![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fa/Tbilisi_airport_1.jpg/640px-Tbilisi_airport_1.jpg&w=640&q=50)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აკავშირებს რა, საქართველოს მთელს მსოფლიოსთან, თბილისის აეროპორტი მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. თბილისის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია: კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. ეს კომპანიები უზრუნველყოფენ საბაჟო მომსახურებას; ტვირთის დამუშავებას სპეციალური ტექნიკის საშუალებით.[2]
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ინფორმაცია | ||||
ტიპი | სამოქალაქო | |||
მფლობელი | საქართველო | |||
ოპერატორი | TAV Georgia | |||
ემსახურება | თბილისი | |||
ადგილმდებარეობა | თბილისი | |||
სიმაღლე ზდ | 495 | |||
კოორდინატები | 41°40′09″ ჩ. გ. 044°57′17″ ა. გ. | |||
ვებ-გვერდი | www.airport-tbilisi.com | |||
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ) | ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
13R/31L | 3,000 | ბეტონი | ||
13L/31R | 2,500 | ასფალტი/ბეტონი | ||
ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი | ||||
ნომერი | ზომები | საფარი | ||
H1 | 30 | ასფალტი/ბეტონი | ||
წყარო: Georgian AIP at EUROCONTROL[1] |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. მას შემდეგ რაც აშენდა ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომლის მშენებლობაც 2007 წლის 7 თებერვალს დაიწყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწრაფად განვითარდა, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არა მარტო 1.5 მილიონიანი დედქალაქის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილია, არამედ მთელი ქვეყნის. ტერმინალის მოწყობა ხელს უწყობს მგზავრთა ბარგით გადაადგილებას ავტოსადგომიდან გამგზავრების კარებამდე. თბილისის აეროპორტი ასევე უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებას, აფრენას. გააჩნია მანევრირების ტერიტორიაზე ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები.[3]
რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #337, რომლის გაჩერებაც მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.[4] თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზიდან გასვლისთანავე. აქ ტაქსები 24 საათის განმავლობაში არიან განლაგებულნი. ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი ქალაქის ცენტრამდე 25 ლარს შეადგენს.[5]
თბილისის აეროპორტის ავტოსადგომი მაქსიმალურად არის აღჭურვილი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის შესაბამისად. სამგზავრო ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი აქვს. სადგომზე ავტომობილების შესვლა ხორციელდება ავტომატური ბარიერის გავლის საშუალებით. ავტოსადგომი გათვლილია 370 ავტომობილზე. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში. მთავარი ავტოსადგომის გარდა, ტერმინალის მარჯვენა მხარეს განთავსებულია მეორე ავტოსადგომი, რომელიც განსაზღვრულია იმ მგზავრებისათვის და მათ დამხვედრთათვის, ვინც სარგებლობს პრაიმკლასის სერვისით.[6]
2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა.[7]