მომხმარებელი:Hubble/სავარჯიშო2
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული პლანეტა) — პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო. აღმოჩენილია 1800-ზე მეტი ეგზოპლანეტა (2015 წლის 29 იანვრის მონაცემებით: 1888 პლანეტა 1187 პლანეტურ სისტემაში, რომელთა 477 მრავალვარსკვლავური სისტემაა).[2] არსებობს ე.წ. თაღლითი პლანეტები, რომლებიც არც ერთი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავს და განცალკევებულად არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გაზური გიგანტია, რა შემთხვევაშიც ისინი ხშირად აღიქმებიან სუბ-ყავისფერ ჯუჯებად, როგორც WISE 0855-0714.[3]
კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა ასევე აღმოაჩინა რამდენიმე ათასი[4][5] კანდიდატი პლანეტა,[6][7] რომელთა 11%-ის არსებობა შესაძლოა არ დადასტურდეს.[8] საშუალოდ, თითო ვარსკვლავზე ერთი პლანეტა მოდის.[9] ხუთიდან ერთ მზის მსგავს[10] ვარსკვლავს კი „დედამიწის ზომის“[11] პლანეტა ჰყავს სასიცოცხლო ზონაში დედამიწიდან 12 სინათლის წლის მანძილის დისტანციაში.[12][13] თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში 200 მილიარდი[14] ვარსკვლავია, 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის პლანეტა უნდა იყოს ჩვენს გალაქტიკაში, ხოლო თუ წითელი ჯუჯებიც იგულისხმება, ეს რიცხვი 40 მილიარდამდე იზრდება.[15] ირმის ნახტომში არსებული თაღლითი პლანეტები შესაძლოა ტრილიონამდე ზრდიდეს ამ რიცხვს.[16]
თუ დადასტურდა, უახლოესი ეგზოპლანეტა იქნება ალფა კენტავრი Bb, მაგრამ მის არსებობა საეჭვოა. აქამდე აღმოჩენილთა შორის თითქმის ყველა ეგზოპლანეტა ირმის ნახტომში მდებარეობს, თუმცა მცირე რაოდენობით ექსტრაგალაქტიკური პლანეტების აღმოჩენის ალბათობაც არსებობს. 2014 წლის მარტის მონაცემებით, ყველაზე ნაკლებად მასიური პლანეტა არის PSR B1257+12 A, რომელიც სულ რაღაც 2 მთვარის მასისაა. ყველაზე მასიური პლანეტა, რომელიც NASA Exoplanet Archive-შია შეტანილი, არის DENIS-P J082303.1-491201b,[17][18] რომელიც 29 იუპიტერის მასაა, თუმცა პლანეტის უმეტესი განმარტების თანახმად, ის ზედმეტად მასიურია პლანეტისთვის და შესაძლოა ყავისფერი ჯუჯა იყოს. არსებობს პლანეტები, რომლებიც იმდენად ახლოსაა დედავარსკვლავთან, რომ მათი ორბიტალური პერიოდი რამდენიმე საათია, ხოლო, ამის საპირისპიროდ, არსებობს პლანეტები, რომელთა ორბიტალური პერიოდი ათასობით წელიწადი იჭიმება დედავარსკვლავთან სიშორის გამო. ზოგი კი იმდენად შორსაა, რომ რთულია იმის თქმა, საერთოდ არის თუ არა გრავიტაციულად დაკავშირებული ვარსკვლავთან.
ეგზოპლანეტების აღმოჩენამ ინტერესი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაშიც აღძრა, განსაკუთრებით იმ პლანეტებზე, რომლებიც თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, სადაც თხევად წყალს (აქედან გამომდინარე, სიცოცხლეს) შეუძლია არსებოა. პლანეტის სიცოცხლიანობის კვლევა აგრეთვე მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორს.[19]