![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a5/Haliaeetus_albicilla_%2528Svolv%25C3%25A6r%252C_2012%2529.jpg/640px-Haliaeetus_albicilla_%2528Svolv%25C3%25A6r%252C_2012%2529.jpg&w=640&q=50)
თეთრკუდა ფსოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრკუდა ფსოვი,[1] ან ჩვეულებრივი ფსოვი[2] (ლათ. Haliaeetus albicilla) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ,[3] ფრთების შლილი 200–245 სმ,[4] მასა 3075–6920 გრამი.[5] ზრდასრულს აქვს დიდი და ძლიერი ყვითელი ნისკარტი, მოკლე, სოლისებრი, თეთრი ფერის კუდი და ფართო ფრთები. თავი და კისერი მუქი ყავისფერია. ახალგაზრდას აქვს მუქი ნისკარტი და მოყავისფრო-მოშავო დაწინწკლული შეფერილობა,[4] მკერდზე განივი ლაქები, კუდის ზედა მხარეს მარმარილოსებრი ნახატი,[6] გრძივი ფრთის ქვედა მხარეზე იღლიის ბუმბულები ღია ფერისაა; მუქი არშიები არტყია საჭისა და მომქნევ ბუმბულებს.[3] ხმა — ყრუ „კრა-კრა“.[7]
თეთრკუდა ფსოვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Haliaeetus albicilla (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22695137 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() ბუდობის რაიონები
გამოზამთრების რაიონები
მთელი წლის განმვალობაში გავრცელების რაიონები | |||||||||||||||
|
ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ასევე ისლანდიასა და გრენლანდიაზე; ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ფსოვი XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურსა და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენში, თეთრიწყაროს მიდამოებში, მდინარეების — ქვაბლიანის, აჭარისწყლის სათავეებში, მდინარე ხრამის ხეობაში. ამჟამად შეინიშნება შირაქ-ელდარის ველზე, ერწოსა და პალიასტომის ტბების სიახლოვეს და ჯავახეთში.[8] აქ მისი ბუდობა არ ფიქსირდება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება.[4] ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირებზე, ჭალებში, მეჩხერტყიან ჭაობებში.[3] 1982 წლისთვის საქართველოში 20-მდე ფსოვი ივარაუდებოდა.[8]
იკვებება უმთავრესად თევზით. საკვებად აგრეთვე იყენებს მსხვილი ძუძუმწოვრების ლეშს.[4]
ცხოვრობს მარტო ან წყვილებში.[7] სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ორი წლის ასაკში. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე (6–25 მეტრი). ზოგჯერ რამდენიმე ბუდეც აქვს და მორიგეობით იყენებს მათ. დიდი ზომისაა, დიამეტრში 1,5 მეტრს აღწევს, სიმაღლეშე — 1–1,5 მეტრს.[8] მარტ-აპრილში დებს 1–3 თეთრ კვერცხს მოწითურო ლაქებით.[7] ინკუბაცია ერთი თვე გრძელდება. ტყვეობაში ვერ მრავლდება.[8]
საბუდარი ტერიტორიების რიცხვმა მკვეთრად იკლო სწრაფი ანთროპოგენიზაციის გამო. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: წყალსატევების გაჭუჭყიანება შხამებით, სასოფლო-სამეურნეო მავნე მღრღნელების წინააღმდეგ შხამქიმიკატების გამოყენება, საბუდრების მოშლა. 1976 წლის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში ჰყავდათ ერთი ფსოვი.[8] შეტანილია საქართველოს წითელ „ნუსხაში“.[9]