სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
პერევისა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შუქრუთი, კალაური, სკინდორი, წინსოფელი და ჭილოვანი).
სოფელი | |
---|---|
პერევისა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | პერევისა |
კოორდინატები | 42°15′41″ ჩ. გ. 43°18′01″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 851[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრი. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, დასავლეთით — სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით — შუქრუთი, კალაური და მერევი. პერევისის საერთო ფართობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილთოს ხეობა, ხოლო ყველაზე მაღალი — პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია — 980 მეტრი ზღვის დონიდან.
სოფლის ტერიტორიაზე არსებული ადგილებია: დევის ნამუხლი (წილთოს ღელეში კლდეზე გამოკვეთილი გზის მონაკვეთი), ნაირმალი, ჭაუჭიახო, საქორიათი, ნატბაური, შარგვეშები, ბარდასოული, შემორევა (წილთოს ღელეში, ციცაბო კლდეებს შორის ჩამომდინარე ჩანჩქერი რომელიც დიდ, ღრმა მორევს ქმნის). სოფელში უხვადაა წყაროები: იფნის წყალი, პირაღია წყარო, ბატონის წყალი, ცხენარის წყალი, ცივწყარო.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 851 ადამიანი.
პერევისის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძარს IX საუკუნეში აქვს საფუძველი ჩაყრილი. შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ამავე ტერიტორიაზე, XIX საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთი ეკლესია აშენდა. ახალი ეკლესია, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდია და იმ პერიოდის ხუროთმოძღვრული ნაგებობების დახვეწილი სტილით გამოირჩევა. 1920 წლის 7 სექტემბერს პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა. იგი ვრცელ ჩანაწერს აკეთებს ამ სალოცავსა და მასში დაბრძანებული ხატების შესახებ.
აღსანიშნავია აგრეთვე ტეხისის სალოცავი. ეს სალოცავი ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს. სალოცავი „ტეხისა“ პერევისისა და ახლომახლო სოფლების „ადგილის დედა“ უნდა ყოფილიყო, ტეხისობა კი მისი სადიდებელი დღესასწაული. „ტეხისობას“ ყოველ ახალ კვირას აღნიშნავენ, რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა. აქ სალოცავად დადის არა მარტო პერევისისა და მის ახლოს მდებარე სოფლების, არამედ ქალაქ ჭიათურის მოსახლეობაც.
პერევისის სამხრეთით, მდინარე საძალიხევის მარჯვენა სანაპიროზე, მრავლადაა წარმოდგენილი კასტრული მღვიმეები: კლდეკარის გამოქვაბული, ორთვალა კლდე, ცაცას გერამი. ამ უკანასკნელში, გადმოცემის თანახმად, იმალებოდა სტალინი, მას დამალვაში ცაცა წერეთელი ეხმარებოდა, ამიტომაც შემორჩა მღვიმეს ასეთი სახელი.
სოფელში არის ბიბლიოთეკა, კულტსახლი, საექიმო ამბულატორია, საფოსტო განყოფილება. სოფელში არის სკოლა, რომელიც გაიხსნა 1893 წელს. სკოლა, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, საშუალო სკოლად 1967 წელს გადაკეთდა. სკოლა გიორგი წერეთლის სახელობისაა. 2006 წლის 12 სექტემბრიდან სოფელში აღინიშნება "პერევისობა". სოფელში ეწყობა საზაფხულო ბანაკი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
სოფელში გავრცელებული გვარებია: ჩაჩანიძე, წერეთელი, კვანტალიანი, ცხადაძე, წივილაშვილი, ბარელაძე, ხარაიძე, დევიძე, კურტანიძე, მაქაძე, კუპატაძე, ფხალაძე, ლეთოდიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.