From Wikipedia, the free encyclopedia
კუალა-ლუმპური (მალ. Wilayah Persekutuan Kuala Lumpur) — მალაიზიის ფედერალური ტერიტორია, დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი.[5] მისი ფართობი 243 კმ²,[6] ხოლო მოსახლეობა 1.79 მილიონია.[3]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კუალა-ლუმპური كوالا لومڤور 吉隆坡 கோலாலம்பூர் | |||||
მარცხნიდან მარჯვნივ: პეტრონასის კოშკები, პეტალინგის ქუჩა, ჯამეკის მეჩეთი და მდინარეების: გომბაკ/კლანგის შესართავი, ეროვნული მონუმენტი, ეროვნული მეჩეთი, კუალა-ლუმპურის ხედი. ცენტრში: კუალა-ლუმპურის კოშკი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
კოორდინატები | 3°08′00″ ჩ. გ. 101°42′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მჰდ ამინ ნორდინ აბდულ აზიზი | ||||
დაარსდა | 1859[1] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1972 | ||||
ფართობი | 243,65 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 66[2] მ | ||||
მოსახლეობა | 1,790,000[3] კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 7,366 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 7,200,000[4] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 03 | ||||
საფოსტო ინდექსი | 50000 - 60000 | ||||
ოფიციალური საიტი | dbkl.gov.my | ||||
ქალაქის მეტროპოლიტური რეგიონია კუალა-ლუმპურის საქალაქო აგლომერაცია, რომელიც ასევე კლანგის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი და მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების მიხედვით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი რეგიონია. აგლომერაციის მცხოვრებთა რიცხვი 7.564 მილიონია.[7]
კუალა-ლუმპური ქვეყნის კულტურული, ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში მალაიზიის პარლამენტი და მეფის რეზიდენცია მდებარეობს. დედაქალაქში ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოებიც იყო განლაგებული, რომლებიც 1999 წელს ქალაქ პუტრაჯაიაში გადაიტანეს.[8] მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სამთავრობო ორგანო დღემდე რჩება კუალა-ლუმპურში.
დედაქალაქი კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც ერთ-ერთია მალაიზიის სამ ფედერალურ ტერიტორიას შორის.[9] კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორია ანკლავია სელანგორის შტატში, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.[10] 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქი მრავალ საერთაშორისო სპორტულ, პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორისაა 1988 წლის თანამეგობრობის თამაშები და 2017 წლის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშები. კუალა-ლუმპურშია მსოფლიოს უმაღლესი ტყუპი ცათამბჯენები — პეტრონასის კოშკები, რომელიც მალაიზიის განვითარების საკულტო სიმბოლოდ იქცა.
კუალა-ლუმპური ალფა რანგის გლობალური ქალაქია. 2010 წელს ის გაზეთ Foreign Policy-ის გლობალური ქალაქების სიაში 48-ე ადგილზე მოხვდა.[11] 2019 წელს კუალა-ლუმპურმა მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად ქალაქებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.[12] იუნესკომ ქალაქი 2020 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.[13][14]
სელანგორის სასულთნო 1857–1974 მალაის ფედერალური შტატები 1896–1942; 1945–1946 |
1886 წელს კუალა-ლუმპურსა და კლანგს შორის სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს, რამაც ქალაქის მოსახლეობის ზრდას შეუწყო ხელი. 1884-დან 1890 წლამდე კუალა-ლუმპურის მცხოვრებთა რიცხვი 4,500-დან 20,000-მდე გაიზარდა.[15]
1896 წელს კუალა-ლუმპური ახლად წარმოქმნილი მალაის ფედერალური შტატების დედაქალაქი გახდა.[16]
ქალაქის სივრცემ დღევანდელი სახე ძირითადად XX საუკუნეში მიიღო. 1895 წელს მისი ფართობი მხოლოდ 0.85 კმ იყო, 1903 წლისთვის კი 20 კმ-მდე გაიზარდა. 1948 წელს, როცა კუალა-ლუმპური მუნიციპალიტეტი გახდა, მისი ტერიტორიის ფართობი 93 კმ²-ს, ხოლო 1974 წლისთვის, როგორც უკვე ფედერალური ტერიტორიის, 243 კმ²-ს შეადგენდა.
XX საუკუნის დასაწყისში კუალა-ლუმპურში მანქანის საბურავზე გაზრდილმა მოთხოვნამ რეზინის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი, რის შემდეგაც ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა. 1900 წელს კუალა-ლუმპურის მცხოვრებთა რიცხვი 30,000, ხოლო 1920 წელს 80,000 იყო. რეზინის ინდუსტრიის განვითარებამ ქალაქში უცხოური კაპიტალის შემოდინებას შეუწყო ხელი, სადაც უამრავი კომპანია და საწარმო დაარსდა და გაიხსნა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კუალა-ლუმპური იაპონიის იმპერიულმა არმიამ 1942 წლის 11 იანვარს დაიპყრო. საბრძოლო პროცესისას მიღებული მცირე ზარალის მიუხედავად, ოკუპაციამ ქალაქს მძიმე კვალი დაატყო. იაპონელმა სამხედროებმა რამდენიმე კვირაში კუალა-ლუმპურის 5,000 ჩინელი მცხოვრები მოკლეს, ხოლო ათასობით ინდოელი იძულებით გაგზავნეს ბირმის რკინიგზაზე სამუშაოდ, სადაც მათი უმრავლესობა დაიღუპა.[17] კუალა-ლუმპურში იაპონური ოკუპაცია 1945 წლის 15 აგვისტოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგად იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა.[18]
1952 წლის 16 თებერვალს კუალა-ლუმპურში პირველი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ერთიანი მალაიზიის ეროვნული მოძრაობისა და მალაიზიის ჩინელთა პარტიის ალიანსმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც მათ ერთიანი პარტია დააფუძნეს.[19] 1957 წლის 31 აგვისტოს მალაის ფედერაციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბრიტანელთა მმართველობისგან გათავისუფლდა.[20] დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების ცერემონიალი 31 აგვისტოს დილას კუალა-ლუმპურში, მერდეკას სტადიონზე ჩატარდა. დეკლარაციას ხელი მალაის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, აბდულ რაჰმანმა მოაწერა. 1963 წლის 16 სექტემბერს მალაიზიის ფედერაცია დაარსდა. ამავე წელს კუალა-ლუმპურში, პერდანის ტბის ბაღებთან მალაიზიის პარლამენტის მშენებლობა დასრულდა.[21]
1969 წლის 13 მაისს კუალა-ლუმპურში რასობრივი აჯანყებები დაიწყო, რომლებიც 13 მაისის ინციდენტის სახელწოდებითაა ცნობილი და ქალაქის მალაიელ და ჩინელ მცხოვრებლებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებას უკავშირდება. კონფლიქტის მიზეზი მალაიელთა თავიანთი სოციო-პოლიტიკური სტატუსით უკმაყოფილება იყო. დაპირისპირების შედეგად 169 ადამიანი დაიღუპა.[22] 13 მაისის ინციდენტის შემდეგ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, პრიორიტეტული მალაიელთა ეკონომიკური წინსვლა გახდა.
კუალა-ლუმპურს ქალაქის სტატუსი 1972 წლის 1 თებერვალს მიენიჭა.[23] 1974 წლის 1 თებერვალს ქალაქი ფედერალური ტერიტორია გახდა,[24] ხოლო 1978 წელს სელანგორის შტატის დედაქალაქის სტატუსი შეუჩერდა, რადგანაც შტატის ახალ დედაქალაქად შაჰ-ალამი გამოცხადდა.[25] 1990 წლის 14 მაისს კუალა-ლუმპურმა ადგილობრივი საბჭოს 100 წლის იუბილე იზეიმა. ღონისძიებაზე ქალაქის ფედერალური ტერიტორიის ახალი დროშა და ჰიმნი წარადგინეს. 2001 წლის 1 თებერვალს პუტრაჯაია ფედერალურ ტერიტორიად და სამთავრობო ქალაქად გამოცხადდა,[26] რის შემდეგაც მთავრობის აღმასრულებელი და სასამართლო სტრუქტურები კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში გადაიტანეს. დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანო და მეფის რეზიდენცია დარჩა.[27][28]
1990 წლიდან კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტურ რეგიონში აქტიური ურბანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქალაქის მეტროპოლია საგრძნობლად გაიზარდა.[29][30] კუალა-ლუმპურის აგლომერაცია ფედერალური ტერიტორიიდან დასავლეთით კლანგის პორტამდე, ხოლო ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით ტიტივანგსას მთებამდე ვრცელდება.
კუალა-ლუმპური მალაიზიის დასავლეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების, კლანგისა და გომბაკის შესართავთან მდებარეობს.[31] ქალაქს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთან და სამხრეთიდან ტიტივანგსას მთათა სისტემა, ხოლო დასავლეთიდან მალაკის სრუტე ესაზღვრება. კუალა-ლუმპურის მუნიციპალიტეტის ფართობია 243 კმ².[32] ქალაქის საშუალო სიმაღლე 81.95 მ-ია.[33]
კუალა-ლუმპური ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. აღმოსავლეთიდან ტიტივანგსას მთათა სისტემა, ხოლო დასავლეთიდან – კუნძული სუმატრა, ქალაქს ძლიერი ქარებისგან იცავს. კუალა-ლუმპურისთვის თბილი და მზიანი ამინდია დამახასიათებელი, ასევე უხვი ნალექი, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან მარტის თვემდე გრძელდება. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 32-დან 35 °C-მდეა, ხოლო საშუალო მინიმალური – 23.4-დან 24.6 °C-მდე.[34] ატმოსფერული ნალექების მინიმალური წლიური რაოდენობა 2,600 მილიმეტრია.
კუალა-ლუმპურს ქალაქის სტატუსი 1972 წელს მიენიჭა, რის შემდეგაც მისი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია ლორდ-მერი, რომელსაც ყოველ სამ წელიწადში ერთხელი ფედერალური ტერიტორიების სამინისტო ირჩევს.
ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა კუალა-ლუმპურის მერია, რომელიც მალაიზიის ფედერალური ტერიტორიების სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება.[35] მერია პასუხისმგებელია ჯანდაცვაზე, ნარჩენების მართვაზე, გარემოს დაცვაზე, ქალაქის დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
კუალა-ლუმპურში მალაიზიის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი მდებარეობს, რომელიც სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება.
კუალა ლუმპური ინდუსტრიული და ეკონომიკური თვალსაზრისით მალაიზიის ყველაზე სწრაფად ზრდადი რეგიონია.[36] ქალაქში მალაიზიის ეროვნული ბანკი, კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიები მდებარეობს. ასევე დედაქალაქშია განლაგებული საელჩოთა უმრავლესობა.[37] კუალა-ლუმპურის ეკონომიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორებიცაა კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი და კლანგის პორტი.
კუალა-ლუმპური ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. მალაიზიის ეკონომიკური საქმიანობების ბირთვი სწორედ დედაქალაქში ხორციელდება. 2013 წლის 5 ივლისის მონაცემებით, ქალაქის საბაზრო კაპიტალიზაცია 505.67 მილიარდს შეადგენდა.[38] 2015 წელს კუალა-ლუმპურის მშპ 160,388 იყო, რაც ქვეყნის მშპ-ს 15.1%-ს შეადგენდა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 94,722 იყო.[39]
ქალაქში ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი სერვისის სექტორი. კუალა-ლუმპურში მრავალი ადგილობრივი თუ უცხოური ბანკები და სადაზღვევო კომპანიები მოქმედებს. ქალაქში მდებარეობს არერთი საერთაშორისო კომპანიის რეგიონალური ოფისი. ასევე მალაიზიის უმსხვილესი კომპანიების შტაბ-ბინების უმრავლესობა სწორედ დედაქალაქშია განლაგებული. 2007 წელს Forbes 2000-ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში კუალა-ლუმპურში დაფუძნებული 14 კომპანია მოხვდა.[40]
კუალა ლუმპურის ეკონომიკის 17%-ს წარმოება და მშენებლობა, ხოლო 83%-ს სერვისის სექტორი მოიცავს, რომელიც ფინანსური, სადაზღვევო, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, სატრანსპორტო, კომუნალური და სამთავრობო მომსახურებითაა წარმოდგენილი.[41]
სერვისის სექტორზე ორიენტირებული ქალაქის ეკონომიკისთვის ტურიზმი ერთ-ერთი წამმართველი ძალაა. ქალაქში მრავალი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელია წარმოდგენილი. ერთ-ერთი უძველესი სასტუმროა Hotel Majestic. დედაქალაქი ასევე ბიუჯეტური სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა.
კუალა-ლუმპური მსოფლიოში მე-6 ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქია.[42] ეს უკანასკნელი ყოველწლიურად 8.9 მილიონ ტურისტს მასპინძლობს,[43] რომლებსაც ქალაქის კულტურული მრავალფეროვნება, დაბალი ფასები, ფართო გასტრონომიული არჩევანი და სავაჭრო ცენტრების სიმრავლე იზიდავთ. კუალა-ლუმპურში მსოფლიოს ათი უდიდესი სავაჭრო ცენტრიდან სამი მდებარეობს.[44]
მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებია პეტრონასის კოშკები, კუალა-ლუმპურის კოშკი, მერდეკას მოედანი, პარლამენტის შენობა, ეროვნული მუზეუმი, ისლამური ხელოვნების მუზეუმი, ჯამეკის მეჩეთი და თეან ჰუს ტაძარი.
მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით კუალა-ლუმპური მალაიზიის უდიდესი ქალაქია. მისი მცხოვრებთა რიცხვი 1.76 მილიონი, ხოლო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 7,366 ადამიანია.[3] 2017 წლის მონაცემებით, კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტური რეგიონის მოსახლეობა 7.25 მილიონია.[45] ქალაქის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები არიან მალაიები, ჩინელები და ინდოელები.
კუალა-ლუმპური რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქალაქში მრავალი განსხვავებული აღმსარებლობის სამლოცველო მდებარეობს.
ისლამს ძირითადად მალაიები, ინდოელი და ჩინელი მუსლიმები აღიარებენ. ბუდიზმის, კონფუციანიზმისა და დაოსიზმის მიმდევრები ძირითადად ჩინელები აირან. ინდოელთა უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. აგრეთვე ჩინელთა და ინდოელთა ნაწილი ქრისტიანული აღმსარებლობისაა.[46]
2010 წლის კვლევის მიხედვით, კუალა-ლუმპურის მოსახლეობის 46.4% მუსლიმია, 35.7% – ბუდისტი, 8.5% – ინდუისტი, 5.8% – ქრისტიანი, 1.1% – დაოსისტი, ხოლო 0.5% არარელიგიურია. ამავე კვლევის მიხედვით, ჩინელი მოსახლეობის 87.4% ბუდისტია, 7.9% – ქრისტიანი, 2.7% – ჩინური ხალხური რელიგიის, ხოლო 0.6% ისლამის მიმდევარია. ინდოელი მოსახლეობის 81.1% ინდუისტია, 7.8% – ქრისტიანი, 4.9% – მუსლიმი, 2.1% – ბუდისტი.[47]
კუალა-ლუმპურის იერსახე მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ნაზავია. ქალაქის არქიტექტურაზე გავლენა მოახდინა კოლონიალიზმმა, აზიურმა ტრადიციებმა და მალაიურმა ისლამმა.[48] ადრეული პერიოდის მნიშვნელოვანი არქიტექტორია არტურ ბენისონ ჰუბეკი, რომელმაც კოლონიური პერიოდის მრავალი ნაგებობა, მათ შორის კუალა-ლუმპურის რკინიგზის სადგური და ჯამეკის მეჩეთი დააპროექტა.
დედაქალაქში მალაიზიის უმაღლესი ცათამბჯენი, 452 მეტრის სიმაღლის პეტრონასის კოშკები მდებარეობს, რომლებიც ამასთანავე მსოფლიოში უმაღლესი ტყუპი ნაგებობებია.[49] 2010 წლის მსოფლიოს 50 უმაღლესი ურბანული აგლომერაციის პროექტის კვლევის მიხედვით, კუალა-ლუმპური მაღალსართულიანი შენობების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე მოხვდა. ქალაქში ნაგებობათა უმრავლესობა 100 მეტრზე მაღალია, რომელთა შორის 224 უმაღლესი მაღალსართულიანი შენობის საერთო სიმაღლე 34,035 მეტრია.[50]
კუალა-ლუმპური პარკების, ბაღებისა და ღია რეკრეაციული სივრცეების სიმრავლით გამოირჩევა. ქალაქის უძველესი რეკრეაციული პარკი 92 ჰექტარზე გადაჭიმული პერდანის ტბის ბაღებია, რომელიც 1888 წელს დაარსდა. ბაღების შემადგენლობაში შედის პეპლების პარკი, ორქიდეების ბაღი, ირმების პარკი, ჰიბისკუსის ბაღი და კუალა-ლუმპურის ფრინველთა პარკი, რომელიც უდიდესია მსოფლიოში.[51] რეკრეაციული ზონის მახლობლად მალაიზიის პარლამენტი და მეფის რეზიდენცია მდებარეობს.
ქალაქის სხვა პარკებს შორის აღსანიშნავია ASEAN-ის სკულპტურების ბაღი, კუალა-ლუმპურის ცენტრალური პარკი, ტიტივანგსას ტბის ბაღები, საცხენოსნო პარკი, დედოფლის ტბის ბაღები და დასავლეთი ხეობის პარკი.
2000 წლის მონაცემების მიხედვით, კუალა-ლუმპურში წიგნიერების დონე 97.5% იყო, რითაც ქალაქი ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებდა.[52] კუალა-ლუმპურში 13 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 79 საშუალო და 155 დაწყებითი სკოლა და 136 საბავშვო ბაღია.[53]
ქალაქში მალაის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელიც 1949 წელს დაარსდა და მალაიზიის უძველესი უნივერსიტეტია.[54] 2019 წლის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში მალაის უნივერსიტეტი აზიაში 22-ე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მე-3, ხოლო მალაიზიაში საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა.[55]
კუალა-ლუმპურში ყველაზე პოპულარული სპორტია ფეხბურთი. ქალაქის მთავარი სპორტული მოედანი მერდეკას სტადიონია. კუალა-ლუმპურს ფეხბურთის ასოციაცია ჰყავს, რომელიც 1945 წელსაა დაარსებული და მალაიზიის სუპერ ლიგის წევრია.
1965, 1977 და 1985 წლებში კუალა-ლუმპურში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აზიის ჩემპიონატები ჩატარდა. 2016 წელს ქალაქის საკალათბურთო ნაკრები Westports Malaysia Dragons სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა.[56]
1988 წელს კუალა-ლუმპურმა მე-16 თანამეგობრობის თამაშებს უმასპინძლა. 2015 წელს ქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესია ჩატარდა, რომელზედაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად პეკინი დასახელდა.[57]
კუალა-ლუმპური დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.