From Wikipedia, the free encyclopedia
კარლოს მარტელი (დ. 688 — გ. 22 ოქტომბერი, 741) — ფრანკთა სამეფოს მაიორდომი 717–741 წლებში. ისტორიაში შევიდა როგორც ევროპის მხსნელი არაბებისაგან პუატიეს ბრძოლაში. კარლოსი იყო პიპინ ჰერისტალიელის შვილი უკანონო ცოლის ალპაიდასაგან. იმპერატორი კარლოს დიდი იყო მისი შვილიშვილი.
კარლოს მარტელი | |
---|---|
ლათ. Carolus Martellus, ფრანგ. Charles Martel | |
კარლოს მარტელის ქანდაკება ვერსალის სასახლეში | |
ფრანკთა სამეფოს მაიორდომი | |
მმართ. დასაწყისი: | 717 |
მმართ. დასასრული: | 22 ოქტომბერი, 741 |
წინამორბედი: | თეოდოალდი |
მემკვიდრე: | კარლომანი და პიპინ მოკლე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 686 ან 688 |
გარდ. თარიღი: | 22 ოქტომბერი, 741 |
მეუღლე: |
როტრუდა დე ტრევე, სვანაჰილდა |
შვილები: | კარლომანი, პიპინ მოკლე, გრიფონი, იერონიმი, ბერნარი, რემი, ხილტრუდა, ლანდრადა, ალდრა. |
დინასტია: | კაროლინგები |
მამა: | პიპინ ჰერისტალიელი |
დედა: | ალპაიდა |
კარლოსი იყო ავსტრაზიის სასახლის მაიორდომის, პიპინ ჰერისტალიელის უკანონო შვილი. ამ პერიოდისთვის მეროვინგები ფრანკთა სამეფოს მხოლოდ სიმბოლურად მართავდნენ. მმართველობის ტვირთი ეკისრებოდათ მაიორდომებს, რომლებიც განაგებდნენ ავსტრაზიასა (ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი) და ნოისტრიას (დასავლეთი ნაწილი). პიპინმა 687 წელს დაიპყრო ნოისტრია და მოახდინა მისი ანექსია. ის მეფის სახელით მოქმედებდა, რათა გაეერთიანებინა ფრანკთა სამეფო. 714 წელს პიპინის ერთადერთი კანონიერი ვაჟის მკვლელობას რამდენიმე თვის შემდეგ თავად პიპინის სიკვდილი მოჰყვა. პიპინმა მემკვიდრედ დატოვა სამი შვილიშვილი და სანამ ისინი ასაკს არ მიაღწევდნენ, პლექტრუდს, პიპინის ქვრივს, უნდა ემართა სახელმწიფო. როგორც უკანონო შვილი, კარლოს მარტელი მთლიანად უგულებელყოფილი იყო ანდერძში. მაგრამ ის იყო ახალგაზრდა, ძლიერი და შეუპოვარი და ფრანკთა სამეფოში მაშინვე დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პიპინის ანდერძის შესახებ, კარლოსსაც და პლექტრუდასაც აჯანყებით შეხვდნენ ფრანკთა სამეფოში. მეფე ხილპერიკ II ნოისტრიის მაიორდომის, რაგენფრიდის გავლენის ქვეშ იყო. რეგენფრიდმა კარლოსის დასამარცხებლად ფრიზების ძალები შემოიერთა. პლექტრუდმა კარლოსი დააპატიმრა და შვილიშვილების სახელით სცადა მმართველობა, მაგრამ კარლოსი გაიქცა, შეკრიბა ჯარი და ნოისტრიელები დაამარცხა ამბლევთან (ლიეჟის მახლობლად, 716) და ვინსისთან (კამბრეს მახლობლად, 717) ბრძოლებში. მისმა წარმატებამ პლექტრუდისა და ავსტრაზიელების წინააღმდეგობა უაზრო გახადა და ისინი დანებდნენ. 719 წელს კარლოსმა რაგენფრიდი დაამარცხა სუასონთან ბრძოლაში და აიძულა ანჟეში დაეხია უკან. ამ მომენტიდან, კარლოსი ერთპიროვნულად მართავდა ფრანკებს მაიორდომის თანამდებობიდან.
ავსტრაზიაში ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, კარლოსი თავს დაესხა ნოისტრიას და დაიმორჩილა იგი 724 წელს. შემდეგ თავს დაესხა აკვიტანიას, რომლის მმართველი ედი (ოდო) რაგენფრიდის მოკავშირე იყო. თუმცა კარლოსმა მხოლოდ მისი მეფობის ბოლოს მოახერხა სამხრეთ საფრანგეთზე ეფექტური კონტროლის დამყარება. შემდგომში კიდევ მოუწია ხანგრძლივი ლაშქრობების ჩატარება (ზოგიერთი კამპანია 730-იანი წლების ბოლოსაც კი მოაწყო) ფრიზების, საქსონებისა და ბავარიელების წინააღმდეგ, რომელთა თარეში საფრთხეს უქმნიდა სამეფოს აღმოსავლეთ საზღვრებს. ამ ექსპედიციების შემდეგაც, განსაკუთრებით საქსები განაგრძობდნენ კარლოსის ტერიტორიის რბევას.
კარლოსმა 720-იანი წლების დიდი ნაწილი ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის კამპანიებში გაატარა. მომდევნო ათწლეულის დიდი ნაწილი მის სამხრეთ საზღვარზე მუდმივ საფრთხესთან ბრძოლას დაუთმო. 711 წელს აფრიკიდან ესპანეთში გადასვლის შემდეგ, მუსლიმებმა ბევრჯერ დაარბიეს ფრანკების ტერიტორია, დაემუქრნენ გალიას, მიაღწიეს ბურგუნდიამდეც კი (725) და გაძარცვეს ოტიონი. 732 წელს აბდ ალ-რაჰმან ალ-ღაფიკი, კორდობის გამგებელი, ბორდოში შეიჭრა და დაამარცხა ედი. შემდეგ მუსლიმები აკვიტანიის გავლით ჩრდილოეთით, ქალაქ პუატიესკენ გაემართნენ. ედმა დახმარებისთვის კარლოსს მიმართა. მან მუსლიმთა მრავალრიცხოვანი არმიის დამარცხება შეძლო პუატიეს ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ პუატიე ზოგჯერ წარმოდგენილია როგორც ევროპაში მუსლიმთა ექსპანსიის შეჩერების გადამწყვეტი მომენტი, სინამდვილეში, ეს იყო ერთ-ერთი ბრძოლა ფრანკებსა და ისლამური ესპანეთის ჯარებს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში. გამარჯვებამ განაპირობა კარლოსის რეპუტაციისა და ავტორიტეტის გაზრდა, განსაკუთრებით აკვიტანიაში, სადაც მან ედს ერთგულების ფიცის დადება აიძულა.
733 წელს კარლოსმა გაანახლა თავისი ლაშქრობები ბურგუნდიაში, რათა დაემორჩილებინა თავისი ხელისუფლებისათვის. 735 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედი მოკვდა. კარლოსმა სწრაფად გადალახა მდინარე ლუარა, რათა ბორდოში თავისი ძალაუფლება განემტკიცებინა. 739 წლისთვის მან მთლიანად დაიმორჩილა ბურგუნდიის წვრილმანი ბელადები და ათწლეულის განმავლობაში განაგრძობდა გალიაში მუსლიმთა ძალების მოგერიებას.
კარლოსის ჯანმრთელობა გაუარესდა 730-იანი წლების ბოლოს. 741 წელს გადავიდა თავის სასახლეში, კუიერზი-სიურ-უაზში, სადაც მალევე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან მეროვინგების სამეფოს მაიორდომობა გაუყო თავის ორ კანონიერ ვაჟს, პიპინსა და კარლომანს. შემდგომში პიპინმა ბოლო მეროვინგი მეფე ხილდერიკ III ტახტიდან გადააყენა და თავად გამეფდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.