![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f1/Grand_Duchess_Maria_Feodorovna_by_Roslin_%25281777%252C_Hermitage%2529.jpg/640px-Grand_Duchess_Maria_Feodorovna_by_Roslin_%25281777%252C_Hermitage%2529.jpg&w=640&q=50)
მარია თეოდორეს ასული
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია თედორეს ასული (რუს. Мария Фёдоровна), დაბ. სოფია მარია დოროთეა ავგუსტა ლუიზა ვიუტემბერგელი (გერმ. Sophie Dorothee Auguste Luise Prinzessin von Württemberg; დ. 25 ოქტომბერი, 1759, შჩეცინი, პოლონეთი — გ. 5 ნოემბერი, 1828, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — ვიუტემბერგელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1796-1801 წლებში როგორც პავლე I-ის მეორე ცოლი.
დაბადებით იგი იყო ვიუტემბერგის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ II ევგენისა და მისი მეუღლის, მარკგრაფინია ფრედერიკა ბრანდენბურგელის ასული. მის მშობლებს მისი დების მსგავსად მისი სარფიანად გათხოვება სურდათ, ამიტომაც იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. 1776 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ვაჟი და მემკვიდრე, დიდი მთავარი პავლე დაქვრივდა, ისე, რომ ცოლისგან შვილები არ დარჩენია, ამიტომაც მისი მეორედ დაქორწინება გახდა საჭირო. ეკატერინე II-მ სოფია დოროთეას ბიძის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის რჩევით თავის სარძლოდ შეარჩია. პავლე და სოფია დოროთეა ერთმანეთს ბერლინის სამეფო ვახშამზე შეხვდნენ და დიდ მთავარს იგი იმდენად მოეწონა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაინიშნა მასზე.
ამავე წლის სექტემბერში სოფია დოროთეა სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა და მართლმადიდებლობაზე მოინათლა, რა დროსაც მან მიიღო სახელი მარია თედორეს ასული, რასაც 1776 წლის 26 სექტემბერს მოჰყვა მისი და პავლეს ქორწილი. მას ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, რომელმაც თითქმის მთლიანად მისი დედამთილის მმართველობის ხანაში განვლო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკატერინესთან, რომელიც მასა მის ქმარს პოლიტიკაში ჩარევის ნებას რთავდა. მიუხედავად ამისა, მალე დედა-შვილს შორის განხეთქილება მოხდა და იმპერატრიცამ ისინი ყველაფერს ჩამოაცილა. ეკატერინემ ისინი იძულებით გადაასახლა გატჩინაში, სადაც დაიბადნენ მათი შვილები, მათ შორის: იმპერატორები ალექსანდრე I და ნიკოლოზ I, ვიუტემბერგის დედოფალი ეკატერინე და ნიდერლანდების დედოფალი ანა პავლოვნები.
1796 წელს მისი ქმარი პავლე I იმპერატორი ხდება და მარია ფეოდოროვნა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ხდება, თუმცა დედამთილისაგან განსხვავებით, იგი მისი ქმრის ტახტის მოპოვებას სულაც არ ცდილობდა. პავლე სულ ხუთ წელიწადში გარდაიცვალა, რასაც მოსდევს მათი ვაჟების მმართველობის ხანა, რა დროსაც მარია ფეოდოროვნა გატჩინასა და პავლოვსკში ცხოვრობდა, თუმცა სამეფო კარზე ყველა პრივილეგიას ინარჩუნებდა. აღსანიშნავია, რომ მისი ვაჟების, ანუ მომავალი ორი იმპერატორის მეუღლეები სწორედ მარია ფეოდოროვნამ შეარჩია, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ მისი შემდგომი რუსეთის ორი იმპერატრიცა გერმანელი იყო. ასევე იგი ხელმძღვანელობდა რუსეთში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რაც მას დიდად სიამოვნებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ იგი საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა თავის შვილებში, რის გამოც ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟების მმართველობისას მარია ფეოდოროვნას გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. 1828 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ოჯახში საკმაოდ დიდ ხანს იყო გლოვა გამოცხადებული, მისი რძლები კი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდნენ მის მიბაძვას.