ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის დაახლოებით 1,8%).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). |
წარმოშობის მიხედვით განარჩევენ :
- ტექტონიკურ
- ვულკანურ
- მყინვარულ
- ჩანაქცევის
- ნაგუბარ
- მდინარეულ
- ზღვიურ
- ეოლურ
- ანთროპოგენურ ტბებს.
ტბის წყლის ბალანსის მთავარი შემოსავალია აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, აგრეთვე ტბის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექები; გასავალია ტბის ზედაპირული და მიწისქვეშა განადენი და აორთქლება ტბის ზედაპირიდან. გვალვიან რაიონებში ტბის წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება და ხშირად ტბა მთლიანად შრება. ქარი ტბის ზედაპირზე იწვევს ღელვას, დინებებს, წყლის მოდენას და განდევნას. ტბის ზედაპირი თბება მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციით. სიღრმეში სითბის გადაცემა ხდება წყლის არევისა და დინებების შედეგად. სითბო იხარჯება აორთქლებაზე, ჰაერში სითბოს გადაცემასა და გამოსხივებაზე. ზომიერი ჰავის ზონაში მდებარე ტბაში ზაფხულობით მყარდება პირდაპირი ტენპერატურული სტრატიფიკაცია: ზედა თბილ ფენასა (ეპილიმნიონი) და ქვედა ცივ ფენას (ჰიპოლიმნიონი) შორის არსებულ ტემპერატურული ნახტომის ფენაში (მეტალიმნიონი) წყლის ტემპერატურა სწრაფად ეცემა; ზამთრობით ამ ტბაზე შებრუნებული ტემპერატურული სტრატიფიკაციაა: ზედაპირიდან სიღრმისაკენ წყლის ტემპერატურა იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება ჰომოთერმია — წყლის ტემპერატურა მთელ სიღრმეზე თანაბარია. ცხელსა და ცივ სარტყლებში ტემპერატურული სტრატიფიკაცია სეზონურად არ იცვლება, იქ თითქმისმთელი წლის განმავლობაში შესაბამისად პირდაპირი და შებრუნებული სტრატიფიკაციაა. დიდი ტბები სითბოს საკმაო მარაგისა და ღელვის გამო მდინარეზე უფრი გვიან იყინება. წყალში გახსნილი მარილების რაოდენობის შესაბამისად განარჩევენ მტკნარ, მომლაშო, მლაშე და თვითმლექ ტბებს (მლაშე ტბა). წყალში არსებული მინერალური და ორგანული ნაწილაკების დალექვის შედეგად ხდება ტბების დალამვა და მის ფსკერზე წარმოიქმნება ტბიური ნალექები. წყალში შეტივტივებული მინერალური და ორგანული მარილის რაოდენობაზე არის დამოკიდებული წყლის ფერი და გამჭვირვალობა. ცისფერი და ძლიერი გამჭვირვალობა (40 მ-მდე ბაიკალში) აქვს სუფთა წყალს. ბიოლოგიური პროდუქტიულობის მიხედვით განარჩევენ: ბიოგენური ელემენტებით მდიდარ, მაღალპროდუქტიულ (ევროფულ), ბიოგენური-ელემენტებით ღარიბ, მცირეპროდუქტიულ (ოლიგოტროფულ) და ჰუმანური ნივთიერებებით მდიდარ (დისტროფულ) ტბებს, ევოლუციის პროცესში ტბა ამოივსება ლამით, იფარება შამბით და ნოტიო ჰავის პირობებში გადაიქცევა ჭაობად, მშრალ ჰავაში — მლაშობად. ტბის წყლის რესურსებს და სხვა პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობაში.
ზოგიერთ დიდი ზომის ტბებს ზღვას უწოდებენ; ასეთია მაგ., კასპიის ზღვა.