იპოჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
იპოჰი ― მალაიზიის შტატ პერაკის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კინტას ირგვლივ, კუალა-ლუმპურიდან 200 კმ-ით ჩრდილოეთით და ჯორჯთაუნიდან 150 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. 2020 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მოსახლეობა 759 952 ადამიანს შეადგენს და მერვე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
იპოჰი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
კოორდინატები | 4°36′00″ ჩ. გ. 101°04′12″ ა. გ. | ||||
ფართობი | 150 კმ² | ||||
მოსახლეობა | 866 772 (2016) | ||||
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | ||||
სატელეფონო კოდი | 05 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30xxx, 31xxx | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.mbi.gov.my/ | ||||
| |||||
თავდაპირველად იპოჰის ადგილას სოფელი მდებარეობდა. 1880-იან წლებში მის ირგვლივ კალის დიდი დეპოზიტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სოფელი სწრაფად გაიზარდა.[1] 1895 წლისთვის იპოჰი მეორე უდიდესი ქალაქი იყო ფედერაციული მალაიური შტატების მასშტაბით, რომელიც პერაკის გარდა სელანგორს, ნეგერი-სემბილანსა და პაჰანგსაც მოიცავდა.[2] იპოჰს ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა. კალის დეპოზიტების ამოწურვამ და 1970-იან წლებში კალის ფასების კოლაფსმა იპოჰის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.[3][4][5][6]
უკანასკნელ წლებში ქალაქში ბრიტანული კოლონიური ხანის არქიტექტურის შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევით იპოჰის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.[5][6] ქალაქი ცნობილია სამზარეულოთი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა კირქვის ბორცვები და მღვიმეები, რომელთა შიგნითაც ბუდისტური ტაძრებია გამოკვეთილი.[7] იპოჰს მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქის რეპუტაციაც აქვს.[8]
იპოჰი კუალა-ლუმპურსა და ჯორჯთაუნს შორის მდებარეობს, რაც დასავლეთ მალაიზიაში მის მთავარ სახმელეთო სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე გადის მალაიური რკინიგზის დასავლეთ სანაპიროს ხაზიც და ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც. იპოჰს ემსახურება სულთან აზლან შაჰის აეროპორტიც.