კათოლიციზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კათოლიციზმი (ბერძ. καθολικός), ოფიციალური სახელია რომის კათოლიკე ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica Romana), ან უბრალოდ კათოლიკე ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica) ― ქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც, 2019 წლის მონაცემებით 1,345 მილიარდი მონათლული კათოლიკე მიმდევარი ჰყავს[1][2]. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა[3], კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში[4]. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური[5]. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კათოლიციზმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კათოლიციზმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
კათოლიკე ეკლესია | |
---|---|
Ecclesia Catholica | |
წმინდა პეტრეს ბაზილიკა, მსოფლიოს უდიდესი კათოლიკური ეკლესია | |
შემოკლებით | კათოლიციზმი |
წმინდა წერილი | ბიბლია |
თეოლოგია | კათოლიკური თეოლოგია |
პოლიტიკა | სამოციქულო |
მმართველობა | წმინდა საყდარი |
სტრუქტურა |
არქისაეპისკოპოსო: 640 საეპისკოპოსო: 2851 სამრევლო: 221 700 |
მეთაურის წოდება | რომის პაპი |
მეთაურის სახელი | ფრანცისკე |
არეალი | მსოფლიო |
ენა | ლათინური (ოფიციალური) და ადგილობრივი ენები |
ლიტურგია | დასავლური და აღმოსავლური |
დედაქალაქი |
რომი, იტალია (დე იურე) ვატიკანი (დე ფაქტო) |
დამფუძნებელი |
იესო ქრისტე (რელიგიის) პეტრე მოციქული (საკუთრივ რომის ეკლესიის) |
დაფუძნების თარიღი | წმინდა მიწა |
დაფუძნების ადგილი | I საუკუნე |
ეკლესიები | ლათინური ეკლესია და 23 აღმოსავლეთის ეკლესია |
საავადმყოფოები | 5500 |
სკოლები | 139 000 |
ვებ-საიტი | www.vatican.va |
მრევლი: 1,345 მილიარდი (2019) ეპისკოპოსები: 5364 მღვდლები: 414 336 დიაკვნები: 48 238 |
ქრისტიანობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
მსოფლიო საკლესიო კრებები |
დიდი სქიზმა |
კიდევ... |
მიმდინარეობები |
მართლმადიდებლობა |
კათოლიციზმი |
მონოფიზიტობა |
პროტესტანტიზმი |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |
კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს ნიკეის საეკლესიო კრების მრწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად იესო ქრისტემ დააარსა[6][7]. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო რომის პაპი თავად წმინდა პეტრეს მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა[8]. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში[9]. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს[10][11].
შვიდი საიდუმლოდან კათოლიციზმში მთავარ ადგილს ევქარისტია, ანუ ზიარება იკავებს, რომელიც ლიტურგიულად აღევლინება წირვისას[12]. ამ დროს შეწირული პური და ღვინო წარმოადგენს ქრისტეს ხორცისა და სისხლის განსახიერებას. კათოლიციზმში ასევე დიდი ადგილი უკავია წმინდა მარიამს, რომელიც აღიქმება მარადიულ ქალწულად, ღვთისმშობლად, ზეცის დედოფლად და ეკლესიის დედად[13]. კათოლიკური სოციალური სწავლება ასევე ხაზს უსვამს ავადმყოფთა, ღარიბთა და ტანჯულთა მხარდაჭერას მოწყალების ფიზიკური და სულიერი საშუალებების მეშვეობით. კათოლიკური ეკლესია ათასობით სკოლასა და საავადმყოფოს ფლობს მთელი მსოფლიოს გარშემო, რის გამოც იგი არის განათლებისა და ჯანდაცვის უმსხვილესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში[14]. მის დაქვემდებარებაშია ასევე არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია.
კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკე მისიონერები დღემდე მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ ადამიანთა მოქცევისა და დიასპორის გაზრდის მიზნით. XX საუკუნეში ევროპაში განხორციელებული სეკულარიზმის პოლიტიკისა და კომუნისტური რეჟიმის მიერ ქრისტიანობის დევნის გამო, დღეისათვის კათოლიკეთა უმეტესობა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა. XX საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ დოგმატური სწავლებების, ქალების მღვდლებად ხელდასმის წინააღმდეგ არსებული დოქტრინისა და სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.