პრაღა
ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
პრაღა (ჩეხ. Praha) — ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, ქვეყნის პირველი და ევროკავშირის მე-13 უდიდესი ქალაქი,[5] ბოჰემიის ისტორიული დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ვლტავის ხეობაში. ქალაქის ურბანული ნაწილის მცხოვრებთა რიცხვი 1.3 მილიონი, ხოლო მეტროპოლიტური არეალის – 2.7 მილიონია. პრაღაში ოკეანური კლიმატია, რომლისთვისაც შედარებით თბილი ზაფხული და გრილი ზამთარია დამახასიათებელი.
პრაღა ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქი რომანულ პერიოდში დაარსდა და გოთიკის, რენესანსისა და ბაროკოს პერიოდებში მძლავრი კულტურული აღმავლობა განიცადა. პრაღა ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქი და რამდენიმე საღვთო რომის იმპერატორის რეზიდენცია იყო, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ჩარლზ I.[6] პრაღა ჰაბსბურგთა მონარქიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოჰემურსა და პროტესტანტულ რეფორმაციებში, ოცდაათწლიან ომში, ხოლო XX საუკუნის ისტორიაში, როგორც ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქმა, მსოფლიო ომებსა და კომუნისტური რეჟიმის პერიოდში.[7]
ქალაქში მრავალი ცნობილი კულტურული ღირშესანიშნაობა მდებარეობს, რომელთა შორის აღსანიშნავია პრაღის სასახლე, კარლის ხიდი, წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი და ძველი ქალაქის მოედანი, სადაც რატუშას კოშკზე პრაღის ასტრონომიულ საათს შეხვდებით. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
პრაღაში ათზე მეტი დიდი მუზეუმი, ამასთანავე უამრავი თეატრი, გალერეა და კინოთეატრი მდებარეობს. ქალაქი თანამედროვე სატრანსპორტო სისტემითაა აღჭურვილი. პრაღაში უამრავი საჯარო და კერძო სკოლა მდებარეობს. კარლის უნივერსიტეტი, რომელიც პრაღის უნივერსიტეტის სახელწოდებითაცაა ცნობილი, ჩეხეთის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული, ხოლო ცენტრალური ევროპის უძველესი უნივერსიტეტია.[8]
პრაღას მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი. 2019 წელს ქალაქი მერსერის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებს შორის სიცოცხლისუნარიანობის დონით 69-ე ადგილზე დასახელდა.[9] პრაღა პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. 2017 წლის კვლევის მიხედვით, ქალაქს ყოველწლიურად 8.5 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს. ამავე წელს პრაღა ევროპის მეხუთე ყველაზე მონახულებულად ქალაქად დასახელდა ლონდონის, პარიზის, რომისა და სტამბოლის შემდეგ.[10]