ზუთხი
თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ზუთხი (ლათ. Acipenser) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. სალაყუჩე აპკები შეზრდილია სალაყუჩე ღრუების გამყოფ ძგიდეებზე. პირი განივია. გვარში 17 სახეობაა. მათ შორისაა როგორც მტკნარი წყლის, ისე გამსვლელი თევზები. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, 5 სახეობა (მოკლედინგა ანუ ბლაგვდინგა, თეთრი, სახალინური, ტბის და მახვილდინგა) — ჩრდილოეთ ამერიკაში. ყველაზე დიდი მრავალფეროვნება კასპიისა და შავი ზღვების აუზებშია (ატლანტური, რუსული, სპარსული, ტარაღანა, ცქვრინი, ფორეჯი). ცნობილია აგრეთვე იაპონიაში, ჩინეთსა და კორეაში.[1] ქვირითს მხოლოდ მტკნარ წყლებში ყრიან. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 6–16 წლამდე.[2]
ზუთხი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ტბის ზუთხი (Acipenser fulvescens) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Acipenser (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
|
საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა: 1) ფორეჯი ანუ ჯარღალა (A. nudiventris), რომელიც მცირე რაოდენობით გვხვდება სანაპიროებთან;[3] 2) რუსული ზუთხი (A. gueldenstaedtii); 3) სპარსული ზუთხი (A. persicus), კერძოდ კი მისი ქვესახეობა თართი ანუ კოლხური ზუთხი (A. p. colchicus), რომელიც ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოიყოფა; 4) ატლანტური ზუთხი (A. sturio) და 5) ტარაღანა (A. stellatus).[4]
ზუთხი მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია, იყენებენ ნედლს, შებოლილს, ქვირითს.[3] მათგან მზადდება ზურგიელი, დოში, შავი ხიზილალა, კონსერვები და სხვ.[2] მსოფლიო მოპოვების უდიდესი ნაწილი რუსეთისა და ირანის წყლებში ხორციელდება.[1] მარაგი ძლიერ შემცირებულია სხვადასხვა მავნე ფაქტორის გავლენით, ძირითადად კი ჭარბჭერის გამო. ზოგიერთი მათგანი შეტანილია წითელ წიგნებში, წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I-II-III და CITES-ის I, II დანართებში. ტარდება ღონისძიებები ზუთხების მოსამრავლებლად.[2] საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ხუთივე აქ გავრცელებული სახეობა.[5]