From Wikipedia, the free encyclopedia
იპოჰი ― მალაიზიის შტატ პერაკის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე კინტას ირგვლივ, კუალა-ლუმპურიდან 200 კმ-ით ჩრდილოეთით და ჯორჯთაუნიდან 150 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. 2020 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მოსახლეობა 759 952 ადამიანს შეადგენს და მერვე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
იპოჰი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
კოორდინატები | 4°36′00″ ჩ. გ. 101°04′12″ ა. გ. | ||||
ფართობი | 150 კმ² | ||||
მოსახლეობა | 866 772 (2016) | ||||
სასაათო სარტყელი | Time in Malaysia | ||||
სატელეფონო კოდი | 05 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30xxx, 31xxx | ||||
ოფიციალური საიტი | https://mbi.gov.my | ||||
| |||||
თავდაპირველად იპოჰის ადგილას სოფელი მდებარეობდა. 1880-იან წლებში მის ირგვლივ კალის დიდი დეპოზიტები აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სოფელი სწრაფად გაიზარდა.[1] 1895 წლისთვის იპოჰი მეორე უდიდესი ქალაქი იყო ფედერაციული მალაიური შტატების მასშტაბით, რომელიც პერაკის გარდა სელანგორს, ნეგერი-სემბილანსა და პაჰანგსაც მოიცავდა.[2] იპოჰს ქალაქის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა. კალის დეპოზიტების ამოწურვამ და 1970-იან წლებში კალის ფასების კოლაფსმა იპოჰის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.[3][4][5][6]
უკანასკნელ წლებში ქალაქში ბრიტანული კოლონიური ხანის არქიტექტურის შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევით იპოჰის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.[5][6] ქალაქი ცნობილია სამზარეულოთი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა კირქვის ბორცვები და მღვიმეები, რომელთა შიგნითაც ბუდისტური ტაძრებია გამოკვეთილი.[7] იპოჰს მალაიზიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქის რეპუტაციაც აქვს.[8]
იპოჰი კუალა-ლუმპურსა და ჯორჯთაუნს შორის მდებარეობს, რაც დასავლეთ მალაიზიაში მის მთავარ სახმელეთო სატრანსპორტო კერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქალაქის ტერიტორიაზე გადის მალაიური რკინიგზის დასავლეთ სანაპიროს ხაზიც და ჩრდილოეთ-სამხრეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც. იპოჰს ემსახურება სულთან აზლან შაჰის აეროპორტიც.
ქალაქის სახელი მომდინარეობს ადგილობრივი ხის, pohon epu-ს სახელწოდებიდან, რომელსაც ამჟამად პოკოკ-იპოჰს უწოდებენ. ამ ხის წვენი მომწამლავია და ორანგ-ასლის ტომის წარმომადგენლები სანადიროდ იყენებდნენ.[9]
იპოჰი პერაკის შტატის დედაქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულის მალაიზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი კარსტული კინტის ხეობის რეგიონის შუა ნაწილში, მდინარე კინტის სანაპიროსა და უფრო მცირე მდინარეების: სუნგაი-პინჯისა და სუნგაი-პარის შესართავთან მდებარეობს. ქალაქის ირგვლივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებში კირქვის ბორცვები მდებარეობს, რომლებსაც მოგოტები ეწოდება.[10]
ჩრდილოეთიდან დასავლეთით კელედანგის ქედია გადაჭიმული, რომელიც ბინტანგის მთების პარალალელურია. ქედის მარცხენა მხარეს მდინარე პერაკი მიედინება, ხოლო მარვჯენა მხარეს ― მდინარე კინტა. იპოჰის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე პელუსი მიედინება, რომელიც პერაკის შენაკადია და ტიტივანგსის მთებში იღებს სათავეს.[11]
იპოჰი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქზე უფრო მეტად ტროპიკებშორისი კონვერგენციის ზონა ახდენს გავლენას, ვიდრე პასატები და ციკლონებიც იშვიათია. ქალაქის ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე მცირედით იცვლება. საშუალო ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F). ქალაქისთვის მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელია დამახასიათებელი. ნალექიანობის საშუალო თვიური მაჩვენებელი 200 მმ-ია, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი ― 2 427.9 მმ. ყველაზე ნალექიანი თვე ოქტომბერია (297.2 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი თვე ― იანვარი (132.3 მმ).
ქალაქის ყველაზე ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოგოტებია. ქალაქის ირგვლივ ბევრი მღვიმეა, რომელთა ნაწილშიც ტაძრები გამოკვეთილი.[12] მათგან ყველაზე მეტად „სამ პოჰ ტონგი“, „სამი ბუდას ტაძარია“ ცნობილი. იპოჰის სამხრეთით, გოპენგის მახლობლად მდებარეობს გუა-ტემპურუნგი ― მღვიმე, რომელიც დამთვალიერებელთათვის ღიაა და პოპულარული დანიშნულების ადგილია სპელეოტურისტებისთვის. 3 კმ-ზე გრძელი გუა-ტემპურუნგი ნახევარკუნძულის მალაიზიის ერთ-ერთუ ურგძესი გამოქვაბულია. მღვიმის ნაწილი ელექტროფიცირებულია და ბილიკებია გაყვანილი. ტურები სიგრძისა და სირთულის მიხედვით განსხვავდება. მღვიმეში ხუთი მთავარი განყოფილებაა, სადაც უხვი რაოდენობით სპელეოთემებია, მათ შორის, სტალაქტიდები და სტალაგმიტები.
იპოჰი მალაიზიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. 2010 წლის აღწერის მიხედვით, იპოჰის მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 657 892 ადამიანს შეადგენს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა 2010 წლის მონაცემების მიხედვითაა შექმნილი:
იპოჰის ეთნიკური ჯგუფები (2010) | ||
---|---|---|
ეთნოსი | მოსახლეობა | წილი |
ჩინელი მალაიზიელები | 270,165 | 44.11% |
ბუმიპუტერა | 253,592 | 38.55% |
მალაიზიელი ინდოელები | 110,024 | 14.07% |
სხვები | 1,559 | 0.2% |
არამალაიზიელები | 19,989 | 3.04% |
იპოჰის დაძმობილებული ქალაქებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.