გერმანიის გაერთიანება (1871)
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანიის გაერთიანება (გერმ. Deutsche Einigung) — პოლიტიკური პროცესი, რომელიც დასრულდა გერმანულენოვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების გადაქცევით გერმანიის იმპერიად, ფედერალური სახელმწიფოს მახასიათებლების მქონე სახელმწიფოდ, რომელშიც პრუსია დომინანტურ როლს თამაშობდა. ოფიციალურად გამოცხადდა 1871 წლის 18 იანვარს, საფრანგეთის ვერსალის სასახლის სარკეებიან დარბაზში. ახლადშექმნილმა სახელმწიფომ ჩაანაცვლა გერმანიის კონფედერაცია, სუვერენულ სახელმწიფოთა მყიფე ასოციაცია და უაღრესად დეცენტრალიზებული საღვთო რომის იმპერია. საფრანგეთ-პრუსიის ომში პრუსიის გამარჯვების შემდეგ გერმანიის სახელმწიფოთა მთავრები (ავსტრია-უნგრეთისა და მისი ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის, რომელიც ითვლებოდა გერმანულენოვანი პოლიტიკური ერთეულების ფორმალურ სუზერენად, გამოკლებით) შეიკრიბნენ ცერემონიაზე სადაც ვილჰელმ I და ჰოჰენცოლერნის სახლი გერმანიის იმპერატორად აღიარეს.
843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ ათასწლეულის განმავლობაში არსებობდა გერმანულენოვანი პოლიტიკური ერთეულების კონფედერაციული სივრცე; მიუხედავად ამისა, 1800-იანი წლების მოვლენებამდე არ არსებობდა საერთო გერმანული იდენტობა, რაც განპირობებული იყო სამთავროების ავტონომიური ხასიათით. საღვთო რომის იმპერიის ის მაცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ იმპერატორის მიერ პირდაპირ მართულ ტერიტორიებზე არ ცხოვრობდნენ, საკუთარ თავს აიგივებდნენ საკუთარ მმართველთან და არა გერმანულ სახელმწიფოსა თუ იმპერატორთან. იმპერიის მთიანმა რელიეფმა ასევე განაპირობა იზოლირებული საზოგადოებების ჩამოყალიბება, სადაც გამოიკვეთა კულტურული, ენობრივი, საგანმანათლებლო და რელიგიური განსხვავებები. ამ დაყოფას დაერქვა „ქლეინშტატერაის პრაქტიკა“ (გერმ. Kleinstaaterei), ან „პატარა სახელმწიფოების პრაქტიკა“. XIX საუკუნეში ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების გაუმჯობესებამ ეს ტერიტორიები დააკავშირა და დააახლოვა.
ეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა 1806 წელს საფრანგეთის მიერ საღვთო რომის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ. 1815 წელს, საფრანგეთის დამარცხებისა და გერმანიის კონფედერაციის აღდგენის მიუხედავად, გერმანიაში ნაციონალიზმის უპრეცედენტო ტალღა დაიწყო. XIX საუკუნის შუა წლებში გამოჩნდნენ მოძრაობები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცენტრალიზაციას, ჰაბსგურგების დინასტიასთან ერთად, ან ამ დინასტიის გარეშე.
ავსტრიის მეტოქე გერმანულენოვანმა ძალამ, პრუსიამ, ჰაბსბურგების ყოფილმა ვასალმა, დაიწყო გერმანიის კონფედერაციის შესუსტება როგორც შიგნიდან, ისე გარედან. 1818 წელს პრუსიამ „ცოლფერაინის“ საბაჟო კავშირი შექმნა. მოგვიანებით ეს კავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა და ტრადიციულად ავსტრიის გავლენის ქვეშ მყოფი გერმანული პოლიტიკური ერთეულები მიიერთა. ამ კავშირმა შეამცირა კონკურენცია გერმანულენოვან სახელმწიფოებს შორის და მათ შიგნით.
საღვთო რომის იმპერიის დაშლასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური გაუგებრობების მიუხედავად, დაშლილი იმპერიის გერმანულენოვანი რაიონების მოსახლეობას ჰქონდა საერთო ენობრივი, კულტურული და იურიდიული ტრადიცია, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა საფრანგეთის რევოლუციური ომებისა და ნაპოლეონური ომების დროს. ევროპულმა ლიბერალიზმმა შექმნა გაერთიანების ინტელექტუალური საფუძველი სოციალური და პოლიტიკური ორგანიზაციის დინასტიური და აბსოლუტიზმის მოდელების გამოწვევით; მისმა გერმანულმა მანიფესტაციამ ხაზი გაუსვა ტრადიციის, განათლებისა და ხალხთა ენობრივი ერთიანობის მნიშვნელობას გეოგრაფიულ რეგიონში. გაერთიანებამ გამოავლინა დაძაბულობა ახალი ერის მკვიდრთა შორის რელიგიური, ენობრივი, სოციალური და კულტურული განსხვავებების გამო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 1871 წელი, უფრო დიდი კულტურული გაერთიანების პროცესების მხოლოდ ერთი მომენტია. გადაადგილების ახალმა მეთოდებმა ხელი შეუწყო ბიზნესსა და მოგზაურობას, რამაც გაზარდა კომუნიკაცია გერმანულენოვან ხალხებს შორის მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით.
ვენის კონგრესისა და ნაპოლეონური ომების შედეგები ხელს უწყობდნენ დიპლომატიური გავლენის სფეროების მოდელის დამტკიცებას, რომელშიც ავსტრიის ჰაბსგურგების დინასტია ცენტრალური ევროპის გერმანულენოვან სივრცეში. ვენის კონგრესმა არ გაითვალისწინა პრუსიის მზარდი ძალა და როლი და უარი განაცხადეს გერმანიის სახელმწიფოების მეორე კონფედერაციის შექმნაზე, რომელიც პრუსიის გავლენის ქვეშ იქნებოდა. მათ ვერ შეძლეს წინასწარ იმის განჭვრეტა, რომ პრუსია შეეცილებოდა ავსტრიას გერმანულენოვან სივრცეში დომინირებას. ავსტრია-პრუსიის დაპირისპირებამ გერმანიის გაერთიანების ორი გადაწყვეტილება წარმოშვა: გერმ. Kleindeutsche Lösung, მცირე გერმანიის გადაწყვეტილება (გერმანია ავსტრიის გარეშე), ან გერმ. Großdeutsche Lösung, დიდი გერმანიის გადაწყვეტილება (გერმანია ავსტრიასთან ერთად).
ისტორიკოსები მსჯელობენ, ჰქონდა თუ არა ოტო ფონ ბისმარკს, პრუსიის მინისტრს, გეგმა 1866 წელს, ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის გაფართოებასთან დაკავშირებით. მათ დაასკვნეს, რომ ბისმარკის Realpolitik-ის განსაკუთრებული მნიშვნელობის გარდა, გერმანიის გაერთიანების პროცესში მნიშნველოვანი როლი ასევე განაპირობა იმ ცვლილებებმა და პროგრესმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნეში.
გერმანული ნაციონალიზმის მანიფესტაციამ, როგორც რეაქციამ ფრანგულ და დანიურ ნაციონალიზმზე, პრუსიის სამხედრო წარმატებებთან ერთად, ხელი შეუწყო პრუსიის ირგვლივ გერმანულენოვანი სივრცის გაერთიანების იდეის მხარდაჭერას. მეექვსე კოალიციის ომში ერთიანი ბრძოლის გამოცდილებამ ასევე ხელი შეუწყო გერმანულენოვანი სივრცის გაერთიანების იდეას.
1871 წელს, ავსტრიის გარეშე გერმანიის გაერთიანებამ, საბოლოოდ გადაჭრა ავსტრიისა და პრუსიის დაპირისპირების დუალიზმი და საფუძველი ჩაუყარა ერთიან გერმანიის იმპერიას, რომელშიც დომინანტურ როლს პრუსია თამაშობდა.
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
ანტიკური დრო | |||
ძველი გერმანელები | |||
მიგრაციის პერიოდი | |||
ფრანკთა სახელმწიფო | |||
შუა საუკუნეები | |||
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო | |||
საღვთო რომის იმპერია | |||
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა | |||
რაინის კავშირი | |||
გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის რევოლუცია 1848/49 | |||
ჩრდილო გერმანიის კავშირი | |||
გერმანიის გაერთიანება (1871) | |||
გერმანიის რაიხი | |||
გერმანიის იმპერია | |||
პირველი მსოფლიო ომი | |||
ვაიმარის რესპუბლიკა | |||
მესამე რაიხი | |||
მეორე მსოფლიო ომი | |||
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ | |||
ოკუპაცია | |||
დას. გერმანია + აღმ. გერმანია | |||
გერმანიის გაერთიანება (1990) | |||
თანამედროვეობა | |||
გერმანია |