ინჩუანი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ინჩუანი (გამარტივებული ჩინური: 银川, ტრადიციული ნიშნები: 銀川, ფინინი: Yínchuān) — ნინსია-ხუეის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი, ჩინეთი.[3] წარსულში ინჩუანი ტანგუტების დასავლეთ სიას (ასევე ცნობილი, როგორც სი სია) დედაქალაქი იყო. ქალაქის მთლიანი ფართობი 8874,61 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, სადაც 2,29 მილიონი ადამიანია დასახლებული.[4] ინჩუანის ურბანულ ნაწილში (რომელიც სამ ურბანურ რაიონს მოიცავს) სულ 1 487 561 ადამიანი ცხოვრობს.[4] სახელწოდება „სინჩუანი“ სიტყვა-სიტყვით „ვერცხლის მდინარეს“ ნიშნავს.
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ინჩუანი 银川市 ءٍچُوًا شِ | |
![]() | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ნინსია-ხუეი |
შიდა დაყოფა | Xingqing District, Xixia District, Jinfeng District, Yongning County, Helan County და Lingwu |
კოორდინატები | 38°28′19″ ჩ. გ. 106°15′32″ ა. გ. |
ფართობი | 8874,61[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1100 მეტრი |
მოსახლეობა | 2 859 074[2] კაცი (2020) |
სიმჭიდროვე | 322 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 951 |
საფოსტო ინდექსი | 750000 |
საავტომობილო კოდი | 宁A |
ოფიციალური საიტი | yinchuan.gov.cn |
ინჩუანის აღმოსავლეთ ნაწილში გაედინება მდინარე ხუანხე (ყვითელი მდინარე). ქალაქი ასევე ცნობილია სახელწოდებებით: „მდინარის სანაპირო ქალაქი ჩრდილო-დასავლეთში“ და „თევზისა და ბრინჯის სამშობლო“. ამჟამად ინჩუანში მოწყობილია ჩინურ-არაბული ექსპო, რომელიც ჩინეთსა და არაბული სამყაროს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარებისთვისაა შექმნილი.
ქალაქში ასევე მდებარეობს ნინსიას უნივერსიტეტი, რეგიონის უდიდესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ნინსია-ხუეის ავტონომიურ რეგიონში პროექტი 211-ის ფარგლებში შეიქმნა.
ინჩუანი თავდაპირველად ოლქი იყო, რომელსაც ფუფინგი ეწოდებოდა (დაახლ. ძველი წელთაღრიცხვით I საუკუნე). ახალი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში ტერიტორიას ხუაიიუანი უწოდეს.
ტანის დინასტიის დაცემის შემდეგ, 907 წელს, ქალაქი დაიკავეს ტანგუტებმა და დასავლეთ სიას სამეფო ჩამოაყალიბეს. ეს ტერიტორია იმპერიის დედაქალაქად ჩამოყალიბდა, რასაც აქ მცხოვრები ჩინური მოსახლეობის ემიგრაცია მოჰყვა.[5]
1227 წელს, დასავლეთ სიის დაპყრობის შემდეგ, მონღოლებმა ქალაქი მთლიანად გაძარცვეს, მოსახლეობა კი დახოცეს.[6][7] მონღოლთა იმპერიის პერიოდში ქალაქს ირიაი ეწოდებოდა.
მინის დინასტიისა (1368–1644) და ცინის დინასტიის (1644–1911) მმართველობის პერიოდში ინჩიანი ნინსიის პრეფექტურას წარმოადგენდა. ტუნკანის აჯანყების პერიოდში (1862-1877) ტუნკანის ძალებმა ინჩუანში 100 000 ადამიანი დახოცეს.
1928 წელს, ნინსიის პროვინცია განსუს შეუერთდა, ინჩუანი კი მისი დედაქალაქი გახდა. 1954 წელს, მას შემდეგ რაც ნინსიის პროვინცია გაუქმდა, ქალაქი განსუს პროვინციის შემადგენლობაში დარჩა. ნინსია-ხუეის ავტონომიური რეგიონის ჩამოყალიბების შემდეგ, 1958 წელს, ინჩუანი ამ რეგიონს გადაეცა და მისი დედაქალაქი გახდა.
ტრადიციულად, ინჩუანი ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრი იყო. 1950-იან წლებში ქალაქში ბევრი საწარმო არსებობდა, თუმცა მათი უმეტესობა ადგილობრივ ხელსაქმეს მიეკუთვნებოდა და არა თანამედროვე ინდუსტრიას. დროთა განმავლობაში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შიწუიშანის მიმდებარედ, ხუანხეს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნახშირის მარაგის აღმოჩენის შემდეგ, ინჩუანი ამ ნედლეულის მომპოვებელ ცენტრად ჩამოყალიბდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ინჩუანი არაინდუსტრიულ ქალაქად რჩება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საირიგაციო სისტემები ხანისა (ძვ.წ. 206–ახ.წ 220) და ტანის დინასტიების (618–907) პერიოდიდან არსებობს ნაყოფიერია. ინჩუანი მისი მიმდებარე დასახლებებისთვის მთავარი სასოფლო-სამეურნეო და სადისტრიბუციო ცენტრია.
ინჩუანი მდებარეობს ინჩუანის (ასევე ცნობილი როგორც ნინსია) დაბლობზე. ის გადაჭიმულია მონღოლეთის უდაბნოებიდან ხელანშანის ქედამდე. ხუანხე ინჩუანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ გაედინება. ინჩუანის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1100 მეტრია.
ინჩუანისათვის დამახასიათებელია ცივი არიდული ჰავა (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BWk). ქალაქისათვის დამახასიათებელია ძალიან მშრალი და ცივი ზამთარი, გვიანი გაზაფხული და მოკლე ზაფხული.
ჰავის მონაცემები — ინჩუანი (1971–2000) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 16.7 | 19.4 | 26.7 | 35.1 | 36.5 | 37.0 | 39.3 | 37.8 | 35.7 | 27.7 | 24.0 | 15.9 | 39.3 |
საშუალო მაღალი °C | −0.8 | 3.5 | 10.4 | 18.9 | 24.2 | 27.8 | 29.5 | 27.6 | 23.2 | 16.7 | 7.7 | 0.8 | 15.8 |
საშუალო დღიური °C | −7.9 | −3.8 | 3.2 | 11.2 | 17.3 | 21.5 | 23.5 | 21.6 | 16.3 | 9.2 | 1.4 | −5.5 | 9.0 |
საშუალო დაბალი °C | −13.7 | −9.8 | −2.8 | 3.9 | 10.1 | 15.1 | 17.6 | 16.2 | 10.4 | 3.1 | −3.2 | −10.3 | 3.1 |
რეკორდულად დაბალი °C | −30.6 | −25.4 | −19.3 | −11.7 | −3.8 | 3.9 | 11.1 | 6.8 | −3.3 | −9 | −15.8 | −29.3 | −30.6 |
საშუალო ნალექი (მმ) | 1.2 | 2.3 | 6.3 | 8.3 | 18.7 | 17.4 | 42.8 | 51.5 | 22.5 | 11.5 | 2.9 | 0.9 | 186.3 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 1.2 | 1.4 | 2.3 | 2.6 | 4.1 | 5.6 | 7.9 | 8.7 | 5.7 | 3.4 | 1.4 | 0.8 | 45.1 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 55 | 50 | 49 | 42 | 46 | 56 | 64 | 69 | 67 | 62 | 64 | 62 | 57 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 205.7 | 201.1 | 232.6 | 255.5 | 287.1 | 285.3 | 281.8 | 267.2 | 240.2 | 231.9 | 214.3 | 203.1 | 2 905,8 |
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი | 68 | 67 | 63 | 65 | 65 | 64 | 63 | 63 | 65 | 67 | 71 | 69 | 66 |
წყარო: China Meteorological Administration |
2019 წლის მონაცემებით, ინჩუანის მოსახლეობის 72,43 % ხანია. მოსახლეობის 25,79 % ხუეის ხალხს მიეკუთვნება, 1,78 % კი ჩინეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება.[4]
საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობის 79,05 % ინჩუანის ურბანულ ნაწილში ცხოვრობს.[4] ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სისიის რაიონშია, სადაც მოსახლეობის 91,28 % ურბანულ ნაწილებშია დასახლებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლინგვუს აქვს, სადაც „მეტრო არეალში“ მხოლოდ მოსახლეობის 58,22 % ცხოვრობს.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.