ჯონ სტეინბეკის რომანი From Wikipedia, the free encyclopedia
„მრისხანების მტევნები“ (ინგლ. The Grapes of Wrath) — ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, 1939 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც რეალიზმის ჟანრს განეკუთვნება. ამ რომანისთვის სტაინბეკს გადაეცა პულიცერის პრემია და ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო. „მრისხანების მტევნებმა“ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავტორისთვის 1962 წელს ნობელის პრემიის მინიჭებაში.
„მრისხანების მტევნები“ | |
---|---|
ინგლ. The Grapes of Wrath | |
პირველი ამერიკული გამოცემის გარეკანი | |
ქართული გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ჯონ სტეინბეკი |
გარეკანის მხატვარი | ელმერ ჰეიდერი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | The Viking Press |
გამოცემის თარიღი | 14 აპრილი, 1939[1] |
წინამორბედი | თაგვებსა და ადამიანებზე |
გამოცემამდე ზუსტად ოთხი წლით ადრე, 1935 წლის 14 აპრილს, ჩრდილოეთ ტეხასსა და ოკლაჰომას შტატებს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მტვრიანმა ქარიშხალმა გადაუარა. ეს დღე ისტორიაში „შავი კვირა დღის“ სახელით შევიდა. ქარიშხალმა ათასობით ოკლაჰომელის მიგრაცია გამოიწვია.
რომანის სიუჟეტი დიდი დეპრესიის პერიოდში ვითარდება და მის ცენტრში ჯოუდების დიდი ოჯახი დგას. მტვრიანი ქარიშხლითა და ველური საბანკო ეკონომიკით გაწამებული ფერმერები სამუშაოსა და საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, მთელ თავიანთ ავლადიდებას ერთ მანქანაზე ტვირთავენ და სამსახურისა და ღირსების საძებნელად კალიფორნიაში გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ისტორიული კონტექსტისა და მხატვრული ღირებულების გამო, „მრისხანების მტევნები“ ხშირად არის დისკუსიისა და განხილვის საგანი ამერიკის უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებში. 1940 წელს კინორეჟისორმა ჯონ ფორდმა რომანის ეკრანიზაცია გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს.
„მრისხანების მტევნები“ მშრომელთა კლასში დიდი სიყვარულით სარგებლობს, რადგან ადვილად შესამჩნევია ავტორის მხარდაჭერა და თანაგრძნობა მიგრანტებისა და მშრომელთა მოძრაობისადმი. [2]
„მრისხანების მტევნებში“ თხრობა იწყება მთავარი პერსონაჟის, ტომ ჯოუდის (ინგლ. Tom Joad) მაკალისტერის ციხიდან (ინგლ. McAlester prison) პირობითი გათავისუფლებით, სადაც ის მკვლელობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. სახლისკენ მიმავალ გზაზე, სალისოუს (ინგლ. Sallisaw, Oklahoma) სიახლოვეში, ტომი შეხვდება გადამდგარ მოძღვარს, ჯიმ კეისის (ინგლ. Jim Casy), რომელსაც ბავშვობაში იცნობდა. ორნი ერთად აგრძელებენ გზას ჯოუდების მშობლიურ სახლამდე, რომელიც ტომს გაუკაცურებული დახვდება. ტომი და კეისი ძველ მეზობელს, მიული გრეივსს (ინგლ. Muley Graves) მიაკითხავენ, რომლისგანაც შეიტყობენ, რომ ჯოუდების ოჯახი საგვარეულო ადგილიდან აიყარა და იქვე ახლოს, ტომის ბიძასთან, გადავიდნენ საცხოვრებლად. მისგანვე იგებს ჯონი, რომ ბანკებმა ყველა ადგილობრივი გლეხი გაასახლეს საკუთარი მიწებიდან, თუმცა თავად გრეივსი ჯიუტად არ იცვლის ფეხს.
მომდევნო დღეს ტომი კეისისთან ერთად ბიძასთან მიდის. იქ ის საკუთარი ოჯახის წევრებს შეხვდება, რომლებსაც მთელი ავლადიდება ერთ სატვირთოდ გადაკეთებულ სედანის სტილის მანქანაზე დაუხვავებიათ და გამგზავრებისთვის ემზადებიან. მტვრიანმა ქარიშხალმა ჯოუდების ოჯახს მარცვლეულის მოსავალი გაუნადგურა, ოჯახმა ბანკის ვალი ვეღარ გადაიხადა, რის გამოც მიწა ჩამოერთვათ და სხვა გზა რომ აღარ დარჩათ, ბედის საძიებლად „აღთქმულ მიწაზე“, კალიფორნიაში აპირებენ წასვლას. მიუხედავად იმისა, რომ ტომ ჯოუდის არა აქვს ოკლაჰომას დატოვების უფლება, რადგან ამით ის პირობითი პატიმრობის წესებს დაარღვევს, ბიჭი მაინც რისკავს და ოჯახს მიჰყვება. მათთან ერთად მიემგზავრება კეისიც.
66-ე გზატკეცილზე მგზავრობისას ჯოუდები აღმოაჩენენ, რომ მთელი გზა მათსავით გაღატაკებული მიგრანტებითაა სავსე. ღამეებს დროებით ბანაკებში ათევენ, სადაც ისმენენ, მათ შორის კალიფორნიიდან დაბრუნებული ადამიანებისგან, რომ იქაურობა არ არის ის „აღთქმული მიწა“, რომელიც მათ წარმოედგინათ. მგზავრობისას ოჯახის შემადგენლობა უფრო და უფრო მცირდება; პირველივე ღამეს გარდაიცვლება პაპა ჯოუდი, რომელსაც გზადვე ასაფლავებენ. შუა გზაზე ოჯახს უფროსი ვაჟი, ნოა (ინგლ. Noah) და სიძე, კონი რივერსი (ინგლ. Connie Rivers) ტოვებენ. კონის ფეხმძიმე ცოლი ჰყავს, რომელიც ოჯახთან ერთად რჩება. უკვე კალიფორნიის საზღვართან კვდება ბებო ჯოუდიც და მთელი გუნდის ლიდერობას დედილო ჯოუდი იღებს საკუთარ თავზე. ოჯახს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კალიფორნიაში ფეხის მოკიდება, რადგან ოკლაჰომაში დაბრუნება არცერთ მათგანს აღარ უქადის ბედნიერ მომავალს.
უკვე კალიფორნიაში მისულები აღმოაჩენენენ, რომ იქ უამრავი უმუშევარი ელის დასაქმებას, ხელფასები მცირეა და მემამულეები არ თაკილობენ მშრომელთა ექსპლუატაციას. ბევრი შიმშილობს. არსებული სააგენტოები ერთეულებს შესაძლოა კი სთავაზობდნენ უკეთეს პირობებს, თუმცა ოჯახის სრულად დასაქმება არავის შეუძლია.
შრომითი ექსპლუატაციის საპასუხოდ, კეისი ცდილობს მშრომელთა გაერთიანება შექმნას. ამავე პერიოდში ჯოუდების ოჯახი სამუშაოს ატმის ბაღში შოულობს, სადაც კეისი გაფიცვაში იღებს მონაწილეობას. გაფიცვა მრისხანე ხდება და ერთ მომენტში ტომ ჯოუდი შეესწრება თუ როგორ კლავენ ცემით კეისის. განრისხებული ტომი თავდამსხმელს კლავს და თავის გადასარჩენად იქაურობას ეცლება, იმალება.
ტომის გამო ოჯახი სამუშაოდ ბამბის პლანტაციაში ინაცვლებს. თუმცა ტომ ჯოუდიმ იცის, რომ მას თუ ჩაავლებენ, მკვლელობისთვის გასამართლდება, მისი ოჯახი კი შავ სიაში შევა და უმუშევრად დარჩება. ამიტომაც ის მალულად ემშვიდობება დედას და იპარება. რომანის ამ ეპიზოდში ჯონ სტაინბეკი აქრობს მთავარ პერსონაჟს და თხრობას მის გარეშე აგრძელებს. ამასობაში ზამთარი დგება, ჯოუდების ქალიშვილი შარონი მშობიარობს და მკვდარ ჩვილს ბადებს, გადაუღებელი წვიმები კი ოჯახის დროებით საცხოვრისს ანადგურებს. კიდევ უფრო შეცოტავებული ჯოუდები ახალი საცხოვრისის საძიებლად დახეტიალობენ, რა დროსაც ერთ მიტოვებულ ქოხს გადააწყდებიან. ქოხში ისინი მშიერ მამა-შვილს პოულობენ. მამას, რომელიც შიმშილისგან სიკვდილის პირასაა მისული, შარონი საკუთარი რძით კვებავს და ამ სცენით სრულდება კიდეც რომანი.
ჯონ სტაინბეკმა რომანისთვის დიდი მასალა სანორა ბებისგან ისესხა. სანორა ბები იწერდა მშრომელთა და მიგრანტთა ისტორიებს კალიფორნიაში 1938 წელს და აპირებდა ეს ჩანაწერები გამოეყენებინა საკუთარი რომანისთვის „ვისი სახელებიც უცნობია“. ჩანაწერებს ის უზიარებდა თავის ზედამხედველს, ტომ კოლინზს, რომელმაც, თავის მხრივ, ისინი წააკითხა ჯონ სტეინბეკს, რომელიც იმ პერიოდში გაზეთ San Francisco News-ის რეპორტიორად მუშაობდა. [3] სანორა ბების რომანი დაჩრდილა „მრისხანების მტევნების“ წარმატებამ. სტაინბეკის რომანის გამოქვეყნების შემდეგ გამომცემლობამ Random House გააუქმა „ვისი სახელებიც უცნობიას“ გამოცემა. ბების ტექსტი 2004 წლამდე გამოუქვეყნებლად იდო.
„მრისხანების მტევნები“ ჯონ სტაინბეკმა, თავის მხრივ, განავითარა საკუთარი სტატიების ციკლიდან „მოსავლის ბოშები“ (The Harvest Gypsies), რომელიც შედგებოდა San Francisco News-სში გამოქვეყნებული შვიდი სტატიისგან. ციკლი იბეჭდებოდა 1936 წლის 5-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით. სტაინბეკს შეკვეთილი ჰქონდა შეესწავლა და აღეწერა კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიაში დასაქმებული მიგრანტების ყოფა და სამუშაო პირობები. „მოსავლის ბოშები“ ცალკე წიგნად გამოიცა 1938 წელს, შეცვლილი სათაურით „მათი სისხლი მძლავრია“. 1988 წელს კი ხელახლა გამოიცა სათაურით „მოსავლის ბოშები: გზად მრისხანების მტევნებთან ერთად“.
1938 წელს, სანამ საბოლოოდ დაჯდებოდა რომანის დასაწერად, ჯონ სტაინბეკმა ვრცელი წერილი მისწერა თავის რედაქტორს ელიზაბეთ ოტისს: „ტანჯვა, რომელსაც აქ ვხედავ, ვერანაირი ფულით ვერ ანაზღაურდება... ეს ყველაზე გულისგანმგმირავი რამაა სამყაროში. მე ვტყდები ყოველ ჯერზე, როცა გარეთ გავდივარ, რადგან არგუმენტი იმაზე, რომ ერთი კაცის ძალისხმევას არ ძალუძს რაიმეს შეცვლა, აღარაფერს ნიშნავს მაშინ, როცა შენ წინ მშიერი ბავშვების ბანდა დაძრწის, შენ კი ამ დროს ცოტა ფული გაქვს“.
სტაინბეკმა რომანის წერა 1938 წლის ადრეულ ზაფხულში დაიწყო და თავს ასდღიანი ვადა დაუწესა. სწორედ ამ დროში დაიწერა რომანი. მწერალი აღნიშანვდა, რომ ასე მანამდე არასოდეს გაძნელებია. წერის პარალელურად სტაინბეკი დღიურსაც აწარმოებდა, რომელშიც ჩაწერა: „ეს კარგი წიგნი უნდა იყოს, უბრალოდ უნდა იყოს და მორჩა, სხვა არჩევანი არ მაქვს! პირველად ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც ჩემთვის საზღვრები არ გააჩნია... ეს რომანი მიითვისებს ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან, ნაფიქრალიდან და ნაგრძნობიდან“.
1938 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებულ გვერდზე ვკითხულობთ: „ისეთი თავბრუ მეხვევა, რომ გვერდებსაც ვეღარ ვხედავ. მოვრჩი... ღმერთო, იმედია, რომ კარგი გამოვიდა“.
1939 წლის იანვარში, „მრისხანების მტევნების“ გამოცემამდე სამი თვით ადრე, ჯონ სტაინბეკმა ვრცელი წერილი მისწერა თავის რედაქტორს, პასკალ კოვიკის (Pascal Covici), გამომცემლობაში Viking Press. წერილში სტაინბეკი სთხოვდა რედაქტორს, რომ გულდასმით გარკვეულიყო რომანის არსში და ამთავრებდა სიტყვებით, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც წინასიტყვაობა: „მთელს რომანში მე ვცდილობ, მკითხველი ასევე იყოს თანამონაწილე. რასაც ის ამ ტექსტიდან ამოიღებს, პირდაპირ იმეტყველებს მისი გონების სიღრმესა თუ შეზღუდულობაზე. წიგნს ხუთი შრე აქვს და მკითხველი იპოვის იმდენს, რამდენსაც შეძლებს. და ვერ იპოვის ვერაფერს დამატებით, მისი შესაძლებლობების მიღმა“. [4]
მსგავსებები ჯონ სტაინბეკისა და სანორა ბაბის რომანებს შორის ადვილი შესამჩნევია. მაგალითად, ორივე რომანში ვხვდებით გარდაცვლილ ახალშობილებს; საერთო დამოკიდებულება და მსგავსი კომენტარებია საბანკო სისტემის ბოროტებასა და კორპორაციებისა თუ წვრილი მაღაზიების მიერ დაწესებულ ფასებთან დაკავშირებით; ასევე საერთო თემაა რელიგიის, როგორც იმედის, შემანარჩუნებელი მექანიზმის ჩანაცვლება მუსიკით.
სტაინბეკის მკვლევარი და ბიბლიოგრაფი მაიკლ ჯეი მეიერი უარყოფს მოსაზრებას პლაგიატიზმის შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ „სტაინბეკის მკვლევრებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ „ვისი სახელებიც უცნობია“, რათა სწორად განსაჯონ „მრიხანების მტევნების“ რომელი ხმები ისმის სარონა ბაბის რომანში. [5]
მკვლევარი დევიდ ემ ურობელი (David M. Wrobel) წერს, რომ „სტაინბეკ-ბაბის ამბავი კლასიკურ მიმთვისებლურ ამბად ჩანს, როცა, ერთი მხრივ, აღიარებული მწერალი პარავს მასალას უცნობ მწერალს, მეორე მხრივ კი, მისი გამოქვეყნებით მას უსპობს საკუთარის გამოქვეყნების შანსს... სტაინბეკმა მრავალი წყაროდან აითვისა ინფორმაცია ბანაკებში არსებული რეალობის შესახებ. უპირველეს ყოვლისა კი, ტომ კოლინზისა (Tom Collins) და ერიკ თომსენისგან (Eric H. Thomsen), კალიფორნიის მიგრანტთა ფედერალური ბანაკის რეგიონალური დირექტორისგან, რომელიც ჯონ სტაინბეკს პირადად დაჰყვებოდა კვლევისას. თუკი სტაინბეკი გაეცნობოდა სარონა ბაბის ვრცელ ნაწერებს, ისევე, როგორც ეცნობოდა კოლინზისა და თომსენის პატაკებს, მწერალი აუცილებლად გამოიყენებდა მას. სტაინბეკისგანვე დასტურდება კოლინზისა და თომსენის როლი „მრისხანების მტევნების“ შექმნაში, მაშინ, როცა სარონა ბაბის სახელი არსად არ ფიგურირებს“.[6]
სარონა ბაბი პირადადაც შეხვედრია ჯონ სტაინბეკს, მცირე დროით, თუმცა მას არასდროს დაუშვია ეფიქრა, რომ მწერალი მის ჩანაწერებს ეცნობოდა, რადგან თავად სტაინბეკს ამაზე არაფერი უთქვამს.
2004 წელს, როცა „ვისი სახელებიც უცნობია“ გამოიცა, სარონა ბაბმა აღნიშნა, რომ ის ჯონ სტაინბეკზე უკეთესი მწერალია. „მისი წიგნი არაა ისეთივე რეალისტური, როგორიც ჩემი“, - განაცხადა ბაბმა. [7]
რომანის წერის პროცესში სტაინბეკს ვერ გადაეწყვიტა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სათაური, სანამ მისმა ცოლმა, კეროლმა არ შესთავაზა ვარიანტად „მრისხანების მტევნები“. [8]
სათაური გადმოღებულია პოეტ ჯულია უარდ ჰოუის (Julia Ward Howe) მიერ შექმნილი სასიმღერო ტექსტიდან, რომელიც მან აბოლიციონისტ ჯონ ბრაუნის სიმღერისთვის The Battle Hymn of the Republic (ასევე ცნობილია, როგორც Mine Eyes Have Seen the Glory) დაწერა.
ინგლისური ტექსტი | ქართული თარგმანი |
---|---|
Mine eyes have seen the glory of the coming of the Lord: | ჩემმა თვალება იხილეს, დიდება უფლის მოსვლის. |
He is trampling out the vintage where the grapes of wrath are stored; | ის თელავს ვენახს დახუნძლულს, „მრისხანების მტევნებით“. |
ტექსტი დაკავშირებულია ბიბლიური გამოცხადების წიგნის იმ აპოკალიპტურ ეპიზოდთან, სადაც უკანასკნელი სამსჯავროს დროს ისმის ვედრება ღვთაებრივი სამართლისათვის, რომელმაც უნდა შეამსუბუქოს სატანჯველი. ეს და სხვა ბიბლიური პასაჟები შთაგონებულია ქრისტეს, როგორც მევენახის სახესთან. გამოცხადებაში ვკითხულობთ:
ფრაზა ასევე გვხვდება რომანის დასკვნით, 25-ე თავში:
სტაინბეკის ლიტერატურის შემსწავლელი ჯონ ტიმერმანი რომანის გავლენაზე საუბრისას ამბობს, რომ „კრიტიკის, გამოხმაურებებისა და კოლეჯის დისკუსიების თვალსაზრისით, „მრისხანების მტევნები“ შესაძლოა ყველაზე ზედმიწევნით განხილული ტექსტი იყოს მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურიდან“.
გამოქვეყნების შემდეგ ამერიკული კაპიტალიზმის მხარდამჭერებმა სტაინბეკს კომუნისტობა დასწამეს და ამერიკული ინდივიდუალიზმის უარყოფაში დასდეს ბრალი. „სტაინბეკის რომანმა საქვეყნო მასშტაბის მნიშვნელობა მოიპოვა. მრავალმა მოქალაქემ დაგმო ტექსტი და დაწვა მისი ეგზემპლარები. „მრისხანების მტევნები“ საჯაროდ განხილეს სახელმწიფო რადიოშიც. თუმცა, რაც მთავარია, რომანს კითხულობდნენ“. [9] 1939 წლის აპრილიდან 1940 წლის თებერვლამდე მისი 430 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და იქცა ბესტსელერად. ამავე პერიოდში რომანისთვის ავტორს მიენიჭა ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო და „მრისხანების მტევნები“ დასახელდა ამერიკის წიგნის გამავრცელებელთა რჩეულ რომანად. [10]
1940 წელს სტაინბეკს გადაეცა პულიცერის პრემია მხატვრული ლიტერატურის დარგში. „მრისხანების მტევნების“ არმიისთვის განკუთვნილმა გამოცემამ კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ისეთი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა სამხედროებს შორის, რომ ახალი ტირაჟის დაბეჭდვა გახდა საჭირო.[11]
მრავალმა მისმა თანამედროვემ სტაინბეკი გაკიცხა პოლიტიკური და სოციალური შეხედულების გამო. როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ფლანგმა სტაინბეკი სოციალიზმის პროპაგანდისტად შერაცხა. ავტორს განუდგნენ კალიფორნიის ფერმერთა ასოციაციის წევრებიც და რომანს „ტყუილების გუდა“ და „კომუნიზმის პროპაგანდა“ უწოდეს. მათი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი იყო ის, თუ როგორ წარმოსახავდა ჯონ სტაინბეკი ფერმერთა დამოკიდებულებას მიგრანტებისადმი.
წიგნში „The Art of Fiction“ (1984) ამერიკელი მწერალი, ჯონ გარდნერი, სტაინბეკს აკრიტიკებს იმის გამო, თითქოს მან არაფერი იცოდა კალიფორნიელი მემამულეების შესახებ. „ჩვენ მოწმენი ვართ „მრიხანების მტევნების“, როგორც დიდი ამერიკული რომანის ჩაფლავების. სტაინბეკმა დაწერა არა დიდი და უტყუარი რომანი, არამედ იმედის გამაცრუებელი მელოდრამა, რომლითაც ხარკს უხდის დაუჯერებელ, შეურბილებელ ბოროტებას“. [12] გარდნერის კვალდაკვალ იყვნენ სხვებიც, რომლებიც სტაინბეკს პოლიტიკური ნიშნის გამო ბრალს სდებდნენ ბანაკების პირობების გადაჭარბებით შეფასებაში. რომანის გამოქვეყნებამდე სტაინბეკი აქტიურად ნახულებდა ხოლმე სამუშაო ბანაკებს და აღწერდა მათ როგორც „არაადამიანურ გარემოს, რომელიც ანგრევს იქ მოსახლის სულს“.
1962 წელს, როდესაც ნობელის პრემიის კომიტეტმა ჯონ სტაინბეკს ლიტერატურის დარგში პრემია გადასცა, შეფასებით სიტყვაში „მრისხანების მტევნები“ მოიხსენია როგორც „დიდებული ნაშრომი“.[13]
1999 წელს ფრანგულმა გამოცემამ Le Monde გამოაქვეყნა მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი 100 წიგნის სია, სადაც მე-7 ადგილზე დაასახელა „მრისხანების მტევნები“. 2003 წელს BBC-ს გამოკითხვაში „რომანები, რომლებიც უყვართ ქვეყანაში“ „მრისხანების მტევნები“ 29-ე ადგილზე ეწერა. [14] 2005 წელს ჟურნალმა TIME „მრისხანების მტევნები“ შეიტანა 1923-2005 წლების საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანების ასეულში. 2009 წელს ბრიტანულმა გამოცემამ „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) შეადგინა სია, „აუცილებლად წასაკითხი ასი რომანი“, რომელშიც ასევე მოიხსენიეს „მრისხანების მტევნები“. [15]
რედაქტორ ელიზაბეთ ოტისისთვის მიწერილ წერილში სტაინბეკი წერდა: „მინდა სამარცხვინოს იარლიყი მივაკრა იმ ხარბ ნაბიჭვრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დიდი დეპრესიისა და მისი შედეგების გამო“. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას კი „მრისხანების მტევნებზე“ თქვა: „შევქმენი ყველაზე საზარელი, როგორიც შემეძლო. ისეთი, მკითხველის ნერვებს რომ დაანაკუწებდა“.
ბევრი მკვლევარი აღნიშნავს ჯონ სტაინბეკის მიერ ქრისტიანული სახე-ხატების გამოყენებას „მრისხანების მტევნებში“. ყველაზე ხშირად საუბრობენ ტომ ჯოუდისა და ჯიმ კისის“ პერსონაჟებზე, რომელთა სახეებსაც იესო ქრისტეს ადარებენ. ჯიმ კეისი თავისი ცხოვრებითა და მოწამეობრივი სიკვდილით შეიძლება წარმოადგენდეს ქრისტეს პროტოტიპს. თუკი ამ ინტერპრეტაციას გავყვებით, მაშინ ტომ ჯოუდი ქრისტეს აღდგომის შემდგომი სახებაა, რომელიც გადაიბარებს მისი ხორციელი ცხოვრების პერიოდის იდეებსა და ქმედებებს. ლიტერატურის თეორეტიკოსები ამ გზას მიჰყვებიან დედილო ჯოუდის, შარონის ვარდის, მისი გარდაცვლილი ახალშობილისა და ძია ჯონის პერსონაჟებთან მიმართებითაც. 2009 წლის სტატიაში, Exodus Inverted: A New Look at The Grapes of Wrath, ამერიკული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი და მთარგმნელი, კენ ეკერტი (Ken Eckert), პარალელს ავლებს გამოსვლათა წიგნთან და განიხილავს კალიფორნიაში მიმავალ მიგრანტებს, როგორც ისრაელი ხალხის ეგვიპტეში ტყვეობიდან დახსნის ამბავს. [16] მსგავსი უკიდურესი პარალელები და შედარებები გამომდინარეობს თავად სტაინბეკის შეხედულებებიდან, რომელსაც კენ ეკერტი განსაზღვრავს როგორც „არაორთოდოქსალურს“.[16]
ქანთრისა და ფოლკის შემსრულებელსა და კომპოზიტორს ვუდი გათრის 1940 წელს გამოცემულ ალბომში „Dust Bowl Ballads“ აქვს ორნაწილიანი სიმღერა სახელწოდებით „Tom Joad“, რომელიც აღწერს „მრისხანების მტევნების“ მთავარი გმირის ცხოვრებას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.
ჯგუფ Patrick Street-ის დამაარსებელმა ირლანდიელმა ფოლკ-მუსიკოსმა ენდი ირვინმა, შეასრულა და ჩაწერა ვუდი გათრის სიმღერის ქავერ-ვერსია, რომელიც შესულია 1988 წლის ალბომში „No. 2 Patrick Street“
შოტლანდიელმა ფოლკ-მუსიკოსმა დიკ გოგენმა ასევე ჩაწერა ვუდი გათრის სიმღერის ქავერ-ვერსია, რომელიც შესულია მის 2001 წლის ალბომში „Outlaws & Dreamers“.
ამერიკელი როკ-მუსიკოსმა ბრიუს სპრინგსტინმა რომანის მთავარი გმირის პატივსაცემად თავის მე-11 სტუდიურ ალბომს „The Ghost of Tom Joad“ (ქართ. ტომ ჯოუდის მოჩვენება) უწოდა. ალბომის პირველივე, სასათაურე სიმღერა არის მშვიდი ფოლკ-სიმღერა, რომლის შესრულების სტილი შთაგონებულია ვუდი გათრის ბალადით ტომ ჯოუდიზე. სპრინგსტინმა მოგვიანებით გაავრცელა არაოფიციალური ვიდეო ამ სიმღერაზე, რომელიც წარმოადგენს მანქანის უკანა ხედვის სარკეში გადაღებული 66-ე გზატკეცილის ფოტოების მონტაჟს.
1997 წელს ამერიკულმა ჯგუფმა Rage Against The Machine სპრინგსტინის სიმღერის ვერსია ჩაწერა და მასზე საკუთარი მუსიკალური ვიდეოც გადაიღო.
2008 წელს სპრინგსტინსა და მის E Street Band-ს ამერიკულ ტურნეს მესამე ნაკადში შეუერთდა Rage Against The Machine-ის გიტარისტი და ვოკალისტი ტომ მორელო. აუდიტორიას მათ სიმღერის ახალი ვერსია შესთავაზეს, რომელიც მძიმე როკისა და რეპ-მეტალის ელემენტებით არის დატვირთული. ტომ მორელო სიმღერაში ტომ ჯოუდის ბოლო მონოლოგით შთაგონებულ ტექსტს მღერის. 2009 წელს იგივე ვერსია შესრულდა კონცერტზე ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში. სიმღერის განახლებული ვერსია მუსიკოსებმა 2013 წელს ჩაწერეს და ის სპრინგსტინის 2014 წლის სტუდიურ ალბომში „High Hopes“ შევიდა.
ბრიუს სპრინგსტინის ამ სიმღერას საკუთარ კონცერტებზე სხვადასხვა დროს ასრულებდნენ სხვა შემსრულებლებიც, მათ შორის: პიტ სიგერი, მარტინ იოზეფი, უეინ კრამერი, ბრაიან ფელონი, ჯგუფები: Junip, Nickelback, Solas, Mumford & Sons, Rise Against, და სხვა.
დეივიდ გილმორის დაწერილი სიმღერა „Sorrow“, რომელიც შესულია პინკ ფლოიდის სტუდიურ ალბომში „A Momentary Lapse of Reason“, დაფუძნებულია ჯონ სტაინბეკის რომანზე.
პროგრესული როკ-ჯგუფ Camel-ის 1991 წლის ალბომი „Dust and Dreams“ მთლიანად არის შთაგონებული „მრისხანების მტევნებით“.
პანკ-როკ ჯგუფ Bad Religion-ის ვოკალისტი გრეგ გრაფინი თავს ჯონ სტაინბეკის თაყვანისმცემელს უწოდებს. სწორედ „მრისხანების მტევნების“ გავლენით არის დაწერილი სიმღერა „Grains of Wrath“, რომელიც ჯგუფის 2007 წლის ალბომში „New Maps of Hell“ არის შესული.
კრის კრისტოფერსონის 1981 წლის სიმღერა „Here Comes that Rainbow Again“ აღწერს გზისპირა სადილობის სცენას რომანიდან, როდესაც მამილო ჯოუდი პურის ნაჭერსა და ტკბილეულს ყიდულობს რუთისა და უინფილდისთვის.
1990 წლის ალბომში „Carved in Sand“ ბრიტანულ გოთიკურ როკ-ჯგუფ The Mission-ს აქვს სიმღერა სახელწოდებით „The Grapes of Wrath“.
სიმღერა „Dust Bowl Dance“, ჯგუფ Mumford & Sons-ის 2009 წლის ალბომიდან „Sigh No More“ ასევე არის შთაგონებული „მრისხანების მტევნებით“.
რომანმა გამოსვლისთანავე მოიპოვა აღიარება ჰოლივუდში. 1940 წელს ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ჯონ ფორდის ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც ტომ ჯოუდის როლს ჰენრი ფონდა ასრულებს. ფილმის პირველი ნაწილი რომანს მიჰყვება, მაშინ, როცა მეორე ნაწილი, განსაკუთრებით კი დასასრული, განსხვავდება სტაინბეკის რომანში აღწერილი ამბებისგან. ფილმმა ორი ოსკარი მოიპოვა და ის შესულია აშშ-ის ფილმების ეროვნულ რეესტრში.
2009 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი „American: The Bill Hicks Story“, რომელიც კომიკოს ბილ ჰიკსის ცხოვრებაზე გვიყვება, დიდ დროს უთმობს სტაინბეკის რომანს. ბილ ჰიკსის საყვარელი წიგნი სწორედ „მრისხანების მტევნები“ იყო, თავად კომიკოსმა კი საკუთარი ბოლო სიტყვები სწორედ ტომ ჯოუდის ბოლო სიტყვებზე დააფუძნა: „I left in love, in laughter, and in truth, and wherever truth, love and laughter abide, I am there in spirit“.[17]
2013 წლის ივლისში რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ მის გეგმებში იყო „მრისხანების მტევნების“ ახალი კინოეკრანიზაციის შექმნა და მოლაპარაკებები DreamWorks Pictures-თან მიმდინარეობდა.[18][19]
იაპონურ ანიმაციურ სერიალში „Bungou Stray Dogs“ ვხვდებით პერსონაჟს, რომელიც ჯონ სტაინბეკის სახეა და მის სუპერძალას ეწოდება „მრისხანების მტევნები“.
1990 წელს თეატრის რეჟისორ ფრენკ გალატის მიერ Steppenwolf Theatre Company-თვის დადგმულმა სასცენო ადაპტაციამ დიდი პოპულარობა ჰპოვა. ტომ ჯოუდის როლს სპექტაკლში მსახიობი გერი საინისი ასრულებს და მისი მონაწილეობით „მრისხანების მტევნები“ ბროდვეიზე 188-ჯერ შესრულდა. სპექტაკლის ერთ-ერთი შესრულება გადაიღეს და 1991 წელს აჩვენეს ტელეკომპანია PBS-ის ეთერში.[20]
„მრისხანების მტევნები“ ქართულ ენაზე ორჯერ ითარგმნა. პირველი თარგმანი ბეჟან სივსივაძისა გამოიცა 1981 წელს „საბჭოთა საქართველოს“ მიერ. წიგნს თან ერთვოდა ილუსტრაციები, მთარგმნელის შენიშვნები და ბოლოსიტყვაობა. მეორე თარგმანი ლალი ყუშიტაშვილისა გამოსცა „ინტელეტმა“ 2019 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.