Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოტალიტარიზმი (ლათ. Totalis - მთელი, სავსე; “Totаlitas” – მთლიანობა, სისავსე) — ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური რეჟიმების აღსაწერად, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. ტოტალიტარიზმს უწოდებენ პოლიტიკურ სისტემას ან მმართველობის ფორმას, რომელიც არ უშვებს პარტიულ ან ინდივიდუალურ ოპოზიციას სახელმწიფოსა და მისი რწმენებისადმი, ამიტომ ის მიჩნეულია ავტორიტარიზმის უკიდურეს ფორმად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური ძალაუფლება ძირითადად ავტოკრატთა ხელშია, რომლებიც საყოველთაო პროპაგანდას მათ ხელში არსებული მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ახორციელებენ. [1]
ტერმინი პირველად გამოიყენეს 1923 წელს, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწის, ანტიფაშისტის ჯოვანი ამენდოლას მიერ, ბენიტო მუსოლინის რეჟიმის კრიტიკული დახასიათებისთვის. ტოტალიტარული სახელმწიფოს თვისებები იყო შეუზღუდავი ძალაუფლება, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების ლიკვიდაცია, რეპრესია განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი, საჯარო ცხოვრების მილიტარიზაცია. 1926 წელს ის გამოიყენა იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯოვანი ჯენტილემ, იტალიური ფაშიზმის ერთ-ერთმა თეორეტიკოსმა. 1927 წელს, ტერმინი ასევე გამოიყენა კარლ შმიტმა (გერმ. Totalstaat) მის ცნობილ ნაშრომში „პოლიტიკურის ცნების შესახებ“. [2] აღსანიშნავია, რომ „ტოტალიტარული სახელმწიფოს“ გაგება (იტალ. Stato Totalitario) იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის მქადაგებლებისათვის პოზიტიური მნიშვნელობის მქონე ტერმინი იყო, მისი კრიტიკა კი უარყოფითი მნიშვნელობის. [3] საკუთარ სტატიაში „ფაშიზმის დოქტრინა“ (1931) ბენიტო მუსოლინი ტოტალიტარიზმს განიხილავს საზოგადოებრივ მოწყობად, სადაც სახელმწიფო იდეოლოგია მოქალაქეებზე გადამწყვეტ გავლენას ფლობს - ტოტალიტარული რეჟიმი ნიშნავს, რომ (იტალ. Tutto nello Stato, niente al di fuori dello Stato, nulla contro lo Stato) „ყველაფერი სახელმწიფოს ფარგლებშია, არაფერია მის გარეთ“. [4]
ტერმინმა „ტოტალიტარიზმი“ თანამედროვე გაგება შეიძინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის პერიოდში, დასავლური ანტიკომუნისტური დისკურსის გაფართოებასთან ერთად. პოლიტიკურ სივრცეში ანტიკომუნისტური პროპაგანდის პარალელურად აკადემიური კვლევის სივრცეში ჩნდება ფაშიზმისა და კომუნიზმის საერთო მახასიათებლების ძებნა და მათი ერთი საფუძვლის ქვეშ გაერთიანების მცდელობები. ამ პროცესს ახასიათებენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ანტიფაშიზმის გარდაქმნის იარაღს ანტი-კომუნიზმად. [5] [6] [7] [8] [9] [10]. ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები და ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების გარკვეული ნაწილი ტოტალიტარიზმს ადარებს, ასევე, თანამედროვე კაპიტალიზმს.
ტოტალიტარული რეჟიმების საერთო მახასიათებლებია ძლიერი პოლიტიკური რეპრესია, სრული კონტროლი ეკონომიკაზე, მას-მედიაზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებზე სრული გავლენა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიის არარსებობა, თვალთვალი და მოსმენა და საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია. ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმი გულისხმობს საკონცენტრაციო ბანაკებს, რეპრესიულ პოლიციას, რელიგიურ დევნას, პიროვნული კულტების ფენომენებს. გავრცელებული პრაქტიკაა სიკვდილით დასჯა, გაყალბებული არჩევნები, ასევე, მასობრივი გენოციდები და მკვლელობები. ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია არ ცნობდეს ლიმიტებს და შეზღუდვებს საკუთარი ავტორიტეტისათვის საჯარო, კერძო და ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში და მიდრეკილება, შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება ყველა საშუალებისა და გზის გამოყენებით. [11]
ტოტალიტარული რეჟიმის გაგება განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმის გაგებისაგან. ეს უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს სახელმწიფოებს, სადაც ძალაუფლება ინდივიდუალური დიქტატორის ან მცირე პოლიტიკური ელიტის ხელშია, რომელიც მონოპოლიზებას უკეთებს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ვინდაიდან ავტორიტარული სახელმწიფო კონცენტრირებულია პოლიტიკურ ძალაუფლებაზე, სანამ ამას საფრთხე არ შეექმნება, ის აძლევს საზოგადოებას თავისუფლების გარკვეულ ხარისხს - ავტორიტარიზმი არ მიისწრაფის ადამიანის ბუნების ცვლილებისკენ ან საზოგადოებრივი გარდაქმნისკენ. [12] ამისგან განსხვავებით, ტოტალიტარული რეჟიმი ისწრაფის აკონტროლოს სოციალური ცხოვრება - მათ შორის განათლება, ხელოვნება, მეცნიერება, პირადი ცხოვრება და თავად მორალური შეხედულებები მოქალაქისა. ტოტალიტარული სახელმწიფო შეიძლება გვთავაზობდეს იდეოლოგიას „ოფიციალურად გამოცხადებული იდეოლოგია აღწევს ღრმად სოციალურ სტრუქტურაში და მოქალაქის ფიქრებში“. [13] ტოტალიტარულ რეჟიმებს ასევე ახასიათებს მთელი მოსახლეობის მობილიზების, ორგანიზების მცდელობები სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად. კარლ იოაკიმ ფრიდრიხი წერდა, რომ სამი თვისება, რომლებიც განასხვავებს ტოტალიტარიზმს ავტოკრატიებისგან ესაა საყოველთაო იდეოლოგია, საიდუმლო სპეცსამსახურებით და პოლიციით გაძლიერებული პარტია და მასობრივი ინდუსტრიული საზოგადოების კონტროლზე მონოპოლია. [14]
თანამედროვე დროში ტოტალიტარიზმის გაგება ძირითადად ვრცელდება გერმანიაში ჰიტლერის, იტალიაში მუსოლინის და საბჭოთა კავშირში სტალინის რეჟიმებზე. ზოგიერთი ავტორი ტოტალიტარულ რეჟიმს აკუთვნებს ასევე ფრანკოს რეჟიმს ესპანეთში, სალაზარის რეჟიმს — პორტუგალიაში, მაო ძედუნს — ჩინეთში, აიათოლა ჰომეინის — ირანში, თალიბანს — ავღანეთში, ენვერ ხოჯას — ალბანეთში, კიმ ირ სენის, კიმ ჩენ ირის და კიმ ჩენ ინის რეჟიმებს ჩრდილოეთ კორეაში, სადამ ჰუსეინის რეჟიმს ერაყში და ა.შ ზოგჯერ, ტერმინი გამოიყენება პოლიტიკის ცალკეული ასპექტების აღსაწერადაც - მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მილიტარიზმის აღწერისას — ბუშის პრეზიდენტობისას ან ამერიკის შეერთებული შტატების სხვა პოლიტიკებისადმი. [15]
ტოტალიტარიზმის დამკვიდრებული გაგებები, ასევე იწვევს კრიტიკას. კრიტიკოსების ძირითადი უთანხმოება ტოტალიტარიზმის დღეს დამკვიდრებულ გაგებასთან მდგომარეობს სტალინიზმისა და ფაშიზმის პოლიტიკური სისტემების გათანაბრების პრობლემაში. ზოგიერთი მკვლევარი ამ ტერმინს კლიშედ მიიჩნევს. [16]
განსაზღვრება, რომ ტოტალიტარიზმი „სახელმწიფოს ტოტალური პოლიტიკური ძალაუფლებაა“ 1923 წელს, ჯოვანი ამენდოლას მიერ იყო ფორმულირებული, რომელიც მუსოლინის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. [17] ამენდოლას მიერ აღწერილი ფაშიზმი ფუნდამენტურად განსხვავდება იქამდე არსებული კონვენციური დიქტატორული რეჟიმებისგან.
მოგვიანებით, ტერმინი პოზიტიურ მნიშვნელობას იძენს ჯოვანი ჯენტილის ნაშრომებში გავლენიანი იტალიელი ფილოსოფოსისა და ფაშიზმის წამყვანი თეორეტიკოსის. მან ტერმინი „Totalitario“ მიუძღვნა ახალი სახელმწიფოს მიზნებისა და სტრუქტურის აღწერას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა „ერის ტოტალური რეპრეზენტაცია და ეროვნული მიზნებისადმი ტოტალური მიყოლა“. [18] ჯენტილი ტოტალიტარიზმს აღწერს, როგორც საზოგადოებას, სადაც მოქალაქეების უმრავლესობაზე მუშაობს სახელმწიფო იდეოლოგიის თუ ძალაუფლება არა, გავლენა მაინც. [19]მოგვიანებით, ტოტალიტარიზმის პოზიტიური გაგება განავრცო ბენიტო მუსოლინიმაც. მის თანახმად, ტოტალიტარული სისტემა პოლიტიზებას უკეთებს ყველაფერს სულიერს და ადამიანურს, აქცევს რა ყველაფერს სახელმწიფოს შიგნით და არაფერს ტოვებს მის გარეთ. [20]
იარლიყი „ტოტალიტარული“ ორჯერ გაისმა ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლისას 1938 წლის 5 ოქტომბერს. [21] ამავე წლის 16 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას მან ასევე გამოიყენა ტერმინი, როდესაც საუბრობდა კონცეფციაზე „ნაცისტური ან კომუნისტური ტირანიისა“. [22]
1940, 1941 და 1942 წლებში, სიტყვა „ტოტალიტარულს“ აქტიურად იყენებს საკუთარ ესსეებში მწერალი ჯორჯ ორუელი. ესსეში „რატომ ვწერ“ ის აღნიშნავს, რომ ესპანეთის ომმა და 1936-1937 წლების სხვა მოვლენებმა მის ცხოვრებაში შემოატრიალა შკალა, რის შემდეგაც მან იცის, თუ სად დგას.[23]
„ყველა სერიოზული ნაშრომის ბწკარი, რომელიც მე 1936 წლის შემდეგ დავწერე, პირდაპირ ან ირიბად იყო მიმართული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ და დემოკრატიული სოციალიზმისკენ, როგორც მე ის მესმის“ |
1945 წლის ლექციათა სერიებში „საბჭოთა გავლენა დასავლურ სამყაროზე“ პროსაბჭოთა ბრიტანელი ისტორიკოსი ედუარდ ალეტ კარი ტოტალიტარიზმს კვლავ პოზიტიური მნიშვნელობით იყენებს, ოღონდ საბჭოთა წარმატებების აღწერის მიზნით. კარი ასაბუთებს, რომ ინდივიდუალიზმისაგან დაშორების და ტოტალიტარიზმისკენ სვლის ტენდენცია შეუცდომელია, რაც დამტკიცდა მარქსიზმ-ლენინიზმით, როგორც ტოტალიტარიზმის წარმატებული ფორმით. კარის მიხედვით, ტოტალიტარიზმის ამ ფორმის წარმატება მტკიცდება საბჭოთა ინდუსტრიული ზრდითა და წითელი არმიის როლით ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. [24]ედუარდ ალეტ კარი ამბობს:
„მხოლოდ ბრმებსა და გულგრილებს შეეძლოთ ვერ შეემჩნიათ ტოტალიტარიზმის ეს ტენდენცია“ |
1945 წელს გამოსულ ნაშრომში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ და მოგვიანებით, 1961 წლის ნაშრომში „ისტორიციზმის სიღარიბე“ კარლ პოპერი ტოტალიტარიზმის ავტორიტეტულ კრიტიკას აყალიბებს. ორივე შრომაში ის უპირისპირებს ლიბერალური დემოკრატიის „ღია საზოგადოებას“ ტოტალიტარიზმს. ეს უკანასკნელი, პოპერის აზრით, დაფუძნებულია რწმენაზე, რომლის თანახმადაც ისტორია შეუცვლელი მომავლისკენ თავისი კანონებით მოძრაობს, მაშინ როდესაც ცოდნის დაგროვების კანონები შეუცნობელია და იდეალური მმართველობის თეორია, რომელიც პოპერი აზრით ტოტალიტარიზმის საფუძველში დევს, არ არსებობს. „ღია საზოგადოება“ პოპერისთვის საზოგადოებაა, რომელიც ასეთი თეორიის არსებობას გამორიცხავს, რაც ზღუდავს ელიტების ძალაუფლებას სისხლის დაღვრის გარეშე.
1951 წელს გამოქვეყნდა ჰანა არენდტის ცნობილი ნაშრომი „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“, რომელიც ტოტალიტარიზმის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომადაა მიჩნეული - ნაშრომმა გამოიწვია ფართო დებატები ტოტალიტარული ფენომენის ბუნებისა და ისტორიული წარმომავლობის შესახებ. [25] არენდტი ამტკიცებს, რომ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმები იყო არა ძველი ტირანიების ახლებური ვერსიები, არამედ მმართველობის სრულიად ახალი ფორმები. არენდტის თანახმად, ტოტალიტარული რეჟიმების განხორციელების ლეგიტიმაციის მასობრივი წყარო იყო იდეოლოგია, რომელიც შეიცავს კომფორტულ, ცალკეულ პასუხებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მისტერიების შესახებ. არენდტი პარალელს ავლებს ისტორიისადმი დამოკიდებულებაში ამ ორ რეჟიმს შორის - თუ ნაციზმის შემთხვევაში მთელი ისტორია რასის საკითხია, მარქსიზმ-ლენინიზმის შემთხვევაში ეს კლასობრივი ბრძოლაა. მისი აზრით, თუ ეს დაშვებები მიიღება, მაშინ სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება გამართლდება ბუნების ან ისტორიის კანონებით, მათ შორის გამართლდება ავტორიტარული სახელმწიფო აპარატების დაფუძნებაც. [26] თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა პოლიტიკის თეორეტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც სტანილისტურ ტოტალიტარიზმს კოლექტივისტური კომუნისტური იდეოლოგიას აწერდნენ, როგორც მის პირდაპირ შედეგს, არენდტი ტოტალიტარიზმის განხორციელების მთავარ მიზეზად მიიჩნევდა მასების მდგომარეობას, როცა მათ აღარ შეუძლიათ თვითორგანიზება და ექვემდებარებიან ზემოდან მობილიზაციას. ამასთან, არენდტი თვლიდა, რომ ლენინისტური რეჟიმი არ იყო ტოტალიტარული. [27]
არენდტის მსგავსად, ტოტალიტარიზმს დეტალურად სწავლობდა უამრავი მეცნიერი სხვადასხვა აკადემიური და იდეოლოგიური პოზიციებიდან. ყველაზე ცნობილი კომენტატორები ტოტალიტარიზმისა არიან რეიმონდ არონი, ლორენს არონსენი, ფრანც ბორკენო, კარლ დიტრიხ ბრახერი, კარლ პოპერი, რობერტ კონქუესტი, კარლ იოაკიმ ფრიდრიხი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, ლეოპოლდ ლაბეძი, ვოლტერ ლაკერი, კლოდ ლეფო, ლეონარდ შაპირო, ადამ ალამი და სხვები. თითოეული მათგანი ტოტალიტარიზმს განსხვებულად განსაზღვრავს, მაგრამ ისინი ყველანი თანხმდებიან, რომ ტოტალიტარიზმი მიისწრაფის მთელი მოსახლეობის მობილიზაციისთვის ოფიციალური პარტიული იდეოლოგიის მხარდასაჭერად და არატოლერანტულია აქტივობებისადმი, რომლებიც მიმართული არ არის პარტიის მიზნებისაგან, იყენებს რეპრესიას ან სახელმწიფო კონტროლის ფორმებს ბიზნესისადმი, პროფკავშირული გაერთიანებებისადმი, რელიგიური ორგანიზაციებისადმი და სხვა პოლიტიკური პარტიებისადმი.
1956 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებს კარლ ფრიდრიხსა და ზბიგნევ ბზეჟინსკს უკავშირდება ტერმინის გავრცელება სოციალურ მეცნიერებებსა და პროფესიულ კვლევებში. ფრიდრიხი და ბზეჟინსკი ტოტალიტარიზმს ხელხალა აფორმულირებენ [28] პარადიგმად ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმებისათვის და აყალიბებენ ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელ ექვს საყოველთაოდ გაზიარებულ, განმსაზღვრელ თვისებას:
ამ მახასიათებლებს წიგნის მეორე გამოცემაში მოყვა კიდევ ორი განმსაზღვრელი თვისების დამატება, ისევე როგორც, სხვა მკვლევარების მიერ დაემატა განსაზღვრებები - მათ შორის ჰანა არენდტისეული „მისწრაფება წაიშალოს ყველა საზღვარი სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებასა და პიროვნულობას შორის“ [29] , ასევე სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლი, ტრადიციის (მათ შორის ტრადიციული მორალის) უარყოფა, პლურალიზმისა და თავისუფალი სიტყვისაგან განდგომა და სხვები.
ეს მახასიათებლები არ გულისხმობს, რომ რომელიმე მათგანის არსებობა ან არქონა საკმარისია რეჟიმის ტოტალიტარიზმად შეფასებისთვის, რადგან ზოგიერთი მათგანი ხშირად გამოყენებულია დემოკრატიული საზოგადოებების მიერაც. თუმცა, პირველი ორი თავისებურება მაინც ყველაზე ხშირადაა დამახასიათებელი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის. [30]
ზოგიერთი სოციალური მეცნიერი აკრიტიკებს ფრიდრიხისა და ბზეჟინსკის ანტი-ტოტალიტარულ მიდგომას და ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური და სოციალური ერთობა განსხვავებული ფენომენია და მასზე აზროვნება უნდა მოხდეს ისეთი ცნებებით და კატეგორიებით, როგორიცაა ინტერეს ჯგუფები, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ელიტები და კლასობრივი კატეგორიები (მათ შორის, ტერმინი ნომენკლატურა მმართველი კლასის დახასიათებისას). [31]
გერმანელი ისტორიკოსი კარლ დიტრიხ ბრახერი, რომლის შრომებიც უმეტესწილად კონცენტრირებულია ნაცისტური გერმანიის გარშემო, ასაბუთებს, რომ „ტოტალიტარული ტიპოლოგია“, რომელიც ფრიდრიხმა და ბზეჟინსკიმ განავითარეს არაფლექსიბელურია და არ ითვალისწინებს „რევოლუციურ დინამიკას“ რომელსაც ბრახერი ხედავს ტოტალიტარიზმის გულში. [32] ბრახერი ასაბუთებს, რომ ტოტალიტარიზმის არსი ტოტალურ პრეტენზიაშია, აკონტროლოს და შეცვალოს საზოგადოების საზოგადოება ყველა ასპექტში ერთი, ყველასმომცველი იდეოლოგიით, ავტორიტარული ლიდერების ღირებულებით და საერთო იდენტობის გაგებით სახელმწიფოსა და საზოგადოებისა, რომელიც განასხვავებს ტოტალიტარულ „ჩაკეტილ“ გაგებას პოლიტიკისა მისი დემოკრატიული „ღია“ გაგებისგან. [33] ფრიდრიხისა და ბზეჟინსკის დეფინიციისგან განსხვავებით, ბრახერი ამტკიცებს რომ ტოტალიტარული რეჟიმები არ მოითხოვენ ერთ ლიდერს და შეუძლიათ იფუნქციონირონ კოლექტიური ლიდერების მმართველობის ქვეშ, რაც საფუძვლად დაედო ამერიკელი ისტორიკოსის, უოლტერ ლაკერის მტკიცებას, რომ ბრახერის განსაზღვრება უკეთ იხელთებს რეალობას, ვიდრე ფრიდრიხ-ბზეჟინსის დეფინიცია.
1951 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „The True Believer”, ერიკ ჰოფერი ამტკიცებს, რომ სტალინისტურ, ფაშისტურ და ნაცისტურ მასობრივ მოძრაობებს აერთიანებთ დასავლური დემოკრატიებისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება, აღიქვამენ რა მას დეკადენტურად. [34] ის ასევე ამტკიცებს, რომ ამ მოძრაობებს თავშესაფრის შეთავაზება შეუძლიათ იმედგაცრუებული ადამიანებისთვის - მათი პერსონალური მიღწევისა და ინდივიდუალური ცხოვრების გამოცდილებების მიღმა, რის შემდეგაც ინდივიდი ასიმილირდება კოლექტიურ სხეულში და ყალიბდება რეალობის განსხვავებული აღქმა. [35]
პოლ ანებრიკი ასევე ასაბუთებდა, რომ მრავალმა ევროპელ ქრისტიანს დაეწყო კომუნისტური რეჟიმების მიმართ შიში ჰიტლერის აღზევების შემდეგ. [36]
ანებრიკისთვის ქრისტიანებმა კომუნისტურ რეჟიმში დაინახეს საფრთხე მათი მორალური წესრიგისადმი და საჭიროდ მიიჩნიეს ექადაგათ ევროპელი ერებისთვის, დაბრუნებოდნენ მათ ქრისტიანულ ფესვებს ანტი-ტოტალიტარული გადაწერით, რომელმაც განსაზღვრა ევროპა ადრეული ცივი ომის პერიოდში.
1990-იან წლებში ფრანგი ისტორიკოსი ფრანსუა ფურე იყენებს ტერმინს „ტოტალიტარული ტყუპები“, [37] რათა ერთმანეთთან დააკავშიროს ბოლშევიზმი და ნაციზმი. ფურეს აკრიტიკებს ბრიტანელი ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი - ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების მცდელობისათვის. [38]
საბჭოთა ისტორიის კვლევებში ტოტალიტარულობის კონცეფციას არასერიოზულად უყურებს რევიზიონისტური სკოლა, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ შეილა ფიცპატრიკი, ჯერი ფ. ჰიუ, უილიამ მაკკეგი, რობერტ თარსტონი და არჩ ჯეტი. მათი ინდივიდუალური ინტერპრეტაციები განსხვავდება, თუმცა რევიზიონისტები ამტკიცებენ რომ საბჭოთა სახელმწიფო სტალინის მმართველობის ქვეშ ინსტიტუციურად სუსტი იყო, რომ ტერორის დონე უფრო მეტად გამოწვეულია და ირეკლავს საბჭოთა სახელმწიფოს სისუსტეს და არა მის სიძლიერეს. [39] ფიცპატრიკი ასაბუთბს, რომ სტალინისტური წმენდა საბჭოთა კავშირში ზრდიდა სოციალურ მობილობას და აწარმოებდა უკეთესი ცხოვრების შანსებს. [40] [41]
1987 წელს, ისტორიკოსმა უოლტერ ლაკერმა რევიზიონისტები საბჭოთა ისტორიის კვლევებში დაადანაშაულა პოპულარობისა და მორალის აღრევაში და საბჭოთა კავშირის, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს წინააღმდეგ არასასიამობნო და არასაკმარისად ცხადი არგუმენტების წარმოებაში. [42] ლაკერი ამტკიცებდა, რომ რევიზიონისტების არგუმენტები ძალიან ჰგავდა ერნსტ ნოლტის არგუმენტებს გერმანიის ისტორიასთან მიმართებაში. [43] ლაკერი ამტკიცებს, რომ ისეთი კონფეცფცია, როგორიცაა მოდერნიზაცია - არაადეკვატური იარაღია საბჭოთა ისტორიის - როგორც არატოტალიტარულის ასახსნელად. [44]
თავის მხრივ, ლაკერს აკრიტიკებენ თანამედროვე რევიზიონისტი ისტორიკოსები, მათ შორის პოლ ბულე, რომელიც მას მცდარ გათანაბრებაში ადანაშაულებს ცივი ომის რევიზიონიზმისა და გერმანულ რევიზიონიზმთან, ეს უკანასკნელი აირეკლავს რა „რევანშისტულ, სამხედროდ-განწყობილ კონსერვატიულ ნაციონალიზმს“. [45]
მოგვიანებით, იტალიელი ისტორიკოსი ენზო ტრავერსო უტევს ტოტალიტარიზმის კონცეფციის არქიტექტორებს -— ამბობს რა, რომ ტოტალიტარიზმის გაგება შექმნილია დასავლეთის მტრების გამოვლენისთვის. [46] გარდა ამისა, სტალინის რეჟიმისთვის ტოტალიტარულის დარქმევა ავტორიტარულის ნაცვლად ხმამაღალი, თუმცა სპეკულატიური გამართლებაა დასავლური ინტერესებისთვის, ისევე როგორც საწინააღმდეგოს მტკიცება - რაც მოიცავს ტოტალიტარულის - როგორც კონცეპტის დეკონსტრუქციას, შეიძლება ჰგავდეს ხმამაღალ, მაგრამ სპეკულატიურ გამართლებას რუსეთის ინტერესისა. სხვა მკვლევარები, მაგალითად შელდონ უოლინი, უილიამ ენდალი, სლავოი ჟიჟეკი, ჯორჯ მონბიო და სხვები ტოტალიტარიზმს კაპიტალიზმთან და ლიბერალიზმთან აკავშირებენ და იყენებენ ტერმინებს „ტოტალიტარული დემოკრატია“, [47] “შებრუნებული ტოტალიტარიზმი“ [48] [49]- ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორპორატიული ძალაუფლების დახასიათებისას ან „ტოტალიტარულ კაპიტალიზმს“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.