From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენდრიკ იოჰანეს კრეიფი[1] (ნიდერლ. Hendrik Johannes Cruijff [ˈjoːɦɑn ˈkrœy̆f]; დ. 25 აპრილი, 1947, ამსტერდამი, ნიდერლანდები, — გ. 24 მარტი, 2016, ბარსელონა, ესპანეთი) — ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 3-გზის ოქროს ბურთის მფლობელი (1971, 1973, 1974).
აიაქსის შემადგენლობაში, 1972 წელი | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Hendrik Johannes Cruijff | ||
დაბადების თარიღი | 25 აპრილი, 1947 | ||
დაბადების ადგილი |
ამსტერდამი, ნიდერლანდები | ||
გარდაცვალების თარიღი | 24 მარტი, 2016 (68 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
ბარსელონა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
შემტევი ნახევარმცველი თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1957–1964 | აიაქსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1973 | აიაქსი | 240 | (190) |
1973–1978 | ბარსელონა | 143 | (48) |
1979 | აცტეკსი | 27 | (14) |
1980–1981 | დიპლომატსი | 32 | (12) |
1981 | ლევანტე | 10 | (2) |
1981–1983 | აიაქსი | 36 | (14) |
1983–1984 | ფეიენორდი | 33 | (11) |
სულ | 520 | (291) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1966–1977 | ნიდერლანდები | 48 | (33) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1985–1988 | აიაქსი | ||
1988–1996 | ბარსელონა | ||
2009–2013 | კატალონია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერა დაიწყო ჰოლანდიურ „აიაქსში“, სადაც 8-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, 3-ჯერ კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. 1973 წელს გადავიდა ესპანურ „ბარსელონაში“ და სადებიუტო სეზონშივე ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1984 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, კრეიფი მწვრთნელი გახდა და წარმატებები მოიპოვა „აიაქსსა“ და „ბარსელონაში“ მუშაობით.
1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, კრეიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ[2].
იოჰან კრეიფი მიიჩნევა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად[3][4][5][6]. მისი ლიდერობით ნიდერლანდების ნაკრები გავიდა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ასევე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ფეხბურთის ისტორიაში. მისმა საფეხბურთო ფილოსოფიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ცნობილ მწვრთნელებზე[7][8][9].
იოჰან კრეიფი „აიაქსის“ აკადემიაში 10 წლის ასაკში შევიდა. წარმატებით თამაშობდა ბეისბოლსა და ფეხბურთს, ვიდრე 15 წლის ასაკში კლუბის ბეისბოლის სექცია არ მიატოვა და მხოლოდ ფეხბურთზე არ გადაერთო[10][11]. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 1964 წლის 15 ნოემბერს შედგა, ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში გვავ-ის წინააღმდეგ (1-3); თავისი გუნდის რიგებში ერთადერთი გოლი სწორედ კრეიფმა გაიტანა. 1965-66 წლების სეზონი იოჰანმა შთამბეჭდავად ჩაატარა: მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, ყველა ტურნირზე ერთად კი 23-ჯერ ითამაშა და 25 გოლი გაიტანა[12]. 1966-67 წლების სეზონში გაიფორმა პირველი „დუბლი“: ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო[12]. ამასთანავე, კრეიფი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 33 გოლით და პირველად დასახელდა ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1967-68 წლების სეზონი კვლავ წარმატებული გამოდგა, — კრეიფის გუნდი ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი. მომდევნო სეზონში „აიაქსმა“ ჩემპიონობა დაკარგა, თუმცა წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონთა თასზე, სადაც ფინალამდე მივიდა და იქ იტალიურ „მილანთან“ დამარცხდა (1-4).
1969-70 წლებში კრეიფმა ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო და მეორე „დუბლი“ გაიფორმა. 1970-71 წლების სეზონის დასაწყისში საზარდულის მძიმე ტრავმა მიიღო. მოედანს 1970 წლის 30 ოქტომბერს დაუბრუნდა, PSV-სთან მატჩში. ამ შეხვედრაში კრეიფი აღარ ატარებდა 9-ნომრიან მაისურს, რომელიც მისი ტრავმის დროს გერი მიურენმა დაიკავა. როგორც წესი, იმ დროისათვის გუნდების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები 1-დან 11-მდე ნომერს ატარებდნენ, თუმცა კრეიფი 14-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა და მას შემდეგ კლუბშიც და ნაკრებშიც ამ ნომრით ასპარეზობდა[12]. ამ სეზონში გუნდი ჩემპიონობას ვერ შესწვდა, თუმცა მოიგო ქვეყნის თასი. ტრიუმფალურად დასრულდა გამოსვლა ევროარენაზე: ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, რომელიც ლონდონში გაიმართა, კრეიფის „აიაქსმა“ ბერძნული „პანათინაიკოსი“ 2-0 დაამარცხა[12]. სეზონის ბოლოს დასახელდა როგორც ჰოლანდიის, ასევე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადაეცა ოქროს ბურთის ჯილდო[12]. ამ პერიოდში ხშირად საუბრობდნენ კრეიფის მიერ კლუბის დატოვების თაობაზე (ვრცელდებოდა ინფორმაციები „ფეიენორდისა“ და „ბარსელონის“ ინტერესების შესახებ), თუმცა 1971 წლის 12 ივლისს კლუბთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბისათვის წარმატებული გამოდგა 1972 წელიც. ჰოლანდიურმა გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, ფინალში მილანის „ინტერნაციონალეს“ ძლევით (2-0). ორივე გოლი კრეიფმა გაიტანა მატჩის მეორე ტაიმში[12][13]. „აიაქსმა“ ასევე მოიგო ჰოლანდიის თასი, რომლის ფინალში „ადო დენ ჰააგი“ დაამარცხა (3-2), — კრეიფმა ერთი გოლი გაიტანა. იოჰანმა ჰოლანდიის ჩემპიონატი საუკეთესო ბომბარდირად დაასრულა 25 გოლით, გუნდი კი ჩემპიონი გახდა. 1972 წლის შემოდგომაზე „აიაქსმა“ საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო არგენტინული „ინდეპენდიენტეს“ ძლევით. მომდევნო წლის იანვარში კრეიფი გუნდს უეფა-ს სუპერთასის მოგებაშიც დაეხმარა.
1972-73 წლებში „აიაქსმა“ კიდევ ერთხელ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, რომლის ფინალში იტალიური „იუვენტუსი“ დაამარცხა (1-0)[13]. სეზონი კრეიფის გუნდმა კვლავ ჰოლანდიის ჩემპიონად დაასრულა.
1973 წლის ზაფხულში კრეიფი ესპანურ „ბარსელონაში“ გადაბარგდა დაახლოებით 2 მილიონ დოლარად, რაც იმ დროის მსოფლიო სატრანსფერი რეკორდი იყო[14].
პირველივე სეზონში კლუბს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში „ბარსელონამ“ თავისი პრინციპული მეტოქე მადრიდის „რეალი“ სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე 5-0 დაამარცხა[15]. 1973 და 1974 წლებში კრეიფი კვლავ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად[12]. 1977-78 წლებში გუნდთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო[12].
„ბარსელონაში“ გამოსვლის დროს, კრეიფმა მადრიდის „ატლეტიკოს“ კარში გაიტანა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული გოლი, — „გოლი-მოჩვენება“[16].
1979 წელს, 32 წლის ასაკში, კრეიფმა კონტრაქტი გააფორმა აშშ-ის კლუბ „ლონ-ანჯელეს აცტეკსთან“. აქ იოჰანმა მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, რის შემდეგაც 1 წლით „ვაშინგტონ დიპლომატსს“ შეუერთდა[12].
1981 წლის დასაწყისში ინგლისური „ლესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა კრეიფის გადაბირებას შეეცადა. თავდაპირველად, ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა საბოლოოდ, ესპანური სეგუნდა დივიზიონის კლუბი „ლევანტე“ არჩია[17]. 1981 წლის მარტში იოჰანი პირველად გამოვიდა მინდორზე „ლევანტეს“ მაისურით. ტრავმიანობამ და გუნდის ხელმძღვანელებთან უთანხმოებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის სათამაშო ფორმაზე. „ლევანტეში“ კრეიფმა მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1981 წლის დეკემბერში კრუფი „აიაქსში“ დაბრუნდა. 6 დეკემბერს, „ჰარლემთან“ მოგებულ შეხვედრაში (4-1) იოჰანმა პირველი გოლი გაიტანა დაბრუნების შემდეგ.
1981-82 და 1982-83 წლებში კრეიფმა გუნდთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო. 1983 წელს „დუბლიც“ შეასრულა ქვეყნის თასის მოგებით.
1982-83 წლების სეზონის დასრულებისას, „აიაქსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კრეიფისათვის ახალი კონტრაქტი აღარ შეეთავაზებინა. ამან იოჰანი გააღიზიანა და გადაწყვიტა თავისი კარიერა „აიაქსის“ უპრინციპულესი მეტოქისთვის, „ფეიენორდისთვის“ დაეკავშირებინა[18]. როტერდამულ გუნდში ჩატარებული სეზონი წარმატებული გამოდგა. გუნდთან ერთად მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი და კარიერის უკანასკნელი „დუბლი“ შეასრულა.
1974 წელს კრეიფი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა ნიდერლანდებთან ერთად, რომელიც იმხანად მსოფლიო ფეხბურთში „ტოტალურ ფეხბურთს“ ნერგავდა. მწვრთნელ რინუს მიხელსისა და კაპიტან კრეიფის ლიდერობით, გუნდი ჩემპიონატის ფინალში გავიდა, გზაზე კი არგენტინა (4-0), აღმოსავლეთ გერმანია (2-0), ბრაზილია (2-0) და სხვები ჩამოიშორა[12]. იოჰანმა დუბლი მიითვალა არგენტინასთან, ასევე გოლით გამოიჩინა თავი ბრაზილიასთან[12]. ფინალში, გუნდი მასპინძელ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს შეხვდა. მატჩის დაწყებიდან პირველივე წუთზე იოჰანი გერმანელთა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ული ჰიონესმა მას ფეხი დაუდო და ინგლისელმა არბიტრმა ჯეკ ტეილორმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. იოჰან ნესკენსმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა და სტუმრები დააწინაურა[12]. გაშვებული გოლის შემდეგ, გერმანელებმა შტურმი წამოიწყეს და ამან შედეგი 25-ე და 43-ე წუთებზე გამოიღო, როდესაც პოლ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა გოლები გაიტანეს და 2-1 დაწინაურდნენ[19]. მეორე ტაიმში ჰოლანდიელებმა შეტევა გააძლიერეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს[20].
კრეიფმა სანაკრებო კარიერა 1977 ოქტომბერში დაასრულა[12]. ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში მან 48 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა[12].
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, კრეიფმა 1985 წელს აიაქსის გაწვრთნა დაიწყო. სადებიუტო სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონობა გუს ჰიდინკის პე-ეს-ვე-სთან დათმო, თუმცა მოიგო ქვეყნის თასი. თასის ტიტული მომდევნო წელსაც შეინარჩუნა. 1987 წელს მისმა გუნდმა წარმატებას ევროტურნირზეც მიაღწია: გავიდა თასების მფლობელთა თასის ფინალში და იქ ლაიფციგის ლოკომოტივი დაამარცხა მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლით.
სწორედ აიაქსში დაიწყო კრეიფმა თავისი საყვარელი ფორმაციით თამაში, — 3 სწრაფი მცველით, საყრდენი ნახევარმცველით, 2 ცენტრალური ნახევარმცველით, შემტევი ნახევარმცველით, 2 ფლანგიდან შემტევითა და უნივერსალი ცენტრ-ფორვარდით. მოგვიანებით, 1995 წელს, როდესაც გუნდს ლუი ვან გალი წვრთნიდა, აიაქსმა სწორედ ამ სისტემით მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
1988 წელს კრეიფი ბარსელონაში დაბრუნდა, ამჯერად მწვრთნელის რანგში. მისი მწვრთნელობისას ბარსელონას ფეხბურთელები გახდნენ პეპ გვარდიოლა (დააწინაურა სარეზერვო გუნდიდან), ხოსე მარი ბაკერო, ჩიკი ბეგირისტაინი, იონ ანდონი გოიკოეჩეა, რონალდ კუმანი, მიკაელ ლაუდრუპი, რომარიო, გეორგე ჰაჯი, ხრისტო სტოიჩკოვი და სხვები.
იოჰანმა 1990-1994 წლებში გუნდს ზედიზედ 4-ჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი. ასევე მოიგო ქვეყნის თასი (1989-1990) და სუპერთასი (1991, 1992, 1994).
კრეიფის ბარსელონამ წარმატებას მიაღწია ევროპულ ტურნირებშიც. 1989 წელს გუნდი თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა და იტალიური სამპდორია 2–0 დაამარცხა[21]. მათ იმავე წლის სუპერთასის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს, თუმცა ევროპის ჩემპიონ მილანთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ[22]. კრეიფის ხელმძღვანელობით, თასების მფლობელთა თასის ფინალში გასვლა ბარსელონამ 1991 წელსაც შეძლო, თუმცა იქ უკვე ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა (1–2)[23]. სამაგიეროდ წარმატებული აღმოჩნდა მომდევნო 1992 წელი: ესპანეთში გაჩემპიონობის შემდეგ, კრეიფის გუნდი ჩაება ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პლეი-ოფის 2-მატჩიან დუელებში დაამარცხა გერმანული ჰანზა, კაიზერსლაუტერნი, ქვეჯგუფში აჯობა პრაღის სპარტას, ბენფიკასა და კიევის დინამოს და ფინალში გავიდა. 1992 წლის 20 მაისს, ლონდონის უემბლის სტადიონზე კრეიფის დამოძღვრილი გუნდი სამპდორიას შეხვდა, ისევე როგორც 3 წლით ადრე თასების მფლობელთა თასის ფინალში. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0–0, დასრულდა, დამატებით დროში კი რონალდ კუმანმა ერთადერთი გოლი გაიტანა და ბარსელონას პირველად მოუტანა ევროპის ჩემპიონის ტიტული[24]. 1993 წლის თებერვალში გუნდმა მოიგო უეფა-ს სუპერთასიც[25].
1994-1996 წლებში იოჰანის გუნდი წარუმატებლად გამოვიდა როგორც შიდა, ასევე ევროპულ არენაზეც. ურთიერთობა გაუფუჭდა გუნდის პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნიესთანაც და 1996 წელს მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
11 მოგებული ტიტულით, კრეიფი ბარსელონის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა ისტორიაში. მოგვიანებით, ნიდერლანდელის მაჩვენებელი პეპ გვარდიოლამ გააუმჯობესა, რომელმაც 2008-2012 წლებში 14 ტიტული მოიგო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.