ვადი-ალ-ხიტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვადი-ალ-ხიტანი (არაბ. وادي الحيتان ვეშაპების ხეობა) — პალეონტოლოგიური ძეგლი ეგვიპტეში, ელ-ფაიუმის საგუბერნატოროში, კაიროდან 150 კმ-ით სამხრეთ დასავლეთით.[1] არეალში აღმოჩენილია ასეულობით განმარხებული ვეშაპის უძველესი ფორმა, რის გამოც 2005 წლიდან ტერიტორია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[2][3] აქ ცხადი ხდება ვეშაპების ევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ოკეანის ეს ძუძუმწოვარი თავდაპირველად ხმელეთის ცხოველი ყოფილა. სხვაგან არსად მსოფლიოში არ მოიპოვება ამ რიცხვის, კონცენტრაციისა და ხარისხის ნამარხები.[4]
ვადი-ალ-ხიტანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | viii |
სია | |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები |
კოორდინატები | 29°16′15″ ჩ. გ. 30°02′38″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1186 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ნამარხები შეიძლება არ იყოს უძველესი სხვებთან შედარებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავმოყრილია მათი დიდი კონცენტრაცია. ამავე დროს, იმდენად მაღალია მათი შემონახულობის ხარისხი, რომ ხელუხლებელია ზოგიერთი ჩონჩხის მუცლის შიგთავსიც კი. აღმოჩენილი სხვა უძველესი ცხოველების ნამარხები, მაგალითად ზვიგენების, ნიანგების, ხერხი-თევზების, კუების და სკაროსების, საშუალებას იძლევა გაცოცხლდეს ის ბუნებრივი გარემო და ეკოლოგიური პირობები, რომელიც მათ დროს, მილიონობით წლის წინ იყო.
პირველი ნამარხი ჩონჩხები 1902-1903 წლებში აღმოაჩინეს, მაგრამ მომდევნო 80 წლის განმავლობაში ის ნაკლები ყურადღების ცენტრში იყო, რაც დიდწილად განპირობებული იყო ტერიტორიის ძნელად მისადგომობით. 1980-იანი წლებიდან არეალისადმი ინტერესი გაიზარდა, მას ნამარხების უამრავი კოლექციონერი მოაწყდა და გატანილ იქნა მრავალი ძვალი, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ ტერიტორია დახურულად გამოცხადდა.