა.[263] რამდენიმე დღის შემდეგ YouTube-მა დააბრუნა ჩანაწერები. Radiohead-ის კომენტარი: „ჩვენი სიმღერაა, მოისმინონ“. 2009 წელს პრინსმა კოაჩელას ფესტივალზე გამოსვლის ვიდეო საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა.
2010 წელს მან განაცხადა: „ინტერნეტი დასრულდა“, რაც იყო პასუხი მის მიერ ხუთი წლის წინ ნათქვამზე - „ინტერნეტი დასრულდა ყველასთვის, ვისაც სურს, გადაუხადონ, დამისახელეთ მუსიკოსი, რომელიც გამდიდრდა ციფრული გაყიდვების შედეგად.“[10]
2013 წელს Electronic Frontier Foundation-მა პრინსს მიანიჭა ყოველწლიური „ჟოლოს ბერეტის ცხოვრებისეული გულის ტკენის ჯილდო“ (ინგლ. Raspberry Beret Lifetime Aggrievement Award)[264], DMCA-ს კანონის დარღვევისთვის.[265]
2014 წლის იანვარში პრინსმა უჩივლა ინტერნეტის 22 მომხმარებელს საავტორო უფლებების პირდაპირი დარღვევისთვის, უნებართვო რედაქტირებისთვის და ბუტლეგების გავრცელებისთვის.[266] აქედან რამდენიმე მომხმარებელი მუსიკოსის კონცერტების ჩანაწერებს სოციალური ქსელებით[267][268] აზიარებდა. იმავე თვეში პრინსმა სარჩელი გამოიტანა, ყოველგვარი განმარტების გარეშე[269].
პრინსი აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ მუსიკოსებიდან, რომლებმაც „უცნაურ ელ“ იანკოვიჩს უარი უთხრეს მათი მუსიკის პაროდიებისთვის გამოყენებაზე.[270]
წლების განმავლობაში პრინსს ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა ამა თუ იმ ცნობილ პიროვნებასთან. მათ შორის იყვნენ კიმ ბესინგერი, მადონა, ვენიტი, შეილა ესკოვედო, კარმენ ელექტრა, სუზანა ჰოფსი, ანა ფანტასტიკი,[14] შერილინ ფენი,[271] და სიუზან მუნსი (Vanity 6 და Apollonia 6)[272]. 1985 წელს პრინსი დანიშნული იყო სუზანა მელვოინთან.[273] 37 წლის ასაკში, 1996 წლის ვალენტინობაზე მან იქორწინა 22 წლის მოცეკვავეზე და ვოკალისტზე მაიტე გარსიაზე (რომელიც მის საკონცერტო შემადგენლობაში შედიოდა). მათ 1996 წლის 16 ოქტომბერს ეყოლათ შვილი, ამირ გრეგორი ნელსონი. დაბადებული პფაიფერის სინდრომით, იგი გარდაიცვალა ერთი კვირის შემდეგ.[274][275] მაიტეს პრინსი 1999 წელს დაშორდა და 2001 წელს იქორწინა მანუელა ტესტოლინისთან. 2006 წლის მაისში უკანასკნელმა სასამართლოში შეიტანა განქორწინების მოთხოვნა.[276]
პრინსი იყო ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტი, რომელმაც ცხოვრების დიდი ეტაპი იცხოვრა, როგორც ვეგანმა, თუმცა მოგვიანებით თავს უბრალოდ ვეგეტარიანელს უწოდებდა.[277][278][279][280][281] ალბომის Rave Un2 the Joy Fantastic (1999) ანოტაციებში ნახსენებია სისასტიკე, რომლითაც მოიპოვება შალის ქსოვილი.[282]
2001 წელს პრინსი „იეჰოვას მოწმეებს“ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც მანამდე ორი წლის განმავლობაში ესაუბრებოდა მუსიკოს ლარი გრემს, ასევე იეჰოვას მოწმეს. პრინსი ამბობდა, რომ ეს მისთვის არა საუბარი, არამედ „ცოდნის შეძენა“ იყო. „მორფეუსის და ნეოს საუბარს ჰგავდა, „მატრიციდან“...“, ამბობდა იგი. პრინსი ესწრებოდა შეხვედრებს სამეფო დარბაზში და დროდადრო სხვადასხვა ადამიანს სტუმრობდა და საკუთარი რწმენის შესახებ ესაუბრებოდა.[283][284] 2005 წელს მას დასჭირდა ბარძაყის პროტეზის ჩასმა. ტაბლოიდურმა გამოცემებმა გაავრცელეს ჭორი[285], თითქოს იგი ამაზე უარს ამბობდა, ვინაიდან თავისი ახალი სარწმუნოების მიხედვით, არ ჰქონდა სისხლის გადასხმის უფლება. თუმცა, Star Tribune-ში დაიწერა განმარტება[286], რომ ლარი გრემი უარყოფდა, თითქოს ამისთვის პრინსს დასჭირდებოდა სისხლის გადასხმა, ვინაიდან ბარძაყის პროტეზის ჩანერგვა ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებდა.[287][288][289] მორის დეის თანახმად, ეს ოპერაცია მუსიკოსმა 2008 წელს უკვე გადაიტანა.[290] პრობლემები მას შეექმნა სცენაზე მაღალქუსლიანი ჩექმებით ცეკვის გამო.[291] 1990-იანებიდან პრინსი ხშირად დადიოდა ჯოხით, უკანასკნელ წლებში კი - მუდმივად, რის გამოც ბევრმა ჩათვალა, რომ მას სინამდვილეში არანაირი ოპერაცია არ გაუვლია.[292]
როგორც იეჰოვას მოწმეს, პრინსს საჯაროდ საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ არ უსაუბრია. დეტალები მისი აქტივიზმის, ქველმოქმედების და სხვადასხვა ფონდის მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გაჟღერდა.[293] 2001 წელს მან ანონიმურად გადარიცხა 12 000 აშშ დოლარი ლუისვილის თავისუფალი საჯარო ბიბლიოთეკის სისტემაში, რათა შეენარჩუნებინათ დასავლეთის ფილიალის ბიბლიოთეკა. ეს იყო პირველი ბიბლიოთეკა, რომელიც ემსახურებოდა აფროამერიკელებს.[294] 2001 წელს მან აგრეთვე ანონიმურად აანაზღაურა ონკოლოგიური პროცედურების ქვეშ მყოფი დრამერ კლაიდ სტაბლფილდის სამედიცინო ხარჯები.[295] 2015 წელს მან დააარსა YesWeCode, ჰაკათონის ფორმატის შეჯიბრი, რომელზეც თავადაც გამოდიოდა და უკრავდა.[293][296] იგი აგრეთვე ეხმარებოდა ფონდს Green for All[293].
2016 წლის მარტის ბოლოს პრინსმა განაცხადა, რომ აპირებდა მემუარების დაწერას, სამუშაო სახელწოდებით „მშვენიერები“ (ინგლ. The Beautiful Ones)[297].
წელი | ფილმი | როლი | რეჟისორი |
---|---|---|---|
1984 | იისფერი წვიმა | ბიჭუნა | ალბერტ მანიოლი |
1986 | ალუბლის მთვარის ქვეშ | კრისტოფერ ტრეისი | პრინსი |
1987 | Sign o' the Times | თავად | პრინსი |
1990 | გრაფიტის ხიდი | ბიჭუნა | პრინსი |
წელი | ფილმი | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
1997 | Muppets Tonight | თავად | ეპიზოდი 11 |
2014 | ახალი გოგონა | თავად | ეპიზოდი „Prince“ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.