დინასტია From Wikipedia, the free encyclopedia
მარვანიდები (არაბ. مروانيون Marwānīyūn; ქურთ. Merwanî) — მუსლიმ ქურთთა[1][2][3][4][5][6] დინასტია, რომლის წარმომადგენლები, 983-1085 წლებში, ზემო მესოპოტამიაში (ჯეზირე) — დიარ-ბაქრის რეგიონს (ჩრდილოეთ ერაყი/სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი) განაგებდნენ. მარვანიდების პოლიტიკური ცენტრი ამიდაში (თანამედროვე დიარბაქირი) მდებარეობდა.[7] მათ მფლობელობაში ასევე შედიოდა, ქალაქები: არზანი, მაიაფარიქინი (სილვანი), ჰის კაიფა (ჰასანკეიფი), ხლათი, მანასკერტი და არჭეში.
მარვანიდთა დინასტია მარვანიდები مروانيون სელჩუკთა იმპერიის ვასალი. | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
მარვანიდთა დინასტიის სამფლობელოები, 990 - 1085. | ||||
დედაქალაქი | ამიდა | |||
ენა | არაბული | |||
რელიგია | შიიტური ისლამი | |||
ფულის ერთეული | დინარი | |||
მმართველობის ფორმა | საამირო | |||
დინასტია | მარვანიდები | |||
ამირა | ||||
- 983–990 | ბად იბნ დუსტაკი (პირველი) | |||
- 1079–1085 | ნასირ ალ-დავლა მანსური (უკანასკნელი) | |||
აკადემიური ნაშრომების უმრავლესობა, აღიარებს მარვანიდების ქურთულ წარმომავლობას.[8][9][10][11][12][13][14][15] ენციკლოპედია ირანიკა ერთ სტატიაში მათ არაბულ დინასტიად მიიჩნევს,[16] თუმცა სხვა სტატიაში მათ ქურთულ დინასტიად ასახელებს.[17]
არაბი ისტორიკოსის, იბნ ხალდუნის აზრით, დინასტიის დამაარსებელი, ბად იბნ დუსტაკი თავდაპირველად მწყემსი იყო, რომელიც მოსულის რეგიონში ყაჩაღობით იყო დაკავებული. მოგვიანებით დიარბაქირის რეგიონზეც დაიწყო თავდასხმები, სადაც რამდენიმე ციხესიმაგრე დაიკავა. მის ირგვლივ მალე დიდძალ რესურსებმა მოიყარა თავი, რის მეშვეობითაც მიმდებარე რეგიონების რეგულარულად დარბევა დაიწყო. 978 წელს, როდესაც ბუიდებმა მოსული დაიაკვეს, ბადი მათ მოკავშირედ ითვლებოდა. თუმცა, როდესაც 983 წელს ბუიდთა საამიროს მმართველი ადუდ ალ-დავლა გარდაიცვალა, მათი გავლენა რეგიონში საგრძნობლად შემცირდა, რაც ბადმა სასიკეთოდ გამოიყენა და მოსულის ჰამდანიდებისაგან მაიაფარიქინი (სილვანი), ამიდა, ნისიბინი და სხვა ქალაქები, ასევე ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული დასახლებები, მათ შორის არჭეში დაიპყრო. იმავე წელს, ბუიდებმა წარუმატებლად სცადეს ნისიბინის დაბრუნება. ბუიდთა ჯარი ასევე დამარცხდა ბაჟლაიასთან ბრძოლაში.
984 წელს ბადმა დაიკავა ქალაქი მოსული, თუმცა შემდეგ დამარცხდა და უკან, დიარბაქირში დაიხია. ჰამდანიდები მაშინვე შეეცადნენ მაიაფარიქინის დაბრუნებას, მაგრამ ისინი ქალაქის კედლებიდან გააბრუნეს. 987 წელს, ბადმა ბიზანტიის იმპერიაში არსებული შინა აშლილობით (ბარდა ფოკას აჯანყება) ისარგებლა და თავს დაესხა ტარონის რეგიონში მდებარე ქალაქ მუშს.[18] 987 წელს ბადმა ისევ გადაწყვიტა მოსულის დაპყრობა. ჰამდანიდებმა დახმარება ამჯერად უკაილიდების დინასტიას სთხოვეს, რომლის მმართველი არაბი შეიხი მუჰამედი დიდძალი ჯარით გამოემართა და 990 წელს, გაერთიანებული ძალებით, მოკავშირეებმა ქურთები მოსულთან დაამარცხეს. ამ ბრძოლაშივე დაიღუპა ბადი.
992 წელს, ბადის სიკვდილის შემდეგ, ბიზანტიის იმპერიამ წამოიწყო სადამსჯელო თავდასხმები ვანის ტბის მიდამოებში, მალე იმპერატორმა ბასილ II-მ ქურთ ემირეთაბ ხანგრძლივი ზავის დამყარება მოახერხა. ბადის მემკვიდრე მისი ძმისშვილი ალ-ჰასან იბნ მარვანი გახდა, რომელმაც ჰამანიდები სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო მათი ამირა ალ-ჰუსეინი. ალ-ჰუსეინის ძმა, იბრაჰიმი კი ნისიბინში გაიქცა, სადაც ის მუჰამედმა სიკვდილით დასაჯა, შედეგად მოსული საბოლოოდ უკაილიდების ხელში გადავიდა.
ალ-ჰასან იბნ მარვანის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი ძმემი — საიდ I და აჰმად იბნ მარვანი ავიდნენ. საიდ I გამოცდილი დიპლომატი იყო და ის ბასილ II-სთან კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა. როდესაც ბასილმა დავით კურაპალატის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, რომლის სამფლობელო მას მემკვიდრეობით უნდა მიეღო, მაშინვე შეწყვიტა სირიაში წამოწყებული სამხედრო კამპანია, გადალახა ევფრატი, გაემართა ტაოში და შემოიერთა დავითის ვრცელი სამფლობელო, ასევე პატივისცემით მიიღო მუმაჰიდ ად-დავლა და მშვიდობა დაამყარა მასთან. საიდ I-მა იმპერატორს მორჩილება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მაგისტროსის და აღმოსავლეთის დუქსის ტიტული მიიღო.[19] მუმაჰიდმა მშვიდობა სასარგებლოდ გამოიყენა და მაიაფარიქინის კედლები აღადგინა.
1010 წელს, მუმაჰიდ ალ-დავლა, მისმა მსახურმა, შარვინ იბნ მუჰამედმა მოკლა, ამ უკანასკნელმა ძალაუფლება თავად ჩაიგდო ხელში და მისი ლეგიტიმურობა „უძველესი თურქული კანონით“ გაამართლა, რომლის თანახმადაც ვინც მმართველს მოკლავს, მემკვიდრე თავად გახდება. თუმცა ეს არქაული წესი და შარვინის მმართველობა მალევე გააპროტესტეს, და მმართველობიდან ჩამოამხეს.
ნასრი მარვანის მესამე შვილი იყო, რომელიც საამიროს 50 წელზე მეტხანს მართავდა. მის პერიოდში საამირომ ძლიერების პიკს მიაღწია. როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი, ის მოხერხებულად ლავირებდა რეგიონის ძალებს შორის, როგორებიც იყვნენ: ბუიდთა სულთანი ალ-დავლა, ფატიმიდთა ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაკიმი და ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II.
ელიას ნისიბინელი გვამცნობს: ნასრ ალ-დავლამ „გამარჯვებულმა ემირმა“ 1011 წელს დაიმორჩილა იბნ დიმნე, მისი ვასალი დიარბაქირში. მან ბიზანტიის იმპერიასთან გააფორმა თავდაუსხმელობის პაქტი, მაგრამ ის თავად რამოდენიმეჯერმე დაარღვია. ნასრ ალ-დავლას ცნობადობა ისე გაიზარდა, რომ ალ-რუჰას (ედესა, დღევანდელი შანლიურფა) მოსახლეობა, დასავლეთში იხმობდა მას, რათა თავი დაეღწიათ არაბი მთავარის მართველობისგან. 1026 წელს ნასრ ალ-დავლამ დაიკავა ედესა და ის პირად სამფლობელოს შემოუერთა. ამ მოვლენას ცნობილი სირიელი მწერალი, ბარ ჰებრაეუსი (1226–1286) აღწერს. გარლვეული პერიოდი იბნ მარვანი ხარკს უხდიდა მოსულის უკაილიდების დინასტიას და მათ 1030 წელს ნისიბინიც კი გადასცა.
1031 წელს ედესა ბიზანტიელმა გენერალმა გიორგი მანიაკმა დაიკავა. 1032 წელს, ნასრმა გენერალი ბალის მეთაურობით 5000 მხედარი გაგზავნა, რათა ედესა თავიდან დაეპყრო, რომელიც უკვე არაბი მმართველის ხელში იყო, ეს უკანასკნელი კი ბიზანტიელების მხარდაჭერით სარგებლობდა. ბალმა გაანთავისუფლა ქალაქი და მოკლა ედესის არაბი მმართველი, შემდეგ ნასრს გაუგზავნა შეტყობინება, რომ დამხმარე ძალები გამოეგზავნა „თუ შენ გსურს კერტასტანში (ქურთისტანში) მართველობის შენარჩუნება“.
ნასრ ალ-დავლას მმართველობა საამიროს აღმავლობის ხანა იყო. ეს პერიოდი აღინიშნება ქურთებისა და სირიელების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ასევე კულტურული და ეკონომიკური აღმავლობით. მის დროს მაიაფარქინის გორაზე, იქ სადაც ღვთისმშობლის ეკლესია იდგა, ააგეს ახალი ციტადელი. მან ასევე ააგო უამრავი ხიდები და საზოგადოებრივი აბანოები. ხელს უწყობდა მეცნიერებას, განაახლა ობსერვატორია, ასევე სამეფო კარზე მოიწვია ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები და პოეტები: მათ შორის იყვნენ იბნ ალ-ასირი, აბდ ალაჰ ალ-კაზარუნი (პოეტი) და ალ-ტიჰამი. შეიფარა პოლიტიკური ლტოლვილები, მათ შორის აბასიანთა ხალიფა ალ-მუკთადი (1075–1099).
1056 წელს ნასრი სელჩუკთა სულთანს თოღრულ I დაემორჩილა. თოღრულ-ბეგი ამ პერიოდში ჯეზირეს მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, მიუხედავად ამისა ნასრმა დიარბაქირის რეგიონზე ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა.
1061 წელს ნასრ ალ-დავლას გარდაცვალების შემდეგ, საამირო მის ორ შვილს შორის გადანაწილდა. ნასრ ნიზამ ად-დავლას — მაიაიფარკი, ხოლო საიდ II-ს — ამიდა ერგო. 1063 წელს ნასრმა გააერთიანა დიარბაქირის რეგიონი, თუმცა მარვანიდების ზეობა ამ მომენტიდან ქვეითდება.
მარვანიდების დინასტიის დაცემა ღალატით დაიწყო. იბნ ჯაჰირი, საამიროს ყოფილმა ვეზირმა, მიატოვა დიარ ბაქრი და გადავიდა ბაღდადში. სადაც მან დაარწმუნა სელჯუკი სულთანი მალიქ შაჰ I (1072–1092) და სელჩუკთა იმპერიის ცნობილი ვეზირი ნიზამ ალ-მულქი, რომ მისთვის ნება მიეცათ მაიაფარიქინზე თავდასხმა განეხორციელებინა. 1085 წელს, როდესაც ქალაქი აიღეს, იბნ ჯაჰირმა მარვანიდების დიდძალი საგანძური მიისაკუთრა. ამის შემდეგ, დიარ ბაქრის რეგიონი უშუალოდ სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მარვანიდთა საამიროს უკანასკნელი ემირი, ნასირ ალ-დავლა მანსურმა კონტროლი მხოლოდ ქალაქ ჯაზირატ იბნ უმარზე (დღევანდელი ჯიზრე, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) შეინარჩუნა.
მმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
აბუ შუჯა ბად იბნ დუსტაკ ალ-ჰამიდია მარვანი | 983 - 990 |
აბუ ალი ალ-ჰასან იბნ მარვანი | 990 - 997 |
საიდ I მუმაჰიდ ად-დავლა | 997 - 1010 |
შარვინ იბნ მუჰამედი, უზურპატორი | 1010 |
ნასრ ალ-დავლა აჰმედ იბნ მარვანი | 1011 - 1061 |
მანსურ ნასირ ალ-დავლა | 1079 - 1085 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.