სკკპ-ის გენერალური მდივანი From Wikipedia, the free encyclopedia
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 6 (18) დეკემბერი, ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი, 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სტალინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება ტოტალიტარული რეჟიმის შექმნა და პასუხისმგებლობა მასობრივ რეპრესიებზე, ეთნიკურ წმენდებზე, ხალხთა მასობრივ დეპორტაციებზე, ასობით ათას სიკვდილით დასჯაზე და მასობრივ შიმშილზე, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
იოსებ სტალინი | |
სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი, 1952 – 5 მარტი, 1953 | |
მემკვიდრე | ნიკიტა ხრუშჩოვი (როგორც სკკპ ცკ-ს პირველი მდივანი) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 თებერვალი, 1934 – 14 ოქტომბერი, 1952 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აპრილი, 1922 – 10 თებერვალი, 1934 | |
წინამორბედი | ვიაჩესლავ მოლოტოვი (როგორც რკპ (ბ) ცკ-ს პ/მდივანი) |
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი, 1946 – 15 მარტი, 1953 | |
მემკვიდრე | გიორგი მალენკოვი |
საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 1941 – 15 მარტი, 1946 | |
წინამორბედი | ვიაჩესლავ მოლოტოვი |
საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ივნისი, 1941 – 4 სექტემბერი, 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაწესებულია |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმებულია |
საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი, 1946 – 3 მარტი, 1947 | |
მემკვიდრე | ნიკოლაი ბულგანინი |
დაბადებული | 18 დეკემბერი, 1878 გორი თბილისის გუბერნია რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 5 მარტი, 1953 კუნცევო მოსკოვი რუსეთის სფსრ |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | კომუნისტური პარტია |
მამა | ბესარიონ ჯუღაშვილი |
დედა | კეკე გელაძე |
მეუღლე | კატო სვანიძე (1906–1907) ნადეჟდა ალილუევა (1919–1932) |
შვილები | იაკობ ჯუღაშვილი ვასილი სტალინი სვეტლანა ალილუევა |
განათლება | თბილისის სასულიერო სემინარია |
რელიგია | ათეისტი[1] |
ჯილდოები | ორდენები: წითელი დროშის ლენინის სუვოროვის (I ხარისხი) გამარჯვების იაპონიაზე გამარჯვებისათვის თეთრი ლომის (I ხარისხი) ოქროს ვარსკვლავი |
ხელმოწერა |
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, 1878 წლის 18 დეკემბერს, (ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი) თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები, გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.
1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ინგლისელი ისტორიკოსი საიმონ სებაგ-მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სემინარიაში სწავლისას სტალინმა თავი გამოავლინა, როგორც ძალიან ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელსაც მაღალი შეფასება ჰქონდა ყველა საგანში, მათ შორის მათემატიკაში, თეოლოგიაში, ბერძნულ ენასა და რუსულ ენაში. სტალინი გატაცებული იყო პოეზიით და ახალგაზრდობაში თავად წერდა ლექსებს ქართულ ენაზე.[2]
ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გიორგი პლეხანოვის შრომები.
სტალინი იყო „მესამე დასის“ წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების „ბრძოლის“, „პროლეტარიატის ბრძოლის“, „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩის“ გამოცემაში, იყო 1905–07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკებდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფორსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912–1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში — „ზვეზდა“ და „პრავდა“. მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. აღნიშნულ შრომას ლენინმა მაღალი შეფასება მისცა. 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.
რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც იგი მაშინვე შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და „პრავდის“ რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშითა და მოხსენებით მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს — სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917–1923). ერთდროულად, 1919–1922 წლებში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.
სამოქალაქო ომისა (1917–1923) და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918–20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით „პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში“. 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.
სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა — წამოაყენა „ავტონომიზაციის“ პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი ლენინმა გააკრიტიკა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა დაუჭირა მხარი ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.
პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“.
ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის საკითხებისათვის“ (1926), „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“ (1926), „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“ (1929), „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ (1929) და სხვ.
საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.
სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული და მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.
სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს — სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.
1935–1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. სახელმწიფო სამსახურებმა დააპატიმრეს „ხალხის მტრები“, რომლებსაც უცხო ქვეყნების ჯაშუშობასა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.
ამ მოვლენებს თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან, მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მემარჯვენეები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.
მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალაქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.
გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. კულაკები.
მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.
ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.
თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. „ტროიკები“ („სამეულები“) რომლებსაც „ოპერატიულად“ გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).
ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.
სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.[3]
1930-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა რუსული ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, თითქმის მთლიანად გაანადგურა: 1939 წლისათვის, სტალინის ბრძანებით განადგურებული იყო მრავალი ეკლესია,[4] ათობით ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი რეპრესირებული და მოკლული იყო. 1937-1938 წლების ტერორისას 100,000-ზე მეტი დახვრიტეს.[5][6] მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა და მას აღდგენის საშუალება მისცა, როგორც პატრიოტულ ორგანიზაციას. ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ აღიარა საბჭოთა მთავრობა და სტალინი, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული მართლმადიდებლური წარმომადგელობების მხრიდან მათი სქიზმა მოჰყვა.
სტალინის მმართველობისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც: კათოლიკეებმა, ბაპტისტებმა, მუსლიმებმა, ბუდისტებმა, იუდეველებმა. მოხდა ათასობით ბერის რეპრესია, განადგურდა ასობით სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი და სხვა რელიგიური დაწესებულება.[7][8][9][10][11]
სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.
სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში „პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ“ პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიებათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით,[12] „გამარჯვების“ 2 ორდენით,[13] 3 წითელი დროშის ორდენით,[14] სუვოროვის I ხარისხის ორდენით,[15] აგრეთვე მედლებით.[16]
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
იოსებ სტალინი ვიკიციტატებში | |
იოსებ სტალინი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.