![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Northeast_Caucasus_languages_map_en.svg/langka-640px-Northeast_Caucasus_languages_map_en.svg.png&w=640&q=50)
დარგუული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
დარგუული ენა (თვითდასახელება: дарган мез) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი სამწერლობო ენა. გავრცელებულია დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, ახუშის, ლევაშის, სერგოყალის, ხაიდაყის რაიონებში. დარგუულ ენაზე ლაპარაკობს დაახ. 500 ათ. კაცი. გამოიყოფა დიალექტები: ახუშური (რომელსაც ეფუძნება სალიტერატურო ენა), ურახული, მეჰებური, მუირული, წუდახარული, სირხისა, ხაიდაყური, კუბაჩური. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დარგუული ენა дарган мез | |
გავრცელებულია | ![]() |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
რუკა | |
![]()
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-dar}} |
|
დარგუულ ენაში გარჩეულია ა, ე, ი, უ ხმოვნები, ფარინგალიზებული ა. გრძელი ხმოვნები, როგორც მეორეული ფონემები, გვაქვს მხოლოდ კუბაჩურ დიალექტში. თანხმოვანთა სისტემა დიალექტებში ორნაირია: 1. ხშულთა ოთხეულები და სპირანტთა სამეულები; 2. ხშულთა სამეულები და სპირანტთა წყვილეულები (აკლია ინტენსიური თანხმოვნები).
მორფოლოგიაში გარჩეულია გრამატიკული კლასის კატეგორია — სამი (ძირითადად) ან ოთხი კლასი. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ადგილობითი ბრუნვები დიალექტების მიხედვით წარმოდგენილია ორი ორბრუნვიანი სერიიდან ხუთ-ექვს სამბრუნვიან სერიამდე. პირის ნაცვალსახელებმა ზოგ დიალექტში შემოინახა ინკლუზივ-ექსკლუზივის გარჩევა. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და პირის მიხედვით (ე. წ. კლასოვან-პიროვანი უღვლილება). გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია. პრეფიქსული კლასის ნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი (ან კლასის ნიშანი III პირში) — სუბიექტს. უღვლილება სუბიექტ-ობიექტურია. გვარის კატეგორია არ აქვს (კუბაჩურში შეიმჩნევა გვარის დიფერენციაციის ჩანასახი). ზმნა დაირთავს მიმართულებისა და ადგილის პრევერბებს (პრევერბთა სისტემა მდიდრადაა წარმოდგენილი კუბაჩურში). გარდაუვალი ზმნა ნომინატიური კონსტრუქციისაა, გარდამავალი — ერგატიულისა, გრძნობა-აღქმის ზმნა — დატიურისა.