From Wikipedia, the free encyclopedia
მაიდუგური (ინგლ. Maiduguri) — ქალაქი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
მაიდუგური ინგლ. Maiduguri | |
ქვეყანა | ნიგერია |
შტატი | ბორნოს შტატი |
კოორდინატები | 11°50′00″ ჩ. გ. 13°09′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1907 |
ცენტრის სიმაღლე | 320 მ |
მოსახლეობა | 1 197 497 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ქალაქი დაარსდა 1907 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტი ნიგერიის ჩრდილოეთში. შემდგომში იგი გახდა ბორნოს სულთნის რეზიდენცია, ძველი დედაქალაქების — კუკავას და დიკვას მაგივრად. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაწყებული ქალაქი არაერთხელ იყო ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სისხლიანი ძალადობის აქტების მოწმე. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მასობრივი შეჯახებები აღინიშნა 1982 და 2001 წლებში[1][2].
2006 წლის თებერვალში ქალაქში ადგილი ჰქონდა მუსულმანური მოსახლეობის მასობრივ მღელვარებებს, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთ დანიურ გაზეთში წინასწარმეტყველ მაჰმადის კარიკატურების გამოქვეყნებამ. მღელვარება გადაიზარდა ქრისტიანული საცხოვრებელი კვარტლების განადგურებაში. მოკლული იქნა 15 ადამიანი, დაიწვა 12 ეკლესია[3][4]. 2013 წლის 14 მაისს ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ისლამური დაჯგუფების — ბოკო ჰარამის მოღვაწეობის გამო მაიდუგურის რაიონში და ქვეყნის ჩრდილოეთის მთელ რიგ სხვა რაიონებში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა[5]. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შედარებით წყნარი სიტუაცია იდგა, მაგრამ 2014 წლის 4 ივნისს ქალაქის შემოგარენში, მაიდუნგის უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებულ სოფელ ბარდერში ბოკო ჰარამის ბოევიკები თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოკლეს დაახლოებით 45 ადამიანი.
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარე ნგადის ნაპირზე, დაახლოებით 100 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ჩადის ტბიდან. ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, ქალაქის მუზეუმი. 1964 წლიდან მაიდუგურთან გაყვანილია ტრანსნიგერიული სარკინიგზო ხაზი, რომელიც ქალაქს აკავშირებს გვინეის ყურის (პორტ-ჰარკორტამდე) სანაპიროსთან[6]. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.
მაიდუგურის კლიმატი ხასიათდება, როგორც ცხელი ნახევრადარიდული. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (47 °C) აღინიშნა 1983 წლის 28 მაისს, ხოლო რეკორდულად დაბალი (5 °C) — 1979 წლის 26 დეკემბერს.
2009 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 197 497 ადამიანს. მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ჰაუსას ხალხს, მაიდუგურში ასევე ცხოვრობენ კანურის ტომის ხალხი და ბაგარები. უნივერსიტეტში ასწავლიან ინგლისურ ენაზე. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული რელიგიაა ისლამი, ასევე ცხოვრობს ქრისტიანული უმცირესობა. ქალაქი მაიდუგური ჩრდილოეთ ნიგერიის ტრადიციული სავაჭრო ცენტრია. მაიდუგურში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ ნიგერიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.